აზერბაიჯანის მოქალაქე გულბენიზა ბალოევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს და სასამართლოშიც უჩივის. ის ამბობს, რომ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთსაფეხურიან, 5 წლიან პროგრამაზე 2003 წელს, მას შემდეგ ჩააბარა, რაც ამავე უნივერსიტეტის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა და ქართულიც აქ ისწავლა. თუმცა მე-2 კურსზე ერთსაფეხურიანი პროგრამა გაუქმდა და ის ბაკალავრიატად და მაგისტრატურად დაიყო. ბალოვეა ამბობს, რომ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა უგამოცდოდ უნდა გაეგრძელებინა.

მაშინ ხუბუა იყო რექტორი. ირაკლი ბურდულმა მომწერა წერილობითი თანხმობა, ასევე ხუბუას მოხსენებითი ბარათები მისწერეს, რომ თანახმანი არიან, რომ მე ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა უგამოცდოდ გავაგრძელო.

გულბენიზა ბალოევა ყვება, რომ განცხადება რამდენიმე თვის წინ ახლანდელ რექტორს, ვლადიმერ პაპავასაც გაუგზავნა, რომელშიც ის დეტალურად ხსნიდა, რატომ არ ეხება გამოცდები. მისივე თქმით, პაპავამ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს დაავალა, მოემზადებინა სამართლებრივი დასკვნა, რათა მას სწავლა გაეგრძელებინა. თუმცა ბალოევა ამას მაინც ვერ ახერხებს.

პაპავამ ვაკანტური ადგილი გამოყო ჩემთვის, ბრძანება არსებობს, თუმცა ხელს მიშლის არჩილ კუკულავა, რომელიც არის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე სასწავლო დეპარტამენტი დალი კანდელაკიც. თუ არ მექნება მაგისტრის ხარისხი, მხოლოდ ბაკალავრიატის დიპლომით აზერბაიჯანში ვერსად ვიმუშავებ.

ვინაიდან უფასოზე ვსწავლობდი, სახელმწიფომ უნივერსიტეტს 5 წლის სწავლის თანხა ერთიანად გადაუხადა, თუმცა მხოლოდ 4 წელი ვისწავლე, დარჩენილი 1 წლის თანხა მე არ მომხმარებია. ჩემი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ამბობენ, რომ ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ. მათი განცხადებით:

“უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გულბენიზა ბაოავა თავისუფლდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებისგან. თუმცა, ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ26’’ პუნქტის თანახმად, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება საფუძველია უნივერსიტეტის შიდა გამოცდა/გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის N49/2014 დადგენილება განსაზღვრავს საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების წესს. დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაგისტრანტობის კანდიდატი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის თსუ – ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე. შესაბამისად, გულბენიზა ბალოევას ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონი და უნივერსიტეტის რეგულაციები არ ათავისუფლებს შიდა გამოცდების ჩაბარებისაგან.

უნივერსიტეტისათვის სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არა ცალკეულ პირთა მიერ დაფიქსირებული მოსაზრებანი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს. რაც შეეხება ბატონი ირაკლი ბურდულის პოზიციას, მან 2008 წელს მხოლოდ რეკომენდაცია გაუწია ქალბატონ ბალოევას ჩარიცხულიყო უგამოცდოდ. აღნიშნული რეკომენდაცია ვერ შეცვლიდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს იმ დროს მოქმედ დადგენილებას (აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება არ განხორციელებულა), რომლის მიხედვითაც სავალდებულო იყო გამოცდების ჩაბარება.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N49/2014 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი არ ათავისუფლებს გულბენიზა ბალოევას უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისგან. უნივერსიტეტი არ ითხოვს ქალბატონი ბალოევასგან ქართული ენის ჩაბარებას, სავალდებულოა უცხო ენის ჩაბარება, რომლის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება აღნიშნული გამოცდის ჩაბარებისაგან. უნივერსიტეტმა არაერთხელ სთხოვა ქალბატონ ბალოევას ზემოხსენებული სერტიფიკატის წარმოდგენა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია.

ბალოევა ამბობს, რომ ის საინგილოს მცხოვრები და აზერბაიჯანის მოქალაქეა და ამიტომ მის შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დაუშვან.

მეც იმას მთავაზობენ, რასაც საქართველოს რიგით მოქალაქეს. არ ითვალისწინებენ, რომ მე უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, ქართული 1 წელიწადში ვისწავლე, თავის დროზე ჩავაბარე გამოცდები, კონტრაქტით გათვალისწინებული სწავლა არ დამამთავრებინეს, გამიწყვიტეს, ავტომატურად უნდა გადამიყვანონ მეორე საფეხურზე.

გულბენიზა ბალოევას საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს. პირველმა ინსტანციამ მოთხოვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისთვის მაგისტრატურაზე გამოცდის ჩაბარების გარეშე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცა, არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s