პარლამენტში ამ ეტაპზე 148 დეპუტატია.  “17 მაისმა”  26 იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით 108 პარლამენტარი გამოკითხა. პარლამენტის წევრებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე – მათი აზრით, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა.

გამოკითხულ პარლამენტარებს შორის 22 ღიად ჰომოფობია, 57 ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია. ხოლო, 16-მა კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა. პარლამენტის 10-მა წევრმა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ იციან. ხოლო, “17 მაისის” კითხვას, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, საერთოდ არ უპასუხა 3-მა წევრმა: ზაქარია ქუცნაშვილმა, კობა დავითაშვილმა და როლანდ ახალაიამ.

პარლამენტის 40 წევრისთვის აღნიშნული კითხვის დასმა და პასუხის მიღება, რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.  

საპარლამენტო უმრავლესობაში 7 ფრაქცია შედის: ქართული ოცნება – 46 წევრი, ქართული ოცნება – რესპუბლიკელები – 9 წევრი, ქართული ოცნება – კონსერვატორები – 6 წევრი, ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი – 6 წევრი, ქართული ოცნება – მრეწველები – 6 წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის – 6 წევრი და უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები – 6 წევრი.

საპარლამენტო უმრავლესობა 85 წევრისგან შედგება. აქედან გამოიკითხა 59 წევრი. გამოკითხულთაგან ღიად ჰომოფობია – 20, ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია – 15, კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს – 14. ხოლო, 10 ამბობს, რომ არ იციან, რა არის ჰომოსექსუალობა.

ფრაქცია ქართული ოცნების 46 წევრიდან 36 მათგანი გამოიკითხა. ფრაქციის გამოკითხულ წევრებს შორის 12 ღიად ჰომოფობია, 7 ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია. 10-მა მათგანმა კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა. ხოლო 7-მა მათგანმა თქვა, რომ კითხვაზე პასუხი არ იციან.

ფრაქცია ქართული ოცნების ღიად ჰომოფობი წევრები არიან – სოსო ჯაჭვლიანი, პაატა ბარათაშვილი, ვალერი გელაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გიორგი ჟვანია, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, თეიმურაზ ჩხაიძე, მირიან წიკლაური, შოთა ხაბარელი და თამაზ ჯაფარიძე. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, სიბინძურე, ცოდვაა და აღნიშნავენ, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობა ნორმალური მოვლენა არ არის.

მირიან წიკლაური: “მე ერთი მორწმუნე კაცი ვარ, ღვთისმორწმუნე. ადამიანი ღმერთმა გააჩინა კაცად და ქალად, ამათ შორის ურთიერთობაც ღვთისაგან დალოცვილი, კურთხეული მოვლენაა. ამდენად, ჰომოსექსუალობა ნორმალური მოვლენა არ არის”.

ზურაბ ზვიადაური: “ჩემი აზრით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ავადმყოფობათა სიიდან ამოიღო, მე მაინც ვფიქრობ, რომ ავადმყოფობაა”.

გედევან ფოფხაძე: “ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობ მე. მე ხომ ექიმი არა ვარ? ჯანდაცვის კომიტეტს მიმართეთ ამ კითხვით. მე ექიმი არა ვარ და არის ავადმყოფობა თუ არ არის, ეს არის სამედიცინო ორგანიზაციების გადასაჭრელი და არა ჩემი. თქვენ მართლმადიდებლობის თაობაზე გაქვთ რაიმე წარმოდგენა? თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე რომელიმე მართლმადიდებლური დოგმის კრიტიკას დავიწყებ?! მე ვარ მართლმადიდებელი და ჰომოსექსუალობას, ბუნებრივია, არ ვაღიარებ”.

ფრაქცია ქართული ოცნების ჰომოფობიური დამოკიდებულებისგან თავისუფალი წევრები არიან – ელისო ჩაფიძე, გია ჟორჟოლიანი, დავით საგანელიძე, დარეჯან ჩხეტიანი, ლერი ხაბელოვი, გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. ისინი ფიქრობენ, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

გია ჟორჟოლიანი: “არა, ავადმყოფობა ნამდვილად არ არის. ეს ადამიანების გარკვეული იდენტობაა. შეიძლება ეს იყოს რაიმე ფიზიოლოგიური მდგომარეობის შედეგი, ან – არა”.

