არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში ხატია კაიშაურმა 17-დან 25 წლამდე რუსთაველ ახალგაზრდებში ჰომოფობია იკვლია.

“კვლევის მიზანია, გვაჩვენოს როგორ კავშირშია ერთმანეთთან ჰომოფობია და ჰომოსექსუალი პიროვნების სოციალური პოზიცია. ქართული საზოგადოება დღესდღეობით ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს. ჩემი დაკვირვებით, დღევანდელ რეალობაში არსებობს ორპოლუსიანი დამოკიდებულება ჰომოსექსუალ პიროვნებებთან მიმართებაში. ამ მსჯელობის ამოსავალი წერტილი ჰომოსექსუალი პიროვნების ეკონომიკური და სოციალური პოზიციაა”, – ამბობს კვლევის ავტორი.

კვლევის შერჩევით ერთობლიობას ქალაქ რუსთავში მცხოვრები 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრობენ. კვლევა ცდილობს დაგვანახოს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, რამდენად ჰომოფობიური განწყობები აქვთ და ახდენს თუ არა გავლენას ამ განწყობებზე პიროვნების სოციალური მდგომარეობა.

ხატია კაიშაურის თქმით, ინტერვიუს დასაწყისში ის რესპონდენტებს სთხოვდა ლგბტ თემის მიმართ ზოგადი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრა. ასევე, სთხოვა, გაეხსენებინათ, როგორ “აღმოაჩინეს“, რომ არსებობენ ჰომოსექსუალი ადამიანები. კვლევის მიხედვით, ორი ძირითადი შეხედულება გამოიკვეთა: პირველი – აგრესიული, რომელიც ჰომოსექსუალობას მტრის ხატად წარმოაჩენს და მეორე – რომელსაც რესპონდენტები “ნეიტრალურ” დამოკიდებულებას უწოდებენ.

“პირველი ნაწილისთვის ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. ისინი ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ საუბრობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მისაღებია. მათში აგრესიას იწვევს ის, რომ ლგბტ თემი ხილვადი გახდა. მათი აზრით, ლგბტ თემი საზოგადოებას უნდა მოერგოს და არა პირიქით. უმჯობესია, თავისთვის იყვნენ ან თავად საზოგადოებამ გაუკეთოს მათ იზოლაცია”, – ამბობს კაიშაური.

გიორგი: მაგ ადამიანებს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეთ. იქნებოდნენ გამოყოფილები. საფრანგეთში იყო ადრე ესეთი რამ, მეძავი ქალების სხვა ქალებისგან განსასხვავებლად წითელი პარიკებით ატარებდნენ და მსგავსი რაღაცა კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით, რომ გამორჩეული ყოფილიყვნენ, ყველას სცოდნოდა ის, რომ აი, ეს არის. აი, ფრანგი ქალებივით მართლა წითელი პარიკებით ვატარებდი. გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. რაღაცა ექნებოდათ ის ნიშანდობლივი, რაც სხვისგან გაარჩევდა, არა იმ ზრახვებით, რომ ის ადამიანი უნდა გარიყო, ან არ ჰქონდეს უფლებები, არამედ ყველას, რომ სცოდნოდა და იმის მიხედვით გადაწყვეტდა ადამიანი მასთან უნდა ითანამშრომლოს, აიყვანოს სამსახურში, იმეგობროს თუ რა ქნას.

ლევანი: ასე რომ ვთქვათ, მაღიზიანებს და ვერ ვიტან, უმოწყალოდ ვერ ვცემ ბაზარი არაა, მაგრამ ისეთ პონტში შეურაცხყოფას მივაყენებ. სიამოვნებით გავავსებდი გემს, შევუშვებდი მსგავს რაღაცებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტი არ ვარ.

მეორე დამოკიდებულება, რომელსაც რესპონდენტები “ნეიტრალურს” უწოდებენ ასეთია: ლგბტ თემი არ უნდა ითხოვდეს პრივილეგიების მინიჭებას, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია და უმჯობესია, თუ ისინი თავისთვის იქნებიან და თავიანთ ორიენტაციას აფიშირებას არ გაუკეთებენ.

