“გადავწყვიტე, ყველგან მოვყვე ჩემი ისტორია, რათა ჩვენი შვილები, შვილიშვილები და სხვა ქალები არ აღმოჩნდნენ ისეთ მწუხარებაში, რომელშიც მე ვიმყოფები”, – ელენა გორელოვა, იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი სლოვაკეთში.

ქალთა იძულებითი სტერილიზაცია მსოფლიოში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკაა. ის მიზნად ისახავს შობადობის შემცირებას ქალთა კონკრეტულ ჯგუფში. როგორც წესი, ეს ჯგუფი ეთნიკური ნიშნით ერთიანდება, ან რაიმე სხვა ნიშნით დაქვემდებარებული და მოწყვლადია (მაგ. პატიმარი ქალები). ისტორიას აქვს ამის მაგალითები. 1920-იანი წლების ამერიკაში აფროამერიკელი ქალების სტერილიზაცია ხდებოდა მათი სურვილის წინააღმდეგ, როდესაც ისინი რაიმე სხვა მიზეზით მიმართავდნენ ჰოსპიტალებს ან საპატიმროებში იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. ამერიკის 33 შტატში, 65 000 ქალზე მეტს ჩაუტარდა იძულებითი სტერილიზაცია. ამ მიმართულებით ამერიკას მიჰყვნენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის კანადა, რუსეთი და გერმანია.

იძულებითი სტერილიზაცია კანონდარღვევაა, მადისკრიმინირებელია ჯგუფის მიმართ და მოკლებულია რაციონალურ გამართლებას, მიუხედავად იმისა, რომ საკითხით დაინტერესებული პირები ხშირად სხვდასხვა ახსნას უძებნიან მის აუცილებლობას.

მე გიამბობთ იძულებითი სტერილიზაციის ერთი მაგალითის შესახებ. კერძოდ, შევეხები ჩეხოსლოვაკიაში ბოშა ქალების მიმართ გატარებულ იძულებით პრაქტიკას 1971-91 წლებში. ამ პერიოდის ჩეხოსლოვაკიაში, ბოშა მოსახლეობის შემცირების მიზნით, ქალთა იძულებით სტერილიზაციას მიმართავდნენ. ხშირად, ქალებმა არც იცოდნენ ამის შესახებ. საავადმყოფოს პერსონალი ფარულად აკეთებდა სტერილიზაციას საკეისრო კვეთის ან აბორტის დროს. მოწმეების თქმით, ზოგჯერ ქალები ხელს აწერდნენ ისეთ დოკუმენტებს, რომელთა შესახებ არაფერი იცოდნენ. შესაბამისად, გაუცნობიერებლად ისინი საავადმყოფოს ნებართვას აძლევდნენ, მოეხდინათ მათი სამუდამო სტერილიზაცია. საკითხით დაინტერესებული პირები კი ფაქტის გასამართლებლად “მაღალ არაჯანსაღ” შობადობას ასახელებდნენ. სლოვაკეთის ერთ-ერთი ჰოსპიტალის მთავარი გინეკოლოგი ბოშათა იძულებით სტერილიზაციას ასეთ ახსნას უძებნიდა: ”ბოშებმა არ იციან შრომის ფასი, ისინი თავს ესხმიან სოციალური კეთილდღეობის სისტემას, ისინი მხოლოდ იმისთვის აჩენენ ბავშვებს, რომ მიიღონ დამატებითი სოციალური სერვისები”.

მოწმეები გვიამბობენ მკაფიო სეგრეგაციაზე ბოშა და არა ბოშა ქალებს შორის სამშობიაროებში. ამის დასტურია ე.წ. “ბოშათა ოთახი”, რომლის შესახებ ყველა მოწმე ჰყვება. ბოშა ქალები ხშირად არათანასწორი მოპყრობის, ტყუილის მსხვერპლი გამხდარან ისეთ ნეიტრალურ სივრცეშიც კი, როგორიც საავადმყოფოა. ამის შესახებ კიდევ ერთი იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი საუბრობს:

„2000 წელს, საავადმყოფოს მივმართე მეორე ბავშვის გასაჩენად. მშობიარობის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ თუ კიდევ ერთი ბავშვი გამიჩნდებოდა ჩემი ან ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგებოდა, ან ორივესი ერთად. სტერილიზაცია შემომთავაზეს. მათ მიერ დახატული სიტუაციიდან ეს იყო საუკეთესო გამოსავალი… მომათავსეს ისეთ ოთახში, სადაც მხოლოდ ბოშები იყვნენ. “ბოშების ოთახი” – ასეც ერქვა საავადმყოფოს იმ ნაწილს, სადაც ცალკე სააბაზანოთი ვსარგებლობდი. ჩემი ეთნიკურობა მკვეთრად განსაზღვრავდა ჩემს მეორეხარისხოვან მდგომარეობას სხვა პაციენტებთან შედარებით“.

იძულებითი სტერილიზაცია ჩეხოსლოვაკიის სახალხო დამცველის ანგარიშებშიც მოხვდა. ამ მონაცემებით, ოცწლიან პერიოდში დაახლოებით ოთხმოცდაათი ათასი ქალი გახდა იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა მხოლოდ კომუნისტების მმართველობის პერიოდში კი არა, პოსტკომუნისტურ პერიოდშიც ხორციელდებოდა, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად დაიყო. სლოვაკეთში დღემდე გრძელდება ქალთა იძულებითი სტერილიზაცია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოშათა არსებობას ამ ფორმით აპროტესტებენ.

თავის მხრივ, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს იძულებით სტერილიზაციას პროტესტი მოჰყვა ბოშათა ჯგუფშიც. ეს იყო ცოტა ნაგვიანევი, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი საპროტესტო ტალღა. ბოშა ქალთა პირველი აქტიური ჯგუფი იძულებითი სტერილიზაციით დაზარალებულ ქალების გაერთიანება იყო, რომლებმაც ორასი საქმე გაგზავნეს სლოვაკეთის სახალხო დამცველის აპარატში. ეს იყო საკუთარი სხეულისა და უფლებებისთვის პირველი გადადგმული ნაბიჯები. ელენა გორელოვა პირველი მამაცი მოწმე იყო, ვინც გაბედა და სისტემას დაუპირისპირდა.

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s