რა დაბრკოლებებს აწყდებიან გოგონები/ქალები ტექნიკურ სპეციალობებში? რატომ არის გოგონების კონცენტრაცია უფრო მაღალი საბუნებისმეტყველო დარგებიდან ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო ფიზიკისა და საინჟინრო სპეციალობებში შედარებით დაბალი? არის თუ არა მშობლების, მასწავლებლების, თანატოლების მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულებები პრობლემა? – ამ და სხვა საკითხებზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ორგანიზებით, სასტუმრო ‘რუმსში’ დისკუსია მოეწყო თემაზე – გენდერული თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის.

“გოგონები აკადემიური მოსწრებით ბიჭებს უტოლდებიან და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში უსწრებენ, მაგრამ მათი თვითშეფასება დაბალია” – კვლევამ, რომელიც 2013-2014 წლებში ჩატარდა და რამდენიმე საკითხი გამოკვეთა.

კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ გოგონების ნიჭი საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სისტემურად იკარგება სკოლიდან უმაღლესი სასწავლებლისკენ გასავლელ გზაზე. ასევე, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია გოგონების მიმართ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის დარგში სწავლის გაგრძელებისას. შედეგად, გოგონების თვითშეფასება ამ საგნებში ნაკლებია ბიჭების თვითშეფასებაზე და უმაღლესი განათლების მისაღებად ისინი აღარ ირჩევენ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის დარგებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს დირექტორის გენდერისა და სოციალური თანასწორობის მიმართულებით, ქეთევან მამინაიშვილის განცხადებით, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო (STEM) სფეროებში დასაქმების კლიმატი გოგონების მიმართ მკაცრია.

“კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გოგონების ნიშნები მაღალია მათემატიკაში,  ფიზიკასა და ქიმიაში, გამოცდებს ისინი კარგად აბარებენ – ან უტოლდებიან ბიჭებს შეფასებაში ან ოდნავ ასწრებენ კიდევაც. მიუხედავად ამისა, მათი თვითშეფასება მაინც დაბალია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველი მხრიდან ისმენენ – ბიჭი მაინც სხვაა – ეს ყველაფერი კი ქალების თვითშეფასებას აკნინებს და შედეგს მოგვიანებით ვხედავთ”, – ამბობს ქეთევან მამინაიშვილი.

ქეთევან მამინაიშვილის განცხადებით, სიღარიბე, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. ხშირად განაპირობებს იმ არათანაბარ პირობებს, რომელშიც გოგონები იმყოფებიან ხოლმე.

“სტატისტიკის მიხედვით, გოგონებს ხშირად მეტი სწავლა სჭირდება იმისთვის, რომ მიიღონ ის პოზიცია, რაც გაცილებით ადვილად შეიძლება კაცებმა მიიღონ. აქაც არათანაბარ პირობებში არიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო მეტი ქალი იღწვის მიიღოს განათლება და მიაღწიოს რამეს, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი – მათი თვითშეფასება გაცილებით დაბალია და ნაკლებად ითხოვენ სამსახურეობრივ დაწინაურებას. ნაკლებად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ა.შ”, – ამბობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს დირექტორი გენდერისა და სოციალური თანასწორობის მიმართულებით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ საბედაშვილი იმ სტერეოტიპების აღმოფხვრის გზებზე საუბრობს, რომლებსაც გოგონები/ქალები სწავლის პროცესში აწყდებიან. საბედაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა თავიანთი მოღვაწეობის დროს გენდერული სტერეოტიპები არ გააღვივონ.

ალბათ, ყველას გვახსოვს, თუ კარგი იყავი მათემატიკაში მასწავლებელი გეუბნებოდა, რომ კაცის ტვინი გაქვს. ეს ჩვენს მენტალიტეტში არსებობს და ჩემი აზრით, ძალიან  ნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების პროფესიული მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ ამყარებენ ისინი თავიანთი პროფესიული მოღვაწეობისას გენდერულ სტერეოტიპებს და რა წვლილი შეაქვთ მათ აღმოფხვრაში. თანმიმდევრული და ხელშესახები, რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს არის ის, რომ მასწავლებლებს  აეხსნათ, თუ რა ზიანი მოაქვს სტერეოტიპებს ქალთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის”, – ამბობს თამარ საბედაშვილი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს დირექტორი გენდერისა და სოციალური თანასწორობის მიმართულებით ქეთევან მამინაიშვილი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში, რომელიც მასწავლებლების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს, გენდერული  მოდული, შეტანილი იქნება. მისი თქმით, აღნიშული მოდული მასწავლებლებს დაეხმარება იმაში, რომ სანამ ისინი ბავშვებს სიტყვიერად/წერილობით შეაფასებენ, თავიანთ სიტყვებს შეარჩევენ.

კომპანია გუგლის განვითარების ჯგუფის დამფუძნებელმა მენეჯერმა ნინო ნანიტაშვილმა იმ სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც გოგონები ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების არჩევისას აწყდებიან. მისი თქმით, გოგონები ამ მიმართულებებს იმიტომ არ ირჩევენ, რომ ისინი ამ პროფესიისგან განრიდებას თავად ახდენენ.