“ჩემი აზრით, ამ ორ დამოკიდებულებას შორის განსხვავება არსებითად არ არსებობს. პირველი, რა თქმა უნდა, აგრესიულია და არ ცდილობს ამ აგრესიის დაფარვას, მაგრამ არც მეორე შეხედულებას შეიძლება ნეიტრალური ეწოდოს, რადგან ეს “ნეიტრალური“ პოზიცია ჰომოფობიურია. ორივე შეხედულება კი დისკრიმინაციასა და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას შეიცავს”, – ამბობს კვლევის ავტორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც რესპონდენტები ლგბტ თემზე საუბრობენ, ისინი ძირითადად ჰომოსექსუალ მამაკაცს განიხილავენ. მათთვის თითქოს ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები უხილავები არიან. გარდა ამისა, რესპონდენტების თქმით, არც ერთ მათგანს არ ჰქონია ნაცნობობა ჰომოსექსუალ მამაკათან, მაგრამ მათთვის გეის პორტრეტი მაინც არსებობს.

“რესპონდენტების შეფასებით ჰომოსექსუალი მამაკაცი აუცილებლად ფემინური და ემოციური უნდა იყოს. გარეგნულად კარგად მოვლილი, ექსტრავაგანტული ჩაცმულობის, ხოლო შინაგანად – ემოციური და მიმნდობი. მათი აზრით, ასეთ მამაკაცში ქალური ჰორმონები ჭარბობს და მისი ორიენტაცია შეიძლება ამ ჰორმონების სიჭარბითაც აიხსნას. ისინი ამბობენ, რომ გეის უფრო მეტად “ქალური“ პროფესიები და საქმიანობები მოსწონს, ვიდრე – მამაკაცური”, – ამბობს კვლევის ავტორი.

ქეთი: ერთხელ მარშუტკაში ამოვდივარ და ჩემ წინ ჯდება ახალგაზრდა ბიჭი. აცვია სხვანაირად, იქცევა გოგოსავით, მძღოლის სარკეც კი თავისკენ მიატრიალა, გვერდითა სარკეც თავისკენ და უცებ მარშუტკის ბოლოდან ისმის კაცების ლანძღვა, გინება და ა.შ. რა თქმა უნდა, ხმამაღლა ამას ვერ ეტყვიან დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭიც ეტყვის საპასუხოდ რამეს. ასეთები არიან, ქცევით ძალიან ნაზები, ხმითაც და ჩაცმულობაში ცოტა ექსტრავაგანტული.

კვლევის მიხედვით, ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიიღებს საზოგადოება “განსხვავებული“ ორიენტაციის ადამიანებს და რატომ უნდა იყოს ეს დამალული, მიჩქმალული – მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ყველა რესპონდენტი საუბრობს ბავშვებზე ჰომოსექსუალების გავლენაზე. მათთვის მიუღებელია ხედავდნენ გამომწვევად მოსიარულე ტრანსგენდერს, ან საჯარო თავშეყრის ადგილზე მოალერსე გეი წყვილს. თუმცა, პასუხი კითხვაზე – უნახავთ თუ არა ოდესმე გეი წყვილი ასეთ სიტუაციებში – ამბობენ, რომ არ უნახავთ არც თავშეყრის ადგილებში და არც იქ, სადაც ბავშვებიც არიან. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ძირითადად, გამომწვევად ჰეტეროსექსუალი წყვილები იქცევიან.

