შიდსი (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი) მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაშია რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკოდამოკიდებულთა 80%.

აივით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფიცირება ხდება რამოდენიმე ძირითადი გზით – სქესობრივი კავშირით, საერთო ნემსების გამოყენებით, სისხლის გადასმხმით (ტრანსფუზიით) და ვერტიკალური გზით, რაც დედიდან შვილზე გადაცემას გულისხმობს (მშობიარიბა, ორსულობა, ძუძუთი კვება).

ვირუსი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით სისხლში შეიმჩნევა, შემდეგ – სასქესო სეკრეტებში და შემდეგ მოდის თავზურგტვინის სითხე და დედის რძე. სწორედ ამ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტია რისკის შემცველი. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ცრემლში, ოფლში, შარდში, სანაყოფე სითხეში, მაგრამ მისი კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ საშიში აღარ არის.

ყველაზე საშიშია სისხლთან “ურთიერთობა”, რომელშიც იგულისხმება სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმით ადამიანის დაინფიცირება. ასევე, ყველა ის მანიპულაცია, რომელიც დაკავშირებულია ინვაზიასთან (კანის მთლიანობის დარღვევა). კანიც და ლორწოვანი გარსებიც ძალიან კარგი ბუნებრივი ბარიერია ვირუსის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ ის არასტელირული შპრიცით ან სხვა იარაღებით ზიანდება, არსებობს დაავდების გავრცელების რისკი.

სქესობრივი კავშირით ინფექციის გავცელების გზა ინფიცირების რისკს წარმოადგენს როგორც ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური კონტაქტით.

ვერტიკალური გზით ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა მშობიარობის დროს ვლინდება. ორსულობის პერიოდში ინფექცია ძირითადად მაშინ გადადის, როცა დედა ინფიცირების ბოლო სტადიაში იმყოფება.

სტატისტიკის მიხედვით, დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის 25%-იანი რისკი არსებობს (ორსულობის დროს, მშობიარობისას და ძუძუთი კვებისას).

დედიდან შვილზე გადაცემის რისკი ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში – 1-2%.

საერთო ნემსების მოხმარება – 0,67%,

ჰომოსექსუალური კავშირი – 2,43%,

ქალიდან კაცზე გადაცემის რისკი – 0,38%.

კაციდან ქალზე გადაცემის რისკი – 0,3%.

მოსაზრება, რომ შიდსი ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, დაცემინებით ან კოცნით გადადის – მცდარია. ასევე, უსაფრთხოა ინფექციით დაავადებულ პირთან საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტი: ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და მრავალფეროვანი სიმპტომატიკით ხასიათდება. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს:

  • ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ძლიერი სისუსტე;
  • მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში;
  • თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
  • პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია. შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში 2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 5250 შემთხვევა, აქედან 3869 – მამაკაცია, 1381 – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 5250 შემთხვევიდან შიდსი განუვითარდა 2979 პაციენტს, ხოლო 1044 გარდაიცვალა. 

2015 წელს აივ-ის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

ეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება, გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

slide447,1% – ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით.

42,3% – ჰეტეროსექსუალური კავშირით.

7,5% – ჰომოსექსუალური/ბისექსუალური კავშირით.

1,7% – ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გზით.

0.5% – სისხლის გადასხმით.

0.8% – გადაცემის გზა უცნობია.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება (1840 შემთხვევა, მათგან 84 პირი უცხოეთის მოქალაქეა). სამეგრელოში – 723, აქედან 565 ზუგდიდშია დაფიქსირებული. აჭარაში ინფიცირებულია 615 (ბათუმში 412), იმერეთში – 699 (ქუთაისში 361), კახეთში – 250, ქვემო ქართლში – 262, შიდა ქართლში – 167, სამცე-ჯავახეთში – 59.

შიდსის მკურნალობა იწყება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება, ვირუსების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი და არსებობს ამ დაავადების კლინიკური ნიშანი. სანამ ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ დაავადება არაა გამოხატული, მას შეიძლება მკურნალობა ჯერ არ დაეწყოს. მკურნალობა მთელი ცხოვრება გრძელდება.

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას, შიდსი მომაკვდინებლიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცეს. აივ დადებითი ადამიანები ეფექტური მკურნალობით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით დიდხანს ცოცხლობენ.

ცნობილია, რომ აივ ინფცირებული პირი, რომელიც სიგარეტს ეწევა, თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ორმაგად უქმნის. მოწევა მნიშვნელოვნად ამცირებს ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგებს. აივ დადებითი მწეველი ადამიანების სიკვდილის რისკი ოთხჯერ მეტია, ვიდრე არამწეველების.

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ბევრს სვამენ, გულსისხლძარღვთა დაავადების მაღალ რისკ ჯგუფში შედიან. გარდა ამისა, სასმელს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის დაავადებები და აივის პროგრესირება.

ხშირ შემთხვევაში აივით დაინფიცირებული ადამიანები ფიქრობენ, რომ მათთვის სექსი აღარ არის საფრთხე, მაშინ, თუ პარტნიორსაც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი აქვს. მიუხედავად ამისა, აივ დადებითი ადამიანი სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის რისკი იზრდება. აივი ადამიანის იმუნიტეტს ასუსტებს, შესაბამისად, იზრდება C ჰეპატიტის რისკი.

მედიკოსები ინფიცირებულ ადამიანებს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის მქონე საკვების მიღებას ურჩევენ, რადგან აივ დადებით ადამიანებში უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალმა მაჩვენებელმა არტერიული და გულსისხლძარღვთა დაავადებები გამოიწვიოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” გთავაზობთ უფასო, სწრაფ ტესტებს აივზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე. ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, საღამოს 4 საათიდან. ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 2305614 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s