“1 მილი მათი ფეხსაცმლით” საიმონ სქამელ ქათზის და ფალა შაქამის პროექტია. ეს ინსტალაციაა – აწყვია ფეხსაცმელები და მოთხრობილია მათი მფლობელების ამბები. ფეხსაცმელები ეზიდ გოგონებს ეკუთვნით, რომლებმაც “ისლამური სახელმწიფოს” გამო მრავალი ტანჯვა, დამცირება და ძალადობა გადაიტანეს.

2014 წლის აგვისტოში, ქარაქოშში, რომელიც ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ქალაქია, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ადგილობრივებს ქალაქის დატოვება აიძულეს. დაახლოებით 40 ათასმა დევნილმა თავი სინჯარის მთას შეაფარა. მთლიანობაში კი ლტოლვილად 200 ათასზე მეტი ადამიანი იქცა.

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ასობით ეზიდი დახოცეს, მათ შორის ბავშვებიც.

პროექტი “1 მილი მათი ფეხსაცმლით” ორგანიზაციის “საზღვრებს მიღმა” (Beyond Borders) მხარდაჭერით განხორციელდა.

მისი ავტორები ამბობენ, რომ ძალადობასა და ფეხსაცმელებს შორის კავშირი ახალი არ არის. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ფეხსაცმელებმა ჰოლოკოსტის მუზეუმებში გადაინაცვლა.

ეს ინსტალაციაც ომსა და სისასტიკეს ასახავს.

მაგალითად, ყავისფერი ფეხსაცმლის პატრონი 14 წლის გოგონაა. ის დოლადანაა, რომელიც შანგალთან ახლოს მდებარეობს, ახლა კი დოკთან ახლოს ერთ-ერთ ბანაკში ცხოვრობს.

12270247_10206715763526986_1515679651_n

“2014 წლის 4 აგვისტოს, როცა ისლამურმა სახელმწიფომ შანგალი აიღო, ჩვენ მთამდე მიღწევა შევძელით, რათა დოკამდე მივსულიყავით, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გვითხრეს, რომ ქურთებმა აქამდე მისასვლელი მთავარი გზა გაათავისუფლეს. ჩვენც ამ გზით წამოსვლა გადავწყვიტეთ. დაეშის წევრებმა სწორედ ამ დროს დაგვაკავეს.

ჩემი ოჯახის წევრებს დამაშორეს. მოგვიანებით მათ ისევ შეძლეს გაქცევა და მთამდე მისვლა. მაგრამ ტერორისტებმა მე და სხვა გოგონები ჯერ ტალეფარში, შემდეგ ბადუშში, ბოლოს კი მოსულში წაგვიყვანეს. 45 გოგო ვიყავით. ყველაზე პატარა 12 წლის იყო. ყოველდღე მოდიოდნენ და ლამაზი გოგო მიყავდათ, რათა გაეუპატიურებინათ. ერთხელაც ჩემი ჯერი დადგა. ვიღაცამ, სახელად სალიჰი, წამიყვანა და ჩემზე იძალადა. სამი ღამის შემდეგ ჩემი თავი ერთ-ერთ მეგობარს აჩუქა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მაუპატიურებდა, შემდეგ ვიღაც მოხუც კაცთან მიმიყვანეს, რომელმაც ასევე იძალადა ჩემზე.

მოგვიანებით მან სხვა ადგილას წამიყვანა, სადაც ეზიდ გოგონებს ყიდდნენ. მეც ვიღაც კაცზე გამყიდეს. მასთან 1 თვე დავრჩი. ისიც მაუპატიურებდა და მცემდა. მთლიანობაში 7-მა სხვადასხვა ადამიანმა გამაუპატიურა.

ცოტა ხნის შემდეგ მან სირიაში ერთ კაცთან გამაგზავნა, სახელად აბო კატაბი.

ერთხელ ის და მისი მეგობარი ჰასაკაში წავიდნენ საბრძოლველად. იქიდან გაქცევა სწორედ მაშინ შევძელი. რომელიღაც კარზე დავაკაკუნე და დახმარება ვითხოვე. მათ ჩემს მშობლებს ჩემს სანაცვლოდ 4 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. დრო დასჭირდა, სანამ ჩემი ოჯახი ამ თანხის გადახდას შეძლებდა. საბოლოოდ გამომიშვეს. ჰასაკადან ქამიშლიში წამოვედი, შემდეგ კი სირიისა და ქურთისტანის საზღვართან მოვედი, 2014 წლის 17 დეკემბერს კი დოკის ბანაკამდე მოვაღწიე და მას შემდეგ აქ ვარ, მაგრამ დღემდე ვიტანჯები იმ კოშმარით, რომელიც გამოვიარე”.

