როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყანაში სექსი არის? ვინაიდან ბავშვები იბადებიან – არის. სკოლა ბავშვს იმისთვის ამზადებს, რომ ის საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. სკოლაში ბავშვს უნდა აუხსნან, ბაზისურ დონეზე, რა არის სექსუალური ურთიერთობა. ეს ძალიან მარტივია და ამაში ცუდი არაფერია, – ამბობს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

“17 მაისი” შაშკინს განათლების სისტემის დღევანდელ მდგომარეობაზე, სკოლაში ბულინგზე, ბულინგის აღმოფხვრის საშუალებებსა და სკოლის სახელმძღვანელოებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის არსებობის საკითხებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა.

რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში და დღევანდელი მდგომარეობით, რამდენად ვუახლოვდებით დასავლურ სტანდარტს?

დიმიტრი შაშკინი: განათლების სისტემა ქვეყანაში ყველაზე რთული სისტემაა და სამწუხაროდ, ამ სფეროს რეფორმირებისთვის ქვეყანამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა. განსაკუთრებით, 90-იანი წლების პერიოდი. ჩვენ ამ სისტემის განვითარებას ფორსირებულად ვახდენდით, რადგან დასაკარგი თაობები ჩვენ არ გვყავს და ნელი ტემპით მუშაობის დრო არ გვქონდა. ბევრი რეფორმა იყო განხორციელებული. განსაკუთრებით, 2010-2012 წლებში. სამწუხაროდ, ახლა ყველა რეფორმა შეჩერებულია. მავნებელი მინისტრი განათლების სისტემას თავისი დაქალების მეშვეობით მართავს, რომელსაც არ ესმის განათლების არსი და არც პროფესიონალების მოსაზრებას უსმენს. დღევანდელი განათლების სისტემა დაახლოებით 2001-2002 წელში არსებული მდგომარეობის შესაბამისია. ერთადერთი, რაც დღეს განათლების სამინისტროს გამოარჩევს, ეროვნული გამოცდებია, მაგრამ ამ ინსტიტუციამ თავისი როლი ჯერ კიდევ 2010-2012 წელს ამოწურა. როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებით კორუფცია არსებობდა, მაშინ ეროვნულმა გამოცდებმა ამ პროცესის შესაჩერებლად თავისი როლი შეასრულა.

ცხოვრებაში ადამიანის წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმ კონტენტსა და ცოდნაზე, რომელსაც ის სკოლაში იზეპირებს. თუ ცოდნასთან ერთად უნარების განვითარება არ ხდება, ეს ცოდნა დაზეპირებული ლექსივით იქნება, რომელიც, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, დაავიწყდება. ვფიქრობ, ახლა განათლების სისტემას განვითარება სჭირდება.

– სამოქალაქო განათლების სკოლის სახელმძღვანელოებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის. რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემების შესახებ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება?

როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყანაში სექსი არის? ვინაიდან ბავშვები იბადებიან – არის. სკოლა ბავშვს იმისთვის ამზადებს, რომ ის საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. სკოლაში ბავშვს უნდა აუხსნან, ბაზისურ დონეზე, რა არის სექსუალური ურთიერთობა. ეს ძალიან მარტივია და ამაში ცუდი არაფერია. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში სკოლა არ ერთვება, მაშინ ბავშვი ამ ყველაფერს ქუჩაში სწავლობს. მე ვფიქრობ, რომ ქუჩის აკადემია არცთუ ისე კარგია და როცა ბავშვები ქუჩაში სწავლობენ რაღაცებს, 21-ე საუკუნის იმ ქვეყნისთვის მისაღები არ არის, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. გარდა ამისა, არსებობს გამოცდილება იმისა, ბავშვებს ეს ინფორმაცია როგორ უნდა მიეწოდოთ.

სკოლამ ბავშვებს ის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც მას უნარებს განუვითარებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი იმის გაცნობიერებაა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და ბავშვი ამისთვის მზად უნდა იყოს. მათ პედაგოგების მხრიდან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ის ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობს, სადაც ყველა თანაბარია.

– სკოლაში ბულინგის არსებობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. რა გესახებათ სკოლაში ამ პრობლემის აღმოფხვრის საშუალებად?

ბულინგის პრობლემა მთელს მსოფლიოში არსებობს. სკოლაში ბულინგის აღმოსაფხვრელად ჩვენ მანდატურის ინსტიტუტი შევქმენით, რომელიც ახლა დანგრეულია. ჩვენი მანდატურები ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წევრები გახდნენ და ჩვენ ერთადერთი სხვა ქვეყანა ვართ, რომელიც ამ ასოციაციაში შედის. ჩვენ ვატარებდით ძალიან ბევრ ტრეინინგს, რომ მათ მაქსიმალურად ტოლერანტულად შეძლებოდათ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მანდატურის ფუნქცია თავის დროზე უმარტივესი იყო: თუ მანდატური ბულიგის შემთხვევებს ხედავდა – მას ამის შესახებ სკოლის დირექტორისთვის, მასწავლებლებისთვის და სამინისტროსთვის უნდა შეეტყობინებინა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამ პრობლემას სკოლა და მასწავლებლები მალავენ. სწორედ ამიტომ ექვემდებარებოდნენ მანდატურები მინისტრს.

– ანუ, მანდატურმა პრობლემა კი არ უნდა მიჩქმალოს, არამედ მასზე ხმამაღლა ისაუბროს…

პრობლემა ნამდვილად არ უნდა დამალოს. ბულინგის შემთხვევაში, მანდატური ბულინგში მონაწილე ბავშვების მშობლებს უნდა დაუკავშირდეს, შეატყობინოს დირექტორს, ჩაერთოს სამინისტრო და ა.შ. პრობლემა დამალვით ვერ აღმოიფხვრება. ის, რომ სკოლა ამ პრობლემას მალავს, რეალობა და ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

ახლა სკოლებში ასე ხდება, ბულინგის მსხვერპლი ბავშვი ჩუმადაა, რადგან ეშინია უარესი არ მოხდეს. ბულინგის შემთხვევებს მალავს მასწავლებელიც, რადგან არ უნდა ხალხმა გაიგოს, მშობლები არ მოვარდნენ, სამინისტრომ სკოლა არ დასაჯოს და ა.შ. მანდატური, რომელიც სამინისტროს ექვემდებარებოდა, ვალდებულება ჰქონდა, სამინისტროსთვის შეეტყობინებინა. დირექტორებმაც და მასწავლებლებმაც იცოდნენ, რომ სკოლაში არაფერი არ დაიმალებოდა. შესაბამისად, თვითონ მასწავლებლები და დირექტორები ცდილობდნენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მათ აქვთ ბერკეტი იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვარონ.

– მაგრამ მასწავლებლები და სკოლა ბულინგს აღმოსაფხვრელ პრობლემად, ხშირ შემთხვევაში, არ მიიჩნევს…

არა, ძალიან კარგად აღიქვამენ, ესმით და ისიც იციან, ეს რა უბედურებამდე შეიძლება მივიდეს. უბრალოდ, მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი თავისით გაივლის. ჩვენი მასწავლებლების საშუალო ასაკი ახლა 55 წელია, მათი გამოცდილება საბჭოთა კავშირის დროსაა მიღებული, როდესაც ეს ძალადობა სკოლაში არსებობდა და ამ ძალადობის კულტივაცია ხდებოდა. ისინი მიეჩვივნენ იმას, რომ ეს პრობლემა თავისით გავა, ამის იმედზე არიან. რეალურად კი, ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s