ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისს 2004 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს – 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო და განსხვავებულ სექსუალურ ქცევად შეაფასა. საქართველომ კი, ამ დღის აღნიშვნა 2012 წლიდან დაიწყო.

  • 2012 წლის 17 მაისის ქრონიკა

2012 წლის 17 მაისს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა დაგეგმა. თუმცა, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” (მმკ) წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“სამართალდამცავების ყველანაირი ქმედება მათ მიმართ უნდა ყოფილიყო მიმართული და ჩვენთვის აქციის ჩატარების უფლება უნდა მოეცათ. თუმცა, სრულიად საპირისპირო მოხდა. ჩვენი 5 მონაწილე უკანონოდ დააკავეს. ხოლო, კონტრდემონსტრანტების უკანონო ქმედებები არ აღუკვეთავთ. მხოლოდ 2-3 ადამიანი დააჯარიმეს. ხელისუფლებამ არათუ აღკვეთა, არამედ მთლიანად წაახალისა ჰომოფობია”, – აცხადებდა იდენტობას იურისტი ნინო ბოლქვაძე.

ბოლქვაძის მოსაზრებით, 2012 წელს, იმდროინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობა, ეკონტროლებინა მმკ-ს აგრესიული ქცევა, არ გამოიყენა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლება, არ უზრუნველყო.

2012 წლის 17 მაისის მსვლელობის დარბევასთან დაკავშირებით, „იდენტობას“ მიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი თქმით, 17 მაისის აქციაზე, ინციდენტის ადგილზე მყოფ მოქალაქეებს კანონი არ დაურღვევიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  მუხლის თანახმად, ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ადმინისტრაციულ სახდელად 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

2012 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, მაშინდელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 17 მაისის მოვლენები შეაფასა და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები აღიარა. ბოკერიას თქმით, „დიდი შეცდომა იყო, რომ იმ დღეს პოლიციამ მსვლელობის მონაწილეების უფლებების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. 2012 წლის 17 მაისის საქმის გამოუძიებლობა მაგალითია იმისა, რომ ჩვენც ვერ ვიყავით ამ საკითხში თანმიმდევრულები”.

  • 2013 წლის 17 მაისის ქრონიკა

იდენტობას იურისტის ნინო ბოლქვაძის მოსაზრებით, მიუხედავად 2012 წლის გამოცდილებისა, 2013 წლის 17 მაისის აღნიშვნისას, ახალმა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის მაგალითი ვერ გაითვალისწინა. შედეგად გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კიდევ ერთხელ, მაგრამ ქვეყნისთვის უფრო ზიანის მომტანად დაირღვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას მიერ დაანონსებული აქცია 2013 წლის 17 მაისს 20 წუთიანი მდუმარე პერფორმანსით უნდა აღნიშნულიყო, სადაც აქტივისტები ცისარტყელას დროშის ფერების მქონე მაისურებში ჩაცმულები, საზოგადოებამდე მიიტანდნენ მესიჯს, თუ რამდენი ადამიანი ხდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოველწლიურად.

რადიკალურმა ჯგუფებმა, ლგბტ აქტივისტების და უფლებადამცველების მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ, მობილიზება აქციამდე დაიწყეს. მათ სათავეში მართლმადიდებელი ეკლესია იდგა. თუმცაღა, ეკლესიას ეს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, აღნიშნული ფაქტი 17 მაისს კონტრაქციის მონაწილეების წინა რიგებში სასულიერო პირების დგომით დადასტურდა.

აღსანიშნავია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ, 2013 წლის 16 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ “ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები, ფსიქოლოგია, მედიცინა, ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდომეცნიერულ შეხედულებებს”.

2013 წლის 17 მაისს გამართული კონტრაქციის ორგანიზებას მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ტელეკომპანია ტაბულას ეთერში 2014 წლის იანვარში გასული გადაცემა ადასტურებს. გადაცემის – „საუბრები რელიგიაზე ლევან სუთიძესთან ერთად“ – სტუმარმა, იღუმენმა ათანასე სვანიძემ 17 მაისის მოვლენებზე ისაუბრა. სვანიძემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 17 მაისს მას რუსთაველის გამზირზე მისვლა სთხოვეს. თუმცა, რიგი მიზეზების გამო, ის აქციაზე არ მივიდა.

