ბათუმში დავიბადე. შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სანამ 8 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ გავხდი. ეს ემოციურად ძალიან დამთრგუნველი და ძნელად გადასატანი ფაქტი იყო, რომელმაც დაღი მთელს ჩემს ცხოვრებას დაასვა. მშობლებისგან ყურადღების ნაკლებობას მუდმივად განვიცდიდი. ისინი მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ, ბებიის და ბაბუის გაზრდილი ვარ, – ისინი მპატრონობდნენ. როცა ვიხსენებ ბავშვობის წლებს, მახსენდება სიგარეტის კვამლში გახვეული დედაჩემი და მამაჩემი, რომლებიც მეგობრებთან ერთად ხან ბანქოს თამაშობდნენ, ხან ნარდს. არასდროს ეცალათ ჩემთვის, არასდროს მეფერებოდნენ ძილის წინ, არასდროს მისმენდნენ…

იმ შემთხვევის შემდეგ, უცნაურად აეწყო ჩემი ცხოვრება. ამ ადამიანის მიმართ სექსუალური ლტოლვა გამიჩნდა და ისევ მომინდა მეცადა მასთან. თითქმის ორი წელი ყოველდღე ვხვდებოდით. ამ ხნის განმავლობაში მეგონა, ეს ყველაფერი საშინელება და ამაზრზენი იყო, რომ ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდა. საკუთარ თავს ყველაზე ცუდ ადამიანად მივიჩნევდი, მეზიზღებოდა იგი, რადგან არ ვიცოდი თუ სხვებიც იყვნენ ჩემს მდგომარეობაში. მოგვიანებით კომპიუტერის კურსებზე სიარული დავიწყე, ვისწავლე ინტერნეტი და სოციალური საიტებიდან ბევრი რამე გავიგე ჰომოსექსუალობაზე, გავიცანი ჩემნაირი ადამიანები და ვერ გეტყვით თუ რამხელა შვება იყო ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ მარტო არ ვიყავი. ამ ადამიანებთან ურთიერთობების შემდეგ დავასკვენი, რომ მამაკაცები მიზიდავდა. მაშინ არ ვიყავი მზად გამეაზრებინა ამ ფაქტის მნიშვნელობა და არც იმ სოციალური სტიგმისთვის, მძიმე ჯვარივით რომ დამაწვა მხრებზე.

