არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში დავით ნოზაძემ თბილისში მცხოვრები ჰომოსექსუალი კაცების რელიგიური რწმენის თავისებურებები იკვლია.

“გადავწყვიტე, კვლევა ჰომოსექსუალ კაცებთან ჩამეტარებინა, რადგან საქართველოში და მსგავს პატრიარქალურ საზოგადოებებში უმეტესად ყურადღება კაცების ჰომოსექსუალობაზეა გამახვილებულია და ნაკლებად ქალების ჰომოსექსუალობაზე. თვითონ ჰომოსექსუალური ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიხედვით ეტიმოლოგიურად მხოლოდ კაცებს შორის სექსუალურ ურთიერთობას გამოხატავს -(მამათმავლობა)”, – ამბობს კვლევის ავტორი დავით ნოზაძე.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტები ჰომოსექსუალი კაცები არიან, რომლებიც თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მათი ასაკი 18-დან 27 წლამდეა, ჩაღრმავებული ინტერვიუების გამოყენებით, 7 რესპონდენტი გამოიკითხა. ოთხ მათგანს პარტნიორი ჰყავს, ხოლო დანარჩენ სამ რესპონდენტს ამჟამად პარტნიორი/შეყვარებული არ ჰყავს. გამოკითხული რესპონდენტების ნახევარი არ მუშაობს, ისინი ძირითადად ოჯახის წევრების შემოსავალზე არიან დამოკიდებული, ხოლო, მეორე ნაწილს აქვს სამუშაო და საკუთარი შემოსავალი.

კვლევის ავტორის მოსაზრებით, საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ ძირითადად ერთგვაროვანია და მათ მიერ საზოგადოებაში სექსუალური ორიენტაციის ღიად გამოხატვას უარყოფითად აფასებს.

“ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებაზე ჰომოსექსუალობის და ჰომოსექსუალური ურთიერთობის მიმართ, რადგან მართლმადიდებლობა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიაა და შესაბამისად, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებისა და დამოკიდებულებების ფორმირებაზე. მართლმადიდებლობის წარმომადგენელი სასულიერო პირების აზრით, ჰომოსექსუალობა მძიმე ცოდვაა, რომლისგანაც თავის დაღწევა ადამიანს სურვილის შემთხვევაში შეუძლია. ეს მოსაზრება ისმის ყველაგან და ყოველთვის მართლმადიდებლობის წარმომადგენლების მხრიდან”, – ამბობს დავით ნოზაძე.

კვლევის ამოცანები იყო დაედგინა: არიან თუ არა რელიგიურები თბილისში მცხოვრები ჰომოსექსუალი კაცები; იზიარებენ თუ არა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიის, მართლმადიდებლობის დოქტრინას; ეთანხმებიან თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობის მიმართ; აქვთ თუ არა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის გამოცდილება; ახდენს თუ არა გავლენას და რა გავლენას ახდენს რელიგია ( მართლმადიდებლობა) მათი ცხოვრების წესზე.

  • რელიგიის მნიშვნელობა ჰომოსექსუალი კაცებისთვის

კვლევის მონაწილე რესპონდენტებისთვის რელიგია ადამიანის რწმენასთან დაკავშირებულ საკითხს წარმოადგენს. ეს არის ის, რაც მათ ღმერთს, გარკვეულ წესებსა და კანონებს სთავაზობ. ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, კი ეს წესები და კანონები ზოგჯერ ბოროტებაა, რადგან ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

“თუ ჩვენ განვიხილავთ მაგალითად – ყურანს, ყურანში არის სურები, სადაც პირდაპირ მოწოდებებია, როგორ უნდა მოკლა სხვა რჯულის, სხვა ეროვნების, სხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანი, პირდაპირ არის ასეთი სურა: მოკალით მრავალღმერთიანები…. რაც შეეხება ძველ აღთქმას, ქრისტიანობის საწყისს, იქაც იგივეა მოწოდებები, თუ როგორ ახოცინებდა ღმერთი ებრაელებს სხვა ერებს, რომ მიდით დახოცეთ და ის მიწა აიღეთ“. ( თ. 27 წლის)

სხვა რესპონდენტი კი ამბობს, რომ რელიგია მისთვის არის სიყვარული და სამართალი და ღმერთი არის სინდისის ხმა ადამიანში.

