დიდი ხნის განმავლობაში, ვიყავით მე და ჩემი სხეული. მე შედგებოდა ისტორიებისაგან, მოსურვილებისგან, მომავლის ნდომებისაგან. მე ცდილობდა არ ქცეულიყო ჩემი მძვინვარე წარსულის შედეგად, არადა ჩემსა და ჩემს სხეულს შორის უკვე მომხდარი განხეთქილება საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი იყო.

მე მუდამ ცდილობდა გამხდარიყო რამე, ვინმე. მე მხოლოდ არსებობდა მცდელობაში. ჩემი სხეული ხშირად იყო ამგვარ მდგომარეობაში. მე იყო მოლივლივე თავი. წლების მანძილზე, მე ფაქტობრივად მხოლოდ ქუდებს ვატარებდი. ეს ერთგვარი საშუალება იყო, რომ მიმაგრებულ-მიბმული მქონოდა თავი, ჩემი ადგილმდებარეობის განსაზღვრის გზა. მართლაც მყავდა თერაპევტი, რომელმაც ერთხელ მითხრა: “ივ, ჩემთან უკვე ორი წელია დადიხარ და მართალი გითხრა, არასოდეს მიფიქრია, რომ შენ სხეული გქონდა”. მთელი ეს დრო მე ქალაქში ვცხოვრობდი, სიმართლე რომ ვთქვა იმიტომ, რომ ხეების მეშინოდა. არასოდეს მყოლია ბავშვები, რადგანაც თავებს არ შეუძლიათ  მშობიარობა. ბავშვები კი, ცხადია, პირიდან არ ჩნდებიან. რადგანაც  არ მქონდა დამაკავშირებელი წერტილი ჩემს სხეულთან, დავიწყე სხვა ქალების გამოკითხვა მათი სხეულების შესახებ – კერძოდ მათი ვაგინების შესახებ, რადგანაც, რაღაცნაირად, ვაგინა მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. ამან დამაწერინა “ვაგინა მონოლოგები”, რამაც, ყველგან სადაც შემეძლო, აკვიატებული აზრით შეპყრობილს დაუსრულებლად მალაპარაკა ვაგინებზე. ამას ვაკეთებდი მრავალი უცნობის წინაშე. ერთ საღამოს სცენაზე, მე მართლაც შევაღწიე ჩემს ვაგინაში. ეს იყო ექსტაზის მომგვრელი გამოცდილება. ამან შემაშინა, ენერგიით დამმუხტა და მართულ პიროვნებად მაქცია, მართული ვაგინით.

საკუთარი სხეულის აღქმა დავიწყე, როგორც საგნის, საგნის, რომელსაც სწრაფად მოძრაობა შეეძლო; საგნის, რომელსაც სხვა რამეების შესრულება შეეძლო, ერთდროულად მრავალი რამის. თავის აღქმა აიპედად ან მანქანად დავიწყე . მე მას ვმართავდი და მისგან რაღაცეებს ვითხოვდი. მას საზღვარები არ ჰქონდა . ის დაუმარცხებელი იყო. ის დასაპყრობი და გასაწაფი იყო, როგორც თავად დედამიწა. მას არ ვმალავდი, არა, მას ვაწყობდი და მივმართავდი. არ მყოფნიდა მოთმინება ჩემი სხეულის მიმართ; ის ფორმაში მოვიყვანე. ვიყავი ძუნწი. იმაზე მეტი ავიღე, ვიდრე ჩემს სხეულს შეეძლო მოეცა. როდესაც ვიღლებოდი, მეტ ესპრესოს ვსვამდი. როდესაც მეშინოდა უფრო საშიშ ადგილებში მივდიოდი.

ოჰ, ცხადია, ცხადია მქონდა ჩემი სხეულის დაფასების მომენტებიც, ისევე როგორც მოძალადე მშობელს შეიძლება ხანდახან ქონდეს სიკეთის მომენტი. მაგალითად, მამაჩემი მეტად კეთილი იყო ჩემს მიმართ, როდესაც 16 წელი შემისრულდა. დროდადრო მესმოდა ხალხის ჩურჩული, რომ საკუთარი სხეული უნდა მყვარებოდა და მეც ვისწავლე ამის კეთება. ვიყავი ვეგეტარიანელი, ფხიზელი, არ ვეწეოდი. მაგრამ ეს ჩემი სხეულის მართვის უფრო დახვეწილი გზა იყო – შემდგომი დისოციაცია, გზატკეცილზე ბოსტნის გაშენების მსგავსად.

