გაზეთ “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომარ როდონაია ბათუმში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და საცხოვრებელ ფართს ითხოვს. როდონაიას თქმით – “სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იყო ჩემთან, მაგრამ წლები გადის და არაფერი”.

როდონაიამ სახალხო დამცველს, დახმარების თხოვნით, 2015 წლის დასაწყისში მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი, თეიმურაზ ქორიძე “17 მაისთან” ომარ როდონაიას საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და იმ ღონისძიებების შესახებ ყვება, რაც სახალხო დამცველის აპარატის ბათუმის ფილიალმა განახორციელა.

“როდონაიას მიზანი იყო საცხოვრებელი ფართი მიეღო, რადგან რთულ პირობებში ცხოვრობს და სადაც ცხოვრობს ისიც კი არაა თავისი საკუთრება”, – ამბობს ქორიძე.

იმისთვის, რომ ბათუმის მერიას როდონაიასთვის ბინის გადაცემის საკითხზე ემსჯელა, მას ჯერ დევნილის სტატუსი უნდა ჰქონოდა.

თეიმურაზ ქორიძე ამბობს, რომ როდონაია გალშია დაბადებული და ომამდე დიდი ხნით ადრე, 1970-80-იან წლებშია იქიდან წამოსული.

“დევნილის სტატუსის მიღებაზე უარი უთხრეს იმიტომ, რომ კონფლიქტის შედეგად არ არის წამოსული. ამ სტატუსის მიღებაში ვეხმარებოდით, მასთან ერთად დავდიოდით სხვადასხვა უწყებებში და ვცდილობდით დავხმარებოდით”, – ამბობს ქორიძე “17 მაისთან” საუბარში.

სახალხო დამცველის აპარატის მერიასთან ურთიერთობით, როდონაიამ შეძლო, ფინანსური დახმარება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიეღო. გარდა ამისა, ბათუმის მერიამ მას დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა შესთავაზა, რაზეც როდონაიამ უარი განაცხადა.

“რაც შეეხება ფართის გადაცემას, მერიას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ფართით დაკმაყოფილებას, თუმცა სახელმწიფოს ამის საშუალება არ აქვს”, – ამბობს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი.

ომარ როდონაიამ სახალხო დამცველი აპარატს ბოლოს იგივე მოთხოვნებით სექტემბერში მიმართა. თეიმურაზ ქორიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საქმის წარმოება დაწყებულია.

შეგახსენებთ, გაზეთ “ბათუმელების” საშუალებით, როდონაიამ თავისი საცხოვრებელი პირობებისა და მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“ჩემს გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რაშიც მიწევს ცხოვრება. ძნელია ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ მოთმინებას და გაურკვევლობასაც თავისი ზღვარი აქვს. სამართალი აღარ არსებობს?! 21-ე საუკუნეში არაადამიანურ მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება. ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ძროხის სადგომს ჰგავს. ორივე მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო სოფლის საპირფარეშოს მსგავს შენობაში ვერ დავდივარ და ბუნებრივ მოთხოვნილებას ბოთლში ან ცელოფნის პარკში ვიკმაყოფილებ.

გულგრილობა – ამას დავარქმევდი იმ დამოკიდებულებას, რაც ჩემი მდგომარეობის მიმართ არის. არაერთი განცხადება, თხოვნა მაქვს დაწერილი. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იყო ჩემთან, მაგრამ წლები გადის და არაფერი. ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ვითხოვ, არაფერს განსაკუთრებულს, ერთი პატარა ოთახი მინდა, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც ადამიანის ღირსებას შეეფერება. ჩემთვის ყოველი დღე არის წამება, არ უყვართ აქ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, თორემ, არ მჯერა, რომ შეუძლებელია ჩემი პრობლემის მოგვარება”, – ამბობს როდონაია.

ფოტო: “ბათუმელები”

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s