ავტორი: შორენა გაბუნია

თომას მანი, მოთხრობაში „ტობიას მინდერნიკელი,“ გვიამბობს კომპლექსებით გამოხრული კაცის, ტობიასის შესახებ, რომელიც ერთობ უცნაურად ექცევა ახლადშეძენილ ლეკვს: ხან თავს ევლება, ხანაც კი დაუზოგავად სცემს. თავს ევლება მაშინ, როდესაც საბრალო არსება მისგან ნაცემი, ნატანჯი და გასაცოდავებულია და სცემს მაშინ, როდესაც ლეკვს სიცოცხლე უხარია და ხუშტურიანი პატრონის გარეშეც ბედნიერად გრძნობს თავს.

ქართული საზოგადოება ხშირად მაგონებს ხოლმე ტობიასს – მისი „გულმოწყალება“ და „ჰუმანიზმი“, თავად მის მიერვე გარიყული ადამიანების მიმართ მხოლოდ მაშინ ვლინდება ხოლმე, როდესაც ეს უკანასკნელნი გასაცოდავებულნი და პატივაყრილნი არიან. პრინციპი მარტივია: დაარტყი-ატკინე-შეგეცოდა, და როცა შეგეცოდა, კიდეც „ჰუმანურად“ მოექეცი. მთავარი აქ შეცოდების პრინციპია.

ამას წინათ, ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა, როგორ უნდა გაგვიკვირდეს განსხვავებული სექსუალობის ადამიანების მიმართ საზოგადოების მიუღებლობა, როცა შშმ ბავშვების საქანელა გააქრესო საჯარო სივრციდან… არა, იგი არამც და არამც არ გულისხმობდა ადამიანის უფლებების იერარქიულობას და სულაც არ ამტკიცებდა, რომ ჯერ შშმ პირების, ქალების და სხვათა უფლებებს უნდა „მოევლოს“ და მერე – ლგბტ ადამიანებისასო. უბრალოდ, მას მხედველობაში საზოგადოების სენსიტიურობის ხარისხი ჰქონდა, ამ შემთხვევაში შშმ ბავშვების მიმართ – ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხომ ჰუმანურ, ქრისტიანულ ფასეულობებს იზიარებს და ბავშვში თავად ღმერთის ხატებას უნდა ხედავდეს. გეები და ლესბოსელები კი მისთვის “გარყვნილი”, “ცოდვილი” და “ბინძური” არსებები არიან და მათ საჯარო სივრცეში გამოჩენას წინ მთელი ერი და ბერი აღუდგება. მაგრამ, მინდერნიკელის სინდრომი აქ ერთნაირად მუშაობს – საჯარო სივრცეში არც შშმ ბავშვის საქანელა სჭირდებათ და არც  – 17 მაისი.

რა არის საჯარო სივრცეში გამოჩენა?  ეს ტობიასის ლეკვის ცელქობა და სილაღეა, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობაა. თუ ყველა „არაჯანსაღი“ გარეთ გამოღოღდება და ხმას ამოიღებს, საზოგადოების „სიმშვიდე“ და „უდრტვინველობა“ ირღვევა. შშმ ბავშვი მაშინ გაახსენდებათ, როცა ახალი წელი მოვა – მათ სამ კილოგრამ კანფეტსა და თითო წყვილ შალის ხელთათმანს დაურიგებენ – ისიც ტელევიზიის თანხლებით, და სინდისდამშვიდებულნი, თბილ და „ჯანმრთელ“ სახლებს მიაშურებენ. მანამდე კი, საქანელას უხსნიან და სკოლის კარს უჭედავენ – აქაოდა, თვალში უშნოდ გვეჩხირებიანო. ამ კონტექსტში, არ მინდოდა სიტყვა ფაშიზმის ხსენება, მაგრამ, მაშინ აბა ქრისტიანობა სულ მთლად რაღატომ ვახსენე?

ასე რომ, ძვირფასო არამართლმადიდებლებო, არაჰეტეროსექსუალებო, შშმ პირებო, არაქართველებო, – მოკლედ, მარგინალიზებულო ადამიანებო,

დაეტიეთ თქვენს ტყავში,

სანამ იცემებით,

თუ არ დაეტევით, – გცემენ,

და შემდეგ,

იქნებ გულშიც ჩაგიხუტონ, –

ტობიასივით…

One Comment

  1. cavikitxe eg nacarmoebi da zaan simptomaturia martla

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s