ვაგინებზე ჩემი ამდენი საუბრის შედეგად, ბევრმა ქალმა თავისაზე დამიწყო მოყოლა – მათი ისტორიები მათი სხეულების შესახებ. ამ ისტორიებმა ფაქტიურად მომატარა მსოფლიო – 60-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი. მოვისმინე ათასობით ისტორია და მინდა გითხრათ, ყოველთვის იყო ის მომენტი, როდესაც ქალი მიზიარებდა იმ კონკრეტულ მომენტს, როდესაც ის დაშორდა მის სხეულს – როდესაც მან სახლი მიატოვა. ვისმენდი ქალების შესახებ, რომლებიც შეურაცჰყვეს ლოგინში, ჩადრდახურულებს სცემეს, მანქანების გაჩერებაზე სასიკვდილოდ დააგდეს, დაწვეს მჟავით სამზრეულოში. ზოგიერთი ქალი გაჩუმდა და გაუჩინარდა. სხვები კი გიჟ, მართულ მანქანებად იქცნენ ჩემსავით.

მოგზაურობის დროს  შემისრულდა 40 წელი და ჩემი სხეული შემძულდა, რაც ფაქტიურად პროგრესი იყო, რადგანაც ეხლა ჩემი სხეული სიძულვილისათვის საკმარისად მაინც არსებობდა. მაშ, ჩემი მუცელი – ეს ჩემი მუცელი იყო, რომელიც მძულდა. ეს იმის სამტკიცი იყო, რომ მე შესაფერისი აღარ ვიყავი, რომ ბებერი და არაგასაოცარი და არაიდეალური ვიყავი და არც იმის უნარის მქონე, წინასწარგანსაზღვრულ კორპორაციულ იმიჯს მოვრგებოდი. ჩემი მუცელი იმის მტკიცებულება იყო, რომ წარუმატებელი ვიყავი , გატეხილი ვიყავი. ჩემი ცხოვრების აზრი მისი თავიდან მოცილება გახდა და მისი თავიდან მოცილების აზრით შეპყრობილი გავხდი.  მართლაც, ის იმდენად გაძლიერდა, რომ პიესაც კი დავწერე ამის შესახებ. მაგრამ რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი ამის შესახებ, მით უფრო ობიექტივირებული და დანაწევრებული გახდა ჩემი სხეული. ის გასართობი გახდა; იქცა საქონლის ახალ სახედ, რაღაცად, რასაც მე ვყიდდი.

შემდეგ სხვგან წავედი.იმის მიღმა წავედი, რაც მეგონა ვიცოდი. წავედი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. და ისტორიები მოვისმინე , რომლებმაც შეძრეს ყველა სხვა ისტორია. მოვისმინე ისტორიები, რომლებმაც ჩემს სხეულში შეაღწიეს. მოვისმინე გოგონას შესახებ, რომელიც ვერ იკავებდა თავს საკუთარ სხეულზე მოშარდვისაგან, იმდენად ბევრმა ზრდასრულმა ჯარისკაცმა ითარეშა მის სხეულში. მოვუსმინე 80 წლის ქალს, რომელსაც ჯარისკაცებმა ორივე ფეხი მოტეხეს, ამოუგდეს სახსრებიდან და თავთან გადაუგრიხეს და ასეთ მგომარეობაში გაუპატიურეს. ათასობით ასეთი ისტორიაა და ამ ქალთაგან მრავალს ჰქონდათ ნახვრეტები მათ სხეულში – ნახვრეტები, ფისტულები – რაც ომის დარღვევები იყო – ნახვრეტები სულის ქსოვილში.

ამ ისტორიებმა გააჯერეს ჩემი უჯრედები და ნერვები და გულახდილად რომ ვთქვა, 3 წლის განმავლობაში ძილიც აღარ შემეძლო.

ყველა ისტორიამ ერთდროულად დაიწყო სისხლდენა. დედამიწის გაუპატიურება, მინერალების გაძარცვა, ვაგინების განადგურება – არცერთი მათგანი აღარ იყო განცალკევებული ერთმანეთისაგან ან ჩემგან. მილიციელები აუპატიურებდნენ 6 თვის ბავშვებს, რათა შორეულ ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ოქრო და კოლტანი მათი აიფონებისა და კომპიუტერებისათვის. ჩემი სხეული არამარტო მართული მანქანა გახდა, არამედ ეხლა უკვე პასუხისმგებელიც იყო სხვა ქალების სხეულების განადგურებისთვის; ეს კი, რაც შეიძლება მეტი მანქანების შექმნისთვის გამართული გიჟური სრბოლის გამოისობით ხდებოდა, რათა ამ მანქანებს შემდგომ ჩემი მანქანის აჩქარებასა და ეფექტურობის გაზრდაზე ეზრუნათ.

