“ყოველ დღეს ჩხუბით ვიწყებ. სახლში რომ იცოდნენ, სკოლაში ყოველ წუთს სიკვდილს ვნატრობ, ვიცი, არ მაიძულებდნენ იქ სიარულს”, – ამბობს ანა.

მიზეზი, რის გამოც 15 წლის მოზარდს სკოლაში სიარული არ სურს, კლასელების მისდამი დამოკიდებულებაა. როგორც ანა ამბობს, ზოგჯერ ისე ხდება, რომ კლასელები მას ვერც კი ამჩნევენ, ჩუმად არიან. ამ დროს თავს მშვიდად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიჩუმეშიც ხვდება, თუ როგორ დასცინიან მის ტანსაცმელს, ვარცხნილობას, საუბრის მანერას.

ვინ და როგორ უნდა იცავდეს ანას და სხვა ლგბტ მოზარდებს ჩაგვრისგან? რა შეუძლია მანდატურის სამსახურს და რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? “17 მაისი” ფსიქოლოგ მაია ცირამუას, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილსა და გენდერის მკვლევარ ანა რეხვიაშვილს ესაუბრა.

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ ის, რაც ანას მიმართ ხორციელდება, ბულინგია. ბულინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ხშირად ძალადობად არ აღიქვამენ, არც ბავშვები და არც მასწავლებლები. ფსიქოლოგის თქმით, ხშირ შემთხვევაში ბულინგის ინციატორი მასწავლებელია – მასწავლებელი ბავშვს აითვალწუნებს, შემდეგ კი, ამას კლასი აჰყვება.

ფსიქოლოგი ანასა და იმ სხვა ლგბტ მოზარდებზე განხორციელებული ბულინგის ფორმებზე  საუბრობს, რომელიც პრაქტიკაში შეხვედრია.

“პირველი, რითაც ლგბტ მოზარდის მიმართ ბულინგის იდენტიფიცრებაა შესაძლებელი, ის არის, რომ კლასელები ბავშვს იზოლაციაში აქცევენ, აიგნორებენ, დასცინიან, მისი მისამართით ერთსა და იმავეს იმეორებენ, მეტსახელით მოიხსენიებენ. შემხვედრია მანერებზე, ჩაცმულობაზე აქცენტირება. ყველაზე გავრცელებულია ლგბტ ბავშვის კლასიდან ჩამოცილება, ბავშვი სკოლის ხშირად გაცდენას იწყებს. ასეთი შემთხვევაც იყო, როცა ბავშვმა 9 კლასის შემდეგ სკოლა აღარ გააგრძელა. არის შემთხვევები, როცა ბავშვი სხვა სკოლაში გადასვლას ითხოვს იმ იმედით, რომ იქ უკეთესი სიტუაცია დახვდება. იყო შემთხვევა, როდესაც სკოლაში მისულ წყვილს, რომელსაც ურთიერთობა გაცხადებული ჰქონდა, ცარიელი საკლასო ოთახი დახვდა, ანუ კლასმა უთხრა – იქ, სადაც თქვენ ხართ, ჩვენ არ ვიქნებითო. შესაძლებელია ბულინგი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობითაც გამოვლინდეს. ჩვენ ლგბტ მოზარდებზე ბულინგის კვლევა არ გვაქვს. ეროვნული კვლევა ამ მიმართულებით ნამდვილად დასაგეგმია”, – ამბობს ფსიქოლოგი.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, კავშირ საფარისა და ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” მიერ 2014 წელს საქართველოს სკოლებში ძალადობის ფაქტების მოძიებით და შესწავალით აღმოჩნდა, რომ ბულინგი, მასკულინური და ფემინური გამოვლინების გამო, ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა – ხშირ შემთხვევაში, კლასი კლასელს ეჭვების ნიადაგზე ჩაგრავს, რომელიც ჰეტერონორმატიულობას არ ავლენს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლს ქამინგაუთი არ გაუკეთებია.

იმის გამო, რომ ლგბტ მოზარდს ოჯახის სახით მხარდამჭერი წრე არ ჰყავს, სკოლაში კი მისი ჩაგვრა ნორმალიზებაულია, ბულინგმა შეიძლება მას ისეთი ღრმა და მძიმე ტრამვა მიაყენოს, რომელიც კვალს მთელ ცხოვრებაზე დატოვებს, – ამბობს მაია ცირამუა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ადამიანები ამ მძიმე და სერიოზულ ტრავმას წარმატებით უმკლავდებიან, ბულინგი თავს ურთიერთობის ყველა დონეზე ავლენს. ეს მსხვერპლის თვითშეფასებასა და თვითეფექტურობის განცდაზეც აისახება. ბულინგის მსხვერპლობა ლგბტ ადამიანის ფუნქციონირების ყველა დონეზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. განსაკუთრებით მძიმე შედეგი სოციალურ ფუნქციონირებაში ჩანს. ასეთი ადამიანები უფრო ჩაკეტილები, იზოლაციისკენ მიდრეკილები და გაუბედავები არიან, ან პირიქით – ასე ვთქვათ, შეიძლება, მუდამ შარის მაძიებელი და თავდამსხმელები გახდნენ”, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ბულინგი ნეგატიურ კვალს ტოვებს მის განმახორციელებელზეც. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ბულერი ბავშვი მოზარდობისას ხშირად არღვევს კანონს და ანტისოციალურად იქცევა. მაია ცირამუა ამბობს, რომ ადამიანს ღირებულებების გადასაფასებლად ძალიან ბევრი რესურსი აქვს და დღეს თუ ბავშვი ბულერია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ხვალაც მოძალადე იქნება.

