არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში ლადო ბიწაძემ ოჯახსა და საზოგადოებაში ტრანზიციის დროს ტრანსგენდერი ქალების პრობლემები იკვლია.

მოცემული კვლევა ოჯახში ტრანზიციის დროს საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების პრობლემების ანალიზს წარმოადგენს, რაც საშუალებას იძლევა ის სფეროები გამოვლინდეს, რომლებიც მათთვის პრობლემატურია.

“ჩემი კვლევა ეძღვნება გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის ხსოვნას. კვლევის მიზანია მკითხველს გააცნოს ის პრობლემები, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები ოჯახში ტრანზიციის დროს აწყდებიან და ამ პრობლემების გაცნობით აამაღლოს მგრძნობელობა ტრანსგენდერი ქალების მიმართ”, – ამბობს კვლევის ავტორი.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა თბილისში მცხოვრებმა 4-მა ტრანსგენდერმა ქალმა მიიღო. რესპონდენტებიდან 2 განქორწინებულია, ხოლო 2 არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ერთ-ერთ მათგანს კი ბიოლოგიური შვილები ჰყავს. კვლევაში ასევე მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის დედამ.

ტრანზიცია არის დროში გაშლილი პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პროცედურებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომელთა განმავლობაშიც ადამიანი საკუთარ გენდერულ როლსა და თვითგამოხატვას უსადაგებს საკუთარ თვითაღქმას.

“კვლევის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრანზიციის პროცესში გამოკითხულთაგან ყველამ შეიცვალა ხმა, მანერები და ჩაცმის სტილი. მათგან მხოლოდ ერთმა მიმართა თმების მოშორებას სახეზე, ხელებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ორმა მათგანმა აღნიშნა, რომ აქვთ სურვილი ჩაიტარონ მამოპლასტიკა (მკერდის გაზრდის ოპერაცია) თუმცა, ორივე მათგანი დასძენს, რომ ეს ძვირი სიამოვნებაა.

სალი (33 წლის) ფინანსური პრობლემის გარდა სხვა საკითხსაც გამოყოფს:

“ჩემი სხეულის სრულყოფისთვის ერთადერთი, რასაც გავიკეთებდი მკერდია, მაგრამ ჩემი შვილები უკვე იმხელები არიან რო მკერდი რო გავიკეთო დამაჭრიან გამიკეთებენ უკან“.

კვლევის ავტორი ლადო ბიწაძე აღნიშნავს, რომ ტრანზიციის პროცესში ქროსდრესინგის მომენტებიცაა გამოსაყოფი. მისი თქმით, კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა სრული უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთვის დღისით საზოგადოებრივ ადგილებში სასურველი ტანსაცმლით სიარული საფრთხის შემცველია.

ანკა აღნიშნავს, რომ იგი ბავშვობიდან მიმართავს ქროსდრესინგს, ოღონდ მალულად. მიუხედავად იმისა, რომ ქამინგ აუთი გაკეთებული აქვს, დღისით საჯარო ადგილებში გამოსვლისას უნივერსალურ ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას და უმეტესად ღამით იცვამს სურვილის მიხედვით.

სალის შემთხვევაში საქმე უფრო სხვანაირად იყო. იგი სოფელში გაიზარდა და ქროსდრესინგის საშუალება ნაკლებად ჰქონდა. ამასთანავე, მის ოჯახში არსებული ჰომოფობიური შეხედულებები ბარიერი იყო მისთვის. მან ქროსდრესინგს უფრო მოგვიანებით მიმართა, როდესაც უკვე მეუღლეც ჰყავდა და შვილებიც.

“როდესაც მე ტანსაცმელი მომწონდა, ამ დროს მეუღლე მყავდა უკვე და როდესაც ვყიდულობდი მისთვის ტანსაცმელს და ვარჩევდი, რეალურად ვარჩევდი ჩემთვის, მისთვის კი არა. ის, რომ ბაღში ან სკოლაში მივდიოდი, ჩავიცვამდი, სარკის წინ ვიდექი, ქალივით ვიყურებოდი – ვაიმე ეს ხომ მიხდება, ეს ხომ მომწონს, ეს ხომ ჩემთვის არის“.

  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა

კვლევის მონაწილე რესპონდენტების უმეტესობა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს, რომელიც მათზე ზოგჯერ ოჯახის, ზოგჯერ კი საზოგადოების მხრიდან ხორციელდება. ზოგიერთ მათგანს ძალადობისგან თავის დასაცავად საკუთარი გენდერული იდენტობის დამალვა და სხვებისთვის მისაღებ ფორმაში ჩადგომა უხდება, ზოგიერთს კი ახლობელ ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტამ მოუწია.