ლერი ხაბელოვი: “არა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა და ჰომოსექსუალებს ავადმყოფებს ნამდვილად ვერ დავუძახებთ. მიდგომა, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, ჩემთვის მიუღებელია. პიროვნებას უნდა ვცეთ პატივი”.

ელისო ჩაფიძე: “არა, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ვფიქრობ, რომ ადამიანის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მდგომარეობაა. პირადად მე არაერთხელ დამიცავს ამ ადამიანების უფლებები. ადამიანის არჩევანია, თუ რა სექსუალური ორიენტაცია ექნება”.

ფრაქცია ქართული ოცნების 10-მა წევრმა “17 მაისის” კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. კითხვაზე საპასუხოდ მათ ხან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გამოიყენეს, ხან ადამიანის უფლებები და ხანაც საკითხთან დაკავშირებით ნაკლები კომპეტენტურობა. ზოგიერთმა მათგანმა კი აღნიშნული თემა ნაკლებმნიშვნელოვნად და მეორეხარისხოვნად მიიჩნია.

ეს პარლამენტარები არიან – ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ივანე კიღურაძე, დავით ლორთქიფანიძე, თამაზ მეჭიაური, რუსლან პოღოსიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, ნანა ყეინიშვილი, ოთარ ჩრდილელი და დიმიტრი ხუნდაძე.

ეკა ბესელია: “ამ საკითხის მიმართ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად თავისი სოციალური წარმოშობისა, სქესის, რელიგიის, შეხედულების თუ ცხოვრების წესისა, არის თანასწორი. მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ვის რა მოსწონს და რა არა, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ცხოვრების წესისა და თავისი თვისებებისა თუ განსხვავებულობისა, უნდა მივიღოთ როგორც ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე”.

დიმიტრი ხუნდაძე: “მოდით ახლა, აქ ისეთ თემებზე ვიკრიბებით, მე მგონი, სჯობს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ, ვიდრე ამაზე. ჩემთვის ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი”.

მანანა კობახიძე: “რატომ მეკითხებით ამას? მე ვთვლი, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა. სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს არავის პირად ცხოვრებაში. ეს მათი არჩევანია, მათ უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ და როგორ სურთ”.

ნანა ყეინიშვილი: “ნუ მირეკავთ, ამ კითხვას არ ვუპასუხებ, და აღარასდროს დამისვათ”.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა გია ვოლსკიმ, გელა გელაშვილმა, ელდარ კურტანიძემ, ირაკლი სესიაშვილმა, თეიმურაზ ჭკუასელმა, ფატი ხალვაშმა და თედო ჯაფარიძემ “17 მაისთან” ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება არ დააფიქსირეს და განუცხადეს, რომ არ იციან ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა თუ არა.

გია ვოლსკი: “არ ვიცი ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა თუ არა. არ მიფიქრია ამაზე, ვერაფერს გეტყვით”.

ირაკლი სესიაშვილი: “არა, არ ვიცი. ამის სპეციალისტი არ ვარ. ეს ჩემი საქმე არ არის”.

თედო ჯაფარიძე: “მე მეკითხებით? არ ვიცი, არამგონია”.

ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების 9 წევრიდან 7 მათგანი გამოიკითხა. ფრაქციის გამოკითხულ წევრებს შორის 5 ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია. ხოლო, 2 მათგანი ღიად ჰომოფობია.

ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების ჰომოფობიური დამოკიდებულებისგან თავისუფალი წევრები არიან: დავით ბერძენიშვილი, თამარ კორძაია, ნოდარ ებანოიძე, ლევან ბერძენიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე. მათი თქმით, ჰომოსექსუალობა არც ავადმყოფობაა, არც დაავადება და არც ცოდვა.

თამარ კორძაია: “ჰომოსექსუალობა არც დაავადებაა და არც სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ბევრ სახელმწიფოში დღემდე ჰგონიათ. ჰომოსექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც პიროვნების ავტონომიურობის აღიარებაზე დაყრდნობით, დაცულია კანონით. სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია და მკაცრად უნდა ისჯებოდეს!”