“ადამიანისთვის, ალბათ, ის მნიშვნელობა აქვს, რომ რაღაც ჩარჩოებში აქცევს და რაღაც ზღვარს არ გადადის, იმიტომ, რომ მას რელიგია მეტ-ნაკლებად არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაღაც ჩარჩოებს გასცდეს, უბრალოდ რელიგია არის იმისთვის, რომ ადამიანების მასის სამართავად შექმნილი, რომელიც არ მისცემს მას რაღაცების გაკეთების უფლებას“. (მ.27 წლის)

“ადამიანმა არ იცის ვინ არის, რატომ არის, საიდან მოდის და სად წავა. ამიტომაც, რელიგია სთავაზობს მას, ვინ ხარ შენ და გეუბნება, საიდან მოდიხარ, სადაც წახვალ ამასაც გეუბნება. ანუ, რელიგია არის ის, რომელიც აი, ამ კითხვებს შენ გიგვარებს, პასუხს გცემს მოკლეს და კონკრეტულს, რომ მოდიხარ აი აქედან, შეგქმნა ღმერთმა, შემდეგ გეუბნება რომ ასე და ასე მოიქცევი, კაი პონტში იქნები, ასე ვიტყვი (იცინის), რაღაც-რაღაცებს არ დაემორჩილები და ძალიან ცუდ ადგილას აღმოჩნდები“. (თ. 27 წლის)

ყველა რესპონდენტი ბავშვობაში მართლმადიდებლური წესით არის მონათლული, რასაც ერთ-ერთი რესპონდენტი მისი უფლების შელახვად აღიქვამს და ფიქრობს, რომ მშობლები დღესაც არღვევენ ბავშვის უფლებებს, როცა მას მცირე ასაკში ნათლავენ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა ერთი ნაწილი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი – არც ერთ რელიგიურ კონფესიას არ მიაკუთვნებს თავს. მათ პასუხებში იკვეთება დადებითი დამოკიდებულებები ისეთი ზოგადი ცნებების მიმართ, როგორიც არის – სიყვარული, თავისუფლება, სიკეთე და ა.შ.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას, მთავარია მწამდეს ჩემი თავის და ჩემი შესაძლებლობების, რელიგია რავი, ალბათ მეორეხარისხოვანია ცხოვრებაში, იმიტო რო რატო უნდა მწამდეს რაღაცის, რომელიც არ მინახავს..“ ( ბ. 18 წლის)

“ჩემთვის რელიგია არის ადამიანის მიერ გამოგონილი წვერებიანი კაცუნა“. ( ნ.18 წლის)

ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, ადამიანებისთვის რელიგია სამყაროში არსებული გარკვეული ლოგიკურად ამოუხსნელი მოვლენების არსებობასთანაა დაკავშირებული.

“ღმერთის ხშირად იმიტო სჯერათ რომ არსებობს ბევრი ამოუხსნელი მოვლენა, რასაც მისტიკური ჰქვია და ალბათ ამას მივაწერთ ჩვენ, ნუ ეს არის ადამიანებისთვის ღმერთი, რასაც მიაწერს ამოუხსნელ მოვლენებს რომლებიც ხდება“. ( გ. 26 წლის)

კვლევის ავტორის თქმით, რელიგია რესპონდენტებისთვის ერთგვარ მარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც სამყაროში წესრიგი შემოაქვს და ადამიანს გარკვეულ საზღვრებში აქცევს მისი ამჟამინდელი და მომავალი კეთილდღეობის პირობით.

  • რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის გამოცდილება

კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტებიდან არც ერთი არ ესწრება რელიგიურ რიტუალებს ინტენსიურად. თუმცა, წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ მიუღიათ მონაწილეობა ეკლესიურ რიტუალებში, უთქვამთ აღსარება. ძირითადად ეს ხდებოდა ბავშვობის პერიოდში, როდესაც მათ არ ჰქონდათ კარგად გაანალიზებული თუ რატომ მიდიოდნენ ეკლესიაში და ესწრებოდნენ რელიგიურ რიტუალებს. ზოგჯერ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ უბრალოდ ოჯახის წევრს ვერ ეუბნებოდნენ უარს.

მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ეკლესიაში სიარული საკუთარი სურვილით დაიწყო და ეს შემთხვევა მის ბავშვობაში მომხდარ ნეგატიურ ფაქტთან, გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული, როდესაც მასზე იძალადეს.