იზა (32 წლის) იძულებითი ქამინგ აუთის შემდეგ მუდმივად ელის ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეს საკუთარი ძმის მხრიდან, ამიტომ მაქსიმალურად იკავებს თავს მასთან ნებისმიერი სახის კონტაქტისგან. ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შიში აქვს ანკასაც, ამიტომ, იგი ცდილობს მამამისმა არაფერი გაიგოს მის შესახებ.

“მე მამაჩემის მეშინია, ცოტა სხვანაირი გაგების კაცია და არ მომეჭრას, რაიმე არ დამიშავოს“.

ანკა (26 წლის), სალი (33 წლის) და ნინი (42 წლის) ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, რომელიც საზოგადოების მხრიდან არაერთხელ განუცდიათ. მათ თავს ე.წ. “პლეშკაზე“ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“დამაწვინეს და დაწოლილს მირტყამდნენ წიხლს. მესამე ნეკნი მაქვს გაბზარული და დაჟეჟილობა მაქვს და ახლა სუნთქვის დროს ან დახველების დროს ძალიან მტკივა“. (სალი, 33 )

სამართალდამცავებისადმი უნდობლობას ასევე ამძაფრებს საბი ბერიანის საქმის გაჭიანურება და სამართალდამცავების მხრიდან მკვლელობის ოფიციალურ მოტივად საბის გენდერული იდენტობის არდასახელება. ანკა ამბობს, რომ საბის სიკვდილის შემდეგ საზოგადოებისადმი შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა და უფრო მეტად უკლო დღისით გარეთ გასვლას.

“მე საბის ამბის მერე იმხელა სტრესი მქონდა. მეშინოდა, სადარბაზოში რომ ამოვდიოდი სულ მელანდებოდა, რომ ვიღაც მკვლელი დადიოდა“.

  • ოჯახის დამოკიდებულება ტრანსგენდერი ქალებისადმი ტრანზიციამდე და მის შემდეგ

ლადო ბიწაძის კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ოჯახში ერთმა წევრმა მაინც (ძირითად შემთხვევაში დედა და/ან და-ძმა, ერთ შემთხვევაში რძალი) იცის მათი გენდერული იდენტობის შესახებ. რაც შეეხება ქამინგ აუთს, უმეტეს შემთხვევაში ეს ნებაყოფლობითი იყო, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიგეს ოჯახის სხვა წევრებმა (დედამ უკვე იცოდა) მესამე პირისაგან.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად დედის მხრიდან მათი მხარდაჭერისა, ისინი მათ “ნორმალურად“ არ აღიქვამენ.

“დედაჩემი მეუბნება ხოლმე „ასეთი რატომ ხარ“ და მლანძღავს ხოლმე. რავიცი, კი ჰუმანური არსებაა, მაგრამ თავის შვილს რომ ეხება საქმე უკვე სხვანაირად ლაპარაკობს, ხომ იცი, ყველა დედისთვის ეს ესეა“. (ანკა)

კვლევის ავტორის თქმით, შვილის გენდერულ თვითაღქმასთან პირველ ეტაპზე შეგუება უჭირდა გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის დედასაც.

“როგორც ბერიანის დედა ამბობს, ბოლო წლებში იგი მის შვილს მხარს უჭერდა და ცდილობდა გვერდში დადგომოდა. მისთვის მეზობლების აზრსა და დამოკიდებულებას მნიშვნელობა არ ჰქონდა და მეზობლების თვალწინ ყოველთვის იცავდა შვილს და აუგად მოხსენიების საშუალებას არავის აძლევდა”, – ამბობს ლადო ბიწაძე.

ბერიანის დედის თქმით, საბის დაგეგმილი ჰქონდა მკერდის ოპერაციის გაკეთება, რის შემდეგაც გარკვეული დრო სახლში სპეციალურ პირობებში უნდა ყოფილიყო და მოვლა სჭირდებოდა, რაზეც დედა დასთანხმდა და მზად იყო ამ ნაბიჯის გადადგმაში შვილს მხარში დასდგომოდა.

“ის მელაპარაკა მე რამოდენიმე დღით ადრე და მითხრა რომ დედაო, მკერდის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებო და შენი დახმარება მჭირდებაო. ოპერაციის მერე რაღაც პერიოდი გაკოჭილი უნდა ვიწვე და ეს დრო შენ უნდა მომიაროო. მეც ვუთხარი რომ ჩემი იმედი ჰქონოდა. ის ჩემი შვილი იყო და მე მას ყველაფერში გვერდით დავუდგებოდი“. (საბი ბერიანის დედა)

ოჯახის დამოკიდებულებაზე საუბრისას რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დედის გარდა, ოჯახის სხვა წევრებთან (განსაკუთრებით მამასთან) არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ და ძირითადად საკუთარ გენდერულ იდენტობას უმალავენ. მისგან “ნორმალურ“ მოქცევასა და გარეგნულ გამოხატულებას მოითხოვს ანკას ბაბუაც.

