სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის.

“სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება, ყადაღა დაედო კომპანიის როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონება.

შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა”, – ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სასამართლო დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში არხის სარედაქციო პოლიტიკაზე მსჯელობს და ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად არის შეფასებული.

“ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში”

სახალხო დამცველი კითხვის ნიშნებს დროებით მმართველებად შერჩეული პირების, რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის ნეიტრალურობასთან დაკავშირებითაც სვამს.

“სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები – რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე და დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლო დავაში, მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობენ, მის სასარგებლოდ სასამართლო დავის დასრულების შემთხვევაში. ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.

როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ.

ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობაზე, ასევე, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობაზე, არამედ სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s