ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესი სასამართლოს მიერ ქორწინების თანასწორობის დაკანონების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტია “ერთიანმა რუსეთმა” ეგრედ წოდებული “ჰეტეროსექსუალური პრაიდისთვის” შექმნილი დროშა წარმოადგინა. დროშაზე ქალის, კაცის და სამი ბავშვის ფიგურებია დატანილი. ასეთი “ტრადიციული ღირებულებების” იდეოლოგიის მიხედვით, სექსუალურ უმცირესობათა უბრალოდ არსებობაც კი საფრთხეს უქმნის კონსერვატორების მიერ შექმნილ “ტრადიციული” რუსული ოჯახის ხატს.

“ჰეტეროსექსუალური პრაიდი” პუტინის “ტრადიციულ ღირებულებათა” უფრო და უფრო პოპულარული ნარატივის ახალი ელემენტია. “ტრადიციულ ღირებულებათა” ნარატივი ერთგვარი კონსერვატული კრედოა, რომელსაც პუტინი თავისი მმართველობის ახალ იდეოლოგიად ამკვიდრებს. იდეოლოგიის სამიზნე რუსეთის მოსახლეობასთან ერთად სხვა ქვეყნების ანტი-დასავლური თუ კონსერვატული თანამოაზრეებიც არიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “ტრადიციულ ღირებულებათა” იდეოლოგია რუსეთის პირველი თანმიმდევრული პოლიტიკური ნარატივია და ის მშვენივრად ერგება მზარდად რელიგიურ მოსახლეობას, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდში სხვა პრობლემებთან ერთად ეროვნული იდენტობის კრიზისსაც განიცდის.

ახალი ეროვნული ნარატივის დამკვიდრებისას რუსული მმართველობა სხვადასხვა იდენტობით გაერთიანებული ჯგუფების, ცენტრალური აზიის მიგრანტების, ფემინისტებისა თუ ევროპის მხარდამჭერების მარგინალიზაციით ცდილობს მასობრივი მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა, პუტინის წარმატების მთავარი გასაღები რუსული იდეოლოგიის ცენტრში ლგბტი უფლებების დაყენებაა. ეგრეთ წოდებული “ტრადიციული ღირებულებების” მხარდაჭერამ, მაშინ როდესაც დასავლურმა მმართველობამ საერთაშორისო დონეზე დაიწყო ლგბტი უფლებებისთვის ბრძოლა, პუტინს პოლიტიკური კაპიტალის გაორმაგების შესაძლებლობა მისცა. მან არა მხოლოდ ლგბტი უფლებების წინააღმდეგი კონსერვატორების მხარდაჭერა მოიპოვა, არამედ მოახერხა რუსუთში ანტი-ამერიკული ძალებიც გაეერთიანებინა, ამერიკის მიერ ლგბტი უფლებების პოპულარიზების კულტურული იმპერიალიზმის ისეთ ფორმად წარმოჩენით, რომელსაც შედეგად მხოლოდ “რეგრესი, ბარბაროსობა და სისხლისღვრა” მოაქვს. პუტინის თქმით, კონსერვატული პოლიტიკა ამერიკის მიერ ადამიანის უფლებების მოდელის პოპულარიზების ბარიერია, მისი თქმით ამერიკული იდეოლოგია რუსეთს ისეთივე დღეში ჩააგდებს, როგორშიც, მაგალითად, სირიას. პუტინის განცხადება მისაღები და ნათელი იყო პოსტ საბჭოთა რუსეთის მოსახლეობისთვის, რომელსაც არასტაბილურობისა და არეულობის ხანაში დაბრუნების კვლავაც ეშინია.

