ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა 17 მაისის მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ, მას არ ჰგონია, რომ სახელმწიფო მიმდინარე წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოახერხებს.
“არ მგონია, მოახერხოს, რადგან ეს გასულ წლებშიც ვერ მოახერხა, როდესაც ჩვენ ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობა ვიხილეთ”, – განუცხადა ბოკუჩავამ “17 მაისს”.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ძალადობა სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამ დანაშაულებრივ ფაქტებს იძიებენ და დამნაშავეები ისჯებიან, რათა ეს ციკლი, ამა თუ იმ ჯგუფების მიმართ, არ გაგრძელდეს.
“ამ ყველაფრის ფონზე, იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება, ლგბტ ადამიანების დასაცავად, ამ ჯერზე მაინც, რამე რეალურს გააკეთებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე – “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ პოზიციას 2015 წლის 12 მაისს გამოაქვეყნებს.