ყოველდღიური გაზეთი ივერია № 1.
თბილისი, 31 დეკემბერი, 1885 წ

“მოგილოცავთ ამ ახალის წლის პირველს დღეს — პირველს ნომერს ახალის გაზეთისას. მოგილოცავთ თქვენ, და ჩვენს თავს-კი მაშინ მივულოცავთ, როცა ამ წლის დასასრულს ჩვენი გაზეთი თავის ეკლით სავსე მანძილს გაივლის ისე, რომ უკეთესის ქართველის იმედს და მოლოდინს არ უმტყუნოს, არ ჩამოურჩეს. ძნელი საქმეა გაზეთის საქმე ყველგან და ნამეტნავად ჩვენში, ნამეტნავად მაშინ, როცა მარტოდ-მარტოა, ერთად-ერთია. სხვაგან, საცა ცხოვრება მრავალ-კეცია და საცა თვითოეული ნაკეცი იმოდენად გაძლიერებულია, რომ თავის ადგილს და თავის საკუთარს ხმასა თხოულობს ცხოვრების სარბიელზედ, იმდენი გაზეთია, რამდენიც წყობაა, მოწადინე ხმისა და ადგილისა ცხოვრების საომარზედ. ამიტომაც იქ თითო გაზეთს იმოდენად შესუბუქებული აქვს მძიმე ტვირთი გაზეთობისა, რამოდენადაც გაზეთების რიცხვია. იქ, სხვაგან, ერთ-ერთს წყობას საზოგადოებისას, თუ ერისას, თქვენის მიდრეკილებისა დაგვარად ირჩევთ, იმ წყობის შემოფარგლულ მოედანზედ სდგებით. ეს გარემოება წინ გიძღვებათ, რომ თქვენი თვალი იმოდენად გადააწვდინოთ საგანს, რამოდენადაც თქვენის რჩეულის წყობის თვალი იმავ დღეს გასწვდება; თქვენი გონება იმდენად ამოქმედოთ, რამოდენადაც იმავ დროს თქვენის წყობის გონებას ძალღონე აქვს მოგყვეთ; თქვენი გული იმოდენად ამოაკვნესოთ — ნატვრა იქნება ხვალისა, თუ მწუხარება და სამდურავი გუშინდლის — რამოდენადაც იმისი გული შესძლებს ამოიკვნესოს, და იმ სიტყვით ელაპარაკოთ, რომელიც იმ წყობაში ცნობილია და მიჩნეული. ყოველივე ეს ჩვენში შეუძლებელია. იმიტომ რომ ჩვენში ჯერ, ჩვენდა სამწუხაროდ, მარტო ერთად-ერთი გაზეთი გვაქვს და ამის გამო იგი საყოველთავო უნდა იყოს. რაკი საყოველთავო იქნება, ანბანიც უნდა იყოს შიგ და მეცნიერების უკანასკნელი დასკვნა და სიტყვაცა. ჩვენის გაზეთის მკითხველთა საზოგადოება ერთის მხრით შემდგარია მათგან, ვინც არა იცის-რა, მეორეს მხრით, ვინც განსწავლულნი და გამეცნიერებულნი არიან. თუმცა ამ ორთა, რიცხვით არათანასწორთა, წყობათა შორის მრავალი სხვადასხვა ხარისხია, ახლო და შორი ან ერთზედ, ან მეორეზედ, მაგრამ ჩვენ რომ თუნდა მარტო ეს ორი უმწვერვალესი თავი და ბოლო ავიღოთ ჩვენის საზოგადოებისა, მაშინ ცხადი იქნება, რომ მოვალეობა გაზეთისა ჩვენში უფრო ძნელი და რთული უნდა იყოს. ამ ორ წყობას შუა უდევს უშველებელი ზღვარი. ერთის მხრით ანბანის მწყურვალნი არიან, მეორეს მხრით — ეგრეთ-წოდებული ინტელიგენციაა. ერთის გონება, თვალი და გული ერთს ზომაზედ სჭრის, მეორისა — სხვა ზომაზედ, ამიტომაც, თუმცა მარტო ერთი და იგივე გაზეთია, ერთიც და მეორეც იმ ტანის სჯას და საუბარს თხოულობს, რომელსაც მისის გონების სინრძე-სიგანე საჭიროებს. რა ჰქმნას გაზეთმა? ერთსავე და იმავე დროს როგორ აამოს ერთს, რომ მეორე არ მოიმდუროს? ანბანის მწყურვალთ შეუწონავ სჯას და საუბარს, ინტელიგენცია ჰყვირის: დიდის ხნის ნაღეჭსა ხელახლად გვაცოხნინებსო; ინტელიგენციას შეუწონავ, — პირველნი ჰყვირიან: ჩვენ-კი არა გვესმის-რაო და მაგისთანა გაზეთი თუნდა იყოს, თუნდა არაო. გასაჭირი ის არის, რომ ორნივე მართალნი არიან. ამის გამო ჩვენ უნდა ვეცადოთ ერთსაც ვემსახუროთ, ჩვენის შეძლებისამებრ, და მეორესაც, და თუ ვერ შევძელით ორივეს სამსახური, უფრო ანბანთ-მწყურვალთაკენ გადავიხრებით. მაშასადამე, ჩვენის გაზეთის სიკეთე ყველაზედ უწინარეს ჯერ ამ თვალით უნდა გაიზომებოდეს.
ჟურნალ-გაზეთობა ერთ-გვარი ნაწილია ლიტერატურისა. ამის გამო თავის საკუთარის კუთვნილების გარდა უნდა ჰქონდეს ზოგადი კუთვნილებაც ლიტერატურისა. ზოგადი კუთვნილება ჭეშმარიტის ლიტერატურისა და არა იმ ცრუპენტელობისა, რომელიც ჩვენში ლიტერატურის სახელით დაიარება, გულწრფელობაა, უბოროტო განზრახვაა, სინიდისიანობაა, პირ-მოუფერლობაა და იმა გრძნობის და რწმენის გამომეტყველობაა, რომელიც სულსა და გულში ნამდვილად ჩაგსახვია, ნამდვილად გამოგკვანძია და შენის სულიერის ღონის შეძლებისამებრ გაგიზრდია, გაგიწურთვნია. ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველგან და ყოველს შემთხვევაში მართებულობს, ზრდილობის, ადამიანის ღირსებისა ფარიც არის და ხმალიცა. უზრდელობა, უმართებულობა, გაუპატიურება ადამიანისა, უწურთვნელობის, გონება-გაუხსნელობის და უჯიშობის უტყუარი ნიშანია. ლანძღვა-თრევა გოგო-ბიჭების ჩალურშიაც საზიზღარია და გარეთ, მთელის ერის, მთელის ქვეყნის მოედანზედ — რაღა თქმა უნდა! თუ ჩვენში მოიპოვება კიდევ, თითით საჩვენებლად მაინც, უკანასკნელი მოღიკანი იმ სასაცილო და ბავშების სამაცდურო მოძღვრებისა, რომ ერთი წყვილი ჩექმა მთელს შექსპირს მირჩევნიაო და ერთი ჯამი ლობიო მთელს დიდებულს ნაშთს ხელოვნებისას, — არ დაგვინდობს და წამოიძახებს: დახე, „ივერიას“ საზოგადოება „დამად“ გაუხდიაო და ლიტერატურა „კავალერადაო“. ამას ბანს მისცემს იმისთანაც, რომელსაც იქნება ღმერთი რაზედმე გასწყრომია, ლანძღვა-თრევა ზეგარდამო შთაგონებად მიაჩნია და ამის გამო ჭირვეულობს, გენიოსად რატომ არ მიცანითო. რასაკვირველია, ამ უთავბოლო ჯურის ხალხმა, თუკი არის სადმე, — ასე უნდა სთქვას, თორემ თუ, ჩვენდა საბედნიეროდ, ქარის მოტანილ ლიბერალობის სახელით მორთულმა ცრუპენტელობამ და იმავ ლიბერალობის სახელით გაკადნიერებულმა ლანძღვა-თრევამ ჩვენის ლიტერატურიდამ ფეხი ამოიკვეთა, იმათ საფანელი მოაკლდებათ, კრიჭა შეეკვრით და ამის გამო ლიტერატურას ძალაუნებურად უნდა დაეთხოვნონ. ეგრე მოსდით ხოლმე ვაჭართა, რომელთ საქონელსაც ბაზარში მაზანდა დაუფოლდა და გასავალი არა აქვს და რომელთაც სხვა საქონლის მოპოების შნოც ღვთისაგან არა ჰღირსებიათ.
