სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების აღსრულება, ომბუდსმენის აპარატისა და სასამართლოს ერთდროულად გამოყენების შეუძლებლობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ არასათანადო რეაგირება და საკანონმდებლო ხარვეზები ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის” აღსრულებისას 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე გამოვლინდა.

შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციათა “კოალიციამ თანასწორობისთვის” შეაჯამა, რომელიც აღნიშნულს მონიტორინგს უწევდა.

კოალიციაში 5 ორგანიზაციაა გაერთიანებული – იდენტობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საფარი.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

არასამთავრობო ორგანიზაციები კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, რელიგიისა და მრწამსის, ასევე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობენ. ანგარიშში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ჩაგვრის ფაქტებიც მოხვდა.

‘იდენტობა’ ამ ეტაპზე მონიტორინგს 9 საქმეს უწევს. ორგანიზაციის იურისტი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ მათ შორის არის ისეთი საქმეებიც, რომლებშიც დანაშაულის ნიშნები ცხადია და ისღა დარჩა, სახელმწიფო ორგანოებმა და სასამართლომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

მაგალითად:

დაზარალებულების ნაწილი წლის განმავლობაში რამდენჯერმე არის ნაცემი, ძირითადად გეი მამაკაცები. ბოლქვაძის თმით, მათ სიცოცხლის საშუალებას არ აძლევენ, ავიწროებენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

იურისტმა იდენტობას თანამშრომლის საქმე გაიხსენა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში თავს დაესხნენ, პოლიცია ცდილობდა, აღნიშნული ფაქტი თავდაპირველად საერთოდ არ დაერეგისტრირებინა, შემდეგ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაეკვალიფიცირებინა.

სასამართლოზე პოლიციამ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ისაუბრა, თავდამსხმელმა კი დაადასტურა ფიზიკური თავდასხმა. მოსამართლემ თქვა, მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებსო. ეს ნიშნავს, რომ გამოძიება იწყება, თუმცა არასდროს სრულდება და შედეგი სახეზე არ არის. ამიტომ, მე არ მაქვს იმედი, რომ დისკრიმინაციის აღკვეთა შესაძლებელი იქნება იმ საზოგადოებაში, სადაც სამართალდამცველებს ასე უტიფრად აქვს შესაძლებლობა, რეაგირება არ მოახდინონ. დაუსჯელი რჩება დამნაშავეც და პოლიციელიც, რომელიც კანონს არ ასრულებს.

ნინო ბოლქვაძემ იმ საკანონმდებლო ხარვეზებზეც ისაუბრა, რომლებიც ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, მამაკაცს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური კავშირი, სისხლის დონაციის უფლება არ აქვს. იდენტობამ ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

ეს მისთვის სამუდამო აკრძალვაა. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ერთხელ უკვე მოვიგეთ. სასამართლომ დაადგინა, რომ შეზღუდვა ლოგიკური და პროპორციული უნდა იყოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს პირდაპირ უთხრა, რომ ეს დებულება პრობლემურია. მას შემდეგ გავიდა წელიწადზე მეტი და არაფერი შეცვლილა.

ასევე, ტრანსგენდერი ადამიანების სქესის შესახებ ჩანაწერი. როცა ადამიანი ვიზუალურად ერთი სქესის  არის, საბუთში კი სხვა მონაცემი უწერია, მათი წარდგენისას პრობლემები ექმნება. მე არ მაქვს იმედი, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით პოზიტიურ ცვლილებას განახორციელებს.

იურისტი ამბობს, რომ თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არ იქნება სათანადოდ დასჯილი, ანტიდისკრიმინაციული კანონი ვერ იმუშავებს, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 2012 წლის 17 მაისის საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.

სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება

სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან დანაშაულზე რეაგირების კუთხით საქართველოში მრავალი პრობლემაა.

ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი, თამთა მიქელაძე საუბრობს. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სწორად დაკვალიფიცირება, ასევე ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ამ კუთხით ნაკლებად სენსიტიურები არიან.

შეფასება აჩვენებს, რომ სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ დააკვალიფიცირა საქმე რელიგიური სიძულვილის მოტივით, რის გამოც შემდგომში ძალადობის ეფექტური პრევენცია არ მოხდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან ერთად არსებითად მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა გაიაზრონ საკუთარი როლი დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებებზე და შეიმუშაონ ეფექტური სამოქმედო გეგმა. შსს-მ მიიღო ინსტრუქცია “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის” იმპლემენტაციის შესახებ, თუმცა ეს ინსტრუქცია არის ძალიან სუსტი და საერთოდ არ შეიცავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონკრეტულ დეფინიციებს.

ასევე, ამ დრომდე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე ერთიანი სტატისტიკა შექმნილი არ არის, რაც სამართალდამცველი ორგანოების არასენსიტიურობაზე მიუთითებს მოწყვლადი ჯგუფების თუ დისკრიმინაციის სტანდარტებთან დაკავშირებით – ამბობს მიქელაძე.

EMC-ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ავტომატურად გულისხმობდეს და მისი ოდენობის განსაზღვრა დისკრიმინაციის ინტენსივობას უკავშირდებოდეს. ორგანიზაცია ასევე საჭიროდ მიიჩნევს, კანონში ზიანის ანაზღაურების მინიმალური ლიმიტი ჩაიწეროს, რადგან ზოგადად ის ძალიან დაბალია და მსხვერპლს უფლების აღდგენის საშუალებას არ აძლევს.

