შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით არამარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირის, მაგალითად, მედია გამოცემის გამოხატვის თავისუფლებაც შეიზღუდება, რაც შეიძლება ამ უკანასკნელის დასჯით – ლიკვიდაციით გამოიხატოს. იურისტთა დიდი ნაწილი, რომელიც კანონპროექტს უარყოფითად აფასებს, აცხადებს, რომ კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

საუბარია სს კოდექსში 239-1 მუხლის დამატების ინიციატივაზე, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის ფიზიკური პირისთვის სასჯელად პატიმრობას, ხოლო იურიდიული პირისთვის ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

„17 მაისი“ საკანონმდებლო ცვლილებით მოსალოდნელ შედეგებზე ვრცელ მასალას გთავაზობთ:

კანონპროექტში მუხლის ფორმულირება

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა „17 მაისს“ კანონპროექტის ის ვერსია მოაწოდა, რომელზეც საბოლოოდ, საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, შს სამინისტრო და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონსულტაციების შედეგად შეჯერდნენ:

„მუხლი 239-1.  მოწოდება  ძალადობრივი ქმედებისკენ

  1. საჯაროდ მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
  2. იგივე ქმედება, , რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“

კანონპროექტის მხარდამჭერთა არგუმენტები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ „17 მაისთან“ 18 აპრილის ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ მოწოდება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს შეიცავს, მაშინ გამოხატვა შეიძლება შეიზღუდოს“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კითხვაზე, დგას თუ არა დღეს, რეალურად, ქვეყანაში აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა, განაცხადა, რომ „გარდაუვალ აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ საჭიროებას – კი“. ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნულ ინტერვიუში ეს „საჭიროება“ ამგვარად ახსნა: „რადგან არამხოლოდ მოწოდება, სიძულვილის ენაც კი, ძალიან სახიფათოა თავად საზოგადოებისათვის. ჩვენს საზოგადოებაში, ასე ვხედავ მე, რომ სიძულვილის ენით საუბარი ძალიან მოხშირებულია“.

მისი თანაგუნდელი, თინათინ ხიდაშელი, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია, „17 მაისთან“ 23 აპრილს აცხადებდა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ შსს-სთან ერთად – ბევრი არაფერი დაგვჭირვებია, ძალიან სწრაფად შევთანხმდით ყველაფერზე და ბოლო ვარიანტზე, რომელშიც, ჩემი აზრით, თეორიულადაც კი, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს”. მისი თქმით, კანონპროექტის შეთანხმებული ვერსიის მიხედვით, „ძალადობისკენ მოწოდებისთვის არავინ ისჯებოდა“. თუმცა, კანონპროექტის საპროცედურო კომიტეტის მიერ მოწოდებული ვარიანტიდან საპირისპირო ირკვევა. ხიდაშელი აღნიშნავდა, რომ „მოქალაქე ძალადობისკენ მოწოდებისთვის, დიახ, შეიძლება დაისაჯოს, თუ შედეგი დადგა“.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე 16 აპრილს კომენტარი კანონპროექტის ინიციატორი უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი პრობლემას არ შექმნის.

ვახტანგ გომელაურის თქმით, „პირიქით, თუ იქნება მოწოდება პიროვნების, ამა თუ იმ ჯგუფის განადგურებით და ა.შ. დასჯადი უნდა იყოს. რელიგიური მიმართულებით იქნება ეს თუ სპორტული კლუბის, რასაც შეიძლება პიროვნების დაზიანება რეალურად მოჰყვეს, თვითონ მოსამართლე გადაწყვეტს, ეს ადამიანი გაასამართლოს, თუ გარეთ დატოვოს“.

რა საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს საპარლამენტო უმცირესობას

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ჩიორა თაქთაქიშვილი, „17 მაისთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეში მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამოხატვის თავისუფლების გარკვეული ფორმა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

თაქთაქიშვილის თქმით, 2004 წლის შემდეგ საქართველოს კანონში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ცვლილება პირველად შედის, რამდენადაც სწორედ აღნიშნულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა აქვს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოთქმული აზრის შინაარსის გამო ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციის შეფარდება პრინციპულად დაუშვებელია.

