არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში თინათინ სუდაძემ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა იკვლია. სუდაძის თქმით, თვისობრივი კვლევა თბილისში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ოჯახური მდგომარეობის მქონე ადამიანებთან ჩაატარა.

“ოჯახში ძალადობის თემა ინტიმური ბუნებით ხასიათდება და მასზე მსჯელობა სიფრთხილეს მოითხოვს ინტერვიუერის მხრიდან. იმისათვის, რომ რესპონდენტს არ აერიდებინა თავი კითხვებზე პასუხისგან, ოჯახური პრობლემის სააშკარაოზე გამოტანის შიშით, გადავწყვიტე, შემედგინა ჰიპოთეტური მაგალითი, რომლის გაანალიზებაში რესპონდენტს დაეხმარებოდა ტექსტიდან გამომდინარე დასმული კითხვები. ამასთანავე, ჰიპოთეტური მაგალითის გაანალიზების პროცესში რესპონდენტს დავუსვამდი ზოგადი ხასიათის კითხვებს ოჯახში ძალადობის თემის ირგვლივ”, – ამბობს კვლევის ავტორი.

კვლევის პროცესში გამოყენებული ჰიპოთეტური მაგალითი შემდეგი შინაარსისაა: თიკას და ნიკას წლების განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი და უკვე ერთი წელია, რაც ოჯახი შექმნის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. მიუხედავად თიკას მშობლების წინააღმდეგობისა, ქორწინება შედგა. თიკა 20 წლისაა. იგი არქეოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის წარჩინებული სტუდენტია და მუშაობისთვის დრო არ რჩება, რის გამოც ფინანსურად დამოკიდებულია მეუღლეზე, ნიკაზე. ნიკა 28 წლისაა. იგი სტომატოლოგია და თავისი პროფესიითაა დასაქმებული. თიკას საუნივერსიტეტო დავალებების შესასრულებლად ხშირად უწევს კურსელებთან ერთად ქალაქიდან გასვლა. აღნიშნული ცოლ-ქმარს შორის ხშირი უკმაყოფილების მიზეზია.

ნიკა: “არ მსიამოვნებს, როცა ვიღაც ვიგინდარებთან ერთად მთელ დღეს ატარებ შენი თქმით, კვლევაზე. არადა, კაცმა არ იცის, სად ხარ და რას აკეთებ! ყელში ამომივიდა შენი პრეტენზიები! თუ ასე გააგრძელებ ბოდიალს, ხვალიდან უნივერსიტეტში წასვლას გიკრძალავ!” (ყვირის და უშვერი სიტყვებით ილანძღება).

თიკა: “სწავლას თავს არ დავანებებ! არ შეიძლება გამიგო? მე ხომ გიგებ და ვცდილობ ყველაფერში ხელი შეგიწყო?!“

თიკას წინააღმდეგობით გაბრაზებული ნიკა, ძირს ანარცხებს აღებულ არყის ჭიქას. (ამჯერადაც ნასვამია) შემდეგ უახლოვდება ცოლს და თმებში ხელის ჩაბღუჯვით იატაკზე ისვრის, რა დროსაც თიკა თავის დარტყმის გამო გონებას კარგავს.

გონს მოსული თიკა მეუღლესთან შერიგებას ცდილობს. პირველი შემთხვევა არაა რაც ასე ხდება და ფიქრობს ამასაც როგორმე გადაიტანს. ეშინია მშობლებისთვის ოჯახური კონფლიქტის გამხელის. გააფრთხილეს, თუ ნიკას გაყვები ცოლად, ჩვენი იმედი ნუ გექნებაო. ამ თემაზე სხვებთან არ საუბრობს. არ უნდა ვინმე ოჯახის საქმეში ჩაახედოს, რადგან მიაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნიკა მისი მეუღლეა და ცოლ-ქმრის ურთიერთობა სხვას არ ეკითხება. ცოტა ეშინია ქმრის, მაგრამ მასზე საკუთარი სურვილით დაქორწინდა და ფიქრობს, რომ პრობლემებსაც თვითონ უნდა გაუმკლავდეს! არ უნდა ხალხი აალაპარაკოს ან გაშორებული ქალის სტატუსი ჰქონდეს. ისიც იცის, რომ მშობლები მას აღარ მიიღებენ. ამიტომ, ამჯერადაც შეეცდება განაწყენებული მეუღლის შერიგებას.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტები, ინტერვიუს დროს, მოცემულ მაგალითზე თავიანთ დამოკიდებულებას გადმოსცემდნენ.

