ჰომოსექსუალობაზე სასჯელის უმაღლესი ზომა ძირითადად ანტიდემოკრატიულ რეჟიმებშია (ირანი, მავრიტანია, სუდანის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, იემენი; პერსპექტივაში – ახლახან გამომცხვარი სამხრეთ სუდანის სახელმწიფო, უგანდა). საინტერესოა არა?

IPS-ის მითითებულ სტატიას ბოლომდე თუ ჩაიკითხავთ, უგანდელი პროტესტანტი მღვდლის  მარტინ სსემპას სახელიც შეგხვდებათ. პასტორი ძალებს არ იშურებს იმისთვის, რომ სამშობლოში ჰომოსექსუალობა „აღმოფხვრას“, გეების წინააღმდეგ კანონის შემოღებასაც აქტიურად მხარს უჭერს. სსემპას „სათნოებითა და სიყვარულით აღსავსე“ მსოფლმხედველობა არც განსაკუთრებული სიღრმით გამოირჩევა და არც მისი ფუნდამენტალიზმია გასაოცარი. აქ სხვა რამ არის საინტერესო: ბრიტანეთის იმპერიის ამ ნაფლეთ ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთ ოფიციალურ ენად კვლავ კოლონიზატორების ენაა დადგენილი, ინგლისურის წარმომავლობაზე ფიქრით ბევრი არ მოიკლავს თავს – ყველას ესმის მარტივი ისტორია – ბრიტანულ მმართველობას მოჰყვა და დარჩა კიდეც. პარადოქსი ის არის, რომ ხშირად განსხვავებულ სექსუალობასაც ასეთად – დასავლელების მიერ შემოტანილად განიხილავენ ხოლმე.

პოსტ-კოლონიურ ქვეყნებში ხშირია ჰომოსექსუალობის „იმპორტირებულ“ სიახლედ მონათვლა. არა და, უგანდის, აფრიკის სხვა ქვეყნების ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებების უახლეს ისტორიას ოდნავ თუ ჩავუღრმავდებით, სრულიად სხვაგვარ ისტორიული რეალობას აღმოვაჩენთ – ჰომოსექსუალობა კი არა, ჰომოსექსუალობის დევნაა უცხო მმართველობის მიერ შემოტანილი და თავსმოხვეული პრაქტიკა.

ჰომოსექსუალობა კი არა, ჰომოფობიაა იმპორტირებული და თავსმოხვეული სენი. 

ძირითადი ძალა, რომელიც ერთსქესიან კავშირს ინტენსიურად დევნიდა, უცხო კოლონიური ადმინისტრაცია და მასთან არსებული ქრისტიანული მისიები იყვნენ. ამ მხრივ, სსემპას სიძულვილით სავსე აქტივიზმი კოლონიური მემკვიდრეობის ტყვეობაში ყოფნის ზუსტი გამოხატულებაა. დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის გაცნობიერებას, ანალოგიურად, საქართველოში ჰომოფობიური ღვარცოფის გაძლიერებას რომელი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს.

თუმცა თუ აფრიკაში კოლონიური მმართველობის პურიტანიზმი და ჰომოფობია კოლონიზატორების წინააღმდეგვე სიტყვით მებრძოლმა ნაციონალისტებმა და ავტორიტარებმა საქმით აიტაცეს,  საქართველოს წარსული კიდევ ურო მძიმე და პარადოქსულია. ჩვენ ტოტალიტარიზმიც გავიარეთ.

ჩვენზე საბჭოთა ტოტალიტარული წარსული ძლიერ გავლენას ახდენს.

ადრეულმა საბჭოთა კომუნიზმმა სექსუალური გათავისუფლების თავდაპირველ იდეას მალევე უღალატა და ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია მოახდინა. ამის იდეოლოგიური დასაბუთება წარმოუდგენლად აბსურდული იყო – თითქოს, განსხვავებული სექსუალობა „ბურჟუაზიული ფუფუნებისთვის“ დამახასიათებელი გარყვნილება იყო, რომელსაც მშრომელთა მასების ცხოვრებასთან კავშირი არ ჰქონდა და შესაბამისად, ამის შეწყნარება მათ ინტერესებს არ გამოხატავდა.