ჩიორა თაქთაქიშვილი კანონპროექტში მუხლის ფორმულირებაზეც აქცენტირებს და კონკრეტულად იმ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც შუღლის გაღვივების მხარე ჯგუფად, რელიგიურის, ეთნიკურის და სხვების გვერდით, პოლიტიკურსაც ასახელებს. მისი თქმით, დემოკრატიის არსი სწორედ განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების მუდმივი აზრთასხვადასხვაობა, მათი დაპირისპირება და, საკანონმდებლო თუ სხვა გზებით, ამ განსხვავებული აზრების თანაარსებობაა.

„საერთოდ გაუგებარია – თუკი პოლიტიკური განხეთქილება დასჯადი არის ე.ი. დემოკრატიაც დასჯადი ყოფილა“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ამავე კონტექსტში იგი სექსუალურ უმცირესობებსაც ახსენებს და მუხლში სხვა ჯგუფების გვერდით ლგბტ თემისა და სქესის მოუხსენიებლობას საეჭვოს უწოდებს, რამდენადაც, მისი თქმით, ეს ჯგუფები ძალადობის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად ხდებიან. თაქთაქიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების ნაწილის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ კანონპროექტი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვისკენ მიმართული არ არის.

ამის არგუმენტად დეპუტატს უახლესი წარსულის ის ძალადობრივი დანაშაულები მოჰყავს, სადაც დაზარალებული მხარე სწორედ მოწყვლადი ჯგუფები იყვნენ, თუმცა, სახელმწიფომ დანაშაულის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად საკმარისი ძალისხმევა არ გასწია. თაქთაქიშვილი ისევე, როგორც იურისტების დიდი ნაწილი, ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ისედაც არსებობს.

„ვხედავთ, ამ ხელისუფლების პირობებში მოძალადე აგრესორები სრული იმუნიტეტით სარგებლობენ“, – ამბობს დეპუტატი და ამის დასადასტურებლად ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირების პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებას, ასევე, 2013 წლის 17 მაისს მოძალადე პირების დაუსჯელობას და სხვა გახმაურებულ საქმეებს ასახელებს.

„ვფიქრობთ, ამ კანონს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების  ლეგალური კონტროლისთვის გამოიყენებენ. ვგულისხმობ, რომ თუკი აქამდე ჩვენს საჯარო აქტივობებს, მაგალითად, ფეისბუკზე, არაოფიციალურად უთვალთვალებდნენ, ამჯერად, შსს-სა და პროკურატურის მეშვეობით, იმ მოტივით – ხომ არ ირღვევა სს კოდექსის აღნიშნული მუხლი, თვალთვალი უკვე ლეგალური გახდება“.

საიას იურისტი – საკანონმდებლო ცვლილების ღია და ფარული მიზნები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი „17 მაისთან“ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში გამოხატვის თავისუფლების როლის მნიშვნელობასა და მისი შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობის შესაძლებლობებზე საუბრობს. როგორც იურისტი ეკა ციმაკურიძე აღნიშნავს, საია კანონპროექტის შეფასებისას კონტექსტს ითვალისწინებს, თუ რა ვითარებაში ხდება ასეთი მნიშვნელოვანი რეგულირების შემოღება.

„გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ძალიან აუცილებელი უნდა იყოს და დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან განსაკუთრებული. არსებული საკანონმდებლო ბაზით, უკვე შემდგარ, მაგალითად, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ეფექტური და სწრაფი გამოძიებები არ გვინახავს. კანონპროექტი, რომელიც საჯარო მოწოდების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს, სწორედ ამ ვითარებაში განიხილება“, – ამბობს ციმაკურიძე.

მისი თქმით, ჩვეულებრივ ვითარებაში მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება შეიძლება პრობლემა არ ყოფილიყო, მაგრამ რაკი საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება, რომელიც ადამიანის ნებისმიერი სხვა უფლებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქ ბალანსის დაცვა აუცილებელია.

„მით უფრო, ისეთ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზაზეა და მას დემოკრატიას ვერ ვუწოდებთ. ასეთი ტიპის ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი რეგულაციების შემოღება სახიფათოა და განსაკუთრებულ არგუმენტაციასაც საჭიროებს. გარდა ამისა, ამ დარღვევისთვის ძალიან მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული, პირდაპირ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, როცა შეიძლება, რომ ალტერნატიული სანქციები იყოს გათვალისწინებული. ასევე, ითვალისწინებს იურიდიული პირების ლიკვიდაციას, რომელიც მაგალითად, მედიას აფიქრებინებს – ხომ არ შეიძლება ეს სანქცია მათი დახურვის მიზნით იყოს გამოყენებული“, – ამბობს ეკა ციმაკურიძე.