“დღეს თუ კლასელები  ბავშვზე იმის გამო ძალადობენ, რომ ის ჰეტერონორმატიულ არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ბულერი ჰომოფობი იქნება. დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ იცვლება. ამიტომაც, საჭიროა ჩარევა, ბულინგის მართვა, როგორც მსხვერპლთან, ისე აგრესორთან”, – ამბობს ცირამუა.

ფსიქოლოგიის ცენტრი ის ინსტიტუტია, რომელსაც ბულინგის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის დირექტორების გადამზადება ევალება. ბულინგის იდენტიფიცირებასა და რეფერირებაში 2015 წელს, დაახლოებით, 1 600 დირექტორის მოადგილე გადამზადდება და იმ სკოლებში გადანაწილდებიან, სადაც მანდატური არ არის. გადამზადებული კადრები ძალადობის იდენტიფიცრებას შეძლებენ, – აცხადებს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილი.

“ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო მისი ბოლომდე აღმოფხვრა. დირექტორის მოადგილეებისა და მანდატურების გადამზადების გარდა, ბულინგის პრევენციული ღონისძიებაა ფსიქოგანათლებითი მუშაობა ბავშვებთან, მშობლებეთან და მასწავლებლებლებთან. ფსიქოგანათლება იმ ინფორმაციების მიწოდება ან იმ  ტრენინგების ჩატარებაა, რომელიც ბავშვს კონფლიქტის არაძალადობრივი გადაჭრის ფორმების მონახვაში ეხმარება. გარდა ამისა, ეს გახლავთ მშობლებისთვის სწავლება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა რჩევა-დარიგებები მისცენ ბავშვებს და გარდა ამისა, შენ ჩაგრულ ბავშვს ასწავლი, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ჩაგვრა აიცილოს”, – ამბობს ლევან ზარდალიშვილი.

კითხვას – არის თუ არა საკმარისი მანდატურებისა და სკოლის დირექტორების მოადგილეების გადამზადება ლგბტ მოსწავლეების მიმართ ბულინგის აღმოფხვრისა და პრევენციისთვის, ზარდალიშვილი პასუხობს, რომ ბულინგის საბოლოოდ აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ზარდალიშვილის თქმით, მანდატურთან და დირექტორის მოადგილესთან ერთად ბულინგის მიმართ შეუმწყნარებელი უნდა იყოს დამრიგებელი და რიგითი მასწავლებელიც.

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, ბულინგის აღმოფხვრა-პრევენციის პროცესში მონაწილე, მანდატურების გარდა, შესაძლოა დამრიგებლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია იყოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთის მოთამაშე გოგოს, ან სხვებისგან განსხვავებულ ბიჭს, ვთქვათ, ფემინურობის გამო, აბულინგებენ, კლასის დამრიგებელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

“შეუძლია ბავშვებს დაელაპარაკოს, აუხსნას. ყოველთვის უნდა ეჭიროს მკაცრი და პრინციპული პოზიცია და ბულინგის განმახორციელებელს დაანახოს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება  ჩაგვრის არანაირ ფაქტს. გარდა ამისა, შეუძლია ჩართოს ფსიქოლოგის სამსახური. ამისთვის აუცილებელი მშობლის და ბავშვის თანხმობაა. დამრიგებელს, ასევე, შეუძლია შეხვდეს ბულინგის განმახორციელებელი ბავშვის მშობლებს”, – ამბობს ზარდალიშვილი.

გენდერის მკვლევარი ანა რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლებში ბულინგის ფაქტებთან გამკლავებისთვის მხოლოდ მანდატურების ან დირექტორის მოადგილეების გადამზადება არ კმარა. რეხვიაშვილი პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმად სკოლის მიერ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავებას ასახელებს. თუ ანტიდკისკრიმინაციულ პოლიტიკაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ექსპლიციტურად ხაზგასმა ყველა სკოლისთვის სავალდებულო იქნება, მასწავლებლებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ბულინგის ამოცნობა გაუადვილდებათ.

ლგბტ ბავშვების მიმართ ჩაგვრის აღმოფხვრისთვის სკოლის სახელმძღვანელოებში საუბარიც აუცილებელია, – მიიჩნევს რეხვიაშვილი.

“ამ გზით სკოლის მოსწავლეებს წარმოდგენა ექნებათ, რომ ჩვენი სამყარო სოციალურ დონეზე მრავალფეროვანი ადამიანებისგან შედგება. მინიმუმ ის შეიცვლება, რომ ლგბტ ადამიანები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ,  თავს ასე დაჩაგრულად და მარტოდ აღარ იგრძნობენ. შესაძლებლობა ექნებათ, დაუშვან, რომ მათი იდენტობა არსებობს, სხვებსაც აქვთ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა ბავშვებისთვის კი შეიცვლება ის, რომ მათთვის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არ იქნება გასაკვირი, საიდუმლო, სიურპირიზი. ბულინგი ხომ სწორედ მაშინ ხდება, როდესაც შენ ხვდები რაღაც ისეთს, რაც ადრე არ გაგიგონია და ამით ადამიანს აწვალებ? შესაბამისად, როცა ბავშვებს მრავალფეროვნების შესახებ ცოდნა ექნებათ, ამ ნიშნით ბულინგიც შემცირდება”, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ბულინგის აღმოსაფხვრელად იდენტობა უმაღლეს სასწავლებლებთან მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინტერეს ჯგუფებად მოიაზრებენ, სკოლებთან მიმართებაში  ინიციატივა სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. რეხვიაშვილი როგორც აღნიშნავს, იდენტობას განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მისცემია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s