“კვლევაში მონაწილე რესპონდენტებისთვის აგრესიისგან თავის აცილების საუკეთესო საშუალება ამ თემაზე ნაკლები საუბარი და თემის ნაკლები პოპულარიზაციაა. მათი აზრით, თუ ლგბტ თემი თავისთვის იქნება და არავის შეაწუხებს, შესაძლებელია “ნორმალურებმა“ და “არანორმალურებმა“ (ამ სიტყვებს რესპონდეტნები იყენებდნენ) მშვიდობიანად იცხოვრონ. რესპონდენტმა ინტერვიუს ბოლოს ასეთი რამ მთხოვა – “თუ მაგ საკითხზე მუშაობ აქტიურად, ესენი მოაშორეთ ქუჩებიდან და შემდეგ ჩვენც დავწყნარდებით და იმათაც აღარავინ დახოცავთ და ვიქნებით მშვიდად“.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რესპონდეტებმა ცნობილი ლგბტ ადამიანებიდან გაიხსენეს რიკი მარტინი, ელენ დეჯენერესი, ელტონ ჯონი. ზოგიერთი მათგანისთვის გულდასაწყვეტი იქნებოდა, თუ რომელიმე ქართველი ცნობილი ადამიანი ქამინგ აუთს გააკეთებდა.

გიორგი: რეაქცია მექნება, გააჩნია იმ ადამიანის მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს. ვთქვათ, თუ პოზიტიურად განწყობილი ვარ მის მიმართ, უფრო მეტად დამწყდება გული, რომ ადამიანს რომელსაც ვხედავ ნორმალურია, ვფიქრობ რომ კარგი მოაზროვნეა და აღმოჩნდება ასეთი. უბრალოდ, ცოტა საწყენია რა. ჟარგონულად რომ ვთქვა, “გაგიტყდება”.

დათო: დიდად არ მაინტერესებს ქართველი ცნობილი ადამიანების ცხოვრება. ნუ, კახი კავსაძისგან გამიტყდებოდა, იმიტომ, რომ ძაან მომწონს, კაი პიროვნებაა და კაი მსახიობი, გამიკვირდება მაგისგან.

ლენა: ძალიან მომწონს და დღემდე ყოველთვის ვუყურებ, თვალს ვადევნებ ელენ დე ჯენერესს, არის ტელეწამყვანი და ლესბოსელი. განაცხადა კიდეც თავის შოუში. მეუღლე გამოყავს ხოლმე, კრუიზებზე რომ დადიან და ამას ძალიან ლამაზად აჩვენებს ხოლმე ხალხს. დაქორწინდნენ კიდევაც და დეტალურად იყო ნაჩვენები თვის ქორწილი ტელევიზიით, ხმამაღლა. არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს და რატომ უნდა გრძნობდეს? ეს არის მისი არჩევანი.

“კვლევამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. ჰომოსექსუალობა კვლავ ავადმყოფობა, გარყვნილება, დევიაცია და დანაშაულია. რესპონდენტები ცდილობენ მათი ყველა დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების შესახებ, ერთმანეთთან თანხმობაში იყოს. თუმცა, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით ეს არ გამოსდით. მათი პასუხების მიხედვით, ერთი მხრივ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ ჰომოსექსუალებისთვის ისეთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელებისთვის ზრუნვა, როგორიცაა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება – პრივილეგიაა”, – ამბობს კვლევის ავტორი.

რესპონდენტების შეხედულებით, ჰომოსექსუალობა გადამდებია და მიბაძვით შეიძლება მისი ათვისება. გარდა ამისა, კვლევის ავტორი ამბობს, რომ ისინი კვლავ სტერეოტიპების ტყვეობის ქვეშ არიან.

“რაც შეეხება კვლევის მთავარ კითხვას, აქვს თუ არა სოციალურ სტატუსს გავლენა ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე, კვლევამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალსა და სტატუსს, ამით ჰომოსექსუალობასთან და ჰომოსექსუალებზე ზოგადი დამოკიდებულება არ იცვლება. ჩემი აზრით, ასეთი ხატის შექმნაში დიდ როლს ასრულებს ეკლესია და მასმედია, რომლებიც სტერეოტიპებით გაჯერებულ შეხედულებებს ავრცელებენ”, – ამბობს ხატია კაიშაური.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

კვლევა იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s