მიხეილ ბარანოვი 13 წელი მართლმადიდებელი ბერი იყო. ამჟამად ის კინორეჟისორია და გასულ წელს პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბინძურ საქმეებს ასახავს. ფილმი რუსეთის ყველა კინოთეატრმა დაბლოკა, თუმცა, კინორეჟისორმა მისი გავრცელება იუთუბის საშუალებით მაინც შეძლო. ფილმი რადიკალ მართლმადიდებელთა ჯგუფის შესახებაა, რომელიც ნაცისტური იდეის პროპაგანდით არის დაკავებული. ბარანოვის თქმით, ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფი, რომელთაც თავი განსაკუთრებულებად გამოაცხადეს და სწამთ, რომ მათმა მართლმადიდებელმა ღმერთმა რუსი ხალხი ყოველივეს გამგედ დაადგინა. ყოფილი სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიას ამ ჯგუფისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს და ამავე დროს, საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებს. აღნიშნულ ჯგუფს, რომელიც განსხვავებულისადმი განსაკუთრებულ შეუმწყნარებლობას იჩენს, ხშირად ნახავთ მოძალადეებად ჰომოფობიურ აქციებზე, ქუჩებში ლგბტ ადამიანებზე თავდამსხმელებად, ნაცისტურ შეკრებებსა თუ აქტივობებში…

მიხეილ ბარანოვი, რომელიც რუსეთის დედა ეკლესიას „ზედმეტი კითხვების დასმის გამო“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ჰყავდა იძულებით გამოკეტილი, შესაძლოა, ქართველი მკითხველისთვის არცთუ უცხო საკითხზე საუბრობდეს. შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო პირთაგან დაკომპლექტებული მსგავსი რადიკალური ჯგუფები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც ჰყავს, რომელთა დაუსჯელობითაც საქართველოს საპატრიარქო ერთგვარად ხელს უწყობს მათ გაძლიერებას და მეორე მხრივ, შესაძლოა გარკვეული მიზნებისთვისაც იყენებდეს მათ. მაგალითისთვის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც კმარა, რომელთა 2012 წლის 17 მაისის ჰომოფობიური გამოსვლა, რომელიც ფიზიკური ძალადობის ფონზე წარიმართა, 2013 წელს უკვე მართლმადიდებელი ეკლესიის ფართო წარმომადგენლობამ განავითარა და უფრო მასშტაბურ აგრესიად აქცია. აღნიშნული ჯგუფი, რომელთა აქტივობებსაც ეკლესია ოფიციალურად ემიჯნება, თუმცა, ერთგვარად წყალობს, ეროვნულ ღირებულებათა დამცველის სახელით საქართველოში პრორუსული იდეების აქტიურ პროპაგანდასაც ეწევა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქო აღნიშნული ჯგუფისადმი „საკუთარი დუმილით ყვირის“, თუკი დუმილად ჩაითვლებოდა ამბიონებიდან გადმოღვრილი ჰომოფობია, რწმენა-ქადაგებები ქართველების, როგორც რჩეული ერის შესახებ და ვნება ერთმორწმუნე რუსეთისადმი. ყველა ეს ჩამოთვლილი ხომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მთავარი გზავნილებია შედარებით უხეშად შეფუთული.

ამდენად, ის, რაზეც მიხეილ ბარანოვი საკუთარ დოკუმენტურ ფილმში გადმოსცემს, არც ქართული რეალობისთვისაა უცხო. დაახლოებით 2-საათიანი ფილმის ნახვა ბმულებზე როგორც რუსულ ენაზე, ისე ინგლისური გახმოვანებითაა შესაძლებელი.

ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში კი მიხეილ ბარანოვი საკუთარი ფილმის შესახებ საუბრობს, ასევე იმ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა ეკლესია და იმ დროსაც იხსენებს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში “ზედმეტი კითხვების დასმის გამო“ გაატარა.

Baranov

მიხეილ ბარანოვი

_ ვინ არიან ეს მართლმადიდებელი რადიკალები, რომელთა გადაღებაც გადაწყვიტე?

_ ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფი, რომელთაც თავი განსაკუთრებულებად გამოაცხადეს და სწამთ, რომ მათმა მართლმადიდებელმა ღმერთმა რუსი ხალხი ყოველივეს გამგედ დაადგინა. მათი მიზანია ამ იდეის გავრცელება და ფილმში გადაღებული ადამიანები სწორედ ამას აკეთებენ.

_ რამდენად დიდია ეს მოძრაობა?

