თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლეილა კოხრეიძე ერთი ოჯახური კონფლიქტის საკითხს იხილავს. 5 წლის საბას მამა ცდილობს, დედას მისი თავი წაართვას.

ბავშვის მშობლები ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან და ერთმანეთს მისი დაბადებიდან მალევე დაშორდნენ. მიზეზი მამის პათოლოგიური სიმთვრალე და ცოლზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა გახდა. ქალმა ქმართან ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თუმცა, საბედნიეროდ, ააცილა.

დაშორების შემდეგ ქალი ყოფილ ქმარს ბავშვის ნახვის უფლებას აძლევდა – საბა კვირაში 2 დღეს მამასთან და ბებიასთან ატარებდა. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი შაბათ-კვირის შემდეგ კაცმა შვილის დედასთან დაბრუნებაზე უარი თქვა. მას უკვე მეორე ოჯახი აქვს და კიდევ ერთ შვილს ელოდება. ის ფიქრობს, რომ საბას მისი ახლანდელი ცოლი დედაზე უკეთ გაზრდის.

კაცმა ყოფილ ცოლს ბავშვთან შეხვედრის უფლება 24 დღის განმავლობაში არ მისცა.

ქალმა პოლიციაში იჩივლა, სოციალურ სააგენტოსაც დაუკავშირდა, შემდეგ კი ‘იდენტობას’ მიმართა. საქმეში ორგანიზაციის იურისტი ჩაერთო.

ინგა არახამიას ქალმა უთხრა, რომ პოლიცია მას იმის გამო არ ეხმარება, რომ კაცს შინაგან საქმეთა კონტაქტები აქვს. იურისტი ყვება, რომ ამ ინფორმაციის დამალვა ბავშვის მამას არც უცდია.

დავიბარეთ ეს ბიჭი. მოვიდა, ასევ ვთქვათ “გვებლატავა”, მე იქ ზევით მოგვარებული მაქვსო, ხალხი მყავსო. დაადასტურა, რომ ახლობლები ჰყავს.

მამას საბა ამ 24 დღის განმავლობაში ერთ-ერთ ბაღში დაჰყავდა. ბაღის თანამშრომლებმა დედას ბავშვის ნახვის უფლება არ მისცეს. თქვეს, რომ შესაბამისი განცხადებით ბაღს ბებიამ მიმართა. თუმცა, არც ბებიას და არც დაწესებულებას ამის უფლება არ ჰქონდა. დედამ პატრული გამოიძახა ბავშვის წამოყვანა მაინც შეძლო. პოლიციამ დედა-შვილი ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში გადაიყვანა.

მათ თავშესაფარი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დატოვეს, მაშინ, როცა მამამ მუქარა შეწყვიტა.

სამართლებრივი დავა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ბავშვი დედასთან იცხოვრებს თუ მამასთან.  

მამამ მოითხოვა ბავშვი მასთან იყოს, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დედისა და ადვოკატის წინააღმდეგობისა და შუამდგომლობების შემდეგ, მოსამართლემ დაადგინა, რომ მამა საბას კვირაში ერთხელ, კვირა დღეს, საღამოს 5-დან 9 საათამდე დედასთან ერთად შეხვდება.

სოციალური მუშაკის წინადადებით, შეხვედრის ადგილად თბილისის პოლიციის შენობების წინ არსებული სკვერები განისაზღვრა. სასამართლო სხდომა 30 ივნისს გაიმართა.

4 ივლისს კი, ანუ კვირა დღეს, მამამ ყოფილ ცოლს შეხვედრა სთხოვა. ისინი ერთმანეთს ვარკეთილის პოლიციის წინ მდებარე სკვერში შეხვდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ კაცმა თქვა, რომ ბავშვთან ერთად მაღაზიაში წყლის საყიდლად გავიდოდა. ისინი წავიდნენ და სკვერში აღარ დაბრუნდნენ. მოგვიანებით, კაცმა ტელეფონს უპასუხა და ქალს უთხრა, რომ ბავშვს არ დააბრუნებდა, რადგან ამის უფლება მას სასამართლომ მისცა.  

საბას დედამ პოლიციაში ბავშვის გატაცების შესახებ განცხადება დაწერა, შემდეგ კი სოციალურ მუშაკს, მარინა ლაბახუას დაურეკა.

