არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში ოზურგეთის რაიონში სასულიერო პირების დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ სალომე და სოფიკო ღლონტებმა იკვლიეს.

“ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად, საქართველოა, ჰომოფობიური განწყობების საზოგადოებაში გავრცელებას კულტურულ ღირებულებებთან ერთად რელიგიური ფაქტორებიც მნიშვნელოვნად განაპირობებს. ჩატარებული კვლევების მიხედვით ჩვენი ქვეყნის მოსახლების დიდი უმრავლესობა – 85% უპირობო ნდობას უცხადებს სამოციქულო ეკლესიას. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არც არის, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ამ ინსტიტუტის გავლენა დიდია”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

კვლევის მიხედვით, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები ჰომოსექსუალობას მოიხსენიებენ, როგორც სოდომურ ცოდვას და სწორედ, ამით ხსნიან მათ უარყოფით დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

კვლევის ავტორების თქმით, სოდომ-გომორას ისტორიის აღქმა-ინტერპრეტაციისას განსხვავებული სფეროს წარმომადგენლების მხრიდან აზრთა სხვადადასხვაობა შეინიშნება. სასულიერო პირები და მრევლის დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირს ხედავს სოდომელების მძიმე ცოდვასა და ჰომოსექსუალობას შორის. ადამიანების მეორე ნაწილის თანახმად კი, არასწორია, როცა ჰომოსექსუალობის გათანაბრება მომაკვდინებელ ცოდვებთან ხდება.

“ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ოზურგეთელი სასულიერო პირების დამოკიდებულება ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ, გაგვეგო, რითაა განპირობებული მათი განწყობა-შეხედულებები. ჩვენს რესპონდენტებს ვთხოვეთ, ეთქვათ, თუ რა არის მათი აზრით ჰომოსექსულობა და ვინ არიან ლგბტ ადამიანები. შვიდივე მათგანის პასუხი იდენტური აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის უმძიმესი ცოდვა ღვთის წინაშე. თუმცა, რამდენიმე მათგანის თქმით, ის შეიძლება განვიხილოთ როგორც გონებრივი ავადმყოფობა”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

მათ არჩევანი გააკეთეს ეშმაკის სასარგებლოდ. მათი სული ემორჩილება სხეულს და არა პირიქით, როგორც უნდა იყოს. (მამა პანტელეიმონი, 41 წლის)

ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც 29 წლისაა და დეკანოზის წოდება აქვს ამბობს:

მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან მძიმედ ცოდვილები, საზოგადოებამ არ უნდა გარიყოს, რადგან ღმერთი განკაცდა მათთვისაც და ეცვა ჯვარს, ამიტომ ისევე უყვარს ისინი, როგორც სხვები. (დეკანოზი თეიმურაზი, 29 წლის)

არც ერთი ასეთი ადამიანი არ იტყვის, რომ ეს ცოდვა არ არის, მაგრამ ეშმაკი არ აძლევს იმის საშუალებას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. (მამა კახაბერი, 49 წლის)

ერთი რესპონდენტის თქმით, ჰომოსექსუალობა არასწორი აღზრდის შედეგია.

ეს ხდება იმიტომ, რომ შვილებს არასათანადოდ ზრდიან, ბიჭები არ თამაშობენ ბიჭების სათამაშოებით, გოგონები კი – გოგონების, ანუ ისინი ბავშვობიდან სულ სხვა ჩვევებს ითვისებენ, ვიდრე უნდა შეითვისონ. (დეკანოზი ალექსანდრე, 43 წლის).

გარდა ამისა, ორი დეკანოზის აზრით, სოციალურთან ერთად ჰომოსექსუალობას ბიოლოგიური ფაქტორებიც განაპირობებს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც საუბრობენ მასზე, როგორც უმძიმეს ცოდვაზე.

ეს არის, როგორც გადახრა და ავადმყოფობა, ისე, არასწორი ცხოვრების წესი. ანუ, შესაძლოა, ადამიანი დაიბადოს ასეთი, ან კიდევ შეეჩვიოს ამგვარ ცხოვრებას… ცოდვამ შეჩვევა იცის. (დეკანოზი ილია, 36 წლის)

“როგორც დავინახეთ, წამოიჭრა ორი ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრება, რომელმაც გააჩინა დილემა. თუ უკანასკნელთა აზრს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ მათი შეხედულებით, ლგბტ ადამიანები არიან ცოდვილები, რომელთაც ეს ცოდვა ბუნებამ დაანათლა. თუმცა, აქვე აღნიშნავენ იმასაც, ამ ფენომენის გამოვლენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემო პირობებს”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

გამოკითხულ სასულიერო პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლგბტ პირები სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი სოციუმში და თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მიიჩნევდნენ. თუმცა, ისინი ხასგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ წინააღმდეგნი არიან მათ საკუთარი ცხოვრების წესი სააშკარაოზე გამოიტანონ, ვინაიდან ამით საფრთხე ექმნებათ ახალგაზრდებს, რომლებშიც, შესაძლოა, ეს პრაქტიკა, მათი თქმით, პოპულარული გახდეს.