ლევან ბერძენიშვილი: “არა, ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა, რა თქმა უნდა. არც ავადმყოფობაა და არც ცოდვა”.

ფრიდონ საყვარელიძე: “მე ექიმი ვარ სპეციალობით და ყველაფერი ის, რაც მოხდა 1972 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაში და შემდეგ გაეროში, როცა ჰომოსექსუალობა ამოიღეს დაავადებათა სიიდან, ეს ჩემთვის კარგად არის ცნობილი. ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება”.

ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების ღიად ჰომოფობი წევრები არიან ვახტანგ ხმალაძე და მალხაზ წერეთელი. ისინი ჰომოსექსუალობისადმი თავიანთ ნეგატიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას არ მალავენ.

ვახტანგ ხმალაძე: “არატრადიციული სექსუალური ქმედება, მე რაც წამიკითხავს ამის შესახებ, მთელ რიგ შემთხვევებში არის გარკვეული ჰორმონალური გადახრა, მაგრამ არა ყოველთვის”.

მალხაზ წერეთელი: “ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახრაა. ჰომოსექსუალობა, შესაძლებელია, ავადმყოფობა არ იყოს, მაგრამ ფიზიოლოგიური ცხოვრების წესიდან გადახრაა”.

ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორების 6 წევრიდან 4 მათგანი გამოიკითხა. ფრაქციის გამოკითხულ წევრებს შორის 2 ღიად ჰომოფობია, 1 ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია. ხოლო, 1-მა მათგანმა თქვა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორების ღიად ჰომოფობი წევრები არიან ბიძინა გუჯაბიძე და ზვიად ძიძიგური. მათი აზრით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა და ნორმიდან გადახრაა.

ბიძინა გუჯაბიძე: “მგონია, რომ რაღაც ავადმყოფობას ჰგავს. მთლად დაზუსტებული პასუხი არ ვიცი იმიტომ, რომ მაგ სფეროს სპეციალისტი არ ვარ”.

ზვიად ძიძიგური: “კი, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, მე ასე ვფიქრობ. ეს იმ ნორმიდან გადახრაა, რომელიც კაცობრიობამ დააწესა. ერთმანეთთან სექსუალურ ურთიერთობაში ქალი და კაცი არიან და ეს ადამიანს არ დაუწესებია, ღმერთმა დააწესა. რამე სხვანაირად იცით თქვენ? ვიცი, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო დაავადებათა სიიდან, მაგრამ სანამ ამოიღებდა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი ამ თემაზე. ბევრი ფორმა აქვს, ათასნაირი ფორმისაა და ყველა ფორმა არ ამოუღიათ. ამ კამათში მე იმათ მხარეს ვარ, ვინც ამას ავადმყოფობად მიიჩნევს. თქვენ გინდათ აზრი შემეცვალოს? არ შემეცვლება”.

ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორების ჰომოფობიისგან თავისუფალი წევრია პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის და „რის საფუძველზე უნდა ვთქვა, რომ ავადმყოფობაა? ასეთი საფუძველი, ვფიქრობ, არ მაქვს“.

ფრაქციის ერთი წევრი გიგა ბუკია კი ამბობს, რომ “17 მაისის” კითხვაზე პასუხი არ აქვს: “არ ვიცი, როგორ უნდა გავარკვიოთ?! არ ვარ საქმის კურსში. ავადმყოფობად არ მიმაჩნია. არ ვიცი, პროფესიონალებს ჰკითხეთ”.

ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის 6 წევრიდან 3 მათგანი გამოკითხვა გახდა შესაძლებელი. ფრაქციის გამოკითხულ წევრებს შორის 1 ჰომოფობიური განწყობებისგან ნაწილობრივ თავისუფალია, 1 მათგანი კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ აფიქსირებს. ხოლო, 1 ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის ჰომოფობიისგან ნაწილობრივ თავისუფალი წევრია გიორგი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის, მაგრამ არც ნორმაა.

გიორგი ხეჩინაშვილი: “მე პროფესორი ვარ, ექიმი, თან საერთაშორისო ექსპერტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არის ჩემთვის სამოქმედო, მის ფილოსოფიას ვიზიარებ და შესაბამისად ვთვლი, რომ ეს არ არის ავადმყოფობა, ეს არის ნორმიდან გადახვევა. ეს არ არის ნორმა, ბუნებრივია, მაგრამ ავადმყოფობა არ არის”.

ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე კი ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას არ აფიქსირებს და ამბობს, რომ ეს მოვლენა მისთვის აუხსნელია.

ანი მიროტაძე: “ჩემთვის ეს აუხსნელია, მაგრამ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ეს გადახრაა, ავადმყოფობაა, რაღაც მოდას აყოლილი ადამიანების ქმედება თუ რაც არის, ეს არის ფაქტი და ასევე ვიცი, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო არ უნდა ისჯებოდნენ. თუ მათ აქვთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არიან განსხვავებულები საზოგადოებისგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი უფლებები უნდა იყოს შელახული. მე არ ვიცი რა ჰქვია ამას და საერთოდ ამ მოვლენის დაკვალიფიცირება პოლიტიკოსის ფუნქცია არ არის. ეს გადის ავადმყოფობის კატეგორიაში, თუ გადახრის კატეგორიაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალისტებმა უნდა დადონ დასკვნები. მე ვიცი, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოქალაქეები, საზოგადოების წევრები და არ უნდა იყოს მათი უფლებები შეზღუდული”.

ფრაქციის წევრი გუბაზ სანიკიძე კი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის: “არ ვიცი, ვერ გეტყვით, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა. არ მაქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება”.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების 6 წევრიდან 4 მათგანის გამოკითხვა გახდა შესაძლებელი. ფრაქციის გამოკითხულ წევრებს შორის 2 ღიად ჰომოფობია, ერთი თავისუფალია ჰომოფობიური დამოკიდებულებისგან. ხოლო, ფრაქციის ერთი წევრი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების ღიად ჰომოფობი წევრები არიან გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე. მათი თქმით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა და გადახრაა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ლგბტ ადამიანები საქართველოში დისკრიმინირებულები არ არიან.

გოგი თოფაძე: “ჰომოსექსუალობა გადახრაც არის და ავადმყოფობაც, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. მე ასე ვფიქრობ”.

ზურაბ ტყემალაძე: “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ უბრალოდ ძალიან ცუდი ჩვევაა და ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. პროტესტი იმ შემთხვევაში უნდა გამოთქვან, საპროტესტო თუ იქნება და ვის მიმართ უნდათ, რომ პროტესტი გამოთქვან? ვინმე ებრძვით?  ვინმე ერჩით? 17 მაისს რომ შეკრების უფლებას ითხოვენ, მთელი 364 დღის განმავლობაში ვინმემ რამე დაუშავათ, თუ რა არის? არავითარ დისკრიმინაციას არ განიცდიან”.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების ჰომოფობიისგან თავისუფალი წევრია დემურ ბაშელეიშვილი, რომელიც ლგბტ წყვილებს ამხნევებს კიდეც: “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ლგბტ წყვილების თანაცხოვრებაც წარმომიდგენია, ოჯახად არა, თუმცა, მათ გავამხნევებ და ვეტყვი – იცხოვრეთ, ნუ გეშინიათ“.

ფრაქციის წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს და დასძენს, რომ ამ თემაზე არ უფიქრია: “ვერ გეტყვით, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მიფიქრია ამ თემაზე. ასე რომ, ვერანაირ პასუხს ამ თემაზე ჩემგან ვერ მიიღებთ”.

ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის 6 წევრიდან 4 მათგანი გამოიკითხა. გამოკითხულთაგან 1 ღიად ჰომოფობია. ხოლო, 3 მათგანი კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.

ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის ღიად ჰომოფობი წევრია გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც თავის ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობისადმი ასე აყალიბებს: “ავადმყოფობაა და უარესიც. ეგ არის რა, რა თქმა უნდა. უხერხულია, რომ გითხრათ რა”.

ფრაქციის სამი წევრი კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს. ეს წევრები არიან – ანზორ ბოლქვაძე, მარიკა ვერულაშვილი და იაშა შერვაშიძე. ისინი ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებას პირდაპირ არ გამოთქვამენ. რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ ამ თემაზე არ საუბრობენ.

