არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-3 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში ლილე ყაზაიშვილმა ნაციონალიზმი და ჰომოფობია იკვლია. კვლევა თბილისში, ქუთაისში, ბაღდათის რაიონსა და იმერეთის სოფლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 160-მა რესპონდენტმა მიიღო.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტებიდან 91 იყო ქალი, ხოლო 69 კაცი. კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტი ეთნიკურად ქართველია. ისინი ერთმანეთისგან ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების მიღწეული დონის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით განსხვავდებიან.

“ჰომოფობიას ლგბტ თემის მიმართ მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად შესაძლოა თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი მივიჩნიოთ. კვლევის პროცესში შევეცადე ნაციონალიზმის ცნება გამეყო ეთნიკურ, რელიგიურ და სამოქალაქო ნაციონალიზმად და დამედგინა, რა კავშირი არსებობს ჰომოფობიასა და ქართული ნაციონალიზმის ამა თუ იმ ფორმებს შორის. კვლევის მიხედვით, რელიგიურ ნაციონალიზმსა და ჰომოფობიას შორის მაღალი კორელაცია გამოვლინდა”, – ამბობს კვლევის ავტორი ლილე ყაზაიშვილი.

ნაციონალიზმი იდეოლოგიაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ ერი, ნაცია არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი. ამასთანავე, ნაციონალური ინტერესები უპირატესია ცალკეული ჯგუფების ინტერესებზე და უფრო მაღლა დგას, ვიდრე ინდივიდის ინტერესები.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ჰომოფობიურობასა და ისეთ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის როგორიცაა ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და ეკონომიური მდგომარეობა გარკვეული სახის კავშირი არსებობს. კორელაცია არ არის ძლიერი, თუმცა, შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება. ზოგად დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და ჰომოფობიას შორის კორელაცია: (0,01 დონეზე)

  • კავშირი ასაკსა და ჰომოფობიის მაჩვენებელს შორის: 0,511 ( სუსტი კორელაცია)
  • კავშირი განათლებასა და ჰომოფობიას შორის: -0,13 ( ძალიან სუსტი)

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალები ნაკლებად ჰომოფობები აღმოჩნდნენ მამაკაცებთან შედარებით. ლილე ყაზაიშვილის თქმით, შედეგი შეიძლება განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ ქალები ნაკლებად ავლენენ ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას ლბგტ პირების მიმართ.

  • კავშირი საცხოვრებელ ადგილსა და ჰომოფობიას შორის: 0,48 (სუსტი კოლერაცია)

“კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის მოსახლეობა ნაკლებად ჰომოფობიურია. თუმცა, შესაძლოა შედეგი განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ თბილისელი რესპონდენტების უმრავლესობა იყო სტუდენტი”, – ამბობს კვლევის ავტორი.

ნაციონალიზმის სახეები და ჰომოფობია

კვლევის კითხვარში მოცემული კითხვები სამი ტიპის ნაციონალიზმს აფასებდა: ეთნიკურს, რელიგიურსა და სამოქალაქოს. მოცემული ტიპების შედარება ხდებოდა ჰომოფობიის სკალის ინდექსთან (0,01 დონეზე) რის შედეგადაც შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა.

  • კორელაცია ეთნიკურ ნაციონალიზმსა და ჰომოფობიას შორის: 0,21 (ძალიან სუსტია).
  • კორელაცია სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ჰომოფობიას შორის: -0,31 (არის უარყოფითი).
  • კორელაცია რელიგიურ ნაციონალიზმსა და ჰომოფობიას შორის: 0,48 (ძლიერი კორელაცია).

რელიგიურობა და ჰომოფობია

რელიგიურობის მიხედვით, კვლევის ფარგლებში, სამი ჯგუფი გამოიყო – ათეისტი/აგნოსტი, მორწმუნე, რომელიც იშვიათად ესწრება რიტუალებს და მრევლი.