“საბედნიეროდ, ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა. ოჯახში ძალადობის თემაზე ჩავწერე სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ოჯახური მდგომარეობის 20 რესპონდენტი. მათგან 12 მამრობითი ( მათ შორის 7 დაუოჯახებელი და 5 დაოჯახებული) და 8 მდედრობითი (მათგან 5 დაოჯახებული და 3 დაუოჯახებელი) სქესის წარმომადგენელი”, – ამბობს თინათინ სუდაძე.

კვლევაში ნათქვამია, რომ ინტერვიუების შედეგების მიხედვით, ოჯახში ძალადობა თანაბრად მიუღებელი მოვლენაა ყველა პირისთვის. თუმცა, დაუოჯახებელი რესპონდენტები დაოჯახებულებისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების სპონტანური მიღებით გამოირჩევიან. ხოლო, დაოჯახებული რესპონდენტები მოძალადის მიმართა ერთგვარ თანაგრძნობას ავლენენ და პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით, სხვების ჩაურევლად ცდილობენ.

“ჩემი მეუღლეა რაც არ უნდა იყოს, ერთხელ ყველა შეიძლება შეცდეს“- ლ.ტ, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

მკვლევარის კითხვაზე – “გმობთ თუ არა ოჯახში ძალადობას და მოძალადის ქცევას?“ – რესპონდენტთა პასუხი დადებითია. ხოლო კითხვაზე – “შეიძლება ჰქონდეს მოძალადის ქცევას გამართლება?“ – რესპონდენტთა ნაწილი, უმეტესად დაოჯახებული კაცები, ასახელებენ შემთხვევებს, რომლითაც ოჯახში ძალადობას ამართლებენ.

“შეიძლება გამოხვიდე მდგომარეობიდან, როცა ცოლი შეუფერებლად იქცევა: ვთქვათ ბავშვს არ აქცევს ყურადღებას, სახლში საჭმელი არაა და თვითონ დაქალებთანაა წასული. კაცი ხარ და ყველაფერს ვერ გადაყლაპავ. არ დაიმსახუროს და არც მიიღებს აგრესიას!“ – ჯ.გ, მამრობითი სქესის, დაოჯახებული.

გარდა ამისა, კვლევის ავტორი თინათინ სუდაძე აღნიშნავს, რომ არსებობს ოჯახის მთლიანობასა და ერთიანობაზე ერთგვარი სტიგმა – “ყველა ოჯახში ხდება უთანხმოება და აღნიშნული არ უნდა გახდეს სხვების განსახილველი თემა. ოჯახის პრობლემა უნდა მოგვარდეს ოჯახის შიგნით“.

“რესპონდენტთა უმეტესობა ოჯახის დანგრევას ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს და თვლის, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს, რადგან ოჯახი პირად სურვილებსა და პრინციპებზე მაღლა დგას”, – ამბობს კვლევის ავტორი.

კაცისა და ქალის როლი ოჯახში :

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ქმრის დომინანტურ მდგომარეობას დაოჯახებულ და დაუოჯახებელ კაცების უმეტესობა (ცხრა რესპონდენტი) გამართლებულად მიიჩნევს. ასევე, რესპონდენტები ასკვნიან, რომ ადვილად სამართავი მამაკაცი არცერთ ქალს არ მოეწონება

“მამაკაცი ოჯახის თავია. მართალია, არც ქალის როლის უგულებელყოფა იქნება მართალი, მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც კაცს უნდა ჰქონდეს ოჯახში”.

“ოჯახი მაშინაა ძლიერი და მყარი, როცა კაცს მართვის სადავეები უპყრია ხელთ“ – ა.ბ, მამრობითი სქესის, დაუოჯახებელი.

აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კვლევის მონაწილე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. როგორც დაოჯახებული, ისე დაუოჯახებელი ქალები მიიჩნევენ, რომ ესა თუ ის საკითხი ცოლ-ქმარს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა წყდებოდეს.

“ქმრის სიტყვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ცოლისთვის და პირიქით. ოჯახი ძალების გადანაწილების ადგილი არაა. აქ უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა და ინტერესთა ბალანსი“- ნ.ს, მდედრობითი სქესის, დაუოჯახებელი.