ანზორ ბოლქვაძე: “კაცს ამგვარ შეკითხვას არ უნდა უსვამდნენ”.

მარიკა ვერულაშვილი: “ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად, ადამიანს უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. შესაბამისად, თუ ეს ადამიანები არიან ჩვენს გვერდით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, დავეხმაროთ მათ, თუკი შეგვიძლია დახმარება, კეთილი სიტყვით, კეთილი საქმით, გვერდში დავუდგეთ მათ. რა ვიცი, მე მყავს ბევრი ასეთი მეგობარი და არანაიარ დისკომფორტს მათთან ურთიერთობაში არ ვგრძნობ”.

იაშა შერვაშიძე: “რა არის ამაზე სალაპარაკო, კაი რა. ამაზე არ ვსაუბრობ”.

ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების 6 წევრიდან მხოლოდ 1 მათგანის გამოკითხვა გახდა შესაძლებელი. ფრაქციის გამოკითხული წევრი ღიად ჰომოფობია.

სერგო ხაბულიანი: “ვაი?! რა თქმა უნდა. ქართველი ვარ, ახლა და როგორ შეიძლება, სხვანაირად ვიფიქრო?! ავადმყოფობაა”.

საპარლამენტო უმცირესობაში 3 ფრაქცია შედის: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 34 წევრი, ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები – 6 წევრი და ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები – 6 წევრი.

საპარლამენტო უმცირესობა 46 წევრისგან შედგება. აქედან გამოიკითხა  36 წევრი. გამოკითხულთაგან ღიად ჰომოფობია – 1, ჰომოფობიური განწყობებისგან თავისუფალია – 35.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 34 წევრიდან 26 მათგანი გამოიკითხა. გამოკითხულ წევრებს შორის 24 ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალია. ხოლო, 2 მათგანი კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჰომოფობიისგან თავისუფალი წევრები არიან: გიორგი გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პაატა ლეჟავა, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი ვაშაძე, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე ლევან თარხნიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი კარბელაშვილი, შოთა მალაშხია, მიხეილ მაჭავარიანი, აკაკი მინაშვილი, სერგო რატიანი, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი და ეკატერინე ხერხეულიძე. ისინი “17 მაისთან” ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა, ნორმიდან გადახრა ან სხვა რაიმე სახის დაავადება. მათი თქმით, ეს ადამიანის იდენტობის ნაწილია.

გიორგი გაბაშვილი: “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ეს იდენტობის ნაწილია. ყველა ადამიანი ისეთია, როგორიც არის”.

აკაკი მინაშვილი: “არა, ჩემი აზრით, ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა. ეს არის ადამიანებს შორის თავიანთი ნებისა და სურვილის შესაბამისი ადამიანური ურთიერთობაა”.

ეკატერინე ხერხეულიძე: “არა, რას ბრძანებთ? ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. როგორც მე ჩემი არჩევანი მაქვს, ისე აქვს ნებისმიერ ადამიანს და ამაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს“.

ჩიორა თაქთაქიშვილი: “ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება. თუმცა, ამის მეცნიერულად დამტკიცებას დიდი დრო დასჭირდა. ამიტომ დღესაც ბევრი ამ სტერეოტიპით ამართლებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას, რაც ყოვლად მიუღებელია. ჰომოსექსუალობა არ არის გადამდები, არც მემკვიდრეობით გადაეცემა, არც მკურნალობას საჭიროებს და არც მისგან განკურნება არ ხდება”.

ზურაბ მელიქიშვილი: “ვიცი, რომ [ჰომოსექსუალობა] არ არის ავადმყოფობა და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარეს აღნიშნული”.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების 6 წევრიდან 5 მათგანი გამოიკითხა. გამოკითხულ დეპუტატთაგან 5-ივე ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალია.

ჰომოფობიისგან თავისუფალი დეპუტატები არიან: აკაკი ბობოხიძე, ზაზა კედელაშვილი, კახა ბუცხრიკიძე, ომარ მეგრელიძე და დავით ჭავჭანიძე. ისინი ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა არც ავადმყოფობაა და არც რაიმე სახის დაავადება.