•••

ინსტალაციაზე, ეზიდი გოგონების ამბებზე, ეზიდთა გენოციდზე, ისლამურ სახელმწიფოსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

ბრაიან ბრივატი, კინგსტონის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროფესორი

ბრაიან ბრივატი

ბრაიან ბრივატი

“ის, რაც სირიაში ხდება, გენოციდია. ადამიანებს ხოცავენ, გოგონებს ყიდიან. მეჩეთის ცენტრში ბაზარი აქვთ, სადაც გოგონებს ყიდიან. რაც უფრო ახალგაზრდაა გოგონა, მით უფრო ძვირი ღირს. ვინც არ გაიყიდება, ხოცავენ და იქვე მარხავენ.

როცა ეზიდები აღარ იქნებიან, ვის მიადგება ისლამური სახელმწიფო? ახლა მათ სწორედ ეზიდები ებრძვიან. ჩვენ გამოფხიზლება გვჭირდება და პარიზის ტრაგედიამ სწორედ ეს აჩვენა – მოცდა აღარ შეიძლება.

იმ გოგონების ამბების გავრცელება, ვისი ფეხსაცმელებიც აქ არის წარმოდგენილი, დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გენოციდის შეჩერებას ემსახურება.

ისლამსა და ტერორიზმს შორის კავშირი არ არის. ჩვენ გვჭირდება სოციალური მედიის სწორად წარმართვა ტერორიზმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, რაც უფრო მეტს ვებრძვით იარაღით, მით უფრო ძლიერდებიან ისინი.

ტერორიზმი გათვლილია ღარიბ ადამიანებზე – მათ ეუბნებიან, შემოგვიერთდი და შენ გექნება იარაღი, სექსი და სიკვდილის შემდეგ სამოთხეშიც მოხვდები. ისინიც იჯერებენ. აუცილებელია, ამ ადამიანებს ალტერნატიული მესიჯები მივაწოდოთ”.

მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური თემის წარმომადგენელი

მექა ხანგოშვილი

მექა ხანგოშვილი

“ჩემი კითხვა რიტორიკულია: რატომ დუმს ISIS-ის სისასტიკეზე მსოფლიო, რატომ დუმს იმ საშინელების მიმართ, რასაც ისინი ეზიდი ბავშვების მიმართ ჩადიან. რატომ არაფერი თქვეს იმაზე, რომ პარიზის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. რატომ დუმდა იმაზე, რაც წლების მანძილზე ჩეჩნეთში ხდებოდა?

მე ვფიქრობ, რომ ის, რაც საფრანგეთში მოხდა, სწორედ ამ დუმილის შედეგია.

გენოციდის აღიარების მესიჯი უფრო დიდ აუდიტორიამდე უნდა მივიტანოთ, რადგან თუ ეს არ მოხდება, უფრო და უფრო ცუდი შედეგები გვექნება. მე პირადად ვემიჯნები ყველანაირ ტერორისტულ აქტს და სირცხვილია, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას “ისლამური სახელმწიფო” ჰქვია, ეს არა ისლამური, არამედ ბოროტების და დანაშაულის სახელმწიფოა, რადგან ისლამი ჰუმანური რელიგიაა. წმინდა წიგნში წერია, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის მთელი კაცობრიობის სიცოცხლის ხელყოფა.

მსოფლიოს თავიდანვე უნდა ეზრუნა, რომ ღარიბ და გაუნათლებელ რეგიონებში მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლების იდეა ყოფილიყო”.

მალხაზ სონღულაშვილი,  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი

მალხაზ სონღულაშვილი

მალხაზ სონღულაშვილი

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მშვიდობის კათედრალი, რომელსაც მე წარმოვადგენ, მზად არის, ადგილი დათმოს ამ ინსტალაციას.

ის, რაც მოხდა ეზიდი ხალხის თავს, არის მთელი კაცობრიობის სირცხვილი. ჩვენ ვერა და ვერ ვისწავლეთ ჭკუა და ვერ გავიაზრეთ, რომ როცა ამ პლანეტაზე ერთ თემს უჭირს, ეს მთელი კაცობრიობის სატკივარია. ჩვენ ვართ მოწმე ემპათიის არქონისა. როცა მოზარდი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ იმ უბედურებებს, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომისთვის იყო დამახასიათებელი, ჩვენი თაობა არ ნახავდა და ეს მეტად არ განმეორდებოდა. მაგრამ ის, რაც ერთი წლის წინ ეზიდი ხალხის თავს მოხდა, მოწმობს იმას, რომ მთელი მსოფლიო არის ავად და ავადმყოფობის ერთადერთი წამალი არის ემპათიის გამომუშავება.

ჩვენ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისზე პასუხის გაცემის ის მეთოდები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ გამოიყენეს, არ მუშაობს. შურისძიება საშველი არის”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s