თუ უწურთვნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც, სახლობაშიაც, საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში, საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია, მთელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე, მთელს ქვეყანასთან.
ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს, რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ, ანუ გავუჩუმდეთ, ავის მომქმედი არ გავამხილოთ, არ გავკიცხოთ. არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის ადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერი თავდაუჭერელი ვნებათ-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული, გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას, აცა, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემი ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო. არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი. ორივე შემთხვევაში გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.
ამისთანა სიტყვას, წუნისა იქნება თუ ქებისა, ვერც ვერავინ ითაკილებს, ვერც ვერავინ იწყენს, იმიტომ რომ რაც გულის-ტკივილით და წრფელობით არის ნათქვამი, ბუნებითად არც სათაკილოა, არც საწყენი.
ის ღვთაებრივი გრძნობა, რომელსაც კაცებურის ღირსების გრძნობას ეძახიან და რომელიც უძვირფასესი და უდიდესი საუნჯეა ადამიანთათვის მომადლებული, უნდა პატივცემულ იყოს ყველგან და ყოველს ადამიანში, გლახაა თუ მდიდარი, ავაზაკია თუ ზნეობა-მაღალი; ასე მოიქცევა იგი, ვისაც თავისის საკუთარის კაცებობის ღირსების გრძნობა მჩვრად არ გადუქცევია. ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: კაცობრიობის დიდებულთა ნაღვაწთა თირკმლები რომ გაუსინჯოთ, მთელს კაცობრიობის ახოვანს პროგრესს თავიდამ ბოლომდე გონების ნესტარი გაუტაროთ, ნახავთ, რომ ყოველივე ეს მართლა-და დიდებული ნაომარი კაცობრიობის ხელისა, გონებისა და მხნეობისა სხვა არა არის-რა, თუ არ ძლევამოსილი სვლა კაცებურ ღირსებათა, გრძნობის აღსამატებლად მიმართული: რამოდენადაც ეს გრძნობა აღმატებულია, იმოდენად ძლიერია, როგორც ცალკე კაცი, ისე მთელი ერიც. ჩვენის ფიქრით, ყოველს-გვარს უბედურებას, უძლურებას ადამიანისას სათავედ ამ გრძნობის ძირს დაცემა აქვს. საცა ეგ გრძნობა ცოტად თუ ბევრად ფეხადგმულია, იქ კაცი არამც-თუ ვისმე ან რასმე გაექელვინება თითონ, არამედ სხვის გაქელვის დანახვაზედაც მთელის თავის სამართლიანის გულის-წყრომით გამქელველს გულ-და-გულ შეეფეთება, როგორც დამრღვეველს იმ ზნეობითის კანონისას, რომელიც საყოველთავო ღირსების ფარია და, მაშასადამე, მისიცა. როგორც სხივნი მზისაგან, ყველა ნიჭი და მადლი ადამიანისა, სულიერი თუ ხორციელი, ამ გრძნობიდამ წარმომდინარებს და ყოველივე ისევ უკან მიერთმევა, ვით თავის დასაბამს.
ეს არის ჯერ-ხანად ჩვენი აღსარება, ჩვენი გულის-ნადები. ამ გზას დავადგებით და არას შემთხვევაში არ ვუღალატებთ, სხვა — დროსა და გარემოებას დავაცალოთ.”

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s