“მსხვერპლი გავხდი ძალადობის. რამდენიმე პიროვნებასთან მომიწია ურთიერთობა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. 21-დან 26-მდე მერყეობდა მათი ასაკი, მე 7 წლის ვიყავი. ვიყავი საშინლად დასახიჩრებული სახეზე, მარცხენა ლოყა მქონდა დაჭრილი სამგან. ჩამარტყეს, მერე იყო დაჭრა და როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, ოთხივე მათგანთან მქონდა სექსუალური კონტაქტი. იყო ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნევროლოგები ჩემს პრაქტიკაში იმიტომ, რომ მჭირდებოდა. მერე უკვე ეკლესიას შევაფარე თავი, ჩემი თავი ეკლესიით გამოვიყვანე“.

მხოლოდ ერთი გამოკითხული რესპონდენტი ლოცულობს სახლში დილით და საღამოს და მისთვის ეს პროცედურა ძირითად რელიგიურ რიტუალს წარმოადგენს.

“ლოცვით ვლოცულობ ყოველ დილით, იმიტომ რომ მჯერა ღმერთის; იმიტომ რომ არ მინდა კოშმარები დამესიზმროს. ცუდად გახდომის, ძილის წინ და დილით მაინც ვლოცულობ, იმიტომ რომ მჯერა ღმერთი არსებობს და პატივს მივაგებ“. (გ.26 წლის)

  • ურთიერთობა სასულიერო პირებთან

კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობას სასულიერო პირებთან ურთიერთობა ჰქონია. რამდენიმე მათგანს ჰყოლია მოძღვარი, რომელთანაც თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ უსაუბრიათ. ყველა მათგანი ამბობს, რომ სასულიერო პირები მათ გამოჯანმრთელებას, გამოსწორებას, ცხოვრების წესის, აზროვნების შეცვლას ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ, სანამ ისინი არ შეიცვლებოდნენ, მათ არ აზიარებდნენ.

“სიწმინდეებს არ უნდა მიეკაროო, წმინდა ძვლებს არ უნდა მიეკაროო. ზიარებას ვერ მიიღებო, სანამ არ გამოჯანმრთელდებიო და ვიღაცა მიმასწავლეს. ნომერი ჩაიწერეო, ვიღაც მღვდელი არიო და გამოგაჯანმრთელებსო”. ( ნ.18 წლის)

აღსანიშნავია ერთი რესპონდენტის შემთხვევა, როდესაც მან გადაწყვიტა აღსარების ჩაბარება ერთ-ერთ მოძღვართან სამების საკათედრო ტაძარში და საკუთარი ორიენტაციის შესახებ საუბარი დაიწყო. მოძღვარმა მას აღსარება შეაწყვეტინა და როგორც რესპონდენტი ამბობს, კაფეში შეხვედრა დაუნიშნა.

“დღევანდელ დღეს, ჩვენი მამაოების შემხედვარე, მე უკვე ვეღარ ვენდობი ვერავის. აღსარებაზეც ვეღარ მივდივარ, იმიტომ რომ მქონდა ესეთი რთული შემთხვევა ერთ კონკრეტულ მამაოსთან. მე აღსარების თქმა დავიწყე და იმან პაემანი დამინიშნა ერთ-ერთ კაფეში. მითხრა, რომ კაფეში გაგვეგრძელებინა საუბარი. აქ ამაზე სალაპარაკო ადგილი არ არისო და ჯობია ჩვენი საუბარი კაფეში განვაგრძოთო. მისგან იყო მოწონება. ამ ადამიანმა იმდენი იჩალიჩა, რომ ჩემი ნომერი გაიგო და ძალიან დიდხანს მეკონტაქტებოდა ტელეფონზე. უკვე შემაწუხებელი გახდა ეს ზარები და ვთხოვდი, თავი დაენებებინა“. ( გ. 23 წლის)

  • დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართ

კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტები უნდობლად არიან განწყობილნი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისადმი და უნდობლობის საფუძველი, ზოგიერთის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობის გამოცდილებაა, რომლის დროსაც სასულიერო პირები მათი სტატუსისთვის შეუფერებლად მოიქცნენ.

“ხანდახან მიჩნდება შთაბეჭდილება რომ ქუჩაში მოკიდეს ვიღაცას ვიღაცას ხელი და აკურთხეს მღვდლად”. ( გ. 26 წლის)

გარდა ამისა, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ჰქონიათ მცდელობა სხვა რელიგიების ძიებისა. ერთი მოინათლა კიდეც პროტესტანტული წესით და გარკვეული პერიოდი დადიოდა პროტესტანტულ ეკლესიაში. ერთ-ერთ რესპონდენტს კი თინეიჯერობის ასაკში გოთების სექტის წევრად ყოფნის მცირეხნიანი გამოცდილებაც აქვს.