10801609_1106990615996968_2085614746759216991_n

შემდეგ იყო მოსწავლეობის პერიოდი… როგორც ხდება ხოლმე… ჩემნაირები მუდმივი დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი არიან. ახლაც ჩამესმის ჩემი კლასელების ხმები: “ასეთები არ უნდა აცხოვრო“; „პიდარასტები უნდა ამოხოცო“ და თითს ჩემკენ იშვერდნენ. შინაგანად განადგურებული ვიყავი, ძალა არ მქონდა თავი დამეცვა და იმის საშუალებაც კი არ მქონდა ჩემი დარდები ვინმესთვის გამეზიარებინა. ჩემთან მეგობრობა, რა თქმა უნდა, არავის უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, გაკვეთილებს არ ვაცდენდი, სწავლა მინდოდა. მე-9 კლასში თბილისში გადავედი ნათესავებთან, სკოლაშიც იქ დავდიოდი. თბილისში სწავლა ჩემი ოცნება იყო, ახლაც იქ ცხოვრებაზე ვოცნებობ. ეს პერიოდი ბედნიერად მახსენდება, თავს ლაღად ვგრძნობდი, მეგობრები გავიჩინე, მათ ვუყვარდი და მეც მიყვარდა ისინი. შემდეგ ჩემმა ნათესავებმა შეამჩნიეს, რომ ბიჭებთან ერთად ხშირად დავდიოდი, ხან კაფეში, ხან მანქანაში ვუჯდებოდი მათ, ეჭვი გაუჩნდათ ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით და მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღესვე, მშობლების გადაწყვეტილებით, ბათუმში დამაბრუნეს. სახლში მისული ოთახში ჩავიკეტე და არავის ვეკონტაქტებოდი. ერთხელაც მშობლები ჩხუბით შემომივარდნენ, აინტერესებდათ რა ხდებოდა ჩემს თავს. მამაჩემს ვუყვირე, რომ გეი ვარ და ეს ჩემი არჩევანია, მინდოდა, თავი დაენებებინათ ჩემთვის, ამას ვეღარ დავმალავდი, არც მინდოდა. მამამ ქამრით მცემა, ძლივს მომასულიერეს… მშობლებმა მაიძულეს თავიდან ბოლომდე, დაწვრილებით მომეყოლა მათთვის ჩემი ისტორია, თუ რატომ და როდის გადავწყვიტე ჰომოსექსუალად ყოფნა. მათ არ იციან, რომ ორიენტაციას არ ირჩევენ და ყველაფერი იმ მეზობელ ბიჭს დააბრალეს, რომელმაც გამაუპატიურა, მე კიდევ მგონია, ის უბრალოდ დამეხმარა დროულად აღმომეჩინა საკუთარი თავი და მისწრაფებები. მშობლებსა და იმ ბიჭის ცოლსა და დედას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, როცა ეს ამბავი გასკდა… ცოლმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა ქმრის თავგადასავლების შესახებ და არც სჯეროდა, რომ იგი პატარა ბიჭებთან ასე ერთობოდა. მთელმა სამეზობლომ გაიგო ჩემ შესახებ, ყველა თითს ჩემკენ იშვერდა, ჭორაობდა, მლანძღავდა, მე კიდევ ისევ გიჟივით ვყვიროდი: „ხო, მე გეი ვარ, ეს ჩემი არჩევანია, თავი დამანებეთ!!“ ჩემი მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, მე კიდევ მონასტერში გამამწესეს, მითხრეს, რომ ერთი კვირა უნდა დავრჩენილიყავი, სინამდვილეში კი მათ ჩემი იქ სამუდამოდ გამოკეტვა ჰქონდათ განზრახული. მონასტერში ყოფნისასაც მახსენდება ერთი ინციდენტი. იქ იყო ერთი მორჩილი, ალბათ იქნებოდა ასე 40 წლამდე, რომელიც ბერად აღკვეთას აპირებდა, თუმცა როგორც მერე გავიგე, კაბა გახადეს და ეკლესიიდან მოკვეთეს… ეს ადამიანი მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა, დამსდევდა ყველგან, ცდილობდა ყველა საქმე მონასტერში ჩემთან ერთად ეკეთებინა, ერთხელ მან ჩემი გაუპატიურებაც სცადა. ჩემი ცხოვრება ნამდვილი კოშმარია… იმდენი ცუდი მოგონებები მაქვს, რომ დავფიქრდები, ცუდად ვხდები. ერთი წლის თავზე მონასტრიდან სახლში დავბრუნდი. დედამ სკანდალი მომიწყო, რატომ დაბრუნდი, ვინ გთხოვა, ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდანო. მომიწია მამასთან გადავსულიყავი, რომელიც თავის ძმასთან, ანუ ბიძაჩემთან ცხოვრობდა. ბიძაჩემი ლოთი იყო, ყოველღამე მთვრალი ბრუნდებოდა სახლში და სცენებს მიწყობდა, ოჯახის შემრცხვენელს მეძახდა, მირტყამდა, ბებია და ბაბუა გვიდგებოდნენ შუაში, თორემ აქამდე ნამდვილად მომკლავდა. ასე გრძელდებოდა ცხრა, ცხრა-ნახევარი წელი. დედა იმ დღის მერე აღარ მინახავს ახლოდან. ქუჩაში თვალს რომ მომკრავს, მემალება… ვფიქრობ, აღარ მენატრება.

ცხოვრება გრძელდება… ვიბრძვი. საცხოვრებელი ბინა არ მაქვს, ხან სად ვათევ, ხან სად. რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმუშავია, ძირითადად კაფე-ბარებში, მიმტანად. ისევ ვგრძნობ ქუჩაში ადამიანების გამჭოლ მზერას, როცა გადავწყვეტ ის მეცვას, რაც მომწონს, – მიყვარს ფერადი ტანსაცმელი და რა ვქნა.

ვარ თუ არა ბედნიერი? – არა. ძალიან ბევრი მაკლია ბედნიერებამდე. უბრალოდ ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, რადგან მყავს ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მგონი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ცხოვრებაში. ვოცნებობ, რომ ქუჩაში მისი ჩახუტების გამო საშინელ სიტყვებს არ მომაძახებენ. ვოცნებობ, რომ მომცემენ ბედნიერად ყოფნის შანსს.

ავტორი: ა. კ. 

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s