საქართველოს მთავრობა 19 მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან შედგება. 26 იანვრიდან მარტის ჩათვლით “17 მაისმა” 15 მინისტრის გამოკითხვა მოახერხა. მინისტრებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე – მათი აზრით, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა.

გამოკითხულ 15 მინისტრთაგან 9 მათგანი ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. 3-მა მათგანმა – კითხვას საერთოდ არ უპასუხა. 2-მა მინისტრმა კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა. ხოლო, 1 მინისტრი ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ დააფიქსირა და მიუხედავად “17 მაისის” რამდენიმე მცდელობისა, პრემიერმა კითხვას არ უპასუხა.

პირველად, პრემიერმა “17 მაისის” კითხვას, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, დამცინავი ტონით და მოკლედ უპასუხა – “თქვენ ვინ ხართ?” მეორედ კი “17 მაისმა“ პრემიერს აღნიშნული კითხვა პრესკონფერენციაზე დაუსვა. თუმცა, ღარიბაშვილმა კითხვას თავი ისევ აარიდა.

გარდა ირაკლი ღარიბაშვილისა, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით კითხვას არ უპასუხეს სხვა მინისტრებმაც – ნოდარ ხადურმა, გიორგი კვირიკაშვილმა და თამარ სანიკიძემ.

“17 მაისის” კითხვას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამჯერ არ გასცა პასუხი. ხოლო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა – ორჯერ.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, მან “17 მაისს” განუცხადა – “არ ვიცი, ნაკლებად ვარ ამაში კომპეტენტური. თავს ვიკავებ პასუხისგან”.

მთავრობის 9 წევრმა “17 მაისის” კითხვას, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ ავადმყოფობა არ არის. მათ შორის არიან – ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სოზარ სუბარი, ოთარ დანელია, მიხეილ გიორგაძე, თინა ხიდაშელი, თეა წულუკიანი, დავით ბაქრაძე, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადება? მე მგონი, არა, სექსუალური ორიენტაციაა”.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, დაფიქსირებულია, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. “ამიტომ, ამ თემებში კარგად ვერ ვერკვევი. არ ვიცი, ასეა ნათქვამი, რომ არ არის ავადმყოფობა”.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ “17 მაისს” განუცხადა, “იმედია, ელოდებით ჩემგან, რომ არას ვიტყვი. რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობა არაა ავადმყოფობა”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი აზრების გაჩენაა ავადმყოფობა და არა ჰომოსექსუალობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “17 მაისს” განუცხადა, რომ ჰომოსექსუალობა არც ავადმყოფობაა და არც სისხლის სამართლის დანაშაული.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ “ჰომოსექსუალობა არანაირი გადახრა არ არის და ჩვეულებრივი ცხოვრების წესია”.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს.

ხოლო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით “ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის”.

“17 მაისის” კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდეს დავით სერგეენკომ და თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “17 მაისის” კითხვას პირველად ასე უპასუხა: “ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ”. ხოლო, მეორედ მინისტრმა ჰომოსექსუალობა ჰომოსექსუალიზმად მოიხსენია და საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. “ჰომოსექსუალიზმი, როგორც დაავადება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა ჩამონათვალიდან”.

კითხვაზე პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და განაცხადა, რომ “ამაზე მგონი პასუხი არის საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონი”.

მინისტრთა კაბინეტის ერთი ჰომოფობი წევრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილია. მინისტრი ჰომოსექსუალობისადმი თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს და ამბობს, რომ “ჰომოსექსუალობა გადახვევაა და თუ ამ გადახვევას საზოგადოებაში აფიშირება უკეთდება, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ”.

გარდა ამისა, ჯავახიშვილმა სახელმწიფოში ლგბტ თემის პრობლემები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და თქვა: “სახელმწიფოში უამრავ ადამიანს აქვს პრობლემა. მაგალითად, მე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხეში ვიჯექი ექვსი თვე. ანუ, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეხებათ მაშინ, როდესაც პრობლემები ქვეყანაში გაცილებით მეტია. თუ რამე პრობლემაა, ქუჩაში კი არ უნდა გააპროტესტონ, აგერ არის სასამართლო”.

ასევე, მინისტრმა ჯავახიშვილმა “17 მაისთან საუბარში ისიც კი აღნიშნა, რომ “ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიგვეღო, საერთოდ”.

რაც შეეხება სხვა მოქმედ მინისტრებს – ტარიელ ხეჩიკაშვილს, ვახტანგ გომელაურს, გელა დუმბაძესა და გიორგი მღებრიშვილს – მათთვის აღნიშნული კითხვების დასმა, რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ “17 მაისმა” ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მინისტრების გამოკითხვა 26 იანვარს დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოზიციას ელგუჯა ხოკრიშვილი იკავებდა. ხოლო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს – დავით შავლიაშვილი.

“17 მაისის” კითხვას პასუხი მათ შემდეგნაირად გასცეს:

ელგუჯა ხოკრიშვილი: “არა, ავადმყოფობა არ არის. სექსუალური ორიენტაციაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 90-იან წლებში ამოიღო დაავადებათა სიიდან”.

დავით შავლიაშვილი: “არ ვიცი, სავარაუდოდ, კი, დაავადება იქნება, ან არა. ნამდვილად არ მიფიქრია ამ თემაზე”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s