საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება, განათლების სამინისტროს გეგმით, 2016-2017 სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე მას მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვები ისწავლიან, შემდეგ კი სწავლება მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასშიც გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საგანი ბავშვებს საზოგადოებრივი საგნებისთვის საფუძველს მოუმზადებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლა უჭირთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება დაიწყებოდა, ცნობილი 2015 წლის თებერვალში გახდა. მაშინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა თქვა, რომ საგნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საკუთარი პიროვნების შეგნება – პიროვნული განვითარება და იდენტობა იქნება.

“მე და საზოგადოება” “სამოქალაქო განათლების” ერთგვარი შესავალია. “სამოქალაქო აღზრდის” სახელმძღვანელოებში პიროვნების არსზე, ღირებულებებზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზეა საუბარი. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რას ნიშნავს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.

ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში საგნის სტანდარტზე მუშაობენ. სახელმძღვანელოც ამის შემდეგ შეიქმნება.

თუმცა, სტანდარტის შემუშავება კამათის და ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს. საპატრიარქო, ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამ საგნის  გარკვეულ კომპონენტებს ეწინააღმდეგებიან, რადგან თვლიან, რომ ისინი ბავშვების ცნობიერებას დაამახინჯებს.

“მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებით საპატრიარქომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.

ერთ მათგანში აღნიშნულია, რომ მათთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოების შესახებ და სწორედ აქედან ჩანს, ეს საგანი ოჯახისა და ოჯახურ ღირებულებებს, ასევე ქრისტიანულ და ზოგად ადამიანურ პრინციპებს” ეწინააღმდეგება.

სხვა განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მათი რეკომენდაციით განათლების სამინისტრომ სტანდარტიდან გამორიცხა ისეთი ტერმინები, როგორიც არის “გენდერული იდენტობა”, “ლიბერალიზმი” და “დემოკრატიული ღირებულებები”, ასევე ის, რომ მართლმადიდებლობა არ განიხილება, როგორც დომინანტი რელიგია.

ამ საკითხების შესახებ 12 ნოემბერს “ფრონტლაინ კლუბში” იმსჯელეს. დისკუსია პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

diskusia

ეკა ჭითანავა, ნიკო სილაგაძე, გია ნოდია, მეუფე იოანე გამრეკელი, რევაზ აფხაზავა

ნიკა სილაგაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი

“მოკვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები მე-5 კლასში საზოგადოებრივი მეცნიერების სასწავლად საკმარისად მომზადებულები არ არიან. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ საგნების სწავლება მესამე კლასიდან დაწყებულიყო.

ახალი მოცემულობის ფარგლებში, თუ ისტორიის და გეოგრაფიის სწავლება იწყებოდა მე-5 კლასიდან, ახლა დაიწყება მე-3 კლასიდან.

რატომ ქვია საგანს “მე და საზოგადოება” და არა ისტორია ან გეოგრაფია – იმიტომ რომ ეს არის ისტორიაც, გეოგრაფიაც და სამოქალაქო განათლებაც. “მე და საზოგადოება” არის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო აღზრდის დაწყებითი კლასების სახელმძღვანელო, რათა მან საფუძველი მოამზადოს შემდგომი კლასებისთვის. აქვე დავაზუსტებ, რომ მე-7 კლასიდან ეს საგნები დამოუკიდებელი სახით შემოდის.

ის აჟიოტაჟი, რაც ამ საგნის ირგვლივ ატყდა, გასაკვირიც კი არის. ეს არ არის ახალი დისციპლინა სკოლებში.

ეს საკითხები აქამდე საბუნებისმეტყველო საგნებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში იყო ინტეგრირებული, თუმცა ეს რთული გახდა. ამის მიზეზები ბევრია.

რა ეტაპზეა ეს საგანი – ჯერ სტანდარტი იქმნება. სტანდარტის დამტკიცების შემდეგ შეიქმნება სახელმძღვანელოები, რომელთაგან ჟიური რამდენიმეს აირჩევს. ამ ეტაპზე სტანდარტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს”.

რევაზ აფხაზავა, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

მარჯვნივ რევაზ აფხაზავა

მარჯვნივ რევაზ აფხაზავა

“ეს არის უმნიშვნელოვანესი საგანი და დისციპლინა.

ახლა ძალიან საინტერესო პროცესების მოწმეები ვართ. ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუძემდებლები, ადამიანები, რომლებიც საქართველოში მის გასაბჭოებამდე მოღვაწეობდნენ, არ ჩამოვთვლი, ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის დასახელებაც საკმარისი იქნება,  ამბობდნენ, რომ სკოლის უმთავრესი ფუნქცია არის კარგი მოქალაქის აღზრდა. ანუ, მათი ძირითადი იდეები სკოლასთან და მოქალაქის აღზრდასთან დაკავშირებით მთლიანად ეხმიანება სამოქალაქო განათლების არსს. კარგი მოქალაქეობა გარკვეულ ფუნდამენტურ ცოდნასაც გულისხმობს.

საბჭოთა კავშირის დანგრევის და ქვეყნის დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენმა განათლების სისტემამ ვერ მოიპოვა სათანადო დამოუკიდებლობა და ვერ შეძლო იმ ღირებულებების სათანადოდ ასახვა, რომელიც საზოგადოებამ აღიარა და რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით.

ჩვენ საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტოტალიტარული განათლების სისტემა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოგვდევდა, რაც აფერხებდა ჩვენი საზოგადოების განვითარებას.

ნელ-ნელა სახელმწიფომ დაიწყო იმ თავისუფლების, იმ ღირებულებების დანერგვა, რომლებიც საჭიროა თანამედროვე საზოგადოების განვითარებისთვის. ეს განათლების ეროვნულ მიზნებშიც აისახა. განათლების ეროვნული მიზნები 2004 წელს შემუშავდა და საკმაოდ კარგი დოკუმენტია. ის თავისუფლებასა და შემწყნარებლობაზე დამყარებული ღირებულებებს მოიცავს, რაც თავის მხრივ, ყველა რელიგიური ორგანიზაციის ღირებულებებიცაა.

ახლა კი ამ ღირებულებების ინტეგრირება უნდა მოხდეს. ეროვნული სასწავლო გეგმის ამოცანა სწორედ ეს არის –  ეს მიზნები კონკრეტულ საქმედ უნდა გადაიქცეს.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ეს ღირებულებები – თავისუფლება, შემწყნარებლობა, ეს თემები სხვადასხვა საგნებში ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ამ საგნების სწავლებასთან სერიოზული პრობლემები გვაქვს და დამატებით ინტეგრირება კიდევ უფრო დიდ პრობლემა გახდა. ამ საგნის გამოცაკლევებაც ამიტომ გადაწყდა.

“მე და საზოგადოების” არსი არის ძალიან პოზიტიური, მაგრამ, შეიძლება მცდარი გაგებების გამო, მას უპირისპირდებიან, მის წინააღმდეგ გამოდიან, რაც ხელს უშლის ამ საგნის და ამ ღირებულებების დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება გავხდეთ იმ პროცესის მონაწილეები, რომელიც მთლიანად “სამოქალაქო განათლების” დისკრედიტირებას მოახდენს.

ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც დოკუმენტები, რომელიც არ არის განათლების სამინისტროს მიერ არც აღიარებული და არც შექმნილი და მათზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებებით მთლიანად საგანს ვაყენებთ საფრთხის ქვეშ.

ჩემი დაკვირვებით, ამ საგანზე შეტევის ახალი ტალღა ბატონი ლევან ვასაძის, მ პრორუსი ადამიანის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა”.

მეუფე იოანე გამრეკელი, საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

მეუფე იოანე გამრეკელი, საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

მეუფე იოანე გამრეკელი, საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

“ათეიზმი არ უნდა დავნერგოთ ლიბერალიზმის სახელით.

საქართველოს ეკლესია კონსტიტუციის მიერ აღიარებულია, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გასაკვირია, რომ სსიპ-ი და სამინისტრო თანამშრომლობას ახლა იწყებს. ისიც ჩვენი ინიციატივით.

რაც შეეხება ლიბერალურ ღირებულებებს: ეს არის გარკვეული პოლიტიკური სისტემა, ლიბერალური საზოგადოება. ჩვენ არ ვართ მომხრე იმისა, რომ ერთი (საბჭოთა) იდეოლოგიისგან განსხვავებულები მეორე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოვექცეთ.

რა ღირებულებებია ასეთი ლიბერალურ-დემოკრატიულ ცნობიერებაში, რომელიც არ არის ქრისტიანულ ცნობიერებაში, თავისუფლება? ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება.

ადამიანი არ არის მხოლოდ სხეული, რომელიც დაიშლება და არაფერი რჩება. ადამიანი განსხვავებულია სხვა არსებებისგან. ჩვენ ვამბობთ, რომ ორიენტირი ქრისტიანობისა მიმართულია მარადიულ ღირებულებებზე და არა წარმავალზე. ამ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავდება.

ლევან ვასაძემ ჩვენზე ადრე წაიკითხა ეს სტანდარტი. ის შეხვდა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ახლა არ არის იმის დრო, ვარკვიოთ, ლევან ვასაძე პრორუსია, პროთურქი თუ ვინ.