დაურეკა სოციალურ მუშაკს, რომელმაც უთხრა და ეს არის მისი მხრიდან აშკარა კანონდარღვევა – მე არ ვიცი, რა წერია გადაწყვეტილებაში, შეიძლება ჰქონდა წაყვანის უფლებაო. ის ესწრებოდა სასამართლო პროცესს. 5 ივლისს მოსამართლეს გადაწყვეტილება უბრალოდ წერილობითი ფორმით მომზადებული არ ჰქონდა. გადაწყვეტილებას რომ მაჩვენებთ, მერე ვილაპარაკოთო, ასე უთხრა. ამის შემდეგ სოციალურ მუშაკს მეც ველაპარაკე და ვუთხარი, აშკარად მიკერძოებული ხართ და ამას ავლენთ-მეთქი. მერე პოლიციამ დაიწყო რეკვა ბავშვის მამასთან, სოციალურმა მუშაკმაც დაურეკა. კაცმა ბავშვი 2 საათის და 40 წუთის შემდეგ მოიყვანა – ამბობს ინგა არახამია.

ამ შემთხვევის შემდეგ იურისტმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მამას საბას ნახვის უფლება არც კვირაში ერთხელ მიეცეს, რადგან ეს ბავშვისთვის სტრესული და დამთრგუნველია. თუმცა, მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სოციალური მუშაკის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა და ასე დაასაბუთა:

სოციალური მუშაკის განმარტებით, ქალმა 5 ივლისის საღამოს განახორციელა სატელეფონო ზარი მასთან და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვის მამამ გაიტაცა ბავშვი და დედა არ ფლობდა ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ. სოციალურმა მუშაკმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა კაცთან, რომელმაც განუმარტა, რომ ის ბავშვთან ერთად სეირნობდა იმავე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა დედა, მაგრამ ქალი მათ ვერ ხედავდა. სოციალური მუშაკი ასევე, ესაუბრა ბავშვს. ბავშვის გადმოცემით, ის მამასთან კარგად გრძნობდა თავს და არ ჰქონდა რამე პრობლემა.

ინგა არახამია ამბობს, რომ მარინა ლაბახუა იტყუება.

მოსამართლოს დასკვნაში წერია: სოციალურმა მუშაკმა განმარტა, რომ მამამ შვილს შეუძინა საჩუქრები, რაც ბავშვმაც დაადასტურა. ეს ტყუილია. არავითარი საჩუქრები არ შეუძენია, ბავშვი ხელცარიელი მოვიდა. ასევე, სოციალური მუშაკი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დედა არღვევს და ბავშვს მამას არ აჩვენებს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.

მარინა ლაბახუა იმასაც ამბობს, რომ კაცს მიეცა უფლება, ენახა ბავშვი დედის თანდასწრებით და მან ეს შეასრულა. აქაც იტყუება, მამამ 2 საათის და 40 წუთის შემდეგ დააბრუნა ბავშვი დედასთან.

სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ ის, რასაც კაცი ეუბნება, სიმართლეა. არ დასტურდება, რომ ის ვითარების გარკვევას და სიმართლის დადგენას ცდილობს  – ამბობს ინგა არახამია.  

ამის შემდეგ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბავშვს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.

დასკვნის მიხედვით, ფსიქოლოგთან საუბარში ბავშვი ამბობს:

მამა ძალიან ცუდ რაღაცებს ლაპარაკობს დედაზე და აგინებს მას. მე ვუთხარი, გნახავ, მაგრამ შენთან არ ვიცხოვრებ-მეთქი.

მამა სულ ჩხუბობს, ასჯერ იყო ეს ჩხუბი. ერთხელ უჯრა ჩაამტვრია, არ მინდა მამასთან. ერთხელ სუპს ვჭამდი, რაღაცაზე გაბრაზდა და თქვა, აივნიდან გადაგაგდებო. სუფი დამექცა, ისე შემეშინდა. დედა არ მიბრაზდება, არც არავის უბრაზდება, მთელ დღეს კარგად ვატარებთ. თბილისიდან უნდა წავიდეთ სხვაგან, ბებიასთან. იქ კარგია, სკოლაში უნდა მივიდე. მინდა, რომ ამხანაგები მყავდეს, სულ აქეთ-იქით დავდიოდი და ვერ ვასწრებდი ამხანაგების გაცნობას.

ინგა არახამიამ მოსამართლეს აღნიშული ექსპერტიზის დასკვნა გადაუგზავნა და კიდევ ერთხელ მიმართა შუამდგომლობით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მამას საბას ნახვა აეკრძალოს. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მიხედვით აშკარად ირკვევა ბავშვის შიში მამის მიმართ, ასევე კაცის მხრიდან ბავშვზე არაჯანსაღი და საზიანო ქმედებებიც ნათელია. იურისტმა მიუთითა ისიც, რომ სოციალურმა მუშაკმა სასამართლოს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა და მოსამართლეს სთხოვა, ბავშვის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობა პირადად აიღოს.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s