ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში მისასვლელად ორი საგუშაგო უნდა გაიარო, ადგილზე მყოფ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს საკუთარი პირადობის მოწმობა წარუდგინო და გზა მათი ნებართვის შემდეგ გააგრძელო. თავისუფლად გადაადგილება იმ ადგილამდე შეგიძლია, სადაც 2012 წელს ახალი საგუშაგო გაიხსნა. საგუშაგომდე მისასვლელი გზა მოსაპირკეთებელია. ატალახებულ ორღობეში მიმავალს, გაგიჭირდება, მზერა აარიდო მიტოვებულ სახლებს. მოშიშვლებული ფანჯრები, ჩაბნელებული ოთახები, ცარიელი ეზოები – ეს ყველაფერი, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული მიგრაციის შედეგია. ომის დროს ზარდიაანთკარიდან წამოსული ოჯახების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნდა. ამ ოჯახებმა იმ სოფელში ცხოვრებას, სადაც არც სკოლა, არც მაღაზია, არც აფთიაქი და არც ამბულატორია არ არის, დროებით თავშესაფრებში დარჩენა არჩიეს.

„2012 წელს ეს საგუშაგო რომ გაიხსნა, ოჯახების ნაწილი დაბრუნდა, თითქოს უსაფრთხოების განცდა გაგვიჩნდა, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახები დროებით თავშესაფრებში დარჩნენ. რა უნდათ ამ ატალახებულ სოფელში?“ – გვესაუბრება ელენე გაბლიშვილი და ნელ-ნელა მის ხმას სატვირთო მოტოციკლის ძრავის ხმაური ფარავს, რომელსაც მისი თანასოფლელი გურამ მახარაშვილი მართავს. მახარაშვილი ჩვენი თხოვნით ჩერდება, მოკრძალებულად გვესალმება და გვეუბნება, რომ თანასოფლელი ბესტაევების ოჯახში მიდის, ოსი მეგობრების მოსაკითხად.

10881426_768637549911185_1561032436_n„ამ სოფელში ოსები და ქართველები ვცხოვრობთ, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, ვმეგობრობთ, ახლაც მათთან მივდივარ, უნდა ვინახულო“, – გვიხსნის მახარაშვილი, შემდეგ ძრავას რთავს. მოტოციკლის ხმა  საგუშაგოდან  რამდენიმე მეტრში მდებარე სახლთან წყდება. იქ ბესტაევები ცხოვრობენ.

მეგობრობის გარდა, ეთნიკურად ოსებსა და ქართველებს სოფელში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც აერთიანებთ. ეს ადამიანები ახალ წელს უხალისოდ ხვდებიან. ამბობენ, საახალწლო სამზადისისთვის არც სახსრები და არც შესაბამისი განწყობა არ გვაქვსო.

„ახალი წელი ადრე იყო, როცა ყველას გვიხაროდა ამ დღის მოსვლა, როცა ფულიც გვქონდა და სუფრასაც ვშლიდით. ახლა, ამ გაჭირვების ჟამს, ეს ჩვეულებრივი დღეა. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვედრილ ჩვენს მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი ვერ მივდივართ“, – გვეუბნება თალიკო კაკულია-ბესტაევი.

თალიკო ახალი წლის ღამეს მარტო შეხვდება, რადგან ომის შემდეგ მისი შვილებიც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ. ამ თემაზე საუბრისას თვალზე ცრემლი ადგება, მაგრამ ცდილობს, ძალა მოიკრიბოს და თავისი გასაჭირი გვიამბოს.

„ორსართულიანი სახლი მაქვს, მაგრამ ერთ ოთახში ვცხოვრობ. “წითელი ჯვრის” ფინანსური დახმარებით მხოლოდ ეს ერთი ოთახი გამირემონტეს. მეორე სართულზე აღარც ავდივარ, ომის დროს სახურავი დაზიანდა, ფანჯრებს შუშებიც აღარ შერჩა. წვიმის დროს იმ ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. არ ვიცი, ვის რა ვთხოვო. ჩემი შვილების და შვილიშვილების ბედი მაღელვებს; არც სამუშაო ადგილებია; თავს  ვერ ვიმშვიდებ…“.

თავისი სადარდებელი აქვს ზარდიაანთკარში მცხოვრებ თენგიზ გაბლიშვილსაც. ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფელში სოციალური ფონი მკვეთრად გაუარესდა.

„გაიარეთ, ნახეთ, – ხალხი ბაღებს ჩეხავს. ვაშლის ხეები სულ გაჩეხეს. გვიჭირს ადამიანებს. გაჭირვებით თუ რაღაც მოგვყვავს, იმასაც ვერ ვყიდით. მიწების დიდი ნაწილი ურწყავია, რადგან სარწყავი წყალი არ გვაქვს. სხვა რა გითხრათ?“ – გვეკითხება და ჰორიზონტს გასცქერის, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილი მინდვრები ცას უერთდება.

ზარდიაანთკარის თავზე  შავი ღრუბელი შეყრილა. ამ საღამოს ალბათ ისევ იწვიმებს…

 ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s