“ქმარმა ჩემი აზრი უნდა გაითვალისწინოს და მე – მისი. თუ ვერ ვთანხმდებით რაიმე საკითხში, ამ შემთხვევაში, ორივე ვთმობთ გარკვეულ პოზიციებს. ჩვენი ურთიერთობა წვრილმანებზე მაღლა დგას და ალბათ, ეს სწორიცაა“ – მ.ბ, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

კვლევაში მონაწილე დაოჯახებული ქალები ქმრის მიერ სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე საუბრობენ. შეზღუდვები ძირითადად, შემდეგ საკითხებს ეხება:

ქალის ჩაცმულობა:

“არ მოსწონს თუ ჩავიცვამ ამოღებულ მაისურს ან მოკლე კაბას. თუ წინააღმდეგობას გავუწევ, მეუბნება, რომ მე მისი ცოლი ვარ და სხვებმა არ უნდა დაინახონ, მე როგორი სხეულის ფორმები მაქვს“ – ნ.ლ, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

მეგობრებთან ერთად წასვლა:

“როცა მეგობრებთან ერთად გასართობად გავდივარ არ სიამოვნებს და მეჩხუბება. თუ შემაგვიანდა სახლში მისვლა, ამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მენდობა, მაგრამ მაინც ვერ იტანს მის გარეშე თუ სადმე წავალ“ – ნ.ს, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

ქალის დასაქმება:

“არ უნდა სამსახური ვიშოვო. მისი აზრით, კაცია დ ოჯახში შემომტანი თავადაა. ჩემი მოვალეობა სახლის საქმეებზე ზრუნვაა. მეუბნება, რაღა კაცი ვიქნები, თუ ჩემი ცოლი სამსახურში წავაო?! მე კაცი ვარ და ჩემი თავმოყვარეობის შელახვაა ცოლის მუშაობაო“ – ი.ა, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

მეგობარი კაცის ყოლა:

“ასე მეუბნება ქალისა და მამაკაცის მეგობრობის მე არ მჯერა. ღიზიანდება თუნდაც, თანამშრომელმა მამაკაცმა პატივისცემის ნიშნად რაიმე მომართვას დაბადების დღეზე. თვითონაც იცნობს ჩემს თანამშრომელ მამაკაცებს, მაგრამ ბრაზდება, როცა ისინი ყურადღებას იჩენენ ჩემს მიმართ“ – ნ.ს, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

რაც შეეხება თავად ცოლის მიერ ქმრის შეზღუდვის ფაქტებს, კაცი რესპონდენტები შეზღუდვაში ძირითად, ძმაკაცებთან ერთად გართობას ასახელებენ:

“საღამოობით ძმაკაცებთან რომ წავიდე, მთელი კვირა ხმას არ გამცემს“ – ლ.ლ, მამრობითი სქესის, დაოჯახებული

რაც შეეხება დასაოჯახებელ ქალებსა და კაცებს, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ ადამიანის შეზღუდვა უარყოფითი შედეგის მომცემია.

“აკრძალული ხილი უფრო ტკბილია და აჯობებს, ურთიერთობის სხვა ფორმა გამოვძებნოთ ოჯახის შექმნისას“.

გარდა ამისა, რესპონდენტები მიუთითებენ, რომ როგორც კაცის, ისე ქალის ქმედებები ოჯახის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული. ხოლო, ქალის მხრიდან მისაღებ ქმედებად ოჯახზე ზრუნვა, სახლის საქმეების მოწესრიგება, დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვზე ზრუნვა მიიჩნევა. ასევე, სამსახურში წასვლა, თუ ეს წინა მოვალეობებს ხელს არ შეუშლის. ხოლო, კაცის ფუნქციად აღიქმება – ბავშვზე ზრუნვა, ოჯახის ფინანსური კეთილდღეობა, პროდუქტის შეძენა, სარემონტო სამუშაოები სახლში და ა.შ. კაცის მოვალეობებიდან ძირითადი აქცენტი მაინც ფინანსურ კეთილდღეობაზე კეთდება:

“მე უნდა ვიმუშაო უფრო დატვირთულად და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებით. არც ჩემს ცოლს დავუშლი მუშაობას, მაგრამ მისი შრომა იქნება, ალბათ, უფრო მისთვის ერთგვარი გასართობი. კაცის ვალია ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა, მე ასე მიმაჩნია სწორად“ – ლ.უ , მამრობითი სქესის, დაუოჯახებელი.

კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა (18 რესპონდენტი) ოჯახში ძალადობას არასათანადოდ აღიქვამს. მათი შეხედულებით, ოჯახში ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური და იგი შეიძლება გამოიხატოს ყვირილში, დარტყმაში, სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. გარდა ამისა, სუდაძის თქმით, რესპონდენტებისთვის უცხოა ძალადობის ისეთი სახეები, როგორიცაა ფსიქოლოგიური (დაშინება, მუქარა ), ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა.

