საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე “17 მაისთან” საუბარში აცხადებს, რომ ბულინგის პრობლემის დაძლევაში სკოლაში ფსიქოლოგისა და მანდატურების არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

“სკოლაში როგორც ფსიქოლოგის, ასევე მანდატურის ყოფნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა სკოლაში არსებული ბულინგის ფაქტები აღმოიფხვრას ან მინიმუმამდე დავიდეს. ზოგ სკოლაში თუ მანდატურები არ არიან ეს პრობლემაა, რატომ არ არიან მანდატურები? ეს კითხვა მეც მაქვს, რადგან კანონით ყველა სკოლაში უნდა იყოს მანდატური, რომელიც სკოლაში ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და არა მის დაშინებას. ადრე ზოგიერთმა მანდატურმა ვერ გაიაზრა, რომ მანდატურობა ნიშნავდა ბავშვის უსაფრთხოების დაცვას და არა სხვა რამეს. ამ მხრივ გარკვეული პრობლემები იყო და ჩვენ ეს დავძლიეთ”.

მიროტაძე მიიჩნევს, რომ სკოლა ბავშვს განათლების მიცემის გარდა, თავისუფალ და დამოუკიდებელ მოქალაქედ უნდა აყალიბებდეს. მისი აზრით, სკოლაში ბავშვი ყოველგვარი მავნე ზეგავლენისგან დაცული უნდა იყოს.

“ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ბავშვმა სკოლაში განათლებასთან ერთად უნდა მიიღოს, არის შეგნება. შეგნება, რომ იგი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა. მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ბავშვი თავისუფალი და რაც შეიძლება, დაცული იყოს გარკვეული ზეგავლენებისგან”.

მიროტაძის განცხადებით, ქართული განათლების სისტემის რეფორმირება აუცილებელია, რათა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდეს, ამ რეფორმირებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგების გადამზადებაა:

“ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივს, რადგან ამ ადამიანებმა ისეთი წლები გამოიარეს, რომ თეთრები იყო მათი ანაზღაურება და არც ერთ მათგანს სკოლა არ მიუტოვებია, მაგრამ ჩვენ ახალი გამოწვევები გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლაში ბავშვებმა ახალი ტიპის, თანამედროვეობას მორგებული განათლება უნდა მიიღონ, რაც ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს და ამ რეფორმირებაში უნდა შედიოდეს აუცილებლად მასწავლებლების გადამზადებაც’, – აღნიშნავს მიროტაძე “17 მაისთან” საუბარში.

ტერმინი ბულინგი ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიშნავს, რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელების ან სხვა ბავშვების მიერ ხორციელდება. ის, ვინც ბულინგს მიმართავს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას.

2012 წელს “იუნისეფმა” სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა სკოლაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s