აკაკი ბობოხიძე: “მე  არ ვთვლი, რომ ეს ავადმყოფობა ან რაიმე სახის გადახრაა. მე მყავს ჰომოსექსუალი მეგობრები, ნაცნობები და ისიც ვიცი, რომ საქართველოს ძალიან მაგარი და ღირსეული  ჰომოსექსუალი შვილები ჰყავდა, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში სერიოზული კვალი დატოვეს”.

კახა ბუცხრიკიძე: “არა, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ჰომოსექსუალობა ადამიანის არჩევანია, ხოლო ინტიმურ ურთიერთობას იმასთან დაამყარებს ვისთანაც და როგორც სურს”.

ომარ მეგრელიძე: “არ მიმაჩნია ავადმყოფობად, რა თქმა უნდა. ასეთი დაიბადა ადამიანი და ასეთი წესით ცხოვრობს. ეს მისი პრობლემაა, მისი ამბავია, უფალმა ჩადო ის კოდი, რომელიც ამ ადამიანს აქვს”.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების 6 წევრიდან 5 წევრი გამოიკითხა. მათ შორის 1 ღიად ჰომოფობია. ხოლო, 4 მათგანი ჰომოფობიური დამოკიდებულებისაგან თავისუფალია.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების ჰომოფობი წევრია ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს: “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა! აბა, რა არის?! – ავადმყოფობაა”.

ცნობისთვის, ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა და ახალციხის მაჟორიტარის ჰომოფობიას გაემიჯნა. “სამწუხროა, რომ ჩვენმა თანაპარტიელმა გამოამჟღავნა ამ საკითხის სრულიად არცოდნა. მის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს პარტიის პოზიციას”, – განუცხადა “17 მაისს” გიორგი კანდელაკმა.

ფრაქციის ჰომოფობიისგან თავისუფალი წევრები არიან ტარიელ ლონდარიძე, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარცმელიძე და ზურაბ ჩილინგარაშვილი.

ტარიელ ლონდარიძე: “არა, არ მგონია ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად აღნიშნული საკითხი შესწავლილია. მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული ნაწილს ამ ტიპის ადამიანები შეადგენენ. ზოგადად აღნიშნული საკითხის განმარტება გამიჭირდება, მაგრამ ვთვლი, რომ არ არის ავადმყოფობა”.

ზურაბ ჩილინგარაშვილი: “არა, რატომ?! ყველა ადამიანი თავისუფალია თავის მოქმედებებში და როგორც უნდა ისე მოიქცევა, გინდა ჰომოსექსუალისტი(!) იყოს, გინდა – ჩვეულებრივი ორიენტაციის. როგორ შეიძლება ვინმეს, რომელიმე ადამიანს დაუძახო ავადმყოფი?! ყველა ადამიანი არის თავისუფალი, ყველა ადამიანი განკარგავს თავის ბედს იცხოვროს ისე, როგორც უნდა. ყველას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურვილი აქვს, თუ კანონს არ არღვევს“.

კიდევ ერთ საპარლამენტო ფრაქციას თავისუფალი დემოკრატები 8 წევრით წარმოადგენენ. მათგან გამოიკითხა 5. გამოკითხულთაგან 4 ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალია. ხოლო, 1 კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს.

ჰომოფობიური დამოკიდებულებისგან თავისუფალი ფრაქციის წევრები არიან ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე.

ირაკლი ჩიქოვანი: “არა, მარტივი პასუხია. ჩემი პოზიცია არის ასეთი. მე ვიცი, რომ ჩემს პარტიაში, ჩემს მეგობრებში, საზოგადოებაში, რომელშიც მე ვტრიალებ ასეთი დამოკიდებულება არ აქვთ”.

ნინო გოგუაძე: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიდი ხანია ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ავადმყოფობაა”.

ფრაქციის ერთი წევრი, ვიქტორ დოლიძე კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს და “17 მაისის“ მიერ ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ დასმულ კითხვებს არასერიოზულს უწოდებს. გარდა ამისა დოლიძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

საქართველოს პარლამენტში 8 დამოუკიდებელი წევრია. მათგან 6 გამოიკითხა. გამოკითხულთაგან 3 ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალია, 1 – ღიად ჰომოფობია, 1 მათგანი კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავს იკავებს. ხოლო, 1 კითხვას არ პასუხობს.

დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის ღიად ჰომოფობი წევრია გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალობა გენეტიკური დაავადებაა.

გიორგი გაჩეჩილაძე: “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაცაა, გენეტიკურიცაა და ჩვევაცაა. ჰომოსექსუალობა ბუნებრივი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს, რადგან ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის შეძენილი ჩვევა და გენეტიკური დაავადება”.

ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალი დეპუტატები არიან პავლე კუბლაშვილი, გიორგი ხაჩიძე და ზურაბ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ საკვლევ პერიოდში ზურაბ ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო. ხოლო, პავლე კუბლაშვილი და გიორგი ხაჩიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრები.

გიორგი ხაჩიძე: “არა, რა თქმა უნდა. რა შუაშია ავადმყოფობა? ფიზიოლოგიაა თუ არჩევანი, მდგომარეობაა ადამიანის. ყოველ შემთხვევაში, არც ავადმყოფობაა, არც გადახრაა და არც მომაკვდინებელ ცოდვად მივიჩნევ. მე დიდი კომპეტენციით შეიძლება ვერ გამოვირჩევი ამ საკითხებში, მაგრამ ზოგადად მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა არ არის. ალბათ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა ადამიანის, არსებობენ ასეთები, ისეთები, მრავალნაირები და ერთ-ერთი ასეთი არის ჰომოსექსუალი. აქვს თავისი არჩევანი და როგორიც უნდა, ისეთი იქნება”.

პავლე კუბლაშვილი: “21-ე საუკუნეში ეს კითხვა რომ ისმის ცოტა უხერხულია. ვფიქრობ, რომ 20-ე საუკუნემ ამ კითხვას უკვე გასცა პასუხი, როგორც მეცნიერების დონეზე ისე ცივილიზაციის განვითარების დონეზეც. იდენტობას ასე ვერ აღვწერ, აქედან გამომდინარე, ვინმემ აღწეროს საიდან მოდის ეს, რა ბუნება აქვს და ა.შ. ეს ცოტა რთული ფაქტია, მაგრამ ეს არის ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი. ეს არის ის, რის განსხვავებულობაზე ლაპარაკიც აზრს კარგავს. ყველა განსხვავებული, ყველა ერთნაირია”.

კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავს იკავებს მურმან დუმბაძე. ის ამბობს: “მე ექიმი ვარ თუ რა?! მეტი კითხვა არ გაქვთ ჟურნალისტს?  ქვეყანაში რა პროცესებიც მიდის, ლარი 2.50 გახდა, ეს არ გაინტერესებთ? რა შეკითხვაა ახლა ეს, რა არის? ასე იწყებთ თქვენს ჟურნალისტურ მოღვაწეობას? რანაირი შეკითხვაა ეს? არ მცალია ახლა ტელეფონით ამაზე გელაპარაკოთ. თუ რამე სერიოზული თემაა – კი ბატონო, გიპასუხებთ და არასერიოზულ თემებზე როგორ უნდა გელაპარაკოთ, 20 კაცი მიზის აქ. კარგად იყავით”.

კითხვას საერთოდ არ პასუხობს კობა დავითაშვილი, რომლის ჰომოფობიური დამოკიდებულება ცნობილია.

პარლამენტარები, რომლებიც “17 მაისის” გამოკითხვაში არ მონაწილეობენ: დავით უსუფაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით ბაქრაძე, დავით ბეჟუაშვილი, გოდერძი ბუკია, გიორგი გოზალიშვილი, მახირ დარზიევი, გოჩა ენუქიძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, მერაბ კაჭახიძე, შალვა კიკნაველიძე, პაატა კიკნაველიძე, კარლო კოპალიანი, ვახტანგ ლემონჯავა, გოგი ლიპარტელიანი, თემურ მაისურაძე, ალი მამედოვი, მიხეილ მახარაძე, გიორგი მელაძე, გურამ მისაბიშვილი, ენზელ მაკოიანი, კობა ნაყოფია, თეიმურაზ ნერგაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ომარ ნიშნიანიძე, დავით ონოფრიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, სამველ პეტროსიანი, გელა სამხარაული, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ქავთარაძე, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ შიოშვილი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და ვიქტორ ჯაფარიძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s