შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 41 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 61 დასახიჩრდა. ჭიათურის მაღაროებში უსაფრთხოების ზომების არარსებობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური საკითხია.

ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულთა და დანარჩენი ადგილობრივების პრობლემები საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. მაღაროებში დასაქმებული მუშები წინა წლებში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე გაიფიცნენ და უსაფრთხოების ზომების მიღება მოითხოვეს. თუმცა, როგორც იქაურები ჰყვებიან, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები “17 მაისთან” საუბარში თავიანთი ვინაობის იდენტიფიცირებას ერიდებიან. მათი თქმით, არავის, მათ შორის, არც მედიას არ ენდობიან. ამიტომ, ადგილობრივების სახელები და გვარები შეცვლილია.

გარდა მაღაროელების შრომითი უფლებების დარღვევისა, როგორც ისინი “17 მაისთან” საუბარში აცხადებენ, მათ ქალაქს, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები აქვს. ისინი ამბობენ, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია და მისი დასალევად გამოყენება არ შეიძლება.

გარდა ამისა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მანქანები ქალაქში თავისუფლად გადაადგილებიან და ჰაერს მომწამვლელი ნივთიერებებით აბინძურებენ.

„ყველას პრობლემა ისაა, რომ ამდენ მარგანეცს ვსუნთქავთ. ქალაქში არ უნდა დადიოდეს კომპანიის მანქანები. სუფთა წყალი არ გვაქვს. ლაბორატიულად  შემოწმებულია და აღმოჩნდა, რომ წყალი დასალევად არ გამოდგება, მაგრამ, გვინდა თუ არა, უნდა გამოვიყენოთ, მეტი რა გზა გვაქვს“, – აცხადებს ნონა დანელია.

მოსახლეობის თქმით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, მაღაროში მუშაობა ერთადერთი გზაა და სხვა ალტერნატივა არ აქვთ. იმის მიუხედავად, რომ მაღაროში დაავადების საფრთხეების არსებობის შესახებ ყველამ იცის, ამბობენ, რომ მიზერული თანხის გამო, ოჯახის სარჩენად თავს სწირავენ.

ვახტანგ ჭიაბრიშვილი, რომელიც 73 წლისაა, “17 მაისთან” ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები “ჯორჯიან მანგანეზისთვის“ მუშაობდნენ და დღეს, სხვადასხვა დაავადებების გამო, საწოლიდან ვერ დგებიან.

„მარგანეციდან გაუჩნდათ დავაადებები და ავადმყოფები არიან, ვეღარც იქით მიდიან, ვეღარც აქეთ მოდიან. მუშად მუშაობდნენ შვილები და ოჯახობაც. მე ვდგავარ და სხვის გამოთლილ ხელსაწყოებს ვყიდი. აბა, რა უნდა გააკეთოს 73 წლის მოხუცმა აქ?!“ – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

გარდა ამისა, ვახტანგ ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ მას არც სახელმწიფო და არც “ჯორჯიან მანგანეზი“ ოჯახის წევრების მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს. მისი თქმით, თავადაც საოპერაციოა. თუმცა, საყოველთაო დაზღვევა არც ამ ოპერაციის ხარჯებს უფარავს.

მემარცხენე-ეკოლოგიური ახალგაზრდული მოძრაობა “მწვანე მუშტის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც 1 მაისს ჭიათურაში გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ ჭიათურა “შესანიშნავი“ ნიმუშია იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში, სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ადამიანების ჩაგვრა და შევიწროვება.

“ჭიათურის მაღაროში ადამიანები მიზერული ხელფასების სანაცვლოდ შრომობენ. შრომის უსაფრთხოების პირობები კი, უზრუნველყოფილი არ არის. გარდა ამისა, ნადგურდება სასოფლო სამეურნეო მიწები. შხამი, ნიტრატები, ტოქსიკური ნივთიერებები იფრქვევა ჰაერსა და წყალში, შესაბამისად, აქ რესურსს ინვესტორი მოიპოვებს, ამ ქალაქიდან მთელი სიმდიდრე მიაქვს და არაფერს ტოვებს“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მაკონტროლებელმა ორგანომ 2013 წელს “ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო ფართობზე პრობლემების იდენტიფიცირება დაიწყო.

“ჯორჯიან მანგანეზმა“ ლიცენზია 2006 წელს მოიპოვა, რომელიც 2007 წელს ამოქმედდა. თუმცა, 2013 წლამდე სალიცენზიო პირობების შესრულების, ან არშესრულების შესახებ ინფორმაცია მაკონტროლებელ ორგანოს არ ჰქონია.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის წლების განმავლობაში მიყენებულ ზიანს ითვლის. როგორც სამსახურის მთავარი ინსპექტორი ნელი კორკოტაძე “17 მაისთან“ აცხადებს, “ჯორჯიან მანგანეზმა“ ნიადაგის დამუშავებასთან და მადნის მოპოვების პროცესთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობები დაარღვია.

„ვინაიდან მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა. სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ ზიანს, რომელიც ჩვენი დაანგარიშებით, დაახლოებით, 300 მილიონია“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “17მაისს” განუცხადეს, მუშების შრომითი უფლებები დაცულია და ისინი თანამშრომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ. ამასთან, მათი ოჯახის წევრებს დაზღვევას სთავაზობენ. თუმცა, სახელმწიფოსადმი მიყენებულ ზიანზე საუბრისას აცხადებენ, რომ კომპანიისგან გარკვეული ზიანი სახელმწიფოს ნამდვილად მიადგა. მათი განცხადებით, ეს თანხა 300 მილიონს შესაძლოა აღწევდეს კიდეც, თუმცა, ზიანის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არ დადგენილა და კომპანია საბოლოო დასკვნას ელოდება.

ფოტო: timer.ge

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s