არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას სამართალდაცვის სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას.

შეგახსენებთ, გიორგი მდინარაძეს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, ის რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად შევიდა და ფიზიკურად სწორედ მაშინ გაუსწორდნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმ საკითხს, რომ მდინარაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოციზია ამ დრომდე უცნობია.

“სამინისტროს განმარტებით, გიორგი მდინარაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, თუმცა სამინისტრო არ თვლის საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს,რა დროს და რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები ადვოკატს. სამინისტროს გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო თავად ადასტურებს, რომ ადვოკატი პოლიციელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბარი არაერთხელ ყოფილა და მრავალ შემთხვევაში დაზარალებულები პროცესში პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე მიუთითებდნენ, თუმცა არც ერთ მსგავს ფაქტზე ეფექტური და დროული გამოძიება არ ჩატარებულა.

“გიორგი მდინარაძის შემთხვევაშიც, დაზარალებული ასახელებს პოლიციის განყოფილების უფროსს, რომელიც მისივე განმარტებით, მონაწილეობდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში.

ნათელია, რომ იმ პირობებში, როცა კანონდარღვევის არაერთ საქმეში არსებობს ეჭვები პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ და როცა საქმეებზე დროული და ეფექტური გამოძიება არ ტარდება, საზოგადოების მხრიდან ეს აღქმულია როგორც სისტემური საფუძვლების მქონე პრობლემა და არა ერთეული გადაცდომები”.

არასამთავრობო ორგანზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციელების მხრიდან მძიმე კანონდარღვევების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, არაეფექტური რეაგირება და შემწყნარებლობა ძალადობის შემთხვევებს ახალისებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობოს დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმი.

“საგანგაშოა ასევე ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ადვოკატის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას”.

არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მდინარაძის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ:

“მოვუწოდებთ პროკურატურას:

  • უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების დროულად წარმართვა და გონივრულ ვადებში შეძლოს გამოძიების დასრულება;
  • გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;
  • გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა, რათა ადეკვატური პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველა პირს;
  • უზრუნველყოს დაზარალებულის და სხვა შესაძლო მოწმეების უსაფრთხოება.

მოვიწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • შეუჩეროს უფლებამოსილება ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელს და განყოფილების იმ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა გარკვეული კითხვები არსებობდეს;
  • გააკეთოს განმარტება, როგორ აპირებს ბრძოლას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების წინააღმდეგ”.

განცხადებას ხელს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, კავშირი საფარი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აწერენ. 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s