„17 მაისს ძირითადად სენაკში ვიმყოფებოდი. როდესაც მითხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე მოვსულიყავი, ვერ გავიგე, რისთვის უნდა მივსულიყავი იქ, რა უნდა დამეცვა ან რა უნდა გამეპროტესტებინა. სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუგებრად მივყევი რაღაც ნაკადს, მაშინ ჟურნალისტები გვეკითხებოდნენ, რატომ ხართ აქო. 17-შიც, ჩავთვალე, რომ ჩემთვის გაურკვეველი იყო იმის მიზეზი, თუ რატომ უნდა მივსულიყავი, რა უნდა შემეკავებინა ან ვისთვის რა უნდა ამეკრძალა. ამიტომაც არ წავედი“, – განაცხადა იღუმენმა ათანასე სვანიძემ.

კონტრაქციის მონაწილეების მობილიზებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე საუბრობს იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა რეხვიაშვილიც. მისი თქმით, „როდესაც რომელიმე სოციალური  ჯგუფის დეჰუმანიზაციას ახდენ და მას ერის საფრთხედ წარმოაჩენ, მათ მიმართ ხალხში აგრესიის დონე იწევს – სწორედ ეს გააკეთა 2013 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ“.

ანა რეხვიაშვილის თქმით, 2013 წლის 17 მაისამდე იდენტობასა და შსს-ს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ლგბტ უფლებადამცველებს უსაფრთხოების გარანტია მიეცათ. გარდა ამისა, შსს-მ უფლებადამცველები დაარწმუნა, რომ სახელმწიფოს ორი აქციის გამიჯვნის საშუალება ჰქონდა. რეხვიაშვილი ამბობს, რომ “მიუხედავად ამისა, დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა და პოლიციამ არათუ კონტრაქციის მონაწილეების შეჩერება სცადა, არამედ მათ კორდონიც კი გაუხსნა”.

რეხვიაშვილი დღევანდელი გადასახედიდან სიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ „ხელისუფლებამ მართლმადიდებელი ეკლესია არ გაანაწყენა და აქციის უსაფრთხოება ისე დაგეგმა, რომ არ ჩატარებულიყო. უსაფრთხოების გეგმა არ იყო ორგანიზებული, შესაბამისად, აქტივისტთა ნაწილი იქაურობას თავიდანვე გაარიდეს, მაგრამ ნაწილი იმ ბრბოში აღმოჩნდა. აქციამდე წამძღვარებული კამპანიის შედეგად, ეს ადამიანები მზად იყვნენ იმ ერთ კონკრეტულ „მარშრუტკაში“ მსხდომები მოეკლათ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, სახელმწიფოსთვის იღბლიანი დამთხვევაა, რადგან პოლიციას იქ პროაქტიული როლი არ გამოუჩენია“.

პოლიციელების მხრიდან კონტრაქციის მონაწილეებისთვის კორდონის გახსნის ფაქტს იდენტობას იურისტი, ნინო ბოლქვაძეც იხსენებს. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ვიდეოპორტალებზე დღესაც დევს.

„აქცია პირველ საათზე იყო დაგეგმილი, რეალურად, დარბევა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე აქცია დაიწყებოდა. კონტრდემონსტრანტებს თითქოს პოლიციელების კორდონი აკავებდა, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან კორდონებზე მოწოლა არ ყოფილა, ისინი უბრალოდ იქ იდგნენ, სასულიერო პირების უკან. ვერ იტყვიან, რომ მანამდე ვერ უძლებდნენ კონტრაქციის მონაწილეების მოწოლას, რადგან ეს ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენი მოქმედების დაწყების შემდეგ შეიცვალა. პირველს 15 წუთი აკლდა, როდესაც პლაკატების გაშლა და შემდეგ ევაკუაციის გეგმით სარგებლობა გადავწყვიტეთ. ამ პროცესის დაწყებას პოლიციის მხრიდან კორდონის გახსნა მოჰყვა და ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ აქცია არ უნდა ჩატარებულიყო“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

  • ლგბტ აქტივისტები 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შესახებ

2013 წლის 17 მაისის მოვლენებს იხსენებს აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძე.