თუ გაქვს კავშირი ეშმაკთან, კი ბატონო, მაგრამ ნუ მომახვევ თავს, თორემ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლერწამივითაა მათი მონაბერი ქარის შედეგად გადაიხრება, თუ მე მას არ დავუდექი კედლად. (მამა პანტელეიმონი, 41 წლის).

კვლევის ფარგლებში, სალომე და სოფიკო ღლონტებმა რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ იმ სასულიერო პირთა ქმედებანი, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოირჩეოდნენ აგრესიულობით ლგბტ თემის წევრების მიმართ. ამასთან, ისინი დაინტერესდნენ მათი მოსაზრებით, თუ ვის აკისრებდნენ პასუხისმგებლობას 2013 წლის 17 მაისის გახმაურებულ მოვლენებში.

რესპონდენტების უმრავლეოსბა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელი და მიუღებულია, მით უმეტეს, თუ ეს სასულიერო პირებისაგან მოდის. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა უნდა იბრძოდეს ცოდვის და არა ცოდვილების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი მაინც უძებნის გამართლებას სასულიერო პირთა აგრესიულ ქმედებებს, იმდენად რამდენადაც მიიჩნევენ, რომ 17 მაისი თუ სხვა მოვლენები, რომელიც დაპირისპირებით დასრულდა, ლგბტ პირებისა და მათი უფლებადამცველების მხრიდან იყო პრვოცირებული, ხოლო მღვდლები თუ ეპისკოპოსები საზოგადოებას ცოდვის გავრცელებისგან იცავდნენ.

17 მაისს არეულობა იყო პროვოცირებული მათ მიერ, ვისაც სურთ ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. თუმცა, ფიზიკურ დაპირისპირებას შედეგი არასდროს არ მოაქვს და ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს სიტყვის ძალით და ლოცვით, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ამ ადამინების მხრიდანაც საზოგადოების გამოწვევა და გაღიზიანება. (მამა გიორგი, 60 წლის)

გამოკითხულ რესპონდენტთაგან მხოლოდ ორი არ მოერიდა გაეკრიტიკებინა 17 მაისის მონაწილე სასულიერო პირები.

ეს დღე ჩემი ტკივილია… არ იყო იქ საჭირო ტაბურეტების ტრიალი და ჯვრის, როგორც საბრძოლო იარაღის გამოყენება. (დეკანოზი ილია, 36 წლის).

არ მესმის, როგორ შეიძლება გამოხატო ასეთი აგრესია. სხვის ომში ყველა ბრძენია… იგივე ცოდვამ ჩვენს ოჯახებსაც, რომ მოუკაკუნოს კარს მერე რას შვრებიან?! (დეკანოზი თეიმურაზი, 29 წლის).

“მიღებულმა პასუხებმა ნათლად დაგვანახა, რომ გამოკითხულ სასულიერო პირებს შორის, რომლებიც ერთ გეოგრაფიულ არეალში მოღვაწეობენ, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა რიგ საკითხებში. შესაძლოა, უმეტესობა იზიარებდეს ერთ შეხედულებას და ფიქრობდეს იდენტურად. თუმცა, თუნდაც ერთი განსხვავებული პასუხი მაინც მოითხოვს ყურადღებასა და მსჯელობას. ჩვენი ვარაუდით, ამგვარი აზრთა სხვასასხვაობის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ის, რომ ერთი მხრივ, მართლმადიდებლობის ძირითადი საწყისების მიხედვით, შემწყნარებლობა და სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო მეორე მხრივ, ლგბტ ადამიანების ცხოვრების წესი მომაკვდინებელ ცოდვასთანაა გაიგივებული საეკლესიო მოღვაწეების მიერ და ე.წ. “საზოგადოებრივი მორალი“ თუ “ეროვნული სული“ საღვთისმეტყველო კანონებს უტოლდება”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

კვლევაში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ სასულიერო პირების ჰომოფობიური განწყობები პირადაპირ კავშირშია სამოქალაქო თვითშეგნების დაბალ დონესთან. ამის დასადასტურებლად კი, კვლევის ავტორებს რესპონდენტის ციტატა მოჰყავთ, რომელმაც სწორედ ასე შეაფასა სასულიერო პირების თუ საზოგადოების რიგითი წევრების აგრესიული აქტიურობა ლგბტ ჯგუფების წინააღმდეგ:

გაუნათლებლობა გვჭირს… ესაა ჩვენი ყოველგვარი უბედურების წყარო! (დეკანოზი ილია, 36 წლის)

კვლევა იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s