მე-3 მე-4 კლასის სახელმძღვანელოებში უნდა ყოფილიყო “გენდერული იდენტობა, ახლა ამოღებულია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ტერმინი არა მარტო ბიოლოგიურ, არამედ სოციალურ სქესს გულისხმობს, რაშიც მასწავლებელიც არ არის გარკვეული. როცა  ვკითხეთ, რამდენნაირი გენდერი არსებობს, ზოგმა თქვა 15, ზოგმა – 40, ზოგმა – 70 და მესამე – მეოთხე კლასებში უნდა აუხსნან ეს.

არის ასეთი თემა: “თემი, რომელშიც მე ვცხოვრობ”. ჩვენს ცნობიერებაში თემი უკავშირდება თემურ წყობილებას, როცა კომპაქტურად დასახლებული ადამიანები ერთ რჯულზე იყვნენ.

დღეს რა არის თემი?

უბანი თემი არ არის. უბანში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ. მათ შორის ერთობა არ არის. მეზობელი შეიძლება იყოს თვალის ჩინი, შეიძლება ბოროტებას მიკეთებდეს და მეც ამავეთი ვპასუხობდე.

ამიტომ, თემის ნაცვლად შევთავაზეთ “სანათესაო-სამეგობრო წრე”, რომელთაც ერთი მენტალობა აქვთ, აკავშირებთ ნებაყოფლობითი ურთიერთობა. თუ ჩვენ უფრო ზუსტ ტერმინს შევიტანთ, გასაგები იქნება, რაზე ვსაუბრობთ. ამ თემაში ერთი ნაწილი იყო, “რა დღესასწაულს აღვნიშნავთ თემში”. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები უბანში დღესასწაულებს ერთად არ ზეიმობენ. ამიტომ, ბავშვებს უფრო კონკრეტული და გასაგები ტერმინები უნდა მივაწოდოთ.

ასევე, ბევრი უცხოური სიტყვა იყო შეტანილი. ჩვენ ვთქვით, რომ უფრო გასაგები ტერმინები უნდა მივაწოდოთ.

თემა “რისი მწამს და რისი მჯერა” შეიცვალა “რწმენა და რელიგიით”. იყო ასეთი კითხვები: “გჯერათ თუ არა ბეტმენის არსებობის”, “თოვლის ბაბუის არსებობის”, რასაც რწმენასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე ხუმრობითაც ვთქვი, იქნებ “ფიფქია და 7 ჯუჯა” შემოვიტანოთ, თუ ჩვენ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ისიც ვთქვათ, ფიფქიამ როგორ შეარიგა 7 სხვადასხვა ხასიათის ჯუჯა.

ჩვენ ვთქვით, რომ რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარია, მაშინ მოდი რელიგიურ ღირებულებებზე გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება.

შემოვიტანოთ ცნებები “ხილული” და “უხილავი”. ცნება “შემოქმედი”, ასევე ზნეობრივი კატეგორიები.

ჩვენ ვამბობთ – ”ლიბერალური ღირებულებები” და არ არის განსაზღვრული, რა არის ეს. შემოვიტანოთ კონკრეტული ცნებები, რაც მისაღები იქნება მაჰმადიანისთვის, ქრისტიანისთვის, იუდეველისთვის – 10 მცნება. თუ არ გინდათ ინდოქტრინაციას ჰქონდეს ადგილი და ცნება “მე ვარ უფალი ღმერთი შენი”,  მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ ამით: ”პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა”, “არ მოიპარო”, “არ მოკლა”. ვინ არის ამის წინააღმდეგი, არავინ.

რომელი რელიგია არ ასწავლის “შემოქმედს”. ბავშვი ამას ირწმუნებს თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ თუ მას ვაწვდით ცოდნას, სწორად უნდა მივაწოდოთ.

იყო თემა “მე და ოჯახი”. ჩვენ შევთავაზეთ “ჩემი ოჯახი”. არ იყო ამ თემაში სიტყვები: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა. სამაგიეროდ ყურადღება გამახვილებული იყო პრობლემებზე. როგორ უნდა გადაწყვიტოს პრობლემები მესამე კლასელმა ბავშვმა? იმის ნაცვლად, რომ ოჯახის მიმართ გაჩნდეს პოზიტიური დამოკიდებულება, ყურადღება გამახვილებულია პრობლემებზე”.