ომბუდსმენის შესაძლებლობების ზღვარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იმასაც ითხოვს, ომბუდსმენს სასამართლოს გზით დაჯარიმების კომპეტენცია გააჩნდეს.

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებაზე ზედამხედველობა სწორედ მას ევალება, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ეფექტურობა რიგ შემთხვევებში დაბალია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დისკრიმინაციის მსხვერპლს საკუთარი უფლებების აღდგენისა და დაცვისთვის შეუძლია სასამართლოს ან სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს. თუმცა ორივე მექანიზმის ერთდროულად გამოყენების საშუალება არ აქვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მსხვერპლს არჩევანის გაკეთება უწევს, ამასთან მას სასამართლოსთვის მიმართვა დისკრიმინაციის შემთხვევიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლია.

ორგანიზაციის რეკომენდაცია აღნიშული ვადის 1 წლამდე გაზრდაა.

რეკომენდაციაა, რომ როცა საქმე არის სახალხო დამცველთან, სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდი შეჩერდეს, რათა ომბუდსმენს ჰქონდეს დისკრიმინაციის ფაქტის დოკუმენტირების შესაძლებლობა და მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები იარსებებს, მსხვერპლს შეეძლოს, სასამართლოს მიმართოს – ამბობს გოცირიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ხარვეზზე საუბრობს, რაც კერძო კომპანიების მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების იგნორირებაში გამოიხატება.

იურისტმა გიორგი გოცირიძემ მაგალითად ‘საქართველოს ბანკის’ რეკლამა ‘ქმარკომატი’ მოიყვანა, რომელიც ბანკმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა და რომელშიც ქმარი წარმოდგენილი იყო ბანკომატად, ცოლი კი მასზე ფინანსურად დამოკიდებულ ადამიანად, რომელიც ქმარს სხვადასხვა საჭიროებისთვის ფულს სთხოვდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ‘საქართველოს ბანკს’ ზოგადი წინადადებით მიმართა, მომავალში მსგავსი სექსისტური რეკლამების განთავსებისგან თავი შეეკავებინა, თუმცა ბანკს რეაგირება არ მოუხდენია.

ეს საქმე მეტყველებს იმაზე, რომ აღსრულების მექანიზმი არის სუსტი. ომბუდსმენს მხოლოდ რეკომენდაციის და ზოგადი წინადადების გაცემის შესაძლებლობა აქვს და ისინი არ არის აუცილებლად შესასრულებელი. კერძო დაწესებულებებს იმისი ვალდებულებაც კი არ აქვთ, რომ სახალხო დამცველის წინადადებას უპასუხონ. რაც ყველაზე მთავარია, როცა ომბუდსმენის აპარატი ატარებს კონკრეტული დისკრიმინაციული ფაქტის გამოძიებას, მას კერძო დაწესებულებებიდან უხდება ინფორმაციის მოთხოვნა, დაწესებულებები კი ამას იგნორირებას უკეთებენ. კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ არ ავალდებულებს კერძო დაწესებულებებს, ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან – ამბობს გიორგი გოცირიძე და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზად საკანონმდებლო ცვლილებას ასახელებს.

ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ გარკვეულწილად არსებობდეს იძულებითი ზემოქმედების მექანიზმები კერძო დაწესებულებებთან დაკავშირებითაც. როცა კერძო დაწესებულება 10 დღის ვადაში არ მიაწოდებს ინფორმაციას, სახალხო დამცველს ჰქონდეს იგივე უფლებამოსილება, რაც მას გააჩნია საჯარო დაწესებულებებთან მიმართებაში, ანუ ომბუდსმენს შეეძლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და მისი სასამართლოში გაგზავნა. ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა დაწესებულება. ომბუდსმენისათვის მსგავსი მექანიზმის მინიჭება კერძო დაწესებულებებთან მიმართებაში ინსტიტუტს მეტ ეფექტურობას შესძენს.

საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს იზიარებს. უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ ის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ომბუდსმენის ინსტიტუტი უფრო მოქნილი გახდეს.

ეს პირველ რიგში ეხება იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ მოქალაქე არ უნდა აიძულოს, შეწყვიტოს სახალხო დამცველთან საქმის წარმოება.

“კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს დაამტკიცა. მანამდე დისკრიმინაციის კუთხით მხოლოდ სისხლის სამართლის 142-ე მუხლი არსებობდა, რომელიც პასუხისმგებლობას თანასწორუფლებიანობის დარღვევისთვის ითვალისწინებდა, თუმცა ყველა დისკრიმინაციული ქმედება არ იყო იმგვარი სიმძიმის, რომ მის ჩამდენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებას წინ ვნებათაღელვა უძღვოდა – კანონის მიღებას საპატრიარქო ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტმა მისი ზეწოლა გადალახა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მაინც დაუშვა ის, რომ  კანონის საბოლოო რედაქციაში, მაგალითისთვის, სახალხო დამცველი არ აღიჭურვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო ბერკეტით, ხოლო პირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის “საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვა” დასახელდა.

ფოტო: EMC

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s