ჟურნალმა 17-მა მაისმა მიიღო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის,  ქართველი ჯარისკაცის წერილი, რომელიც ჯარში პრემიების გაცემის სისტემის ნაკლოვანებებს აღწერს. წერილის შინაარსი არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას. ტექსტი ქვეყნდება უცვლელად. გასაგები მიზეზების გამო, ავტორის ვინაობა მითითებული არ არის.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ახალ წელს ჯარი ყოველთვის ელოდება პრემიებს, მეცამეტე ხელფასებს და ა.შ. მცირედს მაინც, რომ უღიმღამო ცხოვრება შეიმსუბუქოს, ოჯახსაც დღესასწაული შეარგოს და წელიწადში ერთხელ მაინც იგრძნოს თავი დაფასებულად. მართალია, ეს მოლოდინი არც წინა მთავრობის დროს მართლდებოდა მაინცდამაინც და არც მერე, მაგრამ ჯარი სხვანაირი სამსახურია და შეიძლება არც იკადროს ჯარისკაცმა რამდენიმე ასეულ ლარზე წუწუნი, როცა სიცოცხლე აქვს გადადებული სამშობლოსთვის. მაგრამ რაც წელს მოხდა, უბრალოდ ზღვარსგადასული უაზრობა და უსამართლობაა და რაც ყველაზე უარესია, ეჭვს ტოვებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მესვეურებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ქართულ ჯარში არსებულ სიტუაციაზე.

            ბევრი ტყუილ-მართლის შემდეგ, ოფიცრებს და წოდებით სერჟანტებს დაერიცხათ ხელფასის 40% პრემიის სახით.

            ოფიცრებს და სერჟანტ-კაპრალებს შორის განსხვავება სხვა თემაა და ამაზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ, მინდა აგიხსნათ, რატომ ვახსენე „წოდებით სერჟანტი“ და არა უბრალოდ, სერჟანტი.

            რამდენიმე თვის წინ, თავდაცვის სამინისტრო ხელფასის თანამდებობრივი ანაზღაურებიდან წოდებრივ ანაზღაურებაზე გადავიდა. უმეტეს ნაწილში, ამას სერიოზული თანხობრივი ცვლილება არ მოჰყოლია, მაგრამ თავად ეს პრინციპი უაღრესად უსამართლოა, რადგან მის მიხედვით, სერჟანტი, რომელმაც ეს წოდება მიიღო შევარდნაძის დროს ან უფრო ადრე, ზოგჯერ, მეტად ბუნდოვან გარემოებებში და მუშაობს ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე (მაგალითად არის მძღოლი, მსროლელი ან გათვლის ნომერი) იღებს უფრო მეტ ხელფასს, ვიდრე ახალგაზრდა რიგითი ან კაპრალი, რომელიც თავისი პიროვნული თუ სამსახურეობრივი დამსახურების გამო საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობს (არის ათმეთაური/გათვლის მეთაური, ოცეულის და ა.შ. სერჟანტი). როგორც გითხარით, მიუხედავად პრინციპის უსამართლობის და ალოგიკურობისა, ამას თანხობრივად სერიოზული ცვლილება არ გამოუწვევია მანამ, სანამ პრემიებიც იგივე პრინციპით არ დაირიცხა.

            პირველი მიზეზი, რის გამოც ეს პრინციპი მიუღებელია, არის ის, რომ მუშაობის მოტივაციას უკარგავს იმ კადრებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიუღიათ სერჟანტის წოდება. მაგალითად, წოდებით კაპრალი ათეულის მეთაურები, რომლებიც ზღვრული ასაკის მიღწევის გამო აღარ მიიღებიან სერჟანტის კურსზე, რომლის გავლის გარეშეც, წოდებას ვერ მიიღებენ. რა გამოდის? ამ ჯარისკაცებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ძალიან გამოცდილი პროფესიონალია და 2008 წლის ომში და სხვაგანაც საბრძოლო გამოცდილებაც აქვს მიღებული, სახელმწიფო ამუშავებს სერჟანტის თანამდებობაზე ყოველგვარი დაფასების გარეშე – მაგალითად, არ შეჰყავს ისინი პრემიის სიებში იმის გამო, რომ არ აქვთ წოდება, რომლის მიღების საშუალებაც თავად სისტემამ არ მისცა.

            ის ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც წოდება არ მიუღიათ, რადგან ჯერ არ ეკუთვნით, მაგრამ მიაღწიეს იმას, რომ მაღალ და შესაბამისად, უფრო საპასუხსმგებლო თანამდებობაზე მუშაობენ, რჩებიან დამატებითი ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა თავდადებით იმსახურონ.

ამ დროს პრემიას იღებენ ამ კაპრალების ხელქვეითები, წოდებით სერჟანტები, რომელმაც ეს სერჟანტობა რაიმე დამსახურების გამო კი არ მიიღეს, არამედ იმით, რომ უფრო მეტი წლები დაჰყვეს ჯარში, თუნდაც ამ წლების განმავლობაშ არც არაფერი ეკეთებინოთ.

მეორე და უფრო დიდი უსამართლობა ისაა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა დიდი ნაწილი, რომლებიც კაპრალ-სპეციალისტთა საკვანძო თანამდებობებზე მუშაობენ, როგორიცაა საქმისმწარმოებელი, საბრძოლო მანქანის მძღოლი, ჯგუფის უფროსი, გამომთვლელი, მემიზნე და ა.შ. ვერასოდეს ვერ მიიღებენ სერჟანტის წოდებას, რადგან მათი თანამდებობა არ მისცემთ ამის საშუალებას. არადა, ამ კატეგორიის გარეშე, ჯარი, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს. შესაბამისად, რაც უნდა თავდაუზოგავად ვიმუშავო მე, კაპრალის თანამდებობაზე, ამ პრინციპის მიხედვით, ვერასოდეს მივიღებ დანამატს, რადგან ვერასოდეს გავხდები სერჟანტი.

ამის შემდეგ, კიდევ გაჩნდება შეკითხვები, თუ რატომ არის ჯარისკაცი, რომელიც ისედაც არაკონკურენტუნარიან ხელფასს იღებს უაღრესად დატვირთულ სამუშაოში, უმოტივაციო?

ალბათ, სამინისტროს მაღალ ეშელონებში წარმოდგენაც არ აქვთ ამ ყველაფერზე და იქნება გაუკვირდეთ კიდეც, რომ რიგითის ხელქვეით შეიძლება სერჟანტი იყოს, მაგრამ ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს – ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო დილეტანტებითაა სავსე და არ იცის რეალური სიტუაცია ჯარში.

ან უარესი, ეს შეიძლება აჩვენებდეს, მართლა რამდენად უღირს (უფრო სწორად, არ უღირს) სამინისტროს ჯარისკაცი.

ახლანდელი ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ძველი მთავრობის დროს უსამართლობა იყო გამეფებული ჯარში. მე ორივე მთავრობას მოვესწარი როგორც ჯარისკაცი და გარწმუნებთ, უსამართლობის ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია.


	

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s