„როდესაც პუშკინის სკვერში მივედით, უკვე დაძაბული გარემო იყო, საფრთხის განცდა გვქონდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს ირგვლივ კონტრდემონსტრანტები იყვნენ. მახსოვს, ხმაური შემომესმა და პუშკინის სკვერში მდგარ კვარცხლბეკზე ავედი, მინდოდა მენახა ხმები საიდან მოდიოდა. დავინახე, რომ კონტრდემონსტრანტების ყვირილის ფონზე პოლიციის კორდონი გაიხსნა და ხალხი ჩვენკენ გამოიქცა. ეს ყველაფერი ძალიან შიშისმომგვრელი იყო. ყვირილი დავიწყე, ხალხს ვეუბნებოდი გაქცეულიყვნენ“, – ამბობს ბერიანიძე.

გარდა ამისა, ლგბტ აქტივისტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც აქციის მონაწილეებს 2013 წლის 17 მაისს ემუქრებოდათ. ბერიანიძის თქმით, აქტივისტები ფიზიკური ძალადობის და განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ – „აქცია საშიში იყო, ბევრი აქტივისტის მხრიდან გმირული და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ დღემ დისკუსიის ინიცირება მოახდინა, პრობლემის მაილუსტრირებელი იყო და თემი ხილვადი გახდა“.

ლგბტ თემის წევრი, რომელმაც ანონიმ რესპონდენტად დარჩენა ისურვა, 2013 წლის 17 მაისს აქციაზე არ ყოფილა და პროცესებს თვალს ეკრანიდან ადევნდებდა. რესპონდენტი ჩვენთან საუბარში ამ დღეს იხსენებს და ამბობს, რომ სამსახურიდან აქციაზე წასვლას უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის გამო უშლიდნენ.

„ღირსების საქმედ ჩავთვალე იქ ვმდგარიყავი, რიგი ადამიანები სხვა ადამიანების უფლებების დაცვას ითხოვდნენ. ავლაბრის მეტროში ამოვედი, მშვიდობის ხიდი გავიარე და იქ ის მოხდა, რაც არასოდეს დამავიწყდება. მაისურშემოხეული კაცები გავეშებული სახით გარბოდნენ. ზოგს სისხლი სდიოდა, ყვიროდნენ. ეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შოკი იყო“, – იხსენებს ლგბტ თემის წარმომადგენელი და დასძენს, რომ 2013 წლის 17 მაისს მთლიანად საზოგადოება და ქვეყანა დაზარალდა. ანონიმი რესპონდენტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ეს დღე არ დაავიწყდებათ, რომლებმაც გონება დაკარგეს და სასულიერო პირების მოწოდების მსხვერპლები აღმოჩნდნენ და მითებზე გამოდევნების გამო, მოძალადეებად იქცნენ.

2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, თბილისში სარეკლამო ბილბორდებზე მოდელებისთვის შიშველი ფეხების გადაღებვამ კამპანიის სახე მიიღო. სანაპიროზე ხე დააზიანეს, იმ მიზეზით, რომ ის ფერადი ძაფით მოქსოვილი გულებით იყო შემკული. არსებული ჰომოფობიური ფონი კიდევ უფრო გამძაფრდა და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმები გახშირდა. რადიკალი აქტივისტები თავს ესხმოდნენ ყველას, ვინც თვალში არ მოსდიოდათ ვარცხნილობის, სამოსის, მიხვრა-მოხვრის და საუბრის მანერის გამო.

  • ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, პოლიცია არჩევანის წინაშე იდგა, „ან უნდა მიემართა გაცილებით მძიმე ღონისძიებებისთვის და ამას შესაძლოა პროცესი ბოლომდე უმართავი გაეხადა, ან უნდა უზრუნველეყო დემონსტრანტთა უსაფრთხოება, ან საკუთარ თავზე მიეღო აგრესიული მასის დაწოლა. მათ არჩევანი გააკეთეს მეორე გზის სასარგებლოდ. ეს იყო აბსოლიტურად სწორი გამოსავალი“. გარდა ამისა, უსუფაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი 16 მაისის მიმართვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ამ მიმართვამ, მისი აზრით, ძალადობა წაახალისა.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 17 მაისს პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლო და ამ დღეს არავინ დაზარალებულა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 2014 წელს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2013 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მოვლენებიც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წლის 17 მაისს გამართული მშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ათასმა კონტრდემონსტრანტმა ძალადობრივად დაშალა, მათ შორის მართლმადიდებელი სასულიერო პირები იყვნენ.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (Council of Europe Parliamentary Assembly) რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს ხელისუფლებას 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებზე კონტრდემონსტრანტების ძალადობრივი თავდასხმის ფაქტების დროულად გამოძიებისა და ძალადობის წამქეზებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, 17 მაისის მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა სპიკერმა პატრიკ ვენტრელმა შეაფასა. მისი თქმით, “ამერიკის შეერთებული შტატები გმობს 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მშვიდობიან აქციაზე თავდასხმას. არატოლერანტობის ამგვარ აქტებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებებისა და ყველა ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დაცვას და ეს ეხება მთელი მსოფლიოს ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერ ადამიანებს”.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2013 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილე დამნაშავე პირები და აქციის ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ დასჯილან.

  • 2014 წლის 17 მაისის ქრონიკა

2014 წლის 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტ უფლებადამცველებმა, დაუცველობის განცდის, სახელმწიფოს არაადეკვატური რეაქციის, დაუსჯელი დამნაშავეების და მანიფესტაციის არქონის უფლების უზრუნველყოფის გამო, არ აღნიშნეს.

„იმ მასშტაბის ძალადობა, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ქუჩაში მოხდა, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს სამოქალაქო ომების შემდეგ. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა ამ ძალადობაზე, უბრალოდ რამდენიმე ადამიანი დასაჯა. ამ ყველაფერმა კი, აგრესორებში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა, დაჩაგრულ თემში კი – დაუცველობის განცდა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზების გამო არ აღინიშნა 2014 წელს ეს დღე“, – ამბობს იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა რეხვიაშვილი.

  • 17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდის დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ გამოაცხადა და ამ დღეს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2014 წელს სწორედ ამ დღის აღმნიშვნელი მსვლელობა მოეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ვერ აღინიშნა, ანონიმმა ლგბტ აქტივისტებმა პუშკინის სკვერში, ე.წ. ფეხსაცმელების აქცია მოაწყვეს. მათ სკვერში რეალური ადამიანების ნაცვლად ფეხსაცმელები დაალაგეს და თავისუფლების მეტროსთან არსებული კიბის საფეხურები ცისარტყელას ფერებით შეღებეს.

ამ იდეის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 2014 წლის 17 მაისი ლგბტ უფლებადამცველებმა არ აღნიშნეს. “მე არ ვიცი, რა განცდა გაუჩნდათ, გასულ წელს ჩატარდა, აღინიშნა, იქ მოხდა შეხლა–შემოხლა და პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, მე პირადად ვიყავი ადგილზე და იქ სასწაული მოხდა მართლაც, თორემ ძალიან მძიმედ განვითარდებოდა მოვლენები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • რა შედეგები მოიტანა ქართულ საზოგადოებაში 17 მაისის აღნიშვნამ?

იდენტობას იურისტი ნინო ბოლქვაძე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნისას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი შეფასებით, 2012, 2013 და 2014 წლების 17 მაისს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მანიფესტაციის უფლება დაირღვა.

„ლგბტ აქტივისტები შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად საზოგადოებისთვის იბრძვიან. არა მხოლოდ კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინტერესების გასატანად, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას იცავენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად“, – ამბობს ბოლქვაძე.

საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის რამდენიმე მცდელობამ ქვეყანაში ლგბტ თემის ხილვადობა გაზარდა. ჰომოფობიის პრობლემა იდენტიფიცირებული გახდა. საზოგადოებამ ისიც კარგად დაინახა, რომ ლგბტ თემი ქვეყანაში დისკრიმინირებულია.

  • 2015 წლის 17 მაისი

………….

მასალა მოამზადა თამრი სხულუხიამ

ფოტო ეთერ ჭკადუას გამოფენიდან “ანონიმუსი”

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s