თუ ნახავთ დღეს ჩემი თაობის ახალგაზრდებს, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მოხვდნენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმირებული არ ყოფილა, რა იყო ეს სფერო და იღბალს მიენდნენ. მათი უმრავლესობა ასე მოხვდნენ იქ. კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ ვინაიდან ტექნოლოგიები ძველად რაღაც ფიზიკურ ძალას მოითხოვდა, დღემდეა ის განცდა, რომ ეს მამაკაცის საქმეა იმიტომ, რომ ქალები სუსტები არიან. თუმცა, თუ ავიღებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კომპიუტერთან ჯდომა ქალსაც და კაცსაც თანაბრად შეუძლია და აქ უკვე პლატფორმების ცოდნაზეა საუბარი. აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტში მისულ სტუდენტს სწავლის მოტივაციას ხშირად ლექტორიც უკარგავს, რადგან თავის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს სტუდენტს თავს ახვევს”, – ამბობს ნინო ნანიტაშილი.

STEM ფაკულტეტების არაპოპულარულობის მიზეზებზე საუბრობს განათლების მეცნიერების დოქტორანტი ნათია გორგაძეც და მას სკოლის დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში არსებულ სტერეოტიპულ მესიჯებს უკავშირებს. გორგაძე მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გენდერის თვალსაზრისით მათი მგრძნობელობის ასამაღლებლად ეს პროგრამები არაფერს მოიცავს.

ზუსტად ამ თვალსაზრისით გაანალიზებული მაქვს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების და მასწავლებლების მომზადების პროგრამაში რამდენადაა საშუალება, რომ მასწავლებელი გახდეს მგრძნობიარე. მინდა გითხრათ, რომ არც პროფესიული გადამზადების პროგრამებში და არც განათლების პროგრამებში სამწუხაროდ, არ გვაქვს (ერთადერთი ილიას უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს გენდერული საკითხები განხილულია განათლების კონტექსტში). იგივე სიტუაციაა  მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამებში, არ არის  ასეთი ასპექტი ასახული.

ერთადერთი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გენდერული თანასწორობა არის მნიშვნელოვანი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსია. იქ პირდაპირ წერია, რომ მასწავლებელმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს მას.

ყველა სახელმძღვანელოში, გამონაკლისის გარეშე, მეტად და ნაკლებად, მაგრამ მაინც არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულება. მაგალითად, ისტორია მასკულინურია. იქ უფრო მეტი მამაკაცია ნახსენები და აქცენტებიც მასკულინურ საკითხებზეა გაკეთებული. დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებს თუ გადავხედავთ, რაოდენობრივად კარგადაა დაბალანსებული ბიჭისა და გოგოს რაოდენობა ამოცანებში, მაგრამ თუ შინაარსს შევხედავთ – გოგოს ფული არასდროს აქვს, დედა მხოლოდ ტორტს აცხობს, კაცი ექიმია, მოგზაურობს და ბევრი შემოსავალი აქვს. რეალურად, თუ ბავშვი ბაღიდან დაწყებული ამ ქვეტექსტებს სახელმძღვანელოების მეშვეობით პერმანენტულად იღებს, საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ გოგონები ნაკლებად არიან STEM-ში წარმოდგენილი”, – ამბობს ნათია გორგაძე.

ვინაიდან საქართველოში შრომის ბაზრის კვლევა არ არსებობს, პროფესიის არჩევისას ბაზრის მოთხოვნას აბიტურიენტები არ ითვალისწინებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლებს სასურველი პროფესიის კადრები არ ჰყავთ. სწორედ ამ შემთხვევასთან აქვს საქმე კომპანია GTS Electronic-ს. კომპანიის გენერალური დირექტორის ნინო ყოჩიაშვილის განცხადებით, მისი სტაფი ბერდება.

ჩემი კომპანიის დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები უკვე ასაკში შედიან და ბაზარზე ახალი კადრები არ გვყავს. მე ბევრ უნივერსიტეტში ვიყავი, რომ ელექტროინჟინერიის კადრი მომეძებნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თუ ასეთ სტუდენტს ვიპოვით, ისინი ამბობენ, რომ აქ მაინც არ დარჩებიან და საზღვარგარეთ წავლენ. მათი არჩევანი, რომ ისინი ელექტრო ინჟინრები ხდებიან, მათი გადაწყვეტილება არ არის და ეს უბრალოდ ჩამონათვალში არსებული ფაკულტეტია, სადაც მოხვდნენ” – ამბობს ყოჩიაშვილი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო უზრუნველყოფს სოციალური და გენდერული ასპექტების, გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების, მდგრადი განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ინტეგრაციას კომპაქტის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ და გენდერულ ასპექტებს ეთმობა, რაც მჭიდროდ არის ინტეგრირებული კომპაქტის ყველა მიმართულებაში. გარდა ამისა, კომპაქტი მიზნად ისახავს ქალების მონაწილეობის გაზრდას საინჟინრო და საბუნებისმეტყველო (STEM) პროფესიებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიჩნეულია, გენდერულ უთანასწორობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s