“ბაბუაჩემი რომ მხედავს ხოლმე ასე ბრაზდება. ახლა მე ასე კაბით არ დავხვედრილვარ. სულ შარვლით ვხვდები ხოლმე, მაგრამ თმა ხომ გრძელი მაქვს და პარიკი არ მაქვს. მაკიაჟიც ხომ მაქვს და სულ მაგაზე მეჩხუბება – ეს თმა შეიჭერი, ეს თმა შეიჭერი, დაემსგავსე როგორიც იყავი“.

  • ნათესავებისა და მეზობლების დამოკიდებულება ტრანსგენდერი ქალებისადმი ტრანზიციამდე და მის შემდგომ

“ქართული საზოგადოების ტრანსფობიურ განწყობილებაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. მათ შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საბი ბერიანის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარები. 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოსტ საბჭოთა სივრცეში ტოლერანტობის დონით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ასეთი სურათის ფონზე ადვილად აიხსნება ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც ტრანსგენდერი ქალებისადმი აქვთ მათ ნათესავებსა და მეზობლებს”, – ამბობს კვლევის ავტორი ლადო ბიწაძე.

კვლევის მონაწილე რესპონდენტების თქმით, მეზობლებისა და ნათესავების დამოკიდებულება მათდამი საკმაოდ კარგი იყო მანამ, სანამ მათ ტრანზიციის პროცესში ქროსდრესინგს არ მიმართეს და ეს სხვებისთვისაც გახდა ცნობილი.

იზას (32 წლის) თქმით, მისი ტელევიზორში გამოჩენიდან მეორე დღესვე დაიწყო სოფელში მისი ცხოვრების განხილვა, რამაც იზას ოჯახის წევრები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ (დედა, ძმა, რძალი, ძმისშვილები) იზასადმი აგრესიულად განაწყო.

“ჩემი ძმა 33 წლის არის და როგორია ახლა უბანში რომ ჩემზე ყველა ლაპარაკობს. დედაჩემს ჩვეულებრივ ვურეკავ ახლა, ვესაუბრები, მაგრამ როცა ძმა რომ სახლშია და მე ვურეკავ ვერ მელაპარაკება ხოლმე“. (იზა,32)

ნათესავებისა და მეზობლების მხრიდან აგრესიის თავის ასარიდებლად სოფელში ჩასვლისას საკუთარ გენდერულ თვითგამოხატვას მალავს სალიც (33 წლის). იგი საზოგადოებისათვის მისაღებად გამოწყობილი ჩადის ხოლმე ოჯახში და პრობლემებიც არ აქვს ამასთან დაკავშირებით.

“ნათესავებთან და მეზობლებთან არ მაქ ცუდი ურთიერთობა იმიტომ, რომ არ იციან ჩემი ორიენტაცია, რა ვარ და ვინა ვარ. სოფელში ახლაც რომ ჩავდივარ ამბობენ “ვასილიჩი ჩამოვიდა“ და ზოგი ქათამს კლავს და ზოგი ინდაურს. ყველას ვუყვარვარ“. (სალი,33)

ლადო ბიწაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ტრანზიციის პროცესი ერთგვარი გარდამტეხი წერტილია ტრანსგენდერი ქალების საზოგადოებასთან ურთიერთობაში. მისი თქმით, რესპოდენტთა სრული უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საზოგადოება მათდამი ნეგატიურად განეწყო მას შემდეგ, რაც მათ ტრანზიციის პერიოდში ქროსდრესინგს მიმართეს და ქამინგ აუთი გააკეთეს.

“ტრანსგენდერი ქალებისთვის ოჯახში წარმოჩენილი პრობლემები ტრანზიციის დროს დიდ გავლენას ახდენს მათ სოციალიზაციაზე. ასევე, დადასტურდა ისიც, რომ ნათესავ-მეზობლებს დიდი როლი აქვთ ოჯახის დამოკიდებულების განსაზღვრაში ტრანსგენდერი ქალების მიმართ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა ხდება ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი როგორც ოჯახის, ისევე საზოგადოების მხრიდან. უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე მწირი ინფორმაციისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაბალი ნდობის გამო, თითქმის არ მიმართავენ დარღვეული უფლების აღდგენის სამართლებრივ ხერხებს. ასევე, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ოჯახის წევრებიდან ყველაზე ხშირად დედებთან აქვთ ქამინგ აუთი გაკეთებული და სწორედ მათგან იღებენ როგორც ემოციურ, ასევე ფინანსურ (ზოგ შემთხვევაში) მხარდაჭერას. მიუხედავად დედების ამგვარი მხარდაჭერისა, ზოგიერთი მათგანი მაინც გამოირჩევა შვილისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, რაც მეტწილად საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპებისა და მეზობელ-ახლობლების გავლენის შედეგია”, – ამბობს კვლევის ავტორი ლადო ბიწაძე.

კვლევა იხილეთ აქ

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s