ეკა ჭითანავა, “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი

მარცხნიდან პირველი ეკა ჭითანავა

მარცხნიდან პირველი ეკა ჭითანავა

“მე ვესწრებოდი შეხვედრას განათლების სამინისტროში, როდესაც სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს და გაგვაცნეს “მე და საზოგადოების” სტანდარტის შინაარსი. შეხვედრაზე ვიყავით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო განათლების სამინისტროსთვის აგვეხსნა, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტი სისტემურად ირღვევა, არის დისკრიმინაციის შემთხვევები და უწყება ამაზე არ რეაგირებს.

რელიგიური ორგანიზაციებს, ისევე როგორც სხვა ინტერესთა ჯგუფებს, ჩემი აზრით, აქვთ უფლება ჩაერთონ ნებისმიერ დისკუსიაში, თავიანთი აზრი გამოთქვან, მოიწონონ თუ გააკრიტიკონ ესა თუ ის საგანი, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ახერხებს განათლების სამინისტრო, ამ ზეწოლას გაუძლოს და გაატაროს ის პოლიტიკა, რომელსაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს. ეს კატეგორიები: ლიბერალიზმი, დემოკრატიული ღირებულებები რატომღაც გახდა ცხარე განხილვის საგანი, არადა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ჩამოყალიბებულია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნები და ერთ-ერთი მიზნები გულისხმობს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ეს ტერმინები ახალი არ ყოფილა, უბრალოდ ამ სტანდარტში კიდევ ერთხელ მოხდა ამ ღირებულებების აქცენტირება.

მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არ ეწინააღმდეგება ლიბერალურ ღირებულებებს. ეს მართლაც ასეა, თანამედროვე დემოკრატია ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქო არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით ქრისტიანულ ორგანიზაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეს ხშირად სისტემურ ძალადობაშიც ვლინდება.

მე წავიკითხე საპატრიარქოს მოსაზრება და განცხადება “მე და საზოგადოების” შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში ერთი ნაწილი, სადაც საპატრიარქო აღნიშნავს, რომ “ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიები არ განიხილება არც ისტორიულ ჭრილში, არც იმის მიხედვით, რომელია საქართველოში დომინანტური რელიგია”. მე ვფიქრობ, ამ საგანთან წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქო ფიქრობს, რომ ის საჯარო სივრცეზე მონოპოლიას დაკარგავს, მისი განხილვა მოხდება, როგორც სხვა რელიგიების თანასწორი და არა დომინანტური. საპატრიარქო სწორედ ამას შიშობს.

მე ვფიქრობ, ამ საგნის სტანდარტი დასახვეწი იყო, თუმცა მისი სწავლება საჯარო სკოლებში აუცილებელია იმ ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით.

რა სიტუაცია გვაქვს დღეს საჯარო სკოლებში: ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია, პროზელიტიზმი და სასწავლო სივრცის ასიმილაციისთვის გამოყენება. ასევე დაუშვებელია არააკადემიური ნიშნით რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა, მაგრამ  ეს კანონი სისტემურად ირღვევა.

კანონის მიხედვით, სკოლა არის რელიგიურად ნეიტრალური, რელიგიური შინაარსისგან დაცლილი სამოქალაქო სივრცე, სადაც რელიგია შემოდის, როგორც ცოდნის სისტემა და არა დოგმებზე დაფუძნებული კონფესიური სწავლება.

ლიბერალიზმი იმასაც გულისხმობს, რომ სხვადასხვა, განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანებმა საჯარო სივრცეში თანაარსებობა უნდა შეძლონ. ეს შეიძლება იყოს მართლმადიდებელი, მუსლიმი, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ადამიანი, რომელიც არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. სკოლაში ყველა მათგანმა თავი უნდა იგრძნოს დაცულად, რომ არ შეილახოს მათი უფლებები და არ შეეცადონ მათ ინდოქტრინაციას.

რა ხდება დღეს საჯარო სკოლებში: არის კოლექტიური ლოცვის პრაქტიკა. პატიჟებენ სხვადასხვა სასულიერო პირს, პედაგოგები დისკრიმინაციას უწევენ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს. თქვენ რომ გაეცნოთ, რა მდგომარეობაა აჭარაში, როცა იქაური მასწავლებლები სკოლებში მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ თუ მართლმადიდებელი არ ხარ, ქართველი არ ხარ, გამოდის, რომ ქართული ნაციონალური იდენტობის ერთადერთი მაკონსტრუირებელი არის რელიგიური იდენტობა.

მუსლიმ ბავშვებს ეუბნებიან, რომ მუსლიმები იყვნენ საქართველოს დამპყრობლები და ისინი მოღალატეებად უნდა გრძნობდნენ თავს იმის გამო, რომ ამ რელიგიას აღიარებენ.