“რამდენად რელიგია იყო, არ ვიცი. ეს ჩემი თინეიჯერობის ასაკში ხდებოდა. მე ვითომ რაღაც სექტებში დავდიოდი, ეს იყო რაღაც დაჯგუფებები გოთებთან, სატანისტებთან. რაღაც ახალს ვეძებდი. რაღაცა მინდოდა შემეცვალა ვითომ, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდი, სრული იდიოტიზმი იყო, რასაც ეგენი აკეთებდნენ”. (მ.27 წლის)

  • რელიგიის გავლენა ცხოვრების წესზე

კვლევაში მონაწილე ჰომოსექსუალი კაცები, ერთი ადამიანის გარდა, ამბობენ, რომ რელიგიას მათზე, მათი ცხოვრების წესზე გავლენა არ მოუხდენია და ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება ისე წარიმართა და იმართება, როგორც მათ სურთ. მხოლოდ ერთი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ რელიგიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.

“რელიგიამ მე წამართვა 23 წელი. დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასი გვაქვს ადამიანებს. რელიგიამ შექმნა ადამი და ევა, შენ იბადები და არც ადამი ხარ და არც ევა. ის ადამი და ის ევა არ ხარ, რომელიც ღმერთმა შექმნა და რომ შენ ხარ ბოროტება, საძაგელი არსება ამას გეუბნება რელიგია… რელიგიამ მე წამართვა ადამიანები, რომლებთან ერთადაც უნდა ვიბრძოლო უფლებებისთვის, თუნდაც, ჰომოსექსუალები. ძალიან ბევრი წამართვა, ზოგი სად ჰყავს, ზოგი სად – გამოკეტილი და სტანჯავს, აწამებს…’’ ( თ.27 წლის)

ერთი რესპონდენტი კი ამბობს, რომ რელიგიამ დადებითი გავლენა მოახდინა მასზე და მასში ისეთი დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორიც არის – არაკონფლიქტურობა, კომუნიკაბელურობა, ადამიანების მოსმენის უნარი.

“გავლენა მოახდინა ის, რომ არ მიყვარს კონფლიქტი, არ მიყვარს ჩხუბი, ვარ ძალიან მშვიდი ადამიანი. ანუ, ვერ ვიტყვი რომ ცუდი გავლენა მოახდინა, პირიქით – ვფიქრობ, რომ კარგი გავლენა მოახდინა. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა“. ( მ. 27 წლის)

როგორც კვლევის ავტორი დავით ნოზაძე ამბობს, კვლევის შედეგების მიხედვით, კვლევაში მონაწილე თბილისში მცხოვრები ჰომოსექსუალი კაცები რელიგიურობით არ გამოირჩევიან და არ არიან აქტიური მორწმუნეები, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ მათი რელიგიის – მართლმადიდებლობის წარმომადგენელი სასულიერო პირები რადიკალურად შეცვლას სთხოვენ.

“ზოგიერთი რესპონდენტი რელიგიასთან დამოკიდებულებას არ უკავშირებს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. თუმცა, მათ საუბარში მაინც ჩანს გარკვეული კავშირი რელიგიურ განწყობასა და სექსუალურ იდენტობას შორის, რაც ვლინდება თუნდაც სასულიერო პირების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებასა და ნეგატიურ განწყობაში. თითქმის ყველა მათგანს აქვს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის გამოცდილება. აღსარების დროს რამდენიმე რესპონდენტს უსაუბრია სასულიერო პირთან სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მოძღვრები მათ სთხოვდნენ ორიენტაციის შეცვლას. ზოგჯერ სთავაზობდნენ დახმარებას, გამოჯანმრთელებაში. კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ ლგბტ ადამიანებს (ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალ კაცებს) შემუშავებული აქვთ ერთგვარი დამცავი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ აირიდონ ის სიძულვილი, რომელიც საზოგადოების მხრიდან მოდის. მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: “რაც უფრო ბევრი რამე გკიდია, ცხოვრება უფრო მშვიდია“, – ამბობს დავით ნოზაძე.

კვლევა იხილეთ აქ

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s