“ჩვენი რეკომენდაციაა ქვეყანამ იბრძოლოს სოციალური სტიგმატიზაციის წინააღმდეგ ისევე, როგორც სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მოტივირებულია სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული იდენტობით”, – აღნიშნული რეკომენდაცია არგენტინამ საქართველოს ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review) 23-ე სესიაზე მისცა.

2015 წლის 10 ნოემბერს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სესიაზე საქართველოს სხვა რეკომენდაციებიც მისცეს:

საფრანგეთი: საქართველომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ეფექტურად ებრძოლოს დისკრიმინაციას, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტი პირების მიმართ.

ნიდერლანდების სამეფო: საქართველომ უნდა ჩართოს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ეფექტური ზომები, რომლებიც აძლიერებს რელიგიურ შემწყნარებლობას, გენდერულ თანასწორობას, თანასწორ უფლებებს ეთნიკური უმცირესობებისთვის, ქალებისთვის და ლგბტი ადამიანებისთვის, რათა ქართულ საზოგადოებაში გაიზარდოს შემწყნარებლობა და სოციალური ინკლუზიურობა.

იაპონია: სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თვალსაზრისით, ვულოცავთ საქართველოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებას 2014 წლის მაისში.

ნორვეგია: საქართველოს პარლამენტმა მიიღო პროგრესული ანტიდისკრიმინაციული კანონი 2014 წელს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში არსებული ეთნიკური, სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობათა ჯგუფებისადმი რჩება საკითხად, რომელსაც უწყვეტი ყურადღება ესაჭიროება.

შვედეთი: საქართველომ უნდა შექმნას პოლიციის სპეციალური განყოფილება, რომელიც გამოიძიებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ლგბტ სათემო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა მოხდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება.

ურუგვაი: უნდა გაიზარდოს ძალისხმევა, რათა ლგბტი ადამიანებს ჰქონდეთ უფლებების დაცვის გარანტია; ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რომ კომიტეტი შეებრძოლოს ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის ნებისმიერი ტიპის სოციალურ სტიგმატიზაციას ისევე, როგორც სიძულვილის ენას, ძალადობასა და დისკრიმინაციას, რომელიც სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობითაა მოტივირებული.

ბელგია: შესაბამისი მომსახურების სფეროები უზრუნველყოფილ უნდა იქნას რესურსებით, განსაკუთრებით კი, ჩატარდეს ტრეინინგები და ამაღლდეს ცნობიერება მოსამართლეებს შორის და ფართო საზოგადოებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას რასობრივი, გენდერული და სექსუალური იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ამ ახალი საკანონმდებლო ზომების ეფექტურობა.

ბრაზილია: საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს საჯარო განათლების კამპანიებს, რათა დაძლიოს სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობით მოტივირებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და ძალადობა, ისევე, როგორც ლგბტ ადამიანების სოციალური სტიგმატიზაცია. გვწამს, რომ საჯარო განათლების კამპანიები ისევე, როგორც პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების დატრეინინგება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, ხელს შეუწყობს კანონის იმპლემენტაციას.

კანადა: საქართველომ უნდა გააუმჯობესოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი მისი გამოყენება იმ პირების დასაცავად, რომლებიც სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს ეკუთვნიან.

კოსტა-რიკა: აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წინაღობებს, რომლებიც არსებობს სათანადო სამართლებრივი პროცესების გარანტირების თვალსაზრისით და საჯარო რესურსების ალოკაციის კუთხით პოლიტიკური პარტიებისთვის; ეს ასევე ეხება სავარაუდო შეზღუდვებს ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლგბტი ჯგუფების დისკრიმინაციასა და მაგრინალიზებას და ოჯახში ძალადობის მაღალ დონეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია (ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თანადგომა, იდენტობა და ჰერა XXI) ჩაერთო. ორგანიზაციებმა ერთობლივად განახორციელეს პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს მიმართ მეგობარი ქვეყნების მიერ სექსუალური უფლებებისა და რეპროდუქციული უფლებების (SRHR) სფეროში რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა წარმოადგენდა.

პროექტი, რომელიც სექტემბერში დაიწყო, საქართველოში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, გენდერული ნიშნით ძალადობას, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ლგბტ პირთა უფლებებს, აბორტს, სექსმუშაკების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს.

ასევე, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 23-ე სესიაზე მონაწილეობა მიიღო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG), რომელმაც “საფართან” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად ლგბტ საკითხებზე კოალიციური ანგარიშები წარადგინა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s