სოფლებში უდე, არალი და ა.შ, სადაც კათოლიკეები ცხოვრობენ, მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ ისინი “პაპისტები” და არასრულფასოვანი ქართველები არიან.

იყო ბევრი გახმაურებული შემთხვევა, რომელზეც განათლების სამინისტროს ადეკვატური რაგირება არ ჰქონია. მაგალითად, 2012 წელს, როცა ონის ერთ-ერთ სკოლაში ძალით მონათლეს გოგონა, რომლის მშობელიც იეჰოვას მოწმე იყო. ამის გამო ეს გოგონა ძალიან ტრავმირებული იყო, სკოლაში არ მივიდა და ბოლოს იძულებული გახდნენ, სხვაგან გადაეყვანათ.

2014 წელს, თბილისის 148-ე სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ათეისტის იარლიყი მიაკერეს იმის გამო, რომ მასწავლებელს, რომელიც ქრისტიანულ დღესასწაულზე ესაუბრებოდა, შეეპასუხა და მის მოსაზრებას მითი უწოდა. ეს კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა და სკოლის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ამ ბავშვის უფლებების დასაცავად.

ჩვენ გამოვკითხეთ საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელბი. ყველა მათგანი მიუთითებდა, რომ მათი ბავშვები არიან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი და სამინისტრო ამაზე არ რეაგირებს.

იმ შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა და რომელსაც მეც ვესწრებოდი, ჩვენ ეს პრობლემები გავაცანით. ეს პილოტური კვლევის შედეგები იყო. განათლების სამინისტრომ გვითხრა, რომ მათ მონიტორინგის ჩატარება არ შეუძლიათ. განათლების სამინისტრო არის უკიდურესად ლოიალური საპატრიარქოს მიმართ და როდესაც ბავშვების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება საქმე, ის სრულიად უუნაროა, დაიცვას ისინი.

კითხვა ჩნდება, თუ ეს პრობლემა სისტემურია, სად არის სტატისტიკა – დისკრიმინაციის მსხვერპლი ბავშვების მშობლები თავს იკავებენ, საჩივრებით მიმართონ განათლების სამინისტროს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათი ბავშვების დამატებით მარგინალიზებას გამოიწვევს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ თვითონ უნდა გააკეთოს მონიტორინგი, რა თქმა უნდა, ამ ბავშვების ანონიმურობის დაცვით.

რა ვითარებაა დღეს საჯარო სკოლებში, ამ კონტექსტის გააზრება აუცილებელია, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რა მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ბავშვებში იმისთვის, რომ მან განსხვავებული იდენტობის ადმიანი მტრად არ შერაცხონ, თავს არ დაესხან და მიიღონ იგი.

არ მესმის, რატომ გახდა ასეთი ფუნდამენტური კონცეფციების, ადამიანის უფლებების და ღირებულებების თემა ასეთი ცხარე განხილვის და კრიტიკის საგანი, როცა საპატრიარქო თავადაც ამბობს, რომ ლიბერალური ღირებულებები ქრისტიანულ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.

ჩემი აზრი არის ის, რომ საპატრიარქოს სურს, თეოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც ერთადერთი მისაღები და საბოლოო აზრი საპატრიარქოს მოსაზრება იქნება და დღეს ამ კუთხით საჯარო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სერიოზული პრობლემაა.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგი მასწავლებლებისთვის, რათა მათ შეძლონ ტოლერანტობის იდეების გავრცელება სკოლებში. ეს 2 დღიანი ტრენინგი იყო და მას ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ესწრებოდნენ. დედოფლისწყაროში, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ვახტანგ გორგასლის სკოლის დირექტორი,  რომელიც ასევე იმყოფებოდა ამ ტრენინგზე,  მეუფე დიმიტრიმ სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზიც პირდპაირ უთხრა: “შენ სამარცხვინო ტრენინგებს ესწრები, იქ, სადაც ტოლერანტობის თემებზე და ლიბერალურ ღირებულებებზე საუბრობენ და არ ხარ ღირსი, ეს თანამდებობა გეჭიროს”.

პრობლემურია მასწავლებლების კვალიფიკაცია, ყველაფერს მხოლოდ საპატრიარქოს ვერ დააბრალებ. ბერი მასწავლებელი თვითონ უწევს მოსწავლეებს დისკრიმინაციას.

პრობლემურია ასევე სახელმძღვანელოები, იმიტომ რომ ისინი ხშირად არ ასახავენ მულტიკონფესიურ ელემენტს. უმცირესობები საერთოდ არ არიან წარმოჩენილები ან ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული. აუცილებელია სახელმძღვანელოების დახვეწა და დისკრიმინაციის შემთხვევების მონიტორინგი”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s