სილამაზის სალონი ბედნიერებისა და რელაქსაციის ადგილია. ღრმა სავარძელში ჩაჯდომას თან  კომუნიკაციის, ყავის დალევის, ახალი მეგობრების შეძენისა და რაც მთავარია, საკუთარი გარეგნობის რეორგანიზების შესაძლებლობა ახლავს. რაც უფრო სალონურია სილამაზის სალონი, მით უფრო კომფორტულია იქ გატარებული დრო. ამიტომ, თითქმის ყველა კულტურაში შეხვდებით ადამიანებს, ვისთვისაც სილამაზის სალონში სიარული ტრადიციული რიტუალია.

დიდ ქალაქშიც, რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ მისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სნეულების მსხვერპლი გახდება, სილამაზის სალონები სრული დატვირთვით მუშაობს. მაგრამ მათ შორის არის ერთი, კუსტარულად აგებულ შენობაში გახსნილი საპარიკმახერო. ეს სივრცე იმ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც ოდესღაც დღისით სალონის მოწყობაზე ზრუნავდა და აკვარიუმებში სხვადასხვა ჯიშის თევზებს ამრავლებდა; ღამით კი, ქალის ტანსაცმელს იცვამდა და “სანადიროდ” გადიოდა ხოლმე.

პარიკმახერი ყველასგან მიტოვებული იყო. მას მხოლოდ ის ორი მეგობარი ჰყავდა, ვისთან ერთადაც სილამაზის სალონში ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნავდა. მისი მეგობრები ხშირად  ღამის “ნადირობებზეც” თან ახლდნენ. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ ისინი სნეულებამ არ იმსხვერპლა.

სწორედ მას შემდეგ მიხვდა პარიკმახერი, რომ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ბედნიერების მინიჭება მხოლოდ იმ სოციალური სივრცის შექმნით არ შემოიფარგლება, რომელიც ბედნიერებასთან ასოცირდება. ამიტომ, ტრანსფორმაციის ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მთელი მის მიერ შექმნილი სივრცე გარდაექმნა და სილამაზის სალონი ტერმინალად აქცია.

ამ ტერმინალის ისტორიას მოგვითხრობს მექსიკელი მწერლის, მარიო ბელატინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, 2000 წელს გამოქვეყნებული ნოველა – “სილამაზის სალონი.”

“სილამაზის სალონი” რომანტიზებული ადამიანური დრამის ისტორიაა. მასში აღწერილი თითოეული დეტალი იმ ადამიანური ბუნების გადმოცემას ემსახურება, რომელიც მთლიანობაში კულტურულ სივრცეს ქმნის. სწორედ ამიტომ, ავტორს შემთხვევით არ შეურჩევია აკვარიუმების თემაც. თევზები, რომლებიც თავისი მრავალფეროვნებით სილამაზის სალონის დეკორაციას ქმნიან და ალამაზებენ, კლიენტებს განასახიერებენ. ისინი იმ მრავალფეროვნების სიმბოლო არიან, რომელიც საპარიკმახეროში შესულ ადამიანებს შეაქვთ. სწორედ ამიტომ, თევზების კვდომა, სილამაზის სალონის ტრანსფორმაციას უკავშირდება.

მთავარი გმირის მეგობრების (მისი ორი თანამშრომელი) სიკვდილი, რომელიც ქალაქში დამდგარ სნეულებას უკავშირდება, იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, რომ ის თავისი ხელით აგებულ სილამაზის სალონს ტერმინალად აქცევს. ეს ტერმინალი კი მხოლოდ ამ სნეულებით დაავადებულ მამაკაცებს იღებს. მამაკაცებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებმა ქუჩაში მიატოვეს, სახლიდან გამოაგდეს და სასიკვდილოდ მიატოვეს. სილამაზის სალონი შუა საუკუნეების ჰოსპისის მსგავსი ტერმინალი ხდება იმ ადამინებისათვის, რომლებიც სხეულზე ლაქების გაჩენიდან მცირე დროის შემდეგ საშინელი სიკვდილით შუა ქუჩაში უნდა მომკვდარიყვნენ.

garekani

“სილამაზის სალონი” – წიგნის გარეკანზე გამოსახული ფოტო

ეს არის მარიო ბელატინის რადიკალური ხერხი, რომ გვანახოს, თუ როგორ შეძლო ერთმა სნეულებამ, სილამაზისა და ბედნიერების ადგილი ტერმინალად გარდაექმნა. ის გროტესკი, რომლითაც ავტორი ტერმინალად გადაკეთებული სილამაზის სალონის ამბებს გვიყვება, თუ როგორ იხოცებოდნენ ახალგაზრდები, თუ როგორი გაუცხოება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ მომაკვდავ ადამიანებს და რაც მთავარია, მათ ზედამხედველ, ნაწარმოების მთავარ გმირს, რომელიც ოდესღაც ქალის სამოსში გამოწყობილი ღამის ბოჰემურ ცხოვრებაში იყო ჩართული, მხოლოდ იმ ციტატის ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება, რომლითაც იწყება ნოველა – “ყოველივე არაადამიანური დროთა განმავლობაში ადამიანური ხდება” (კავაბატა იასუნარი).

ამიტომ, “სილამაზის სალონში” გამოყენებული გროტესკის მიუხედავად, მთავარი პერსონაჟის აპათიურობა ხაზს მხოლოდ იმ ფაქტს უსვამს, რომ შენს თვალწინ რაც უფრო მეტი ადამიანი კვდება და როდესაც შენი ყოველდღიურობა ტერმინალში იწყება და მთავრდება, ადამიანების სიცოცხლე იმ თევზებისას ემსგავსება, რომლებიც ოდესღაც სილამაზის სალონს ამშვენებდნენ; ახლა კი, დამშრალ აკვარიუმებში მათ ადგილას მხოლოდ მომაკვდავი ადამიანების ნივთები აწყვია.

ეს რადიკალური გარდაქმნა, რომელზეც ბელატინი გვიყვება, მხოლოდ სილამაზის სალონს არ ეხება. სილამაზის სალონის ტრანსფორმაცია მხოლოდ იმ პროცესის ალეგორიაა, რომელიც გეი კულტურამ ოთხმოციანი წლების დასაწყისში გაიარა. სნეულება, რომელიც შავ ჭირად არის ნაწარმოებში მოხსენიებული, საკუთარი პათოგენეზითა და სიმპტომატიკით, რა თქმა უნდა, შიდსს განასახიერებს.

შიდსმა, მარიო ბელატინის აკვარიუმების მსგავსად, უზარმაზარი ქალაქების ქუჩები დააცარიელა. ადამიანები, რომლებიც ერთ დროს თავისუფლებისა და ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენდნენ, დალაქავებულ სხეულებად იქცნენ და სიკვდილი შუა ქუჩაში მოუწიათ. ისინი მეოცე საუკუნის შავი ჭირის მსხვერპლი გახდნენ.

2015 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლასთან ერთად, მსოფლიომ შიდსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის დღეც აღნიშნა.

ავტორი: დავით კახაბერი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s