გუშინ, გორის თეატრის ბაღში ჩაის სურნელი ტრიალებდა. ფინჯანი ჩაი ყველას შეხვდა, ვინც ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“  ორგანიზებითა და გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მხარდაჭერით განხორციელებულ აქციაში „გაუვსე ხურჯინი თოვლის პაპას“ მიიღო მონაწილეობა.

საბედნიეროდ, ჩაიც ბევრი დაილია და ბაღიც პატარ-პატარა ხურჯინებით აივსო. აქციის ორგანიზატორები ნაშუადღევს, დაანონსებულ დროს, პირველ საათზე შეიკრიბნენ. თავიდან შფოთავდნენ; ფიქრობდნენ, რომ ზამთრის სუსხიანი ამინდის გამო, ადამიანები ქველმოქმედებას შინ დარჩენას არჩევდნენ. მათი შიში მალევე გაქარწყლდა, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების სურვილი იმაზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ.

„აქცია გუშინ, 27 დეკემბერს დავიწყეთ. ამინდიც გუშინ უკეთესი იყო, მაგრამ ცოტა ადამიანი შემოგვიერთდა, ძირითადად ჩვენი ახლობლები და ნაცნობები. აი, დღეს კი გაოცებულები ვართ.  არ ველოდით, თუ ჩვენს აქციაში ამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა.“ – გვეუბნება „დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი და გაწითლებულ თითებს ცხელი ჩაით სავსე ჭიქით ითბობს. მის გარშემო პატარ-პატარა ყუთები ალაგია. ყუთების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. ჯერ ერთი სკამი ივსება, შემდეგ – მეორე. ხალხის აქტიურობით გახარებული ორგანიზატორები მოტანილ წიგნებს ფურცლავენ. ერთ-ერთი წიგნი ზღაპრების კრებულია.

„მიხარია, რომ  სხვადასხვა სახის ნივთები მოაქვთ; ზოგს – ტანსაცმელი, ზოგს – ფეხსაცმელი. რამდენიმემ სათამაშოებით სავსე ყუთი მოგვიტანა.. აი, აქ წიგნებიცაა. ეს ზღაპრების კრებულია. ეს ყველაფერი იმ ბავშვებს, რომელთა დასახმარებლადაც აქცია დავგეგმეთ, ნამდვილად  აკლიათ და სჭირდებათ“, –  გვიხსნის „დროას“ თავმჯდომარე შოთა ჩილინდრიშვილი.

ორი დღის განმავლობაში შეგროვებულ ნივთებს „დროას“ წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს 30 დეკემბერს გადასცემენ. მანამდე აქციაში ჩართვას ზერტის საჯარო სკოლაც გეგმავს. ამის შესახებ ორგანიზატორებს სკოლის პედაგოგი ესაუბრება; მისი თქმით, მოსწავლეებს ნივთების შეგროვება უკვე დაწყებული აქვთ.

30 დეკემბრამდე ნივთების მიტანის პირობას ორგანიზატორებს ის გამვლელებიც აძლევენ, რომლებმაც აქციის შესახებ გაშიშვლებულ ხეებს შორის გაბმულ თოკზე გაფენილი სიტყვებით შეიტყვეს. თეატრის ბაღში ფერად-ფერად ფურცლებზე მოხატული ასოები ყველა გამვლელს მოუწოდებს, რომ გაუვსოს ხურჯინი თოვლის პაპას.

„ხვალიდან ვიწყებთ ნივთების გადარჩევას, თუმცა თუ ადამიანები კიდევ შემოგვიერთდებიან, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაგვახარებს. გვიხარია, რომ ჩვენი იდეა ასეთი მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის“, –  ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ახალკაცი და ნელ-ნელა, მეგობრებთან ერთად, მოტანილი ნივთების თეატრის შენობაში შეტანას იწყებს.

ბაღი ხურჯინებისგან ცარიელდება, თეატრის შენობაში მათთვის გამოყოფილი ოთახი კი იმის გარანტიაა, რომ  ორ დღეში ათამდე სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდერობებში, სათამაშოების ყუთებსა და წიგნების თაროებზე არსებული სიცარიელე ოდნავ მაინც შეივსება.

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s