თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 1965 წელს გაიხსნა და 75 ბენეფიციარს, მათ შორის 25 შშმ პირს ემსახურება. პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულების ასაკობრივი ქვედა ზღვარი 65 წელია. შშმ პირების კი – 60 წელი. მათ 52 ადამიანი ემსახურებათ.

გამოცემა “17 მაისი” რამდენიმე ხანდაზმულს ესაუბრა. მათ თავიანთ განვლილ ცხოვრებასა და პანსიონატში მოხვედრის მიზეზებზე ისაუბრეს.

შერმაზანაშვილი ავთო, 75 წლის.

შერმაზანაშვილი ავთო, 75 წლის.

ავთო 75 წლისაა და თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში უკვე წლებია ცხოვრობს. ავთო ამბობს, რომ მისი ქუჩაში დარჩენის მიზეზი, შვილების გამო, საცხოვრებელი ბინის გაყიდვა იყო.

ავთო შერმაზანაშვილი: “მე “კარენოი” თბილისელი ვარ, წარმოშობით მთიული, ბაზალეთიდან. ორი საუკუნეა ჩვენ აქ ვართ. სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე, ჭერების მოხატვა იყო ჩემი პროფესია, მაგრამ ამ პროფესიით არ მომუშავია, საწყობებში ვმუშაობდი.

19 წლის ვიყავი, როცა ჯარში წავედი. იქ გავიგე, რომ ბიჭი შემეძინა. კიდევ ორი ქალიშვილი მყავს. ბიჭი ახლა 56 წლისაა. მოსკოვში ცხოვრობს.

ჩემი ცხოვრება როგორია? მაშინ უკეთესი იყო, ვიდრე ახლა. ჩემი ბრალია, რომ აქ მოვხვდი. ჩემს შვილს უნდოდა საზღვარგარეთ წასულიყო და ორი ბინა გავყიდე. თვითონ წავიდა, იტალიაში გათხოვდა. მე ქუჩაში დავრჩი. ამიტომ მოვედი აქ”.

ციბაძე ნიკოლოზი, 83 წლის.

ციბაძე ნიკოლოზი, 83 წლის.

ნიკოლოზი 83 წლისაა. “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ხანდაზმულთა პანსიონატში ცოლის და შვილების გარდაცვალების შემდეგ მოხვდა.

ნიკოლოზ ციბაძე: “პროფესიით ლითონის ჩამომსხმელი ვარ. ადრე, ამ პროფესიით ვმუშაობდი. მერე ქიმიკოსადაც ვიმუშავე და ქიმიურმა ნივთიერებებმა დამაავადმყოფა. მოგვიანებით, მე და ჩემმა შვილმა საგურამოში პატარა საამქრო გავხსენით და საეკლესიო ზარების ჩამოსხმა დავიწყეთ. მერე, შვილი დამეღუპა. მეორეც დამეღუპა და დავრჩი მარტო, ქუჩაში. ასე მოვხვდი აქ. ყველა გარდაცვლილი მყავს.

ახლა, კარგად არ ვარ, მაგრამ აქ თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე ქუჩაში. არ ვარ ცხოვრებით უკმაყოფილო, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო”.

IMG_2134

სომხიშვილი შოთა, 91 წლის.

შოთა 91 წლისაა. ამბობს, რომ განვლილ წლებს შორის, ყველაზე ბედნიერი სტუდენტობისას იყო. შოთა უკვე 4 წელია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს, რადგან შვილისგან ნაწყენია და ცოლიც გარდაცვლილი ჰყავს.

შოთა სომხიშვილი: 1942 წელს საშუალო სკოლა დავამთავრე, გურჯაანში ვცხოვრობდი, ველისციხეში. ჯარში წავედი და უკრაინაში ვიბრძოდი. მერე ურალში ვიყავი. 1947 წელს ჩამოვედი საქართველოში. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე. დავაშავე, რომ დედაჩემს არ დავუჯერე და სამედიცინოზე არ ჩავაბარე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პარტიის საქალაქო კომიტეტში ინსტრუქტორად დამნიშნეს. 4 თვეში თბილისის გარეუბნის რაიკომში გადამიყვანეს. იქ სასოფლო-სამეურნეო განყოფლების გამგედ დამნიშნეს. მერე, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ გამაგზავნეს თელავში. როცა ისევ თბილისში დავრუნდი, განათლების სისტემაში მოვხვდი და გარდაბანის სკოლაში დავიწყე მუშაობა, სასწავლო ნაწილის გამგედ. 10 წელი ამ პოზიციაზე ვიმუშავე. შემდეგ, მოვინდომე პედაგოგი გავმხდარიყავი. ინსტიტუტი დავამთავრე და პედაგოგიც გავხდი. გამოდის, ორი პროფესია მაქვს.

