მაისის ჩვიდმეტია,

ერეკლე კატოს ოთახის კარზე მიხატულ ცისარტყელას აკვირდება. დღეს პირველად შეამჩნია, რომ მისი რამდენიმე ფერი უწინდებურად ხასხასა აღარ არის. უცებ შვილის ოთახის კარებიდან ერეკლეს მზერა იატაკზე გადააქვს და ისე, თითქოს მოჩვენება დაენახოს, ადგილიდან წყდება, სამუშაო ოთახში შერბის. აქ ჯერ კიდევ საკმევლის სუნი დგას. ერეკლე მაგიდის უჯრას აღებს და ფულს იღებს. ვინც მას იცნობს, მიხვდება, რაც აქვს ჩაფიქრებული – წირვის შემდეგ მამა მაღაზიაში შეივლის და ცისარტყელას ფერების გასაახლებლად, შვილს საღებავებს უყიდის.

სანამ ერეკლემ უჯრიდან ამოღებულ ფულს, ეკლესიისთვის შესაწირად გადანახული თანხის გვერდით, ადგილი მიუჩინა, დერეფანში კატოს ფეხის ხმა მოისმა. კატოს ჭრელი კაბა აცვია და მელნისფერი თმა სანახევროდ აქვს აკეცილი. ბევრი რამით, შვილი და მამა ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, ღიმილის დროს ორივეს ლოყები ეჩქმიტებათ.

კატო და ერეკლე ასე, დაჩქმეტილი ლოყებით გამოვიდნენ სახლიდან. მამამ შვილი ფილარმონიამდე მიაცილა და მეგობრებთან მოკითხვაც დააბარა. კატომ მადლობის ნიშნად, მამას ლოყაზე აკოცა და ანცი ნაბიჯებით აქციის მონაწილეებისკენ გასწია. ერეკლე რამდენიმე წუთით ადგილზე დარჩა და შვილს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დასაგმობად შეკრებილებს შეერია, მზრუნველი მზერა დაადევნა.

კატო ლესბოსელია და საკუთარ ადგილს 17 მაისს ლგბტ თემის გვერდით ხედავს. ერეკლე მართლმადიდებელია და ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, 2014 წლიდან, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში წირვას ესწრება.

კატო და ერეკლე ერთი საქართველოს შვილები არიან. იმ საქართველოსი, რომლამდე მისასვლელ გზას საზოგადოება ადრე თუ გვიან, აუცილებლად იპოვის. თუმცა, იქამდე, სანამ ამ გზის არსებობასაც კი უარვყოფთ, 17 მაისს კატო სახლში დარჩება, ერეკლეს კი შესაძლოა, ცისარტყელას დანახვა წვიმის შემდეგაც კი არ უხაროდეს. დღევანდელი რეალობის ფონზე, ეს მარტივად სავარაუდოა – ჩვენს ქვეყანაში ცისარტყელას დანახვა იმდენად არ უნდათ, რომ ცდილობენ, მას გამოჩენისთვის, უბრალოდ, ადგილი არ დაუტოვონ. აღნიშნულს მეორე წელია მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნებართვითა და ხელშეწყობით.

2014 წელს, პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ეს იმ მშობელთა პატივისცემის დღეც არის, ვინც ერის მიერ საკუთარი ლგბტ შვილების ფეხქვეშ გათელილ უფლებებზე არც თუ იშვიათად, ნაფეხურებს თავადაც ტოვებენ. თუმცა, 17 მაისს ტაძარში, ღმერთთან მისაახლოებლად, მაინც თავაწეულნი მიდიან. იქიდან დაბრუნებულნი კი, უფლებაშელახული, თავისუფლებაწართმეული და მუდამ ჩრდილში მყოფი შვილებისგან პატივისცემას ითხოვენ. ამას ეკლესიაც ნორმად მიიჩნევს. არადა, პირადად მე, პატივისცემა ცალმხრივი ურთიერთობის ფორმად რთულად წარმომიდგენია. ამიტომ, მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია წარმატებული იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობა, ნორმად და აუცილებლობად აქციოს პატივისცემა იმ მშობლების მიმართ, ვინც რელიგიის სახელით, საკუთარ შვილებზე ძალადობენ და მისგან საკუთარ “მე”-ზე უარის თქმას მოითხოვენ.

ხშირად, როცა ამ კითხვას ვსვამ, მოკლე პასუხის სახით მახსენებენ, რომ ეკლესია სიყვარულს ქადაგებს და რომ 17 მაისის რელიგიურ დღესასწაულად გამოცხადებაც ამ მიზანს, ანუ ოჯახში სიყვარულის გაღვივებას ემსახურებოდა. აი, ჩემთვის კი, თავიდანვე, ეკლესიის ეს გადაწყვეტილება, საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის სააშკარაოზე გამოტანის მცდელობას უფრო ჰგავდა. ეს ვარაუდი მეორე წელია, მიმყარდება, რადგან ეკლესია საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების მასშტაბებს ყოველწლიურად ზრდის.

წელს, სასულიერო პირები მრევლთან ერთად ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს რუსთაველზე აღნიშნავენ. სავარაუდოა, რომ სივრცის შერჩევისა და ათვისებისას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის საჭიროება უგულებელყოფილი იყო. შედეგად, ლგბტ თემს და მის უფლებადამცველებს ამ დღის აღნიშნა რომელიმე კუთხეში მოუწევთ. ამაზე დათანხმება კი, მოცემულ რეალობასთან შეგუებასა და ამ დღის აღნიშვნის მთავარი იდეის – ლგბტ ადამიანების გამოჩენის, მათი ხმის საზოგადოებამდე მიტანის – უარყოფას ნიშნავს.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ, რომელიც დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას იჩემებს, ადამიანთა ერთ ნაწილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტიებიც კი ვერ შესთავაზა. დღევანდელ რეალობაში, კატოც საზოგადოების ამ ნაწილის წევრია. სახელმწიფო მას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს. ამიტომ, კატო იძულებულია, შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობის უფლებაზე უარი თქვას. ის 17 მაისს სახლში დარჩება. შესაძლოა, ხელზე ცისარტყელაც დაიხატოს. ოღონდ ისე, რომ მამის მოსვლამდე წაშლა მოასწროს – უსამართლო ქვეყანაში ცხოვრებით გადაღლილს ახალი აყალ-მაყალის თავი აღარ აქვს.

კატოს მამა, სახლში დაბრუნებამდე, სამების საკათედრო ტაძრიდან რუსთაველზე გაივლის. საღამოს კი, შინ იმ ქუჩის მტვერს მიიყოლებს, სადაც მისნაირების წყალობით, მისი შვილის მსგავსებმა 2013 წლის 17 მაისს სიკვდილს თვალებში ჩახედეს.

ამის მერე, კატოს და ერეკლეს ქვეყანაში დაღამდება. თუმცა, გამთენიისას მზე წყვდიადს მხოლოდ მამისთვის გაფანტავს. კატოს ხომ ამ ქვეყანაში ჩრდილში ყოფნა აქვს მისჯილი.

სწორედ ამიტომ, ჩემნაირებისთვის კატოსთან ერთად ჩრდილში რჩება ასეთი ოჯახების სიწმინდეც.

ავტორი გვანცა დოლუაშვილი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s