შემდეგ სიმსივნე დამემართა – ან აღმოვაჩინე, რომ მქონდა სიმსივნე. აჩქარებული ჩიტივით მოვიდა, რომელიც  ფანჯარას ეჯახება. უეცრად მქონდა სხეული, დაჩხვლეტილი და დახვრეტილი სხეული, სხეული, რომელიც გაფატრული იყო, სხეული, რომელსაც ამოაცალეს და გადაუტანეს და გადაუადგილეს და აღუდგინეს ორგანოები, სხეული, რომელიც დაასკანერეს, მასში მილები შეიყვანეს. სხეული ქიმიკატებისაგან იწვოდა. სიმსივნემ გათიშულობის კედელი ააფეთქა . უეცრად გავიაზრე, რომ კრიზისი ჩემს სხეულში იყო კრიზისი მსოფლიოში, ის მოგვიანებით კი არა, ეხლა ხდებოდა.

მოულოდნელად, ჩემი სიმსივნე ის სიმსივნე იყო, რომელიც ყველგან იყო, უმოწყალების სიმსივნე, სიხარბის სიმსივნე, სიმსივნე რომელიც ადამიანებს შეუძვრება რომლებიც ქიმიური საწარმოებთან შორიახლო ქუჩებზე ცხოვრობენ – და ხშირად ისინი ღარიბი ადამიანები არიან – სიმსივნე მეშახტის ფილტვებში, მიუღწევლობის სტრესისგან გამოწვეული სიმსივნე, გულში ღრმად  ჩამარხული ტრამვის სიმსივნე, გალიებში გამომწყვდეული ქათმების და დაბინძურებულ წყალში მოცურავე თევზების სიმსივნე,   ქალის საშვილოსნოში გაუპატიურებისაგან გამოწვეული სიმსივნე, სიმსივნე რომელიც ჩვენმა გულგრილობამ  ყველგან მოიწვია.

თავის ახალ და შორსმხედველურ წიგნში, “ახალი საკუთარი თავი, ახალი სამყარო”, მწერალი ფილიპ შეპერდი ამბობს, “თუ სხეულისგან გამოგაცალკევეს, მსოფლიო სხეულიდანაც გამოცალკევებული ყოფილხარ, რომელიც შემდეგ შენ აღარ გგავს და შენგან მოწყვეტილია, იმის მაგივრად, რომელსაც მიეკუთვნები იმ განგრძობად ერთიანობაში რომ თანაარსებობდეთ”. სიმსივნემდე, მსოფლიო რაღაც სხვა იყო. თითქოს გაუტოკებელ აუზში ვცხოვრობდი და სიმსივნემ ის ჯებირი ააფეთქა, მოზრდილი ზღვისგან რომ აშორებდა აუზს. მე ეხლა მასში ვცურავ. ეხლა მე ბალახზე ვწვები და სხეულით ვეხახუნები და ტალახი მიყვარს, წვივებსა და ტერფებზე რომ შემომეტმასნება ხოლმე. ყოველდღე მომლოცველივით მივიწევ სენის ნაპირებზე ამოზრდილი ერთი განსაკუთრებული მომტირალი ტირიფისაკენ და ბუკავუს გარეუბნების მწვანე მდელოებით დანაყრებას ვესწრაფვი. და მერე უცებ წვიმა დასცხებს, მე ვკივი და წრიულად დავრბივარ.

ვიცი, ყველაფერი კავშირშია: ჩემი მკერდის მთელ ჩაყოლებაზე არსებული ნაიარევი მიწისძვრისგან დამრჩა. და მე პორტ-აუ-პრინსის სამ მილიონ უსახლკაროდ დარჩენილთან ერთად ვარ. და ცეცხლი, რომელიც ქიმიოთერაპიის მესამე დღიდან მეექსვე დღემდე ჩემში იწვოდა ის ცეცხლია, რომელმაც დედამიწის ტყეები გადაბუგა. ნაოპერაციევზე და ნაჭრილობევზე ამოზრდილი ხორცმეტები, მექსიკის დაბინძურებული ყურეა. აქვე, ჩემში  არიან მაზუთში გაწუწული ყარყატები და წყლის ნაპირზე მოტივტივე მკვდარი თევზები. და ჩემში სათანადო წამლობის გარეშე შეთხრილი კათეტერები ისე მაკივლებდა, როგორც დედამიწა კივის ამდენი ბურღვისგან.

მეორე ქიმიოთერაპიაზე, დედა გამიხდა ძლიერ ავად და მის სანახავად გავეშურე. ისევ დაკავშირებულობის სახელით, ერთადერთი რაც მან სიკვდილის წინ ისურვა, შინ, მის საყვარელ მექსიკის ყურეში წაყვანა იყო. ჰოდა შინ წავიყვანეთ. ვლოცულობდი, მის გარდაცვალებამდე მაინც ეცლია ჩაღვრილ ნავთობს მისი სახლის მიმდებარედ ნაპირების დაბინძურება. მადლობელი დავრჩი, დაგვაცადა. და ის მშვიდად მიიცვალა მის საყვარელ ადგილზე.

