კითხვა 3 წლისას მასწავლეს. მითების სამყარო მაინტერესებდა. ალბათ იმიტომ, რომ ბოროტების და სიკეთის ჭიდილი მითოლოგიაში უფრო ხატოვნად და ნათლად იყო გადმოცემული.

მარტო ყოფნა მიყვარდა. ფიქრი ადამიანებზე, სამყაროსა და უფალზე, რომლის კვალი ვერც კოსმოსში ვიპოვე.

მთელს ჩემს ბავშვობას უწყვეტ ხაზად მიყვებოდა ჩემი მეზობლების დავა-კამათი, რომელიც ზოგჯერ აუტანელ ხმაურში გადადიოდა და მაშინ, როცა ჩემი მეგობრები ეზოში თავიანთზე დიდ ბურთს დაატარებდნენ, მე წუხილის, სინანულის და აუტანელი ტკივილის ხმა ჩამესმოდა.

ყოველი დღე არაფრისმომცემი ზღაპრებით და კომბლეს ისტორიით მთავრდებოდა, რომელსაც მამა ყოველ ღამით, სასთუმალთან მიკითხავდა. ჩაძინებულს, ხშირად ვახსენებდი, რის შემდეგ რა მოდიოდა.

ისევ ისე თენდებოდა, ბავშვურად. ჩემთვის გათენება კი თამაშთან და მეზობლების ჩხუბთან ასოცირდებოდა, რომელიც მარად გრძელდებოდა. დღეები ერთმანეთის მიყოლებით უფერულდებოდა, კვდებოდა, იცვითებოდა. იწყებოდა ახალი კვირა, თვე, წელი. და მაინც, ჩემს ირგვლივ გარემო უცვლელი რჩებოდა.

პირველ კლასში მასწავლებელმა ორი ფურცელი დაგვიდო მე და ჩემს თანატოლებს. პირველ ფურცელზე კაცი იყო დახატული, მეორეზე – ქალი. ვენის დიაგრამაც დაგვიხატა უშველებელ დაფაზე: მარჯვნივ – კაცი, მარცხნივ – ქალი და შუაში საერთო თვისებების წრეც შემოგვიხაზა. ღარიბი ლექსიკის მქონე ბავშებმა რა აღარ ვიძახეთ. კაცის გრაფაში ჩავწერეთ, რომ შეეძლო შეშის გაპობა. ქალს კი დედობა ჩავუწერეთ და ჩემი აზრით, ეს ყველა ლექსიკაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე და ზოგადად ყველაფერზე უფრო მაღლა მდგომი სტატუსი იყო. როდესაც იმის დრო მოვიდა, რომ ქალის და კაცის საერთო თვისება მეთქვა, ვთქვი – ტკივილი.

მახსოვს დაცინვა. ისიც მახსოვს, მასწავლებელმა როგორ შემომხედა. ჩემდა გასაკვირად ეს სიტყვა საერთო გრაფაში ჩაიწერა. მთელი კლასი დაწყნარდა. გამარჯვებულმა ჩემი ადგილი დავიკავე, მერე კლასელებს გადავხედე და უამრავმა აზრმა გამიელვა გონებაში.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს 14 წლის ვარ. რამდენიმე სკოლის გამოცვლაც მომიწია. ახლა ვხვდები, რომ შევცდი. ვიხსენებ პირველ კლასს, ვენის დიაგრამას და ჩემს ნათქვამ სიტყვას – ტკივილი, რომელიც კაცისა და ქალის საერთო თვისებად მივიჩნიე.

შევცდი და ამას მხოლოდ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მიხვდი. ტკივილი მხოლოდ ქალების ხვედრია.

როცა ნელი ნაბიჯებით და ჩქარი სუნთქვით შემოდგომის საღამოს ვურღვევ იდილიას, მახსენდება, რომ ჩემს გვერდით მდგომ, მიტოვებულ სახლში ერთ დროს ტკივილს დაედო ბინა. მახსენდება, როგორ უმოწყალოდ იმეტებდნენ და იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს.

მე ახლაც მაინტერესებს მითების სამყარო. რეალობის ირეალურად აღქმა და ყველაფერი განსხვავებული, რომელიც ყოფიერებას თუნდაც რამდენიმე წუთით გვაცილებს.

როდესაც რომელიმე დიდი კომპოზიტორის სიმფონიის ფონზე “ღრუბლებში დავფრინავ” ჩემს მეგობარ ტკივილებთან ერთად, დედამიწაზე ვეშვები, რადგან ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანს მიტოვებული სახლის ნაცრისფერი და ობდადებული კედლები. სწორედ ჩემი ფანჯრიდან ვბრუნდები ბავშვობაში.

დღეს, როცა ქუჩაში ქალს ვხედავ, ვხვდები, რომ მას მხრებით დედობა, ტკივილი, დამცირება და კიდევ ათასი რამ მოაქვს. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ ჩვენი პროგრესი, რეგრესებს ყოველი ქალაქის ქუჩებში ვიპოვით: მილიონიან, ან პირიქით, მოკრძალებულ სახლში, რომელიც სიყვარულით შექმნეს და ბოროტებით ინგრევა.

ჩვენ ვხვდებით ქალებს, რომლებიც ჩალურჯებული თვალით, უამრავი პრობლემით და ტკივილებით უძლებენ სიცოცხლეს, რათა ისუნთქონ.

მათ ჩაგრავენ…

სტკივათ…

თენდება და ვკვდები. ჩაკლული მზე ამოდის დედამიწაზე. ყველაფერი თავიდან იწყება. ტკივილის ბუდე ის მიტოვებული სახლია, რომელიც ყოველ ღამე ტირის. სახლი, რომელიც წლების განმავლობაში, ჩემსავით უყურებდა ძალადობას.

ჩვენ ვიბადებით.
ვტკენთ, ან გვტკენენ და ვკვდებით.
მხოლოდ ეს არის.
მეტი არაფერი.

დამიენ ბლექმორი

ფოტო: სტუდია კადრი

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s