კითხვაზე – “არის თუ არა ოჯახში ძალადობის შემთხვევა, როცა ქმარი აიძულებს ცოლს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას?“ – ერთ-ერთი რესპონდენტის პასუხი ასეთია:

“არა. ცოლი იმიტომაა ცოლი, რომ ვალდებულია ქმართან ჰქონდეს სექსუალური კავშირი. ეს ცოლქმრობის ერთ ერთი გამოხატულებაა და ეს ერთგვარი ვალდებულებაცაა ორივესთვის ცოლისთვისაც და ქმრისთვისაც“ – ა.ბ, დაუოჯახებელი, მამრობით სქესის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სექსუალურ ძალადობას ძალადობის სახედ არ აღიქვამს. გამონაკლისის სახით, დაოჯახებული, მდედრობითი სქესის რესპონდენტი ს.თ, აცხადებს:

“ცოლის და ქმრის სექსუალური ურთიერთობაც ისეთივე ნებაყოფლობითი ქმედებაა, როგორც სხვა გადაწყვეტილების მიღება ოჯახში”.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სახელმწიფო დაცვის მექანიზმების თაობაზე. მათ არ იციან რა ზომებს უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში და რა დახმარებას აღმოუჩენს სახელმწიფო:

“არ ვიცი რა საშუალებები არსებობს საქართველოში. ალბათ, არც არაფერი“.

“ალბათ, 112-ში დავრეკავდი თუ სხვა საშუალებებით ვერ დავიცავდი თავს“ – ვ.თ, მდედრობითი სქესი, დაოჯახებული.

ასევე, გამოკითხულ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ჯერ თავად უნდა ეცადონ პრობლემის მოგვარებას, სხვების ჩაურევლად.

“ჩემს ქმარს ჩემზე უკვეთ არც დედაჩემი იცნობს და არც სხვა ვინმე. ამიტომ, მე თვითონ უნდა მოვაგვარო ჩემი ოჯახური პრობლემა სხვების გარეშე“ – მ.გ, მდედრობითი სქესის, დაოჯახებული.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ დასაოჯახებელ რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაულია, რომლის მოთმენა დაუშვებელია.

“კაცი, რომელიც იძალადებს ქალზე, გამორიცხულია გამოსწორდეს“.

ხოლო, დაოჯახებული კაცების გარკვეული ნაწილი ძალადობის ფაქტს გამართლებას უძებნის:

“ქალმა იმ დონეზე არ უნდა მიიყვანოს კაცი, რომ მასზე იძალადოს. თანაც ერთხელ შეიძლება ყველა შეცდეს“ – მ.გ. მამრობითი სქესის, დაოჯახებული.

კვლევაში მონაწილე დაუოჯახებელი რესპოდენტი ქალები ოჯახში ძალადობას დანაშაულად აფასებენ, რომლის მიმართაც უმკაცრესი ზომების გატარებას მოითხოვენ. ხოლო, დაოჯახებული რესპონდენტების აზრით, ოჯახში ძალადობა “შიდა სამზარეულოა, რომლის გამომზეურებაც უხერხულია“.

“მამრობითი სქესის რესპონდენტები საკითხის მიმართ ე.წ ორმაგ სტანდარტებს ამჟღავნებენ, რაც შემდეგში გამოიხატება – ძალადობას გმობენ, თუმცა კითხვაზე, რით შეიძლება აიხსნას მოძალადის ქცევა, მპასუხობენ: “თუ ქალი ოჯახს არ აქცევს ყურადღებას“; “ქმარს ამცირებს თავისი გამომწვევი ჩაცმით“; “იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს მიაქციოს სათანადო ყურადღება, მეგობრებთან ერთად ერთობა“; “შვილებს ცუდ მაგალითს აძლევს“; მიუხედავად ამისა, მოძალადის გამართლებას ძალადობის პროვოცირებაში ქალის დადანაშაულებით ცდილობენ – სახეზეა დუალისტური მიდგომა – გმობენ, თუმცა ამასთანავე ამართლებენ მოძალადის ქცევას”, – ამბობს კვლევის ავტორი.

როგორც თინათინ სუდაძე ამბობს, ოჯახში ძალადობის თემაზე კვლევამ ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობების კუთხით რესპონდენტთა სტერეოტიპული აზროვნება ცხადყო. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სუდაძე ამბობს, რომ ქართულ ოჯახებში ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს შორის სუბორდინაცია სახეზეა, რა დროსაც ოჯახის იერარქიის თავში კაცი დგას.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში ტრადიციების დაცვას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩემთვის გაუგებარია, როგორ დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. ისტორიულად ხომ ჩვენში ქალის, დედის კულტი იყო საყოველთაოდ აღიარებული და სათაყვანო. პარადოქსულია – სიტყვით ქედს იხრიან ქალთა წინაშე საქმით კი საპირისპიროს აკეთებენ (ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისის) პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის 1102 ფაქტი დაფიქსირდა)”, – ამბობს კვლევის ავტორი თინათინ სუდაძე.

სრული კვლევა იხილეთ აქ

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s