  • რელიგიურობასა და ჰომოფობიას შორის კოლერაცია: 0,08 (ძალიან სუსტი კორელაცია)

“ჩემ მიერ გამოკითხული რესპონდენტიდან ყველა თავისუფალია ჰომოფობიური დამოკიდებულებისგან, ვინც თავს აგნოსტად ან ათეისტად მიიჩნევს. რელიგიური ნაციონალიზმის პრობლემის გააქტიურებას საქართველოში თან ახლავს ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტისა და გავლენის მზარდი ტემპი. NDI-ის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 96%-ს მოსწონს ილია მეორე (ნავარო, 2014). დავინტერესდი ამ შემთხვევაში რა კავშირი იქნებოდა ილია მეორის მოწონებას, მის ავტორიტეტად აღიარებასა და ჰომოფობიას შორის”, – ამბობს კვლევის ავტორი.

  • კოლერაცია პატრიარქის, როგორც ავტორიტეტის მიღებასა და ჰომოფობიას : 4,9 (ძლიერი კოლერაცია)

კვლევის მიხედვით, ერთი მხრივ არ არის კორელაცია რელიგიურობასა და ჰომოფობიას შორის. ხოლო, მეორე მხრივ კორელაცია არსებობს პატრიარქის ავტორიტეტად მიღებასა და ჰომოფობიას შორის.

სოციალური მანძილი

ლგბტ პირების მიმართ დამოკიდებულებებს მკაფიოდ ავლენს სოციალური მანძილის განმსაზღვრელი კითხვარი. პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება: რესპონდენტების უმრავლესობა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ოჯახის წევრად მიიღებდნენ ლგბტ ადამიანს, იყვნენ ქალები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ თუ მათი შვილი იქნებოდა ლგბტ თემის წევრი – მიიღებდნენ, თუმცა არ აირჩევდნენ მათ მაგალითად, მეგობრად.

ქართული ერის განსაკუთრებულობის მიზეზები

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ქართველი ერი განსაკუთრებულია. ნაციონალიზმის, როგორც ერის უპირატესობის და განსაკუთრებულობის აღქმის მიზეზების რაციონალიზაცია ძირითადად ერთფეროვანია და ოთხ ფაქტორში ერთიანდება: პირველირელიგიური ფაქტორები.

“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია“, – აცხადებს რესპონდენტი.

მეორე – ტრადიციები

სტუმართმოყვარეობა, ქართული სუფრა, ქართული სამზარეულო, ტოლერანტულობა…

“ვართ სტუმართმოყვარე და შემწყნარებელი ერი, ვიცით ოჯახის პატივისცემა, ძმობაც და მეგობრობაც“, – აცხადებს რესპონდენტი.

რესპონდენტთა უმრავლესობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მაგალითად, ტოლერანტობა ან სტუმართმოყვარეობა, როგორც მხოლოდ საქართველოში არსებულ ან საქართველოში განსაკუთრებულად გამოვლენილ ფაქტორებად მიიჩნევს.

“სხვებიც არიან სტუმართმოყვარეები შეიძლება, მაგრამ ჩვენ რომ ვიცით გადაყოლა სტუმარზე ისე არავინ იცის“.

მესამე – ნიჭიერება: ფიზიკური სილამაზე და ფოლკლორი.

“ქართველები ლამაზი ხალხი ვართ, გამორჩეულად გვეხერხება ცეკვა, სიმღერა“, – აცხადებს რესპონდენტი.

მეოთხე – ისტორია

“ქართველები განსაკუთრებულები არიან მხოლოდ ისტორიული წარსულის გათვალისწინებითაც. ასევე, ენათმეცნიერების, ჰიმნოგრაფიისაა და სხვა დარგებში“, – აცხადებს რესპონდენტი.

რესპონდენტები საქართველოს ისტორიას როგორც ქრისტიანობის შენარჩუნებისა და დაცვის ისტორიას ისე აღიქვამენ. შესაბამისად, ხშირად თანამედროვე მოვლენები აღიქმება, როგორც სახეშეცვლილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც მიზნად ქრისტიანულ ღირებულებებზე უარის თქმა აქვს.