სამწუხაროდ, დღეს შეიძლება ევროპულ სოციალიზმზე სწორება-აღებული ქართველი ამ ტოტალიტარულ იდეას თითქმის უცვლელად იმეორებდეს: ჰომოფობია პრივილეგირებული ტიპების პრობლემაა და სოციალურად გაჭირვებულ, მშრომელ ხალხს ნაკლებად ადარდებს. დღეს სოციალურად გაჭირვებულებს ეს არა თუ ‘ადარდებთ’, არამედ ბევრმა დიდი ხანია ირწმუნა, რომ ,“ჰომოსექსუალიზმის“ სახით „ეროვნულობას ართმევენ“ და  ქუჩაში გამოსვლისას ამის წინააღმდეგ და არა უმუშევრობის და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად უნდა იბრძოლოს. სად წავიდა აქ ელემენტარული მარქსისტული პარადიგმა – თავსმოხვეული ცრუ იდეოლოგია? ამ ცრუ იდეოლოგიის ნაწილია ჰომოფობია და ჰომოსექსუალებისგან მტრის ხატის გამოძერწვა. საბედნიეროდ, თანამედროვე ევროპულ მემარცხენე მოძრაობებს და ორგანიზაციებს მსგავსი რამ სასაცილოდაც აღარ მიაჩნიათ (სასაცილო ამაში მართლაც არაფერია), თითოეულს აქტიური ლგბტ უფლებათადამცველი ფრთაც კი ჰყავს (იხილეთ ერთი მარტივი მაგალითი).

ასე რომ, ჰომოფობიისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაკლებად პრიორიტეტული“ ვერ იქნება – განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ყველა საზოგადოებრივ ფენაშია და რაც უფრო „დაბალია“ ადამიანის სოციალური მდგომარეობა, მით უფრო მეტად იკარგება ჩაგვრის მორევში. გაწირვა კი ბოროტებაა.

ერთ ბოროტებას ყოველთვის მოსდეს მეორე ბოროტება. ისევ საბჭოთა წარსულის პარადოქსებს მივმართოთ – სტრუქტურული ჰომოფობია ადრეულ სსრკ-ში მაშინ გაფორმდა, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სასულიერო პირების „პედერასტიაში“ დადანაშაულებით განიზრახეს (უფრო ვრცლად იხ. გ.გოცირიძის პრეზენტაცია). მეორე პარადოქსი: ამ დროს კი ჰომოსექსუალობა ყველაზე მკაცრად „არქაული ტრადიციებით“ ცნობილ აზერბაიჯანსა და საქართველოში იდევნებოდა.

საინტერესოა, ამის ფონზე რომელ ქართულ ტრადიციებზეა საუბარი? ჩვენც, უგანდელების არ იყოს, უცხოური კონტროლის პირობებში ინჟინირებულ იმ ცრუ-ღირებულებებს (მათ შორის, ჰომოფობიას) ხომ არ ვეპოტინებით, რომელიც სინამდვილეში ჩვენი არც არასდროს ყოფილა?

ისტორიული რეალობის შემოწმება ყოველთვის სასარგებლოა – წესით, დღეს არსებულ პოლიტიკურ ანალიზსაც გამოადგება. ამ თვალსაზრისით რამდენიმე საინტერესო და უტყუარი გარემოება გვაქვს:

  • ჰომოსექსუალობის იმპორტი შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ კოლონიური და იმპერიული იდეოლოგიური შლამის – ჰომოფობიის ერთგულება;
  • დღეს სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობის ატაცება, ისტორიული თვალსაზრისით სხვა არაფერია, თუა არა ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულებებში ტოტალიტარული მემკვიდრეობის გაცოცხლება და მისი სამსახური. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს რომელ სივრცეში გვაბრუნებს და რომლისგან გვაშორებს, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

საქართველოში ჰომოფობია მხოლოდ ერთი სახის შეიძლება არსებობდეს – ფართო სამოქალაქო გაგებით, ანტიქართული და ცალსახად ანტიდასავლური.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s