მარტივია, ბულინგსა და მის გამომწვევ თემებზე ესსეები წერო, მაგრამ ძალიან რთულია, ამ თემაზე ისაუბროს და დამცირების ისტორიები გაიხსენოს მან, ვინც ბულინგის მსხვერპლი თავად იყო.

ჩვენს რეალობაში ბულინგის მსხვერპლი იყო, – სირცხვილია; ეს სირცხვილი ბევრჯერ მიგრძვნია.

ბულინგზე ჩემი პირველი ასოციაცია სკოლაა. ჩემს ირგვლივ მყოფები, ჩემზე უფროსები იყვნენ ისინი თუ უმცროსები, მასწავლებლები თუ მოსწავლეები, გამუდმებით მიმტკიცებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ ჩემს მიმართ წამოსული აგრესიის მოტივატორი და მოძალადეების მაპროვოცირებელი მიზეზი თავად მე ვიყავი, ვინაიდან ჩემი თანატოლი ბიჭებისგან განსხვავებით, საკმაოდ ფემინური ვიყავი. სწორედ ჩემი ფემინურობა ითვლებოდა ჩემდამი მომართული სიტყვიერი თუ ფიზიკური დარტყმის მიზეზად და ამავე მიზეზის გამო, მათ თითოეულ ამ ქმედებზე პასუხისმგებლობას მე მაკისრებდნენ.

ჩემთვის, სკოლაში წასვლა გამუდმებით პრობლემა იყო. მაქსიმალურად ვცდილობდი დაგვიანებას, საუკეთესო შემთხვევაში – გაცდენას. არ მინდოდა დილით, ქუჩაში ჩემს რომელიმე კლასელს ან სკოლელს შევხვედროდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ისევ არ გავმხდარიყავი. ხოლო, სკოლაში დაგვიანებით მისვლა ჩემთვის ნამდვილი შვება იყო, რადგან იმ დროს ეზოც და დერეფნებიც, მოძალადე მოსწავლეებისგან, დაცლილი იყო. სკოლაში დაგვიანებით მისულს ბოლო მერხთან ჯდომა მიწევდა, მაგრამ თუ არაპუნქტუალური კლასელი მოვიდოდა, ამ შემთხვევაში მისთვის ადგილი უნდა დამეთმო და სხვაგან გადავმჯდარიყავი. მთელი საგაკვეთილო პროცესის დროს მუცელში ტკივილითა და აჩქარებული გულისცემით ვუცდიდი შესვენებას, რადგან წინასწარ ვიცოდი, რა იქნებოდა.

კლასში, ისევე როგორც ქუჩასა თუ ზოგადად, სოციუმში იერარქია იყო გამეფებული. თითოეული ბიჭი ცდილობდა ამ იერარქიაში რაც შეიძლება მაღალი საფეხური მოეპოვებინა. შესაბამისად, პირველობისთვის ბრძოლა მათში მუდმივად მიმდინარეობდა. კლასში ორი ლიდერი გვყავდა. მათ ყველა უფრთხოდა და თითოეული ბიჭი თუ გოგო, მათთან მეგობრული ურთიერთობის ქონას ცდილობდა, რათა აგრესიული ლიდერების რიგითი მსხვერპლი არ გამხდარიყო და ის დამცირება არ ეგემა, რასაც მე სისტემატურად ვიტანდი.

ლიდერობისთვის ბრძოლა ძალიან ჰგავს ცხოველურ ომებს – როდესაც ხროვა ხვდება, რომ მათი ბელადი ოდნავ დასუსტდა, მის წინააღმდეგ აჯანყება იწყება, რაც რამდენიმე გაგლეჯილი მგლითა და საკმაოდ ბევრი დანთხეული სისხლით მთავრდება. ახალ ბელადს კი, გამუდმებით უწევს იმის მტკიცება, რომ ის ღირსეულია. თავისი ღირსეულობის დამტკიცება, რა თქმა უნდა, მასზე უფრო სუსტი ცხოველის ფიზიკურ განადგურებასა და ამ განადგურებული ცხოველის ხორცით ხროვის გამოკვებას გულისხმობს. ჩემს კლასსა თუ ზოგადად სკოლაში სწორედ ასეთი ომები იმართებოდა.

ამ ომებში, საბოლოოდ, ყველაზე დიდი დარტყმა, ყველაზე სუსტს ადგება, ხოლო ამ იერარქიის ყველაზე დაბალ რგოლს, სამწუხაროდ, მე წარმოვადგენდი. მასწავლებლები, როგორც ყოველთვის, ამ ყოველივეზე თვალს ხუჭავენ, – მათთვის ეს ნორმალურადაა აღქმული, რაც ცხადია, ბულინგის გამყარებას ხელს უწყობს.

კლასში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცუდად ყოფნას ხშირად ვიმიზეზებდი და ვცდილობდი, სკოლისთვის თავი რაც შეიძლება სწრაფად დამეღწია, რომ მათი უშრეტი აგრესიის მსხვერპლი ისევ არ გავმხდარიყავი.

დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს მივეჩვიე და ჩემს ფემინურობას ის მუსიკა, მსოფლხედვა და ტანსაცმელი დაემატა, რომელიც ე.წ. ნორმალური საზოგადოებისთვის მიუღებელია, რამაც ჩემკენ მომართული აგრესია ერთიორად გაზარდა; ადრე თუ მხოლოდ კლასელებისგან ვიდევნებოდი, ამჯერად მთელი სკოლა ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა. შესვენებებზე, გაკვეთილების დაწყებამდე თუ დასრულების შემდეგ, კლასელების გარდა, ჩემი მონახულება და აგრესიის გამომჟღავნება სხვა სკოლელებმაც დაიწყეს. ზოგი ფულს მთხოვდა, ზოგს კი მხოლოდ სახელის მოპოვება და დიდება სურდა ჩემი დამცირების ხარჯზე, ვინაიდან მათთვის ის რიგითი “პიდარასტი” ვიყავი, რომელიც გინებისა და ცემის ღირსია. არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა იმაზე, მე რას ვგრძნობდი.

გარდა ერთმანეთის დამცირებისა, მოსწავლეები ხშირად ამცირებენ მასწავლებლებს. ყველაზე აგრესიული მასწავლებელი, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე დამცირებულია. ასეთი იყო ნინო, რომელსაც ხშირად შეურაცხყოფდნენ და რაკი მათ ვერ იგერიებდა, მისი ირიბი ბულინგის ობიექტი მე ვხდებოდი. გაკვეთილზე, სხვების გასაგონად ისეთ კითხვებს მისვამდა, რაც ჩემი შეურაცხყოფის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი იყო, მაგალითად: ვიყავი თუ არა ქრისტიანი, მწამდა თუ არა ღმერთის და ა.შ.

კლასის დამრიგებელი მანანა გონებრივად ჩამორჩენილად მთვლიდა და თავისი ფავორიტი მოსწავლეების ქმედებებს უგულვებელყოფდა. მისი ფავორიტები კი, სწორედ ისინი იყვნენ, ვისზეც ზემოთ ვისაუბრე.

დირექტორიც, მასწავლებლების მსგავსად, ჩემს დასაცავად, რა თქმა უნდა, არაფერს აკეთებდა. პირიქით, როგორც კი მომიხელთებდა, უშვერი სიტყვებით მამკობდა. ამასთან ერთად, ჩემს მშობლებს იბარებდა და საყვედურობდა, რომ არ ვსწავლობდი, ვიწრო შარვლები მეცვა, თმას „ბიჭურად“ არ ვიჭრიდი და ა.შ.

დროთა განმავლობაში ჩემს მიმართ აგრესია უფრო და უფრო გამძაფრდა. გახშირდა ფულის წართმევის შემთხვევები, რაშიც უშუალოდ იყო ჩართული დირექტორის შვილიშვილი, რომელიც მოითხოვდა, რომ მისთვის და მისი კლასელებისთვის ფული მიმეტანა, რასაც ვერ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან იმ დანის მეშინოდა, რომელსაც მაბჯენდნენ.

ბოლოს, ეს ყველაფერი იმდენად რთული გახდა, რომ არათუ სკოლაში, არამედ სახლიდან გამოსვლაც კი მიჭირდა, რადგან ჩემი ისტორიები სხვა სკოლის მოსწავლეებმაც გაიგეს და ამ ყველაფერში ისინიც ჩაერთვნენ. შესაბამისად, იძულებული ვიყავი, სკოლაში წასულს ან გზიდან გადამეხვია და ჩემსავით სკოლიდან წამოსულ თანატოლებს შევხვედროდი, ვისთან ერთადაც ფსიქოტროპულ წამლებს ვყიდულობდი და მათთან ერთად ვეძლეოდი თრობას, ან კიდევ, ავტობუსით მემგზავრა თბილისის ქუჩებში მანამდე, ვიდრე სკოლის საათები არ დასრულდებოდა და სახლში დაბრუნების დრო არ მოვიდოდა.

მახსოვს, ერთხელ სკოლაში წასვლა იმდენად არ მინდოდა, რომ სკოლისკენ წასული, გზად ტალახში ამოვისვარე, რათა სახლში დაბრუნების მიზეზი მქონოდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ჩემთვის სკოლა დამცირებისა და შეურაცხყოფის ტაძარია და არა განათლების, სადაც მოსწავლისათვის არა განათლების მიცემა, არამედ დაუსრულებელი შეურაცხყოფა ხდება, რომელზედაც ყველა თვალს ხუჭავს. სწორედ ამიტომ, მეათე კლასიდან სკოლაში წასვლაზე უარი ვთქვი და მას შემდეგ აღარასოდეს მივსულვარ.

ავტორი ლუკა კინწურაშვილი

წყარო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s