ქართული ერის უპირატესობის მიზეზები

  • მართლმადიდებლობა

გამოკითხულ რესპონდენტთა 38,8% მიიჩნევს, რომ ქართველი ერი ყველა სხვა ერზე მნიშვნელოვნად უპირატესია. მიზეზები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. გამონაკლისს სარწმუნოების ფაქტორი წარმოადგენს, რადგან მართლმადიდებლობა განიხილება არა იმ რელიგიად, რომელსაც სხვა ქვეყნებშიც აღიარებენ, არამედ “ქართულ მართლმადიდებლობას“ გამოყოფენ, რომელიც “უფრო წმინდაა“ და მეტადაა შენარჩუნებული ძველი წეს-ჩვეულებები.

ქართველების ვალდებულება

რესპონდენტები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ყველა ქართველს აქვს რაიმე სახის საერთო ვალდებულება, ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყო.

“სცემდეს პატივს აზრთა სხვადასხვაობას და ინდივიდუალური არჩევნის თავისუფლებას“, – აცხადებს რესპონდენტი.

“პატივი სცეს თითოეული თავისი თუ სხვისი ქვეყნის მოქალაქეს, სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. არ იყოს ჰომოფობი!“ – აცხადებს რესპონდენტი.

უპირატესად აღნიშნულია ისეთი ნაციონალური ვალდებულებები, როგორიცაა ტრადიციების, რელიგიისა და სხვების დაცვა.

“დაიცვას ერი, ადათ-წესები, ენა, მამული და სარწმუნოება, იყოს პატრიოტი“.

“უყვარდეს თავისი ქვეყანა და პატივი სცეს ეკლესიას“.

კვლევის მიხედვით, უპირატესად აღნიშნულია ადამიანის, როგორც ოჯახის წევრის როლი. საუბარია მის გენდერულ როლზე და გენდერული როლიდან გამომდინარე – ვალდებულებაზე.

“ქართველი კაცი უნდა გავდეს კაცს და ქალი ქალს, უნდა აღზარდონ ღირსეული შვილები“

გენდერული როლები

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა 58.8% მიიჩნევს, რომ ქართველი არ უნდა იყოს ჰომოსექსუალი. ქართული ნაციონალური ხატისთვის ქალის და მამაკაცის ხატი არის ცალმხრივად ჰეტეროსექსუალურია. შესაბამისად, ლგბტ ადამიანი აღიქმება როგორ უცხო, თითქოს კარგავს სექსუალური ორიენტაციით ქართველობაზე “ლეგიტიმურ“ უფლებას.

“შეიძლება ითქვას, რომ “ნამდვილი ქართველი კაცისთვის“ დაუშვებელია ფემინური ქცევა და ნაკლებად მტრულია საზოგადოება იმ სექსუალობისადმი, რომელიც არ ჩანს. მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც მაღალი რელიგიურობით გამოირჩევიან, ზოგადად ჰომოსექსუალობას მისი “ცოდვილობიდან“ გამომდინარე, მიუხედავად ნაციონალური მიკუთვნებულობისა, ეწინააღმდეგებიან.

“ლგბტ არის მომაკვდინებელი ცოდვა, ქართველს არა აქვს ამის უფლება, არც არავის, რადგან რელიგიითაც დაუშვებელია და ყველაფრითაც“ – აცხადებს რესპონდენტი.

იმის მიხედვით, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი ქალი, რა თვისებებია მისთვის განსაკუთრებულად მისაღები ან მიუღებელი – ამ თვალსაზრისით შემდეგი მიმართულებები გამოიყო:

  • უნივერსალური თვისებები

“ქალი უნდა იყოს საზოგადოებაში ინტეგრირებული, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული და რაც მთავარია, “კუხნიდან” წარმატებით გამოსული“ – აცხადებს რესპონდენტი.

“ეთნიკურობა არ უნდა იყოს ნამდვილი ქალის განმსაზღვრელი. ნამდვილი ქალი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ნამდვილი არაქართველი ქალი, ჭკვიანი და განათლებული, უნდა აცნობიერებდეს მის უფლებებს“ – აცხადებს რესპონდენტი.

  • ოჯახის ნაციონალურ ღირებულებებსა და დედობის როლზე დამყარებული თვისებები

“ქალი უნდა იყოს პატიოსანი, მართლმადიდებელი. მისთვის მთავარ როლს მშობლობის მოტივაცია უნდა თამაშობდეს”.

“ნამდვილი ქალი უნდა იყოს ნამდვილი დედა, კარგი დიასახლისი“.

  • ნაციონალურ მოვალეობებზე დამყარებული თვისებები

“ნამდვილმა ქალმა სამშობლოს უნდა აღუზარდოს, მართლმადიდებელი, პატრიოტი შვილები და თვითონაც ასეთი უნდა იყოს“ – აცხადებს რესპოდენტი.

კაცის გენდერული როლის აღქმა

ამ სიტუაციაში აღსანიშნავია ისეთი უნივერსალური თვისებები, როგორიცაა განათლება და დამოუკიდებლობა, რომელიც კვლევის დროს, მეტად აღინიშნებოდა კაცთან მიმართებაში, ვიდრე ქალთან.

“კაცი არ უნდა აფასებდეს სტერეოტიპულად ყველაფერს. იგი უნდა იყოს ჭკვიანი და განათლებული“ – აცხადებს რესპონდენტი.

  • ოჯახის ღირებულებაზე დამყარებული თვისებები

“კაცი უნდა იყოს ვაჟკაცი, ოჯახის დამცველი, მეგობრების და საქართველოს მოყვარული, მართალი და კაცური კაცი“  – აცხადებს რესპონდენტი.

  • ნაციონალიზმსა და რელიგიურ კუთვნილებაზე დამყარებულ თვისებები

“კაცს გავლილი უნდა ქონდეთ სამხედრო სამსახური, მზად იყვნენ ქვეყნისთვის თავის გასაწირად. პატივი უნდა სცეს სხვა რელიგიებს ეროვნებებს და ტრადიციებს, დაიცვას ოჯახი, არ უღალატოს ცოლს, იყოს მართლმადიდებელი“ – აცხადებს რესპონდენტი.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ქართველი კაცის ნაციონალური ხატი ცალმხივად ჰეტეროსექსუალურია.

“ბევრი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ კაცს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ცოლი და შვილები. თუმცა, შვილების ყოლა მისი უშუალო ვალდებულება არაა. თუ ქალი მაგალითად, წარმოუდგენელია დედობის გარეშე, კაცი ასოცირდება მისთვის სასურველ ფიზიკურ მახასიათებლებთან (ვაჟკაცური, ძლიერი). ასევე, საინტერესოა “კაცურ კაცობის“ საკითხი, სადაც მოიაზრება მისი უნარ-ჩვევები – გაუძღვეს სუფრას, ჰყავდეს “ძმაკაცები“, “იცოდეს მოლხენა“ და ასე შემდეგ. აღსანიშნავია ასევე, რომ მსგავსი სურათი მხოლოდ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტის საშუალებით ჩატარებულ კითხვარებში მსგავსი თვისებების აღნიშვნა არ დაფიქსირებულა”, – ამბობს კვლევის ავტორი.

საშიშროების განცდა – “მტრის ხატი“

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა 68.8% ფიქრობს, რომ ქართული ტრადიციები საფრთხეშია. საფრთხის განცდა კი “ევროპეიზაციის პროცესს“ უკავშირდება. ყველა ის რესპონდენტი, რომელმაც დადებითი პასუხი შემოხაზა კითხვაზე – “არის თუ არა თქვენი აზრით ქართული ტრადიციები საფრთხეში“ – პასუხი იმგვარად გასცა, რომ საფრთხის განცდა ძირითადად სექსუალური ხასიათის იყო.

“საუბარია, როგორც ქალების “პატიოსნების დაკარგვაზე“, ასევე ლგბტ თემის მხრიდან გარყვნილების პროპაგანდაზე. მაგალითად, კითხვარის ჩატარების პროცესი რეგიონებში დაემთხვა გადაცემა პროფილის მეორე დღეს, როცა “პროფილში“ ტრანსგენდერი სტუმარი ჰყავდა. რესპონდენტები მისი სტუდიაში მოწვევის ფაქტს აღიქვამდნენ, როგორც ვიღაცის დაკვეთას”, – ამბობს კვლევის ავტორი ლილე ყაზაიშვილი.

საფრთხის წყაროდ აღიქმება სერიალები, სოციალური ქსელები, ტელევიზია და პროდასავლური პოლიტიკური კურსი, გლობალიზაცია.

“მომრავლდა სხვა ეროვნების, განსხვავებული ტრადიციების, რელიგიის მქონე ხალხი. ისტორიულად გადაგვარჩინა ტრადიციების პატივისცემამ. დღეს, ნელ-ნელა ევროპელები ვხდებით, ეს კი ბევრ რამეზე უარის თქმას ნიშნავს, ნელ-ნელა გადავჯიშდებით სულ.“ – აცხადებს რესპონდენტი.

“დღეს ყველა რატომღაც გენდერულ თანასწორობას იცავს და ქალებს პრეტენზიებიც უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. ჰგონიათ გენდერული თანასწორობა ითვალისწინებს მამაკაცის ღირებულების მორგებას. სწორედ ამ მიზეზით, ქალები გარკვეულ ზღვარს გადადიან, რაც ჩვენი ტრადიციისთვის მიუღებელია” – აცხადებს რესპონდენტი.

ლგბტ თემი და საშიშროება

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა 49.6% მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანები საშიშროებას წარმოადგენენ. რესპონდენტთა 63% მომხრეა, საკანონმდებლო დონეზე ლგბტ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, ლგბტ ადამიანები არიან განსაკუთრებით საშიშები მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, რადგან შეიძლება, ბავშვების სექსუალურ ორიენტაციაზე გავლენა მოახდინონ. შესაბამისად, ისინი ისეთ შეზღუდვებს ემხრობიან, რაც მათ სკოლებში და ბაღებში მუშაობის უფლებას არ მისცემს.

“უნდა იყვნენ თავისთვის, არ უნდა გამოდიოდნენ ასე აშკარად, ხალხთან არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი. მათი ცხოვრების წესის რეკლამირება ჩემთვის მიუღებელია“ – აცხადებს რესპონდენტი.

“არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ საქვეყნოდ ისაუბრონ თავიანთ ორიენტაციაზე და ამით პიარი გაიკეთონ, არ უნდა აწყობდნენ აქციებს“ – აცხადებს რესპონდენტი.

“…იმიტომ, რომ ეს ერის გარყვნილებაა. უნდა აიკრძალოს ეს მოვლენა და მისი გამოვლინება. მხოლოდ კანონის დაცვით, არ შეიძლება მათ მიმართ ძალადობა იმიტომ, რომ ისინი ავადმყოფები არიან“ – აცხადებს რესპონდენტი.

აღნიშული კვლევის მიხედვით რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. პირველ რიგში, კავშირი რელიგიურ ნაციონალიზმსა და ჰომოფობიას შორის კარგად ჩანს. აღსანიშნავია ის, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დადიან ეკლესიაში, ესწრებიან რელიგიურ რიტუალებს და იცავენ რელიგიურ წესებს არ გამოირჩევიან ჰომოფობიის მაღალი მაჩვენებლით.

“ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ეთნიკური ნაციონალიზმი კავშირშია ჰომოფობიასთან, გამომდინარე ფაქტიდან, რომ ეთნიკური ნაციონალიზმი აქტუალური აღარაა თანამედროვე საქართველოში, არ დადასტურდა. ეთნიკური ნაციონალიზმი შეიძლება ითქვას, აღარაა თანამედროვე საქართველოში იმდენად აქტუალური, როგორც ეს 15-20 წლის წინ იყო. ის აგრესია, რაც წლების წინ ეთნიკურად არაქართველის მიმართ იყო მიმართული დღეს, სხვა ფოკუსშია მოქცეული. ამ ფოკუსში შედიან ლგბტ ადამიანებიც, რომლებიც ეროვნული ინტერესების მტრებად განიხილებიან”, – ამბობს კვლევის ავტორი ლილე ყაზაიშვილი.

კვლევა იხილეთ აქ

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s