გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობას რამდენიმე დღეა, ყვითელი ლენტი აქვს შემოხვეული. შენობა ორად არის გაყოფილი. ნაგებობის შუაწელში ერთი კედელიღაა დარჩენილი, რომლის წინ ჩამოშლილი სართულების გროვა დგას. დამტვრეული კარ-ფანჯრები და ცემენტშერჩენილი ბლოკები ერთმანეთშია არეული. ამ გროვის ზემოთ, მესამე სართულზე კარი კიდია, რომელსაც ცალი ფრთაღა იმაგრებს. გადმოზნექილი კედლებიც დაშვებისთვის ემზადება. ფანჯრებისთვის ამოჭრილი მართკუთხედები შავ ხვრელებს მიაგავს. მათგან მხოლოდ მტვერი და სიბნელე გამოდის.

არადა ახლა ამ შენობაში, წესით, იძულებით გადაადგილებული პირები უნდა ფუსფუსებდნენ. დერეფნებში მათ მიერ მომზადებული სადილის სუნი უნდა იდგეს, სარკმლებთან გაბმულ სარეცხის თოკებზე მათი სამოსი ფრიალებდეს. ეს ალბათ ასეც იქნებოდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს  MBG-ს

აღებული ვალდებულებები პირნათლად რომ შეესრულებინა და შენობის რეაბილიტაცია დათქმულ დროს, სექტემბერში დაემთავრებინა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რის გამოც საქმე გამოძიებისთვის სასამართლოს გადაეცა.

გამოძიება 20 დეკემბერს მომხდარ ფაქტზეც დაიწყო. როგორც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე გვეუბნება, შენობის ჩამონგრევის მიზეზებს სწორედ გამოძიება დაადგენს.

„შესაბამისი დასკვნა დაიდება, საიდანაც გავიგებთ, თუ  რამ გამოიწვია შენობის ნგრევა. დასკვნის შესაბამისად გადავწყვეტთ შენობის რეაბილიტაციას გავაგრძელებთ თუ არა“.

ამ შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები ელოდებოდნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრო მათ სწორედ ამ შენობაში შესახლებას ჰპირდებოდა.

ახლა კი, გვიმრაძის ეს სიტყვები ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისთვის იმას ნიშნავს, რომ მათ, გაურკვეველი ვადით, ისევ ხის კოტეჯებში მოუწევთ ცხოვრება.

„განა რა დავუშავეთ ხელისუფლებას ისეთი, რომ ამ პირობებში გვაცხოვრებს? ლოდინი, ლოდინი და ლოდინი… 24 წელია აქ ვცხოვრობთ. ჩვენც დავიღალეთ,“ – გვეუბნება ე.წ ტურბაზის დასახლების ერთ–ერთ კოტეჯში მცხოვრები ჟენია ბუგიანაშვილი, პოლიეთილენაკრულ ფანჯარას სცილდება, აივანზე გამოდის და ხის დამტვრეულ კიბეებს მოუყვება; ქსოვილის ნაჭრით დამაგრებული საფეხურები უნდა გვაჩვენოს.

დამტვერილი თეთრი ქსოვილი ორ საფეხურს მთავარ საყრდენთან ამაგრებს, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან კიბე საყრდენს ნელ-ნელა შორდება და მათ შორის ხვრელი ჩნდება. ოჯახები სიმყარის შესანარჩუნებლად ამ სიცარიელის ამოვსებას ხის ტოტებითა და აგურის ნატეხებით ცდილობენ. ამბობენ, რომ კიბეზე ასვლისაც კი ეშინიათ.

„იციან, აქ რა პირობებშიც ვართ, ბევრჯერაც გვნახეს და ახალ ბინებში გადაყვანას დაგვპირდნენ. ამ მიზნით  ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციაც დაიწყეს, მაგრამ ჩამოინგრა. ამ ზამთარსაც აქ მოგვიწევს დარჩენა. ამ ბინებში ჩვენთან ერთად პატარა ბავშვები ცხოვრობენ, ამ კიბეებზე დარბიან, რამდენჯერ კიდევაც დაგორდნენ. ამ კიბეებზე სიარულიც კი საშიშია,“ – გვეუბნება ნოდარ ბოჭორაძე.

ჩვენ ნოდარს თვის დასაწყისშიც შევხვდით. მაშინ, გორის საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის დასასრულის მომლოდინე სხვა მეზობელ ოჯახებთან ერთად, ისიც კომპანია MBG-ს  უპასუხისმგებლობის გამო ბრაზობდა, თუმცა იმედიანად იყო. ფიქრობდა, რომ  ყოფილი საავადმყოფოს შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახალი კომპანია უახლოეს მომავალში განაახლებდა.

ახლა ეს  ადამიანები  სხვაგვარი განწყობით შეგვხვდნენ. ბოლომდე არც იმის სჯერათ, რომ ყოფილი საავადმყოფოს შენობა თავისით  ჩამოინგრა, თუმცა გვთხოვენ, ამ თემაზე არ ვესაუბროთ. სამაგიეროდ, ღიად გამოხატავენ შიშს, რომ ეს ზამთარი არ იქნება უკანასკნელი, რომლის გატარება, დაპირებული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფამდე, ამ ხის კოტეჯებში მოუწევთ.

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s