რამდენიმე კვირის შემდგომ, ნიუ ორლეანში გახლდით და ერთმა ჩემმა ულამაზესმა, სულიერებით აღსავსე მეგობარმა მითხრა, მინდა შეგილოცოო. დაფასებულად ვიგრძენი თავი. შინ ვეწვიე, დილა იყო და ნიუ ორლეანის დილის მზე ფანჯრებში იჭყიტებოდა. და ჩემი მეგობარი დიდ თასს  ჩაჰყურებდა  და მე ვკითხე, “ეგ რა არის?” “შენ გიმზადებ” –  მომიგო მან – “ყვავილები თასს ალამაზებენ, თაფლი კი ატკბობს”. “კი მაგრამ, წყალში რაღა ურევია?” – მე ვიკითხე. და ისევ შეკავშირებულობის სახელით, მან მომიგო “აა, ეს მექსიკის ყურეა”. “ხო, რა თქმა უნდა” – ჩავილაპარეკე. შემდეგ სხვა ქალებმაც დაიწყეს მოსვლა და წრეში დასხდომა, და მიქაელამ თავი დამაბანინა წმინდა წყლით. შემდეგ სიმღერა დაიწყო – მთელი სხეულით მღეროდა. და სხვა ქალებიც აყვნენ და ჩემთვის და დედასთვის ლოცულობდნენ.

როდესაც, ყურის თბილი წყალი ჩემს გატიტვლებულ თავს ბანდა, გავაცნობიერე რომ მე ჩვენი საუკეთესო და ყველაზე უარესი მეპყრა ხელთ. ბურღვებმა და სიხარბემ გამოიწვიეს ნავთობსაბურღის აფეთქება.  ყველა იმ ტყუილმა, რომელიც მანამდე და შემდეგ ითქვა. თაფლმა დაატკბო წყალი, ნავთობმა კი მოწამლა. ჩემი გამელოტებული  თავი უქუდოდაც კომფორტულად გრძნობდა  თავს. მთლიანი არსებით ჩავდნი მიქაელას კალთებში. ღაწვებზე მომდინარე ცრემლებით იყო, რომ ვერ გამომარჩევდით მექსიკის ყურისგან. როგორც იქნა, ჩემს სხეულში ვიყავი. ნაღველი ყოფილა, რომელიც ასე მომნატრებოდა.  ეს ჩემი სამყოფელის მოძებნა და ურთიერთკავშირთან მიბმული უზარმაზარი პასუხისმგებლობა ყოფილა თურმე . ეს კონგოში განუწყვეტლად მიმდინარე გამაცამტვერებელი ომი და ამის მიმართ მსოფლიოს უგულისყურობა ყოფილა. ეს კონგოელი ქალები იყვნენ, ვინც ეხლა აღსდგნენ. ეს დედა იყო, რომელიც მტოვებდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ვიბადებოდი. ეს იკვდილთან მჭიდრო შეხებაში მოსვლის გაცნობიერება იყო, ზუსტად ისე, როგორც დედამიწა, ჩვენი დედა, რომელიც ძლივს ინარჩუნებს თავს, ზუსტად ისე როგორც პლანეტის მოსახლეთა  75  პროცენტი რომლებიც თავის გადარჩენას ძლივს ახერხებენ, ზუსტად ისევე ვცდილობთ ყველანი გადარჩენას თითქოს ამისთვის სადმე ერთი და იგივე რეცეპტი გამოეწერათ.

ის კი ვისწავლე, რომ რესურსები და ყურადღება ყველას ეკუთვნის. რომ საყვარელი და და მეგობრები უნდა დაიცვა. რომ ბრძენი ექიმები არიან და განვითარებული მედიცინაა და ქირურგები არიან რომლებმაც იციან რა ხელები აბიათ  და რისთვის. ეს იყვნენ გროშებზე მომუშავე და ნამდვილად მზრუნველი ექთნები. ეს ის ჯადოსნური შემლოცველები იყვნენ და ის არომატული ზეთები. ეს ხალხი იყო, რომლებიც თავიანთი შელოცვებითა და რიტუალებით მოვიდნენ. ეს მომავლის ხედვა იყო და რაღაც, რისთვისაც ბრძოლა კვლავ ღირდა, იმიტომ რომ ვიცოდი ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის. ეს მილიონობით ლოცვა იყო. ეს ათასობით ალილუია და მილიონობით ამენ იყო. ეს უამრავი ბრაზი, შეშლილი იუმორი, ზღვა ყურადღება, გაცოფება, ეს ენერგია იყო, სიყვარული და სიხარული. ეს ყველაფერი ერთად იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო. ეს ყველაფერი წყალში იყო, სამყაროში იყო, ჩემს სხეულში იყო.

(C) ’17-ის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s