რამდენიმე კვირის წინ ‘იდენტობას’ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებმა გოგომ დახმარების თხოვნით მიმართა. ის წერდა, რომ მეუღლე მასზე სისტემატურად ძალადობდა. ბოლო დროს მომეტებული აგრესიის მიზეზი კი სწავლის სურვილი გახდა – მან უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა და რეპეტიტორებთან მოსამზადებლად ნაჩუქარი ოქროც კი დაალომბარდა.

გოგონამ 2 ეროვნული გამოცდა ჩააბარა. მეუღლე მას თავს განსაკუთრებული აგრესიით სწორედ ამის შემდეგ დაესხა.

აღმოჩნდა, რომ ქალს დაქორწინებამდე მამაც ანალოგიურად ექცეოდა.

დავუნიშნეთ შეხვედრა იდენტობას რეგიონალურ ოფისში – ყვება ‘იდენტობას’ იურისტი ნინო ბოლქვაძე – საუბარი 4 საათს გაგრძელდა.  ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი შეხვედრა ჩემი პრაქტიკის განმავლობაში. ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მასზე ბავშვობიდან სისტემატური ძალადობის გამო ძალიან მძიმეა.

ბოლქვაძე ამბობს, რომ მსხვერპლი თავდაპირველად პოლიციისთვის მიმართვის წინააღმდეგი იყო, რადგან მის მეუღლეს ბევრი პოლიციელი მეგობარი ყავს.

ასეთ მომენტებში იმ პირის მხრიდან, ვინც მსხვერპლს ეკონტაქტება, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ გითხრას – სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მე შენთან ერთად ვიქნები და ჩემი მხარდაჭერა უპირობო იქნება. ეს მსხვერპლს საშუალებას აძლევს, შემდეგი ნაბიჯი გადადგას და ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო ჩართოს. როდესაც ძალადობა მშობლების ოჯახიდან იწყება და ქმრის ოჯახში გრძელდება, შეუძლებელია ჯანმრთელობა შეინარჩუნო.

იურისტი ყვება, რომ სახელმწიფოს ჩართვა ამ შემთხვევაში იყო პოლიციის იძულება, გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი. იურისტის თქმით, გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ მრავალი წლის მუშაობის, მიღებული კანონებისა და მათი განხორციელებისთვის გამოცემული განკარგულებების შემდეგ თავშესაფრები არსებობს, თუმცა პოლიციას არც ამის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და არც ის იცოდა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მათი ვალდებულება და უფლებამოსილება იყო.

ჩართული იყო თბილისის იურისტი, რეგიონის 2 იურისტი, რამდენიმე სოციალური მუშაკი, ასევე იდენტობას ხელმძღვანელი და ბევრი სხვა ადამიანი, ისინი, ვინც იცოდა, ვის უნდა დაკავშირებოდა – ამბობს ბოლქვაძე – აი, ასეთი მძიმე არტილერიით მთელი 1 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ პოლიციას შემაკავებელი ორდერი გამოეწერა მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალადობა თვალსაჩინო იყო.

ქალი ძალადობის მსხვერპლ ქალთა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარი საქართველოს მასშტაბით რამდენიმეა და სავალდებულოა, მათი მისამართი გასაიდუმლოებული იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ვალდებულება დაირღვა –  პოლიციამ თავშესაფრის ადგილსამყოფელი გაამჟღავნა.

ვიღებთ ინფორმაციას, რომ მოძალადის 2 მეგობარი მამაკაცი არის თავშესაფრის ტერიტორიაზე და ისინი აგრესიულად მოითხოვენ თავშესაფრის თანამშრომლებისგან, მსხვერპლი ოჯახში დაბრუნდეს. მოგვიანებით, ეს ადამიანები როგორღაც გაიყვანეს ტერიტორიიდან.

თავშესაფრის არსებობის შესახებ ინფორმაცია არც მოსამართლეს ჰქონდა. პროცესზე, რომელზეც სასამართლოს პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი უნდა დაემტკიცებინა, ნინო ბოლქვაძეს კანონმდებლობის განმარტება და ერთ-ერთი თავშესაფრის დირექტორის მოწმედ მოყვანაც კი დასჭირდა, რათა მოსამართლეს ადვოკატის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა.

პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლოს დერეფანში მსხვერპლის მშობლები და მოძალადის მხარდამჭერი ადამიანები იმყოფებოდნენ.

ნინო ბოლქვაძე: ყველაზე აგრესიულები ამ გოგოს დედა და მამა იყვნენ. ისინი ფიზიკურად იწევდნენ მასზე, ეუბნებოდნენ თუ რა მოუვა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მას მიატოვებს.

ისინი ქალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სასამართლო პროცესზეც ახდენდნენ. დედა ამბობდა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ქმარს გოგო არ მოუკლავს, თავად მოძალადე კი ხაზს იმას უსვამდა, რომ მან ქალს თავისი ადგილი მიუჩინა და თუ ამის გამო გამტყუნდება, ეს მისი უფლებების დარღვევა იქნება.

დერეფანში ჩვენ გავაკეთეთ ჯაჭვი, ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და  ის გოგო ფიზიკური ძალადობისგან ასე დავიცავით.

შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ. მოვიდნენ ისევ ისინი, ვინც გათქვა თავშესაფრის მისამართი. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ მათ თანამდებობებს საფრთხე ემუქრება. მათ ეს ადამიანები შენობიდან გაიყვანეს. ამის მერე ცუდად გახდა ქალიც და მეც, ორივეს სასწრაფო დაგვჭირდა.

მსხვერპლი ახლა ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება, მაგრამ არა იქ, რომლის მისამართიც გამჟღავნდა.

იდენტობას იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ საკითხი ძალიან მარტივად დგას  – ისე, როგორც ადამიანის ევროპულმა სასამართლომ 2 თვის წინ 2012 წლის 17 მაისის ქეისზე დაასკვნა – არავითარი ანტიდისკრიმინაციული კანონი არ იმუშავებს სახელმწიფოში, სადაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დაუსჯელი რჩება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s