პავლე 11 წლისაა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” მიერ დაარსებულ სადღეღამისო კრიზისულ ცენტრ “ბეღურებში” ცხოვრობს. პავლეს “ბეღურებში” ცხოვრება მოსწონს, მაგრამ “ვორლდვიჟენის” დღის ცენტრში ცხოვრებასაც იხსენებს.

“ადრე პლეხანოვზე, “ვორლდვიჟენის” დღის ცენტრში ვცხოვრობდი და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. სულ 30-მდე ბავშვი ვიყავით. მერე “ბეღურებში” გადამიყვანეს და აქაც მომწონს ყოფნა. ბევრ რამეს ვაკეთებ, სამაჯურებს, ჯვრებს… გარდა ამისა, ხან ფეხბურთს ვთამაშობ, ხან ჩოგბურთს და ა.შ. სულ 6 ბავშვი ვართ. ახლა სკოლაში დავდივარ და გაკვეთილებსაც ვსწავლობ”, – ამბობს პავლე “17 მაისთან” საუბარში.

პავლე, სხვა ბავშვების მსგავსად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები”, მიერ შემოთავაზებული სერვისების ერთ-ერთი მომხმარებელია. პროექტი დღეს, 7 მაისს დაიხურა და დღეიდან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად შექმნილ მომსახურებებს სოცილური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა დააფინანსებს.

პროექტი “ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები” 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელების შედეგად შემუშავდა – მობილური ჯგუფები, რაც სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, თანატოლ-განმანათლებლის და ადმინისტრაციული მუშაკის მომსახურებას მოიცავს; დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრები, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, არაფორმალური განათლების პროგრამას და ღამის თავშესაფარს სთავაზობს; ტრანზიტული ცენტრი, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ინდივიდუალურ მიდგომას, შესაძლებლობების ინტენსიურ განვითარებას და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებისთვის მზადებას სთავაზობს.

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას მობილური ჯგუფი ცდილობს. ჯგუფის წევრები ქუჩაში სხვადასხვა აქტივობებს აწყობენ, დაწყებული ფეხბურთის თამაშიდან, წერის უნარების გამომუშავებით და ჰიგიენური ნორმების სწავლებით დამთავრებული. მობილური ჯგუფის წევრებს ბავშვებთან ურთიერთობაში თანასწორ-განმანათლებელის ინსტიტუტი ეხმარება. ნინო დანელია მობილური ჯგუფის სოც მუშაკია, რომელიც “17 მაისთან” საუბარში ძირითად მიზანზე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მას ქუჩაში მუშაობისას ხვდება.

“თანასწორ-განმანათლებლებს წარსულში ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, რომდესაც ჩვენ ველზე გავდივართ, მარტივია ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება, ვინაიდან ამ ადამიანებს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ და მათი საჭიროებები იციან. ჩვენი უპირველესი მიზანი, უნარების გამომუშავებასთან ერთად, მათი საჭიროების დაკმაყოფილებაცაა. ამიტომ, პარალელურ რეჟიმში მათი საჭიროებების გამოვლენა ხდება.

ქუჩაში მუშაობისას პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შეიძლება კომუნიკაციის დამყარებას და ნდობის მოპოვებას თვეები დასჭირდეს და ასეთი შემთხვევაც ყოფილა. ამ ბავშვებს საზოგადოებისგან იმედები იმდენჯერ გაუცრუვდათ, რომ მათი ნდობის მოპოვება რთულია”, – ამბობს ნინო დანელია.

სოციალური მუშაკი ბოშათა თემის წარმომადგენელ ბავშვებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთან ურთიერთობაშიც ბოშა თანასწორ-განმანათლებელი ეხმარება.

“ამ მიმართულებით მუშაობას ბოშა თანასწორ-განმანათლებელი გვიმარტივებს. განსხვავებულ კულტურას განსხვავებული აღქმა სჭირდება და ეს რგოლი ამ კუთხით ამოვსებული გვაქვს. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე ჯგუფი ურთიერთობაზე მარტივად მოდის”, – ამბობს დანელია “17 მაისთან” საუბარში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ურთიერთობისას მათი იდენტიფიკაციის პრობლემა იქმნება. როგორც იგი ამბობს, “თუ ბავშვების იდენტიფიცირება ვერ ხდება, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო ერთვება და თუ შესაძლებელია, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების პროცესიც იწყება”.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე “17 მაისთან” ბოშა ბავშვებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ბოშათა თემის წევრი ბავშვების პრობლემებზე დაფიქრება სასურველია.