_ ფილმში ხედავთ აქციის კადრებს. დაახლოებით 200 ადამიანია. ამავე დროს ხედავთ სხვა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც გვერდით გადი-გამოდიან და ყურადღებას არ აქცევენ მათ. სწორედ ესაა ყველაზე სახიფათო. ეკლესია იწყნარებს და ამავე დროს სარგებლობს ამით. ეკლესია ამ ხალხს საკუთარი ბინძური საქმეების საკეთებლად იყენებს.  ფილმის ერთ-ერთი გმირი ყველას, ვინც კი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არაა, მტერს უწოდებს და ამბობს, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა წითელ მოედანზე შუბლში ტყვიადახლილები ეყარონ.  ეს კაცი მართლმადიდებელთა ჯგუფ წმინდა რუსეთის ნაწილია, რომელიც 2012 წელს, მაცხოვრის სახელობის კათედრალში Pussy Riot-ის პერფომანსზე საპასუხოდ გაჩნდა.

_ ყველა გმირი, რომელსაც თქვენ  ფილმში აღწერთ, არსებითად სოციალური ანომალიები არიან და ყველა რელიგიურ რუსს წარმოადგენენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარკვეულწილად ცალმხრივია?

_ ფილმის მიზანი იყო ეკლესიაში არსებული ექსტრემისტების წარმოჩენა. ნამდვილად რელიგიური ხალხი, ვინც ეკლესიის ე.წ. მტრებს დაიცავდა, ფაქტობრივად არ არსებობს. Pussy Riot-ის სასამართლო სწორედ ამას მოწმობს. სასამართლოსთან კამერით ვიდექი იმ იმედით, რომ ჯგუფის წევრთა დასაცავად მოსულ მართლმადიდებელ რუსებს ვნახავდი და გადავიღებდი. მაგრამ ისინი არასოდეს მოსულან. მათ ძალიან ეშინოდათ შედეგის.

_ რამე პრობლემას თუ წააწყდით, როდესაც ფილმი კინოთეატრებში მიიტანეთ?

_ სამმა კინოთეატრმა ჩვენი ფილმის გაშვებაზე უარი თქვა. ზოგი თანხის სანაცვლოდ დაგვთანხმდა. თუმცა, შემდეგ გვითხრეს, რომ მათი პროექტორი გატყდა. შემდეგ ერთმა თეატრმა მოსკოვში გვითხრა, რომ ეფესბემ, რომელიც მათი კონტრაქტორი იყო, ფილმის ჩვენება აუკრძალათ.

_ რატომ დატოვეთ ეკლესია?

_ სიმართლის ძიება და კითხვების დასმა დავიწყე. როდესაც საეკლესიო სისტემის შიგნით ხარ, საკუთარი ღირებულებების დათმობა გიწევს. რაც უფრო ზემოთ მიიწევ, მით უფრო მეტს თმობ. ერთხელ ეკლესიას ვაშენებდით, თანამოძმე ბერს სამშენებლო მასალები უნდა გაეტანა.  სატვირთო მანქანას, რომლითაც ეს მასალები უნდა გაეზიდა, მუხრუჭები არ უვარგოდა და მან ამის შესახებ უფროს ბერს მოახსენა. იმის ნაცვლად, რომ რამე ეღონა, უფროსმა ბერმა დალოცა ის და უთხრა, რომ საფრთხე არ არსებობდა. მუხრუჭები შეირყა და ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, რომლის დროსაც 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მაგრამ როდესაც ბერს შიდა გამოძიების ფარგლებში ახსნა-განმარტების ჩაბარება მოუწია, იმავე ბერმა, ვინც იგი დალოცა, ყველას თვალწინ უსაყვედურა „ხომ გითხარი, მუხრუჭებს ყურადღება მიაქციეო“.

_ როგორ დასრულდა თქვენი ფსიქიატრიულში მკურნალობა?

_ რაც ახლა გითხარით, ამის მსგავსი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. როდესაც ამ პრობლემების შესახებ საუბარი ვცადე, მითხრეს, ჩუმად ვყოფილიყავი და ბრძანებებს დავმორჩილებოდი. შემდეგ კი როცა საკითხის დაყენება საეპისკოპოსო დონეზე ვცადე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩემი თანხმობის გარეშე იძულებით წამიყვანეს, სადაც სამ თვეზე მეტი დამტოვეს. გამოწერის შემდეგ რამდენიმე წელი ისევ ეკლესიაში დავყავი, სანამ საბოლოოდ წამოსვლას გადავწყვეტდი.

_ რა იყო თქვენი დიაგნოზი?

_ რუსეთის კანონის თანახმად, მათ შეუძლიათ დამალონ ეს ინფორმაცია პაციენტისა და მისი ნათესავებისთვის. ასე რომ, დღემდე არ ვიცი, რა დიაგნოზით ვიმყოფებოდი ფსიქიატრიულში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s