კანონპროექტის მიხედვით, შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებისთვის იურიდიული პირი ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით დაისჯება. ციმაკურიძე განმარტავს, რომ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა იურიდიული პირისთვის საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. ეს ლიკვიდაციისგან იმით განსხვავდება, რომ პირს, რომელიც შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა სახის საქმიანობას ახორციელებდეს, ერთ-ერთის განხორციელების უფლება ჩამოერთმევა. ასევე, განსხვავებით ლიკვიდაციისგან, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დროებითი ღონისძიება იყოს და დადგენილი დროის შემდეგ პირს საქმიანობის უფლება აღუდგეს. ლიკვიდაცია კი, პირის არსებობის შეწყვეტას გულისხმობს.

საფრთხე მედია გამოცემებისთვის

მედია გამოცემებისთვის, როგორც იურიდიული პირებისთვის, საკანონმდებლო ცვლილება, შესაძლოა, არსებობის დასასრულს ნიშნავდეს, რამდენადაც, როგორც იურისტები განმარტავენ, კანონი თანაბრად შეეხება შუღლის გამღვივებელი განცხადების ავტორსაც და მის გამავრცელებელსაც – ამ შემთხვევაში, მედია გამოცემას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე „17 მაისთან“ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც, კანონში აღნიშნული ცვლილების შესვლის შემთხვევაში, უშუალოდ მედია საშუალებებს შეეხებათ.

იურისტის თქმით, თუ რომელიმე მედია საშუალება ამათუიმ პირის სიძულვილის შემცველ ისეთ განცხადებას გაასაჯაროებს, რომელსაც შემდეგ რეალური უარყოფითი შედეგი მოჰყვება,  ამ შემთხვევაში მედია გამოცემა შესაძლოა, დანაშაულის თანამონაწილე გამოვიდეს. მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა ძირითადად ინტერნეტგამოცემებს შეექმნებათ, რამდენადაც ბეჭდური მედიით გავრცელებული ინფორმაცია „მყისიერი საფრთხის შექმნას ვერ მოახერხებს“.

„თუ მედია გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ამათუიმ ლიდერის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს, ძალადობის საფუძვლად იქცა, ამ შემთხვევაში მედია საშუალება შესაძლოა, დანაშაულში თანამონაწილედ გამოვიდეს. ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა, მაგრამ ამის თეორიული შანსი არსებობს“, – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

იურისტი აღნიშნული დანაშაულისთვის იურიდიული პირისთვის კანონპროექტით გათვალისწინებულ სასჯელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგადად, სამართალში იურიდიული პირის პასუხისმგებლობა „აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია“, თუმცა, ამ შემთხვევაში სხვა რისკი არსებობს.

„შესაძლებელია, საგამოძიებო ორგანოების ხელში ეს ბერკეტი იყოს. თუ მედია საშუალებით ინფორმაცია გავა, რომელიც მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვასთან წინააღმდეგობაში მოდის, გამოძიება დაიწყება. შესაბამისად, შესაძლოა, ამ საქმეზე ბრალდებული არამხოლოდ ფიზიკური პირი, ანუ განმცხადებელი, არამედ იურიდიული პირიც – გამავრცელებელი აღმოჩნდეს“, – აღნიშნავს იურისტი.

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ჩვენ ესა თუ ის გამოცემა, რომელიც შეიძლება სიძულვილის ენის ტირაჟირებით იყოს ცნობილი, ეს ქვეყანაში „წმინდა გემოვნების საკითხად უნდა დარჩეს“.

„ჩვენ შესაძლოა ეთიკური სტანდარტები, გარკვეული თვითრეგულირების მექანიზმები გვქონდეს, მაგრამ მედიის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევას გამართლებულად არცერთ შემთხვევაში არ ვთვლი. ყველა, მათ შორის, ძალიან მიუღებელი ან აღმაშფოთებელი აზრიც კი, თავისუფალი უნდა იყოს“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე და XIX-XX საუკუნეების ცნობილი ამერიკელი მოსამართლის ფრაზას დასძენს, სადაც ლუის ბრანდაისი ამბობს, – სადაც შესაძლებელია სიტყვა სიტყვას დაუპირისპირდეს, იქ დუმილის შემოღება თავად არის დანაშაულის ტოლფასი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s