1952 წელს დავქორწინდი. ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. მეუღლე 4 წელია აღარ მყავს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი ამერია. ბიჭს ცოლი ჰყავს, მაგრამ ის დედასთან ცხოვრობს, ჩვენთან არ გადმოვიდა. ორი შვილი ჰყავთ. ახლა ჩემი შვილი მარტო ცხოვრობს. ქალიშვილიც მყავს, ის მოდის და ყურადღებას მაქცევს. ბიჭთან არ ვარ კარგად, მაწყენინა.

ხშირად დავფიქრდები ხოლმე ჩემს განვლილ ცხოვრებაზე და ყველაზე სასიამოვნო, სანეტარო წლები სტუდენტობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხან პურის ფულიც არ მქონდა, კარგი წლები იყო. მას მერე სულ ორი დიდი სიხარული მახსოვს – ერთი ის, რომ სამუშაოდ თბილისში დამტოვეს და მეორე, როცა ჩემი შვილი სამედიცინო ინსტიტუტში პირველივე წელს ჩაირიცხა. ახლა, აქ კარგად ვცხოვრობ, მაგრამ…”

IMG_2136

ჟუჟუნა გოცირიძე, 76 წლის.

ჟუჟუნა 76 წლისაა და უკვე 5 წელია პანსიონატში ცხოვრობს. შვილისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას ბინის გაყიდვა მოუწია და ასე აღმოჩნდა პანსიონატში.

ჟუჟუნა გოცირიძე: “სკოლის დამთავრების შემდეგ კანონი შემოიღეს, უნივერსიტეტში მოსახვედრად მუშაობის ორწლიანი სტაჟი იყო საჭირო. მბეჭდავ-მემანქანის კურსები გავიარე და გამომცემლობა “საქართველოში” დავიწყე მუშაობა. ამ დროს გავთხოვდი კიდეც, ორი წლის სტაჟიც დავაგროვე, ორი შვილიც გავაჩინე და ინსტიტუტშიც ჩავაბარე.

ქართული ენა და გრამატიკა კარგად ვიცოდი, ბევრ რამეს მანდობდნენ, ვარედაქტირებდი კიდეც ტექსტებს. ისე მოხდა, რომ მათთვის საჭირო გავხდი და იქ დამტოვეს კიდეც სამუშაოდ.

ჩემს უფროს შვილს კინორეჟისორობა უნდოდა და ტელევიზიაში მუშაობდა. ზვიად გამსახურდიას საქართველოდან გაძევების პერიოდში, მიტინგები ტარდებოდა. ერთ-ერთ მიტინგზე კიტოვანი თავს დაესხა მათ და დაარბიეს. ამას ჩემი შვილიც შესწრებია. მას ტყვია არ მოხვედრია, მაგრამ ცუდად გამხდარა. სახლში რომ მოვიდა, არაფერი უთქვამს. ვერც შევამჩნიეთ, რომ ცუდად იყო. თავის ოთახში ჩაიკეტა. ეს ყველაფერი 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა, 5 თებერვალს კი დამეღუპა.  ამის ნიადაგზე ჩემს ქმარს სამჯერ გულის შეტევა დაემართა და მეოთხეზე ვეღარც გადარჩა.

მისი მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯები ვალად დამედო. იძულებული გავხდი ბინა გამეყიდა. ჩემი შვილი უკრაინაში წავიდა, იქნებ რამე გავაკეთოო, მაგრამ ვერაფერი შეძლო. ვალების გასტუმრების შემდეგ 20 ათასი დოლარი დამრჩა, ბინის ყიდვა შემეძლო. ნათესავთან გაავედი, ერთი ოთახი მომცეს. იმ ეზოში ერთი გოგო იყო, ტორტებს აცხობდა. შემომიჩნდა და ფული მასესხებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიულად გავაფორმეთ ყველაფერი, ვერაფერს გავხდი. არ მინდოდა სხვანსთან ცხოვრება და ასე მოვხვდი პანსიონატში.

ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ, კარგი ოჯახი მქონდა, კარგი ქმარ-შვილი მყავდა, კარგი სამსახური მქონდა, ბედნიერი ვიყავი. მიხარია, რომ ქუჩაში არ ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ სამოთხეში ვარ”.

ფოტოები: გიორგი სამინავა

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s