საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს 2010 წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხვი 1%-ით გაიზარდა, ხოლო კაცების – 3%-ით.
ამავე პერიოდში 6%-ით გაიზარდა დასაქმებული ქალების რიცხვი, ხოლო კაცების – 8%-ით. 2014 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.
2014 წელს ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (80%). აღსანიშნავია, რომ დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (74%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი – 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (20%).
აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2014 წელს დასაქმებულ ქალთა 37%-ს, ხოლო კაცთა 43%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%) აღწევს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს კაცების აქტიურობის დონე მაღალია 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფებში (შეადგენს 92%-ს ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის), ხოლო დასაქმების დონე – 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში (84%).
ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (32%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.
უმუშევარი ქალების რიცხოვნობაში ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას უჭირავს, ხოლო კაცებში საშუალო ზოგადი განათლების მქონეს. 2014 წელს უმაღლესი განათლება ჰქონდა უმუშევარ ქალთა 46%-ს, ხოლო კაცთა 46%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.
ცნობისთვის, მონაცემები საქსტატის გამოკვლევებს და ადმინისტრაციულ წყაროებს ემყარება.