ლითონის წკარუნმა დაარღვია სიჩუმე… კლიტეს და გასაღების შერწყმით გამოწვეული ხმა ელდად გადაეკრა პირზე ერეკლეს, რომელმაც ძალიან ფრთხილად შეაღო კარი და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადამიანს ქურდი ეგონებოდა მისი სახლში შესვლისთვის თვალი რომ მოეკრა. დერეფანი ფეხაკრეფით, თითქოს იატაკს არც ეხებოდა, ისე გაიარა და საძინებლის კარს მისწვდა, რომელმაც ხმამაღლა გაიჭრაჭუნა. “უუ შენი”, – აღმოხდა ინსტინქტურად და ის იყო ზურგს უკან უნდა მიეხურა კიდეც, რომ შემოსასვლელში სინათლე აინთო. “ფუუ ამის”, – განმეორდა, ოღონდ, ახლა გონებაში. ზურგს უკან გაბურძგნილი, ღიპიანი, ზორბა მამაკაცი იდგა მრისხანე სახით. თეთრი, ბრეტელებიანი მაისური სასაცილოდ ეცვა მის დიდ ტანს, ხოლო, ოფლის და სასმლის სუნი მისი სხეულის ყოველი ნაწილიდან გულისამრევად იღვრებოდა.

– კიდევ აქ მოხვედი?! – სანამ შეშინებული ყმაწვილი შემობრუნდებოდა მცირე პაუზა გააკეთა. – შე დედამოტყნულოო, ვის გავხარ? ბაბუაშენი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო, მეორე ბაბუა – სტალინთან ერთად მეფის წინააღმდეგ იბრძოდა, შენ ვის დაემსგავსე, ვის?! – იმ ფრაზების მოყვანა, რაც მისი პირიდან ამოვიდა, იმ მომენტში ძალიან უხამსი მეჩვენა და ამიტომაც, თავს შევიკავებ. მხოლოდ ბოლოს დავამატებ, რომელიც უკვე ღრიალი უფრო იყო, ვიდრე ყვირილი. – რამდენჯერ უნდა გცემოს ცალკე ძმამ, ცალკე ბიძაშვილმა, რა გიყოთ? მითხარი, რა გიყოთ?!

– არ ვიცი რა გინდა ჩემგან, რა უნდა მიყოთ? – ენის ბორძიკით ამოსთქვა ერეკლემ და ყვირილის გაგონებაზე გამოვარდნილ დედას და დას მიაცქერდა.

– მე მამა ვარ შენი თუ ვინ ვარ?! – იღრიალა ისევ კაცმა. – რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, თუ არადა მოგკლავ, გაიგე შენ? – მისმა დორბლმორეულმა პირმა სიტყვები დაამახინჯა და იგივე სიტყვების ხელახლა გამეორებამ მოუწია, ოღონდ, უფრო მაღალი ტონალობით, შემდეგ კი დაამატა – ძაღლივით მოგკლავ, ჩემივე ხელებით დაგახრჩობ! – მისი თითები საცოდავად მოხრილი ბიჭის ყელს თითქმის შეეხნენ. – გიორგი უკვე გელოდება და ხვალ დილასვე წახვალ მთაში ბერებთან! – ერეკლეს არაფრისმთქმელი თვალები დაბლა დაეწია. “მამა, რას ნიშნავს ნეტავ ეს?!“ – ფიქრობდა ის გულში. – “შეიძლება მე მისი ნაწილი ვიყოო? შიგ აქვს ბუნებას ნამდვილად“, – თავში გარბენილ ბოლო ფრაზაზე უნებურად გაეღიმა, რამაც მამა უფრო გააცოფა.

– რა გაცინებს, შენი დედა მოვტყან, შენი, ააა?! – ჯერ სილა გააწნა, შემდეგ – წიხლი მიაყოლა და ლოგინზე დავარდნილს თავში მუშტები დააყარა. მოკვდი, მოკვდიი და დავისვენებთ ყველა! – ყვიროდა.

საცოდავ ბიჭს სულ გაეფანტა გონება, უაზროდ იფარებდა ხელებს ხან თავზე, ხან მუცელზე და, ალბათ, მართლაც გაითიშებოდა, დედა რომ არ გადაფარებოდა და რამდენიმე დარტყმა თავის თავზე არ ეწვნია.

– თოკი მომიტანე ნინო, თოკი მომიტანე!  – ყვიროდა კაცი, თან ცდილობდა, ცოლი ჩამოეშორებინა გზიდან. – მალე მომიტანე გოგო, აქ უნდა დავაბა ეს ნაბიჭვარი, ძაღლივით.

გასისხლიანებულ ლოყებზე ქალს ცრემლები სცვიოდა, მაგრამ შვილს არაფრით ანებებდა ქმარს, ვერ სცნობდა კაცს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა და როგორც უცხოს, ისე ევედრებოდა – ეყოფა, თავი დაანებე, ეყოფა!

– გამოდი აქეთ ქალო! – იმ კაცივით ამოიხრიალა, რომელსაც გული ყელში აქვს მობჯენილი. -კარგი, ეყოფა, დაანებე თავი, შვილია ჩვენი ბოლოს და ბოლოს – შეევედრა დედა და უფრო მეტად გადაეფარა ბიჭს თავისი სხეულით.

– ვის დავანებო თავი, პიდარასტს?! გამოდი, ნუ ეხები მაგ ბინძურ მწოველს, აღარ არის ეგ ჩვენი შვილი! – უცებ შედგა და ისე დააკვირდა თითქოს, მის მაისურზე წაწერილ ასოების ამოკითხვას ცდილობსო. – კაცი გინდაა, არა?! მე გაჩვენებ შენ კაცს! თოკი ნინო, თოკიი!

– შეჩერდი, გევედრებიი შეჩერდი. დავილაპარაკოთ, ყველაფერს გაიგებს, დაგიჯერებს – ატირებულ ქალს  ყელში სიტყვა გაეჩხირა.

– შენი ბრალია ყველაფერი, გაეთრიე აქედან, თორემ ზედ დაგაკლავ! – ქალს ორივე ხელი დავლო და ჰაერში აიტაცა. სიტუაციით ბიჭმა ისარგებლა, თავის ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა. მისდა საბედნიეროდ, კარი ღია დახვდა და უკან აღარც მოუხედავს, სადაც მისი აკანკალებული და თოკით ხელში იდგა. – მოგკლავთ, დაგხოცავთ პიდარასტებო, ჩათლახებო, მომშორდით. – ესმოდა ზურგიდან, სანამ კიბეზე ჩაირბინა და ეზოში გავარდა. არც იქ გაჩერებულა, ინსტინქტურად გარბოდა ერთი მიმართულებით და მთვარის სხივებზე მოელვარე ცარიელი ქუჩების უმწიკვლო ანარეკლი შორს გადმოკიდებულიყო ცაში, რომელიც ნანატრი ოცნებასავით მოსდევდა უკან. ხოლო, სირბილისგან გამოწვეულ ხმაურს ექო თავისებურად ახმოვანებდა – სად, საით, სად?! – იმეორებდა ჰარმონიულად და მიძინებულ ქალაქში იბნეოდა.

ავტორი : ჯონ როჩესტერი

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s