დღეს, 29 აპრილს იდენტობას იურისტი ინგა არახამია კომპანია “მათე მოტორსის” დამფუძნებლის გელა ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც არახამიას სატელეფონო საუბრისას პროკურორმა ბერდია სიჭინავამ განუცხადა, არახამიას მოწმის სტატუსით იბარებდნენ.

არახამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც გამომძიებელს არახამიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის შეწყვეტა სთხოვეს.

პროკურორი ბერდია სიჭინავა “17 მაისთან” საუბარში არახამიას დაკითხვას, გელა ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით, ადასტურებს.

“იურისტი ინგა არახამია გელა ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით დავიბარეთ. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორიფციულ სააგენტოში იყო დაწყებული, რის შემდეგაც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამომძიებელ დეპარტამენტს გამოსაძიებლად გადმოგვეცა. ამ მიზეზით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაბარებული იქნა ქალბატონი ინგა არახამია, რის შემდეგაც იგი დაკითხვაზე მობრძანდა, რომლის შემდეგაც გახდა შეუძლოდ. ჩვენ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა”, –  განუცხადა სიჭინავამ “17მაისს”.

გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ,  ინგა არახამიას თხოვნით, საქმეში ჩაერთო ადვოკატი ხათუნა ხურცილავა. მისივე განცხადებით, “სასწრაფო დახმარების ექიმების რეკომენდაციით, საგამოძიებო მოქმედება სხვა დროისთვის გადაიდო”.

კომპანია “მათე მოტორსის” დამფუძნებელი გელა ბარკალაია 2010 წლის 12 ივნისს დააკავეს და მას საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებოდა, რაც ქრთამის მიცემას გულისხმობს. აღმკვეთი ღონისძიება ბარკალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივნისს შეუფარდა.

მანამდე, 2010 წლის 30 მაისს გამართული არჩევნების წინ, ბარკალაიამ დიღომში, “მათე მოტორსის” ოფისის წინ ყვავილებით “მე მიყვარს თბილისის” ლოგო და დიდი ხუთიანი დაახატინა. 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: “მაშინ ბარკალაიას ეს საქციელი ოპოზიციამაც გააპროტესტა, მაგრამ “მათე მოტორსის” გენერალური დირექტორისგან შემდეგი პასუხი მიიღო: “მე ვემხრობი ნაციონალური მოძრაობის კურსს, ტერიტორია ჩემია და აქ რასაც მინდა, იმას გავაკეთებო”. ბარკალაია ხშირად იღებდა მონაწილეობას ტენდერებში. “მათე მოტორსის” ჩამოყვანილია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კუთვნილი “პიკაპები”. ბრალდების თანახმად, სწორედ ტენდერის მოგებისთვის იხდიდა იმ ქრთამს, რაც მისი დაკავების საბაბი გახდა”.

ბარკალაიას საქმეში ფიგურირებს მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. “კვირის პალიტრაში” 2013 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბარკალაია ამ კავშირის დეტალებზე საუბრობდა.

“ვფიქრობ, ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა. ერთ დღეს სანადიროდ ყოფილან. ვანო თურმე გაეხუმრა, ასე ახლოს რომ ხარ ბარკალაიასთან, წილში ხომ არ ჩაგსვაო. ჯანაშვილს ამ სიტყვების შეეშინდა, სამსახურში აგენტი ჩამისვა, რომ ინფორმაცია გაეტანა, მერე ვანოს ტყუილი უთხრა, თითქოს ნახმარი ზეთი ჩავასხი პოლიციის მანქანაში. დღესაც ვამბობ, მერაბიშვილი არ დამიჭერდა, ის შეცდომაში შეიყვანეს. მე მისთვის არასოდეს მიღალატია”, – აცხადებდა გელა ბარკალაია და დასძენდა, რომ  საპროცესო გარიგებისთვის მას “ტოიოტას” მარკის 10 პიკაპი მოგვთხოვეს, არ მყავდა და “ტოიოტას” ცენტრიდან იყიდეს ჩემებმა. თითო 27 000 დოლარი ღირდა. საპროცესოში 5 000 ლარი გადამახდევინეს.

ბოლოს მთელი სისტემა ვანოს წინააღმდეგ მუშაობდა. პრეზიდენტს ძმები ახალაიების აზრი უფრო აინტერესებდა და სწორედ ისინი ებრძოდნენ ვანოს. მეგის ქარდავამ ერთხელ მანქანის წართმევა დამიპირა, ვანოს შევატყობინე და პასუხი მოსთხოვა. მერე გიგი უგულავამ ის მიწაც წამართვა, სადაც ჩემი ფირმის ოფისი მდებარეობს. აქ ხიდი უნდა გავიდესო, ბევრი ვიდავე და საბოლოოდ “გუდვილთან” 800 000 დოლარის ღირებულების მიწა მიყიდეს.”

17 მაისისთვის ცნობილი ხდება, რომ ბარკალაიას საქმეში ფიგურირებს საპატრიარქო და მეუფე პეტრე ცაავა (ერისკაცობაში პაატა ცაავა, საპატრიარქოს ტელევიზიის ერთსულოვნების ხელმძღვანელი), რომელსაც “მათე მოტორსის” დამფუძნებელის ახლობელია და რომელსაც მან საპროცესოს გაფორმებაში დახმარების თხოვნით მიმართა. საპროცესო პირობების შეთანხმებაში უშუალოდ ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მონაწილეობდა. გარდა მეუფე პეტრე ცაავასი, საქმეში აქტიურად მონაწილეობდა გელა ბარკალაიას შვილის, მაია ბარკალაის მეგობარი, მამა ანდრე, რომელიც იმ დროს საპატრიარქოში მუშაობდა და პატიმრობისას სწორედ ის იყო ხვდებოდა ბარკალაიას, რათა საპატრიარქოს მეშვეობით გარიგების დეტალები დაეზუსტებინა.

იდენტობაში აცხადებენ, რომ საქმეში იდენტობას ადვოკატის მოწმის სტატუსით დაკითხვა შესაძლოა პოლიტიკურადაც იყოს მოტივირებული და ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდეს.  არახამიას, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც იდენტობას თანამშრომელია, დაკითხვისას ერთ-ერთმა გამომძიებელმა მას პირდაპირ მიმართა: “თქვენი ორგანიზაცია ხომ ჰომოსექსუალისტებს იცავს? ჰომოსექსუალისტებს თუ იცავთ, დაიცავით რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ?” არახამიას თქმით, ასევე იყო მუქარა ორგანიზაციის მისამართით, რომელიც თითქოს საპატრიარქოს ერჩის და  “სინდისი არ აქვს” როდესაც საპატრიარქოს ახსენებს.

შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა ვერ გაბედავს და არც აპირებს დაკითხოს პეტრე ცაავა, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ მონაწილეობდა ბარკალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.

იდენტობას ყოფილი დირექტორი და ამჟამად ჟურნალ “17 მაისის” რედაქტორი, ირაკლი ვაჭარაძე აცხადებს:

“ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არაერთხელ ცდილობდნენ ეჩვენებინათ არარსებული კავშირი იდენტობასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ახლა,  მოახლოებული 17 მაისის წინ, როგორც ჩანს ისინი არა მხოლოდ ეცდებიან ეს “კავშირი” დაამტკიცონ, არამედ სწორედ ინგა არახამიასგან ეცდებიან მან ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არახამია არათუ პირადად არასდროს შეხვედრია ბატონ მერაბიშვილს, არამედ სატელეფონო საუბარიც არასდროს შემდგარა მათ შორის.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s