ის, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები, მოსალოდნელი აგრესიისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ხშირად საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას მალავენ, ახალი არ არის. რიგ შემთხვევებში ლგბტ ადამიანები მათ მიმართ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ჩადენილ დისკრიმინაციასა და ძალადობაზე საუბარსაც თავს არიდებენ. მიზეზი იძულებითი ქამინგ აუთის გაკეთებაა, რამაც შეიძლება უფრო მძიმე პრობლემები შექმნას.

ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ, სექსუალური შევიწროებაა. იდენტობას ფსიქოლოგ მაია ბაიაძის თქმით, პრობლემას ის გარემოება ამძიმებს, რომ რიგ შემთხვევაში, სექსუალური შევიწროება ძალადობად არც კი აღიქმება.

“სექსუალური შევიწროების გამო, ჩემს პაციენტებსაც არაერთხელ დაუწუწუნიათ. ამბობენ, რომ მათ მიმართ რაღაც ტიპის სექსუალური შემოთავაზებები უხეშად ხდება და ამ დროს მათი მზაობა უგულებელყოფილია. ასეთი დამოკიდებულების გამო, მათ პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, მაგრამ მსგავსი სახის ძალადობა იმდენად ხშირია, რომ ამაზე, როგორც ჩვეულებრივ მოვლენაზე, ისე საუბრობენ”, – ამბობს მაია ბაიაძე.

“მომსახურება მომსახურებისთვის” სექსუალური შევიწროების ის ფორმაა, როდესაც ერთი ადამიანის მიერ მეორეზე არასასურველი სექსუალური აქტივობის მოთხოვნა ან მის მიმართ ასევე არასასურველი სექსუალური ხასიათის მოქმედება ხორციელდება, რასაც შესაძლოა, თან სხვადასხვა ტიპის ჯილდოს ან წახალისების დაპირება ახლდეს.

ფსიქოლოგის თქმით, არის შემთხვევები, როცა მოძალადემ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის შესახებ იცის და ამით სარგებლობს; ამ დროს, სხვა შემთხვევებთან შედარებით, მოძალადეს მეტი გარანტია აქვს, რომ შემავიწროებელი ქცევის გამო დაუსჯელი დარჩება.

სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტის მენეჯერი ანა არგანაშვილი გასულ წელს ჩატარებულ იმ კვლევას იხსენებს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში სექსუალური შევიწროება ძირითადად სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და ეთნიკური წარმოშობის ნიშნით ხდება. კვლევა ორგანიზაციებმა – “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საია და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ჩაატარეს.

“კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური შევიწროება უფრო ხშირად რომელიმე უმცირესობას მიკუთვნებულ ადამიანთა მიმართ ხორციელდება. მაგრამ ძალადობის მსხვერპლი ეს ადამიანები ჩუმად არიან, რადგან მათ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დაცვის იმედი არ აქვთ”, – ამბობს არგანაშვილი, რომელიც სახელმწიფოსგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დაცვასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვასაც მოითხოვს.

არგანაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებამ სექსუალური შევიწროება ძალადობის ერთ-ერთ ფორმად აღიქვას და მასზე მყისიერი რეაგირების საჭიროება დაინახოს.

„ვფიქრობ, ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალია. ამ კუთხით კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა რეგიონებში გვაქვს. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს გამოვყოფდი, რომლებიც ამას დარღვევად ვერც კი აფიქსირებენ და სექსუალური შევიწროების აღკვეთა მოვალეობად არ მიაჩნიათ. განათლება და ცნობიერების ამაღლება საჯარო მოხელეებიდან უნდა დაიწყოს. ვინაიდან, მათ კანონი უთანასწორობისა და შევიწროების აღკვეთას ავალდებულებს“, – ამბობს არგანაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის მზად არიან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ადამიანები დაიცვან, სუსტი კანონმდებლობის გამო, ამ კუთხით მუშაობა მათაც უძნელდებათ.

“თუ კანონმდებლობაში ამ საკითხის აქტუალიზაცია არ მოხდა, განსაკუთრებით, თუ პოლიციის თანამშრომლები და საჯარო მოხელეები არ გადამზადნენ, თუ ქვეყანამ ადამიანების უფლებების დაცვა და კერძოდ, სექსუალური შევიწროებისგან დაცვა პრიორიტეტად არ აღიარა, ამაზე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ძალიან გვიჭირს” – განუცხადა ანა არგანაშვილმა “17 მაისს”.

კითხვაზე, რა სახის სექსუალური შევიწროების შემთხვევებს იცნობს სახალხო დამცველი და როგორია სტატისტიკა ამ კუთხით, ომბუდსმენის აპარატისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ: “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი ინიციატივით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების ერთი შემთხვევა შეისწავლა და დამსაქმებელს რეკომენდაციით მიმართა, სექსუალურ შევიწროებაზე შიდა ინსტიტუციური რეაგირების მექანიზმი დაენერგა”.

სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროს ეკატერინე სხილაძის თქმით, 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა ხაზი სექსუალური შევიწროების სხვა ფორმების აქტუალურობასაც გაუსვა, როგორიცაა შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

“სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ სექსუალური შევიწროების დეფინიცია განისაზღვროს და ადეკვატური სანქციების სისტემა შემუშავდეს, რაც როგორც ფაქტების პრევენციას, ისე მომხდარზე ეფექტურ რეაგირებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ევროსაბჭოს მიერ მიღებული სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დეფინიციაც განისაზღვრება”, – ამბობს სხილაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ 2011 წლის 12 აპრილს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის) კონვენციის მე-40 მუხლი მიიღო, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, სექსუალური შევიწროების გამოვლენის ყველა ფორმა ქვეყნის კანონმდებლობით დასჯადი იყოს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s