“საქართველოში ბოშათა თემი ერთ-ერთი იზოლირებული და გამიჯნული ჯგუფია და მათი მომთაბარე ცხოვრების წესი იმ რთული პირობების პასუხია, რომელშიც ისინი ახლა იმყოფებიან. ამ პრობლემაზე ცალკე დაფიქრება და ზრუნვა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ყველა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს. თუ ბავშვის პრობლემა მის კულტურულ მიკუთვნებულობას, ძალადობას, ან სიღარიბეს ეხება – ჩვენი სერვისები ცდილობს, რომ ყველაფერი მათ საჭიროებას მოარგოს”, – ამბობს მელიქაძე “17 მაისთან” საუბარში.

“ვორლდ ვიჟენ საქართველოს” წარმომადგენელი და ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი ბოშა ბავშვებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დაუდგენელი მონაცემებით, ქუჩაში 2000-მდე ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს. მისი თქმით, ეს ბავშვები მუდმივად გადაადგილდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

“აზერბაიჯანიდან ბავშვები მიზნობრივი მოწყალებისთვის აქ გადმოდიან და საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამიტომ, მათი დათვლა და პროგრამირებაში ჩართვა რთული საკითხია”, – აღნიშნავს მგელიაშვილი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა “17 მაისთან” ამბობს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის ქვეყანაში არსებულ სოციალურ პოლიტიკაზე, ბავშვთა უფლებების დაცვასა და სხვა საკითხებზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის.

ცირამუა სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებზეც საუბრობს. როგორც იგი აღნიშნავს, “პოზიტიურია, რომ ქვეყანამ ეს პრობლემა დაინახა. იყო დრო, როცა ეს ბავშვები უხილავები იყვნენ. თუმცა, რამდენიმე დღის ცენტრის, მობილური ჯგუფის არსებობა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და იმედი მაქვს, შესაბამის უწყებებს ეს კარგად გაცნობიერებული აქვს”.

ფსიქოლოგი ბათუმში დღის ცენტრების და მობილური ჯგუფების არარსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბათუმი ამ მხრივ პრობლემური რეგიონია, განსაკუთრებით კი, ზაფხულში. გარდა ამისა, მაია ცირამუა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ დახმარებაში წვლილი იუსტიციის სამინისტრომ, საზოგადოებამ და მთლიანად სახელმწიფომ უნდა შეიტანონ.

“ეთნიკური  უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგება სჭირდებათ და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, ამ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს. ვფიქრობ, ბავშვზე, რომელიც საზღვრების გადმოლახვით საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება, სახელმწიფომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისგმგებლობა უნდა აიღოს და მინიმალური სერვისით – თავშესაფრით უნდა უზრუნველყოს”, – ამბობს მაია ცირამუა “17 მაისთან” საუბარში.

ამასთან, როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ხურდის მიცემა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის კეთილი საქმე არ არის. ცირამუას თქმით, “სიკეთეა, თუ სახელმწიფოს ხშირად შევაწუხებთ, კარზე ხშირად დავუკაკუნებთ და ვეტყვით, რომ ეს ბავშვები არსებობენ და ღამის ნებისმიერ მომენტში მხარდაჭერას და დახმარებას საჭიროებენ”.

სერვისების ამუშავების დღიდან დახმარება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე 400 ბავშვს გაეწია. დღის, კრიზისულ და ტრანზიტულ მომსახურებაში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა 158-ს შეადგენს. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში 10 ბავშვი განთავსდა, ხოლო მცირე ტიპის საოჯახო სახლში – 6.

სკოლაში ინტეგრირებული ბავშვების რაოდენობამ 26 შეადგინა. დოკუმენტაცია 40 ბავშვს და ოჯახს მოუწესრიდგა. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური ფონდის დახმარებას, ის 110 ბავშვს და მათ ოჯახებს გაეწია.

ცნობისთვის, 2009 წელს ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა 1680-ს აღწევდა. აღნიშნულის გარდა, ამ ბავშვების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა, ქვეყანას ავალდებულებს: დაიცვას ბავშვი, რომელიც ოჯახურ გარემოს მოკლებულია და მშობლიურის ტოლფასი ალტერნატიული გარემო შეუქმნას ან შესაბამის დაწესებულებაში მოათავსოს. აღნიშნულ ვალდებულებათა განხორციელებისას ბავშვის კულტურული კუთვნილების გათვალისწინება აუცილებელია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s