2013 წელს “ტრადიციულ ღირებულებათა” დოქტრინის შემუშავების შემდეგ, პუტინმა საკუთარი იდეოლოგიის რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა გავრცელებაც დაიწყო ჰომოფობიური მოსახლეობის რუსულ გეოპოლიტიკურ ორბიტაში დასაბრუნებლად. “ლგბტ მსოფლიო ომის” პროცესში, პუტინი რუსეთის ახალ “ტრადიციულ ღირებულებათა” იდეოლოგიას მიზანმიმართულად იყენებს ადამიანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით კი მეზობელ ქვეყნებში – აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პოსტ-საბჭოთა ბლოკში. 2013 წელს, როდესაც უკრაინელები კიევის მეიდანზე საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, პუტინი პროცესს “გეიევრომეიდანს” უწოდებდა;ის ცდილობდა იმ უკრაინელების აზროვნებაში, რომლებიც ევროპულ გზას უჭერენ მხარს, თუმცა ლგბტი უფლებებს ეწინააღმდეგებიან, “გეისა” და “ევროპულის” ცნებები გაეერთიანებინა. უფრო მოგვიანებით, პუტინი მოლდოვის მოსახლეობას გადასწვდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი. რელიგიურ და კონსერვატულ მოლდოვაში რუსული პროპაგანდა ცდილობდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ქვეყნის ევროპული ორიენტაცია “ყველას გეიდ გადააქცევდა”.

“ჰეტეროსექსუალური” პრაიდი პუტინის გეიპოლიტიკური კამპანიის ყველაზე ახალი მოვლენაა, და მან მართლაც მოიპოვა კონსერვატული და ჰეტერო-ნაციონალისტური მასების მხარდაჭერა გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან ევრაზიის ქვეყნებში. როდესაც საქართველოში ლგბტი აქტივისტებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს 2015 წლის მაისში, საქართველოს ზოგადად პრო-ევროპულმა მთავრობამ, მათ ნაცვლად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიანიჭა ღონისძიების ჩატარების უფლება, რომელიც ბავშვებისა და ტრადიციული ოჯახების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას აპირებდა. ეს თითქოსდა სეკულარული ღონისძიება სწორედ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ემთხვეოდა და ეკლესია ფაქტობრივად ყველა საჯარო სივრცის დაკავებას ითხოვდა დედაქალაქ თბილისში. მას შემდეგ რაც, სამი წლის წინ ათასობით მართლმადიდებელმა ფანატიკოსმა ძალადობრივად დაარბია ლგბტ აქტივისტების მიერ ორგანიზებული ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, ეკლესიამ საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით კვლავ მოახერხა ლგბტი აქტივისტებისთვის დაბრკოლებები შეექმნა საჯაროდ აღენიშნათ ეს დღე და ლგბტი ადამიანების მიმართ არსებული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინათ.

პუტინის პოლიტიკურმა პარტიამ “ჰეტეროსექსუალური პრაიდის” დროშა შექმნა სწორედ მაშინ, როდესაც ყირგიზი და თურქი ჰეტერონაციონალისტები და კონსერვატები ლგბტ უფლებების წინააღმდეგ იბრძვიან. ამით პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ რუსეთი “ტრადიციულ ღირებულებათა” შუქურა და დასავლური ლიბერალიზმის კონტრ-იდეოლოგიის ერთგული სივრცეა. თუმცა, რუსეთი აბორტების, განქორწინებებისა და მარტოხელა მშობლების რიცხვით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში; ერთიანი რუსეთის მიერ შექმნილი და დროშაზე წარმოდგენილი “თანამედროვე ოჯახის” ხატი, უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ მასზე მარტოხელა ბავშვიანი დედა იქნებოდა წარმოდგენილი და არა სრული ბირთვული ოჯახი. ნამდვილსა და იდეალურს შორის ასეთი განსხვავება კარგად აჩვენებს, რომ პუტინი და მისი მიმდევრები სინამდვილეში არაფერსაც არ იცავენ. პუტინისათვის “ჰეტეროსექსუალური პრაიდი” და “ტრადიციული ღირებულებები” მხოლოდ საშუალებებია უფრო დიდი მიზნების მისაღწევად, როგორიც ევროპის წინააღმდეგი და ალტერნატიული ძალის შექმნაა რუსეთის მეთაურობით. ეს კი გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მოყოლილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების ხარჯზე ხდება.

ავტორი: კაილ ჯაიმს როჰრიჩი

თარგმანი: ანა რეხვიაშვილი

წყარო: http://ctrequality.org/2015/07/21/the-geopolitics-of-intolerance-putins-straight-pride/
(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s