რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღებას ითვალისწინებს. დეპუტატმა თქვა, რომ ეს აუცილებელია, “აუცილებელია, ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“, რათა მომავალში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ”.

ჯაჭვლიანის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება, მანამდე კი “17-მა მაისმა” დეპუტატებს ჰკითხა, გეგმავენ თუ არა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში” ცვლილებების მხარდაჭერას.

აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატს მისი კოლეგები მხარს არ უჭერენ.

გუგული მაღრაძემ თქვა, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებებს “100 წელი არ დაეთანხმება”.

“რა სისულელეა, ამას არ დავეთანხმებით 100 წელი. ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. თავის დროზე ანტიდისკრიმინაციულს სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ, უმრავლესობა, ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ.

სოსოს აქვს უფლება, შეიტანოს რაც უნდა, ის კანონპროექტი, მაგრამ ამ კანონპროექტს, მგონი, მხარდაჭერა არ ექნება”.

ამავე აზრზეა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძეც.

“მე გადაწყვეტილებებს არ ვცვლი, მე რასაც დავუჭირე მხარი 1 წლის წინ, იმის საწინააღმდეგოს მხარს არ დავუჭერ”.

“ანტიდისკრიმინაციული კანონი” იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, მისაღებია ირაკლი ჩიქოვანისთვისაც, რომელიც სახელისუფლო გუნდის ყოფილი წევრია, ახლა კი პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” წარმოადგენს.

“კანონი, რა ფორმითაც დღეს გვაქვს, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. ის არ არის წამქეზებლური, იცავს ადამიანის უფლებებს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში მიუთითებს მაღალ დონეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით”.

“ანტიდისკრიმინაციული კანონის” სოსო ჯაჭვლიანისეული ვერსია ახალი პოლიტიკური ცენტრის დეპუტატებისთვისაც მიუღებელია.

პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილება კანონში არ შევა.

“არ მეგულება საქართველოს პარლამენტში ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს იმას, რომ ადამიანების ჩაგვრა ხდებოდეს მათი იდენტობის მიხედვით. ესეთი რამ, საქართველოს პარლამენტში, 21-ე საუკუნეში, მე მგონია, რომ არ გავა” – თქვა კუბლაშვილმა.

ზურა ჯაფარიძიე კი ამბობს:

“მე მხარს არ დავუჭერ. არ ვიცი, შეიცვალა თუ არა განწყობა, მაგრამ ეს კანონი პარლამენტში გავიდა იმ ჩანაწერით, რომლის ამოღებასაც ახლა ბატონი ჯაჭვლიანი ცდილობს, თვითონაც აქვს ამ კანონისთვის ხმა მიცემული. როცა იქნება ამ ცვლილებების განხილვა კომიტეტში, მაშინ გამოჩნდება, რა განწყობებია პარლამენტში”.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ ლგბტ თემატიკას საპარლამენტო უმრავლესობაში პრორუსული პოლიტიკის გატარებისთვის იყენებენ.

გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ის ამ ინიციატივას განიხილავს, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილს.

“მთავარი ამ ამბავში არის არა შინაარსი ამ ინიციატივის, არამედ კონტექსტი. რატომ აყენებს სოსო ჯაჭვლიანი ამ ინიციატივას და საერთოდ, რატომ იყენებენ ამ თემატიკას აი ეს პოლიტიკური ძალა. მათი ამოცანა არის ლგბტ თემატიკის გამოყენება სრულიად სხვა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, ევროპის დემონიზაციისთვის და იმ მითების გაღვივებისთვის, რომელსაც გულმოდგინედ ავრცელებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პროპაგანდა. მე ამ კონკრეტულ ინიციატივას განვიხილავ ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილად” – ამბობს კანდელაკი.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით კი, კანონში შესატან ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან მისთვის ზრდასრული ადამიანების ურთიერთობაში ჩარევა აბსოლუტურად ზედმეტია. ის არც იმაშია დარწმუნებული, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონიდან “გენდერული იდენტობისა” და ‘’სექსუალური ორიენტაციის” ამოღებას შეეწინააღმდეგება.

“საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში აქვს ქართულ ოცნებას, შესაბამისად ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა ქართული ოცნების შედარებით პროგრესულმა ნაწილმაც კი ბოლო მომენტში უკან დაიხია, იგივე საყდრისის კომისიაზე, იგივე მოსმენების კანონზე ან თუნდაც ანტიდისკრიმინაციულ კანონში რა ცვლილებებიც შევიდა ბოლო მომენტში